კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად უნდა ნანიკო ხაზარაძეს გაღვიძება და როგორ დააყენა ნიკა წულუკიძემ ის სწორ გზაზე

სულ ცოტა ხანია, რაც ნანიკო ხაზარაძემ „რადიო „იმედში” ნიკა წულუკიძესთან ერთად დილის გადაცემის წაყვანა დაიწყო. როგორც ნანიკო ამბობს, მან უკეთ გაიცნო ის ადამიანი, რომლის მიმართაც ინტერესი სულ ჰქონდა და რომელიც ყოველთვის ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნიკა წულუკიძე
– ნანიკო, შენი ტელეკარიერის წარმატებულობის ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად რას მიიჩნევ?
– უბრალოდ, გამართლებას. ზუსტად იმ დროს, როდესაც რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი ხდება, რატომღაც, იქ მე ვხვდები. სიახლესთან ერთად, ამა თუ იმ პროექტის წარმატებაში პატარა წვლილი, ალბათ, მეც შემაქვს, მაგრამ, უფრო მეტად სიახლეს აქვს დიდი როლი ჩემს წარმატებაში.
– მსახიობებს ეკითხებიან ხოლმე და, მინდა, შენც გითხრა: ჩემი აზრით, შენი მთავარი გადაცემა ჯერ არ წაგიყვანია. შენ როგორ ფიქრობ?
– რომ გითხრა, ტელევიზიაზე ოცნებით ვიღვიძებ და ვიძინებ-მეთქი, მოგატყუებ. არასდროს ვგეგმავ, ამის შემდეგ რას გავაკეთებ. უფრო მეტად სხვა რაღაცის კეთება მინდა ცხოვრებაში და, შესაბამისად, არ ვიცი, ეს „ჩემი ცხოვრების გადაცემა“ არსებობს თუ არა, საერთოდ არის თუ არა ბუნებაში ასეთი რამ, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ესეც ძალიან მიყვარს.
– უცებ რომ დაგირეკოს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანმა რეჟისორმა და გითხრას, შენთვის ძალიან მნიშვნელოვან პიესას ვდგამ, მიატოვე ყველაფერი და წამოდიო, რას იზამ?
– რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, არ დავასახელებ რეჟისორებს, როდესაც ზუსტად მსგავსი შემოთავაზებით დამირეკეს. მივედი, დავიწყეთ კიდეც პიესაზე მუშაობა და მივხვდი, რომ სცენაზე ჩემი ადგილი არ არის. შეიძლება, არ დამდგარა ის მომენტი, როდესაც სცენისთვის აუცილებელი ის რაღაც „გახსნილობა“ მოვა, მაგრამ, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამისთვის ან არ ვარ მზად, ან, არც არასდროს იქნება იქ ჩემი ადგილი.
– ყოველ შემთხვევაში დღეს ამას ვერ გარისკავ.
– ვერა. დავიწყე რეპეტიციებზე სიარული, ეგრეთ წოდებული „ჩიტკა” გვქონდა, ანუ, სამაგიდო კითხვა. ორი კვირა ვიკითხეთ, ვიკითხეთ და, დიდი ბოდიშის მოხდით, უარი ვთქვი როლზე. არადა, ძალიან მომწონდა პროცესი, ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. მაგრამ, სხვას რატომ უნდა გავუფუჭო საქმე?!
– ნანიკო, შენ გაქვს შენი ცხოვრების წესი, ძალიან განსხვავებული და შენებური, რაც „ხალხოსნური“ წესებისგან საკმაოდ განსხვავდება. იგივე, შვილთან მიმართებაში, აღზრდის რაღაც შენეული მეთოდი გაქვს. ბავშვი რომ ტელეფონში ტირის და დედა აქედან ტირის, თქვენთან ეს არ ხდება. ვატყობ, რომ შვილს კი არ ზრდი, არამედ, აყალიბებ. ეს შენმა მშობლებმა გააკეთეს თავის დროზე შენთან და მოგწონს, თუ, პირიქით, რაც არ გაუკეთებიათ, იმის კომპენსაციას აკეთებ?
– ძალიან დიდი მადლობა და მიხარია თუ ასე ხედავ შენ ამ ყველაფერს. რაც შეეხება კითხვას, მშობლებმა ის გამიკეთეს კარგი, რომ არ ვარ უზრდელი, ფამილარული, ვიცი უფროსი და უმცროსი და რაღაც-რაღაცეები, რაც, მინდა, რომ ყველამ იცოდეს ჩემ გარშემო. ყველა შვილი იმის ანაზღაურებას აკეთებს საკუთარ შვილთან, რაც მეტ-ნაკლებად დააკლდა მშობლებისგან, მაგრამ, აქ ამ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. როგორც კი პირველად დავინახე ჩემი შვილი, მას, როგორც ზრდასრულ ადამიანს, ისე მივუდექი, ასაკის გარეშე. პირველი დღიდან ველაპარაკები, ერთად ვწყვეტთ, ერთად ვარჩევთ. კი ვეჩხუბები ხოლმე, რადგან ლაპარაკი ყოველთვის არ ჭრის, მაგრამ, ამასაც არ ვაკეთებ ისე, როგორც პატარა ბავშვთან.
– სად არის ნანიკო ხაზარაძე ყველაზე შემდგარი და ბედნიერი – საძინებელში, სამსახურში თუ სამზარეულოში?
– ნანიკო ხაზარაძე ჯერ არ არის შემდგარი.
– ამ ეტაპზე ვამბობ.
– ალბათ, სამივეგან. ყველგან გადასარევად ვგრძნობ თავს, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შემდგარი არ ვარ. იმისთვის, რომ შევდგე, ჩემთვის აუცილებელია, მქონდეს ოჯახი – ამას სულ ვამბობ. თუ ქალს ან კაცს ოჯახი არ აქვს, ის რეალიზებული ვერ იქნება. ქალისთვის კაცი და, პირიქით, ეს არის სტიმული, მოტივაცია, სიხარული, ძალიან ბევრი რამ. როცა ეს შედგება და გვერდით მამაკაცი მეყოლება, მერე მკითხეთ ამ ემოციებზე და გულწრფელად გიპასუხებთ.
– ამ ბოლო დროს თბილისში მოდაში შემოვიდა, რომ ყოველ ორ კვირაში ვიგებთ: ეს იმასთან დადის, მერე სხვასთან დადის და ასე გრძელდება. შენ კარგად მალავ ამ ყველაფერს თუ არავისთან დადიხარ? ყოველ შემთხვევაში, „გაფუჭებულის“ სახელი არ გაქვს (იცინიან).
– არავისთან არ დავდივარ. ჩემთან ეგ ამბავი ცოტა რთულადაა. უნდა შემიყვარდეს ადამიანი, რომ მასთან ერთად ვიარო. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ახლა შეყვარებული არ ვარ. ადამიანს რომ შევხედავ, რაღაც იმპულსი მოდის, რითაც ზუსტად ვხვდები, შემიყვარდება თუ არა. სიარული საჭირო არ არის ამის გასარკვევად. ცოტა ხნის წინ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ, იმის შემდეგ არ მიგრძნია ის მზერა, რომელზეც პირდაპირ ვიტყოდი, რომ მე ეს ადამიანი შემიყვარდება.
– ცნობილი წარმატებული ადამიანების ცხოვრებას რომ გადავხედოთ, მიხვდებით, რომ ნიჭზე მეტად ფასობს სტრატეგია, ანუ, ქმედება და არა ცხოვრება. დღევანდელ რეალობაში შენ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ქალი ხარ, რადგან, ზუსტად იცი, როდის როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მინდა, ჩამომითვალო სამი ადამიანი, ვინც შენთვის სანიმუშო იყო ამ მიმართულებით, ანუ, ეს გასწავლა.
– ერთს ვიტყვი მხოლოდ – გიზო ჟორდანია! ამ კაცმა ოთხი წლის განმავლობაში, ზოგჯერ ჩხუბით, ზოგჯერ იუმორით და მოფერებით, იმდენი რამ მასწავლა, შეიძლება, მთელი ცხოვრეის განმავლობაში ვერ მესწავლა. ოღონდ ამ ყველაფერს იმ წუთს ვერ ვგრძნობდი. რამდენიმე წელი დამჭირდა ამ ყველაფრის დასალაგებლად და გასაანალიზებლად. ჩემს ფორმირებაში ამ კაცს ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული.
– როგორია ნანიკო ხაზარაძის ბედნიერი დღე? გათენდა...
– გათენდა, გავახილე თვალები და დავინახე, რომ ჩემ ახლომახლო ბევრი შვილი წევს.
– იქ, ალბათ, ერთი კაციც უნდა იყოს...
– კაცის გარეშე შვილი რომ არ ჩნდება, ეს ჩემმა შვილმაც იცის, ნიკოლოზ (იცინიან). კაციც უნდა მეწვეს, ყველა შემთხვევაში. შეიძლება, ცოტა ზღაპარში ვარ და არარეალური რაღაცეები მინდა, მაგრამ, იდეალური ცხოვრება ჩემთვის ესაა.
– მატერიალურად უზრუნველყოფილი რომ იყო და მეორე ნახევარიც გყავდეს, სახლში ბედნიერი იქნები?
– რა თქმა უნდა, გარეთ ცხვირის გამოყოფაც კი არ მომინდება. ახლაც არ ვარ გარეთ სიარულის დიდი მოყვარული და, მით უმეტეს, მაშინ, თუ სახლში ასეთი იდილია მექნება.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნანიკო ხაზარაძე
– ნიკოლოზ, ასე, შორიდან გიყურებ, გიყურებ და, როგორც იქნა გაგიცანი, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ კარგად გიცნობ. მაგრამ, შენზე ერთი კონკრეტული შთაბეჭდილება მაქვს: ძალიან ჭკვიანი არსება ხარ და, მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ გამოცდილი ხარ – ასაკზე რვაჯერ მეტად, ან, თამაშობ ამას.
– ორივე შემთხვევაში კარგია. თუ თამაშობ, ესე იგი, თამაშის ჭკუა გაქვს.
– ეს ყველაფერი გამოცდილებით დააგროვე? შენ ძალიან ბევრი ასაკოვანი მეგობარი გყავს და, ალბათ, ისინი ახდენენ დიდ გავლენას.
– როგორც შენ გიზო ჟორდანია ახსენე, ზუსტად ასეთი ფიგურაა ჩემს ცხოვრებაში ვასო კიკნაძე, რომელიც არა მარტო პროფესიას გასწავლის, არამედ, ცხოვრების წესს, კაცობას, ღირსებას. მისი უმთავრესი თვისება დიპლომატიაა და ჩემთვისაც გახდა ეს მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ტიპის ადამიანური ურთიერთობები, როგორც კარგის, ისე ცუდის დასაწყისია – ეს ბატონი ვასოსგან ვისწავლე. სკოლაში ყალიბდება პიროვნება, უმაღლეს სასწავლებელში კი, უკვე, პერსონა. პერსონიფიკაცია, ჩვენს შემთხვევაში, თეატრალურში მოხდა და ისეთი ადამიანების ხელში აღმოვჩნდით, ნამდვილად გაგვიმართლა.
– ბევრი ადამიანია, ვისაც ბატონი ვასოს ხელში გაუვლია...
– „მაგრამ მხოლოდ წვრთნა რას უზამსო“... (იცინიან). არ ვიცი, ასეთი ბუნება მაქვს. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ თემებზე. ვიღაცეები ჩემზე ამბობენ, ნეკროფილია, მოხუცებთან დადისო. თუკი რამ მნიშვნელოვანი ვიცი და გამიგია, სწორედ იმ მოხუცების დამსახურებაა. დღეს ჩემი თაობის ადამიანებს ვეღარ ექნებათ ურთიერთობა მედეა ჩახავასთან, კარლო საკანდელიძესთან, სოფიკო ჭიაურელთან და ძალიან ბევრთან, ვისთანაც სისტემატურად ვურთიერთობდი, ვმეგობრობდი და მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემს თაობასთან ურთიერთობას კი, ყოველთვის მოვასწრებ, თუ დამცალდა, რა თქმა უნდა.
– დაგვცალდება, ჩემი კარგო!
– შენი თაობის ადამიანი არ გარიგებს, ისინი კი სულ რჩევებს იძლევიან, სულ გიზიარებენ გამოცდილებას, თან, ისე, რომ ამას არ აქვს ჭკუის სწავლების ფორმა, ეს ბუნებრივად ხდება.
– საჭმელების კეთება ვინ გასწავლა?
– თუ გიყვარს ბავშვები, აუცილებლად უნდა იცოდე, როგორ გააკეთო ის; თუ გიყვარს თევზი, უნდა იცოდე, როგორ დაიჭირო; თუ გემრიელად ჭამა გიყვარს, აუცილებად უნდა იცოდე, როგორ მზადდება კერძი. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი და ბებიაჩემი გენიალური მზარეულები არიან და ჩემი დაც ფოხინობს რაღაცას, თუ მომინდა, თავადაც გადასარევად ვამზადებ.
– მინდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს: რაღაცნაირი ადამიანი ხარ, სულ ყურადღების ცენტრში ხარ, ყველას უნდა, რომ გეკონტაქტოს. როგორ და რატომ ხდება ეს და შენ თუ მოგწონს?
– რომ არ მომწონდეს, ასე არც იქნებოდა. იცი რა, ნანიკო?! იგივე ბატონმა ვასო კიკნაძემ სულ იცოდა ერთი რაღაცის თქმა: ერთია, რა ღირს „ტავარი” და, მეორე – რამდენს აფასებო.
– კიდევ ერთი რაღაც, რაც ახლა სწორ გზაზე დამაყენებს. მადლობა ბატონ ვასოს.
– ანუ, დიდი მნიშვნელობა აქვს, შენ როგორ შეაფასებ. ეს ხომ ისედაც ჩემია და მინდა, იაფად გავყიდი, მინდა – ძვირად. კრეტინი უნდა იყო, ლარიანი ვაშლის გაყიდვა ათას ლარად რომ მოინდომო და, იდიოტი – ათ კაპიკად რომ გაყიდო. ლარიან ვაშლს ლარად და ოცად თუ გაყიდი, ესე იგი, კარგი ვაჭარი ხარ.
– სულ მოგებაში ხარ?
– ხან ისეა და ხან ასე, მაგრამ, თუ საშუალო არითმეტიკულს გამოვიყვანთ, მოგებაში ვარ.
– ხედავ შენ?! პატარა ბიჭი როგორ აზროვნებს და რამდენი რამ ვისწავლე ახლა დღეს შენგან?! ჩემი აზრით, მანევრულობა კიდევ უფრო გმატებს ასაკს, არადა, ოდესღაც წრეში ბურთს ხომ თამაშობდი?
– რა თქმა უნდა, შვიდქვაობანასაც. ერთ რამეს გეტყვი: ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ჩემი ადგილი თეატრში იყო – სცენაზე, კულისებში, სცენის მუშად, გამნათებლად – სულ ერთი იყო.
– მე რატომ არ გამიჩნდა? ათასი წელია, ტელევიზიაში ვარ.
– ტელევიზია მაინც გასტრონომიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. ძალიან მიყვარს ტელევიზია, აქ ჩქეფს ცხოვრება, ძალიან სწრაფად მიდის ყველაფერი და გაცილებით ნაკლები ინტრიგაა, ვიდრე თეატრში, ფაქტობრივად, არც არის. თეატრს ბევრად მეტი მაგნიტიზმი და ჯადოსნურობა აქვს. 1994 წელი იყო, როდესაც მამაჩემმა მედიკო კუჭუხიძის სპექტაკლ „საპოვნელაზე” წამიყვანა. მერვე წელში ვიყავი გადამდგარი. უცებ, მომინდა, რომ, აი, იქ, მეოთხე, უხილავი კედლის მიღმა ვყოფილიყავი. იმის შემდეგ სულ იქით ვისწრაფოდი.
– მეოთხე უხილავ კედელს ბევრი ადამიანი ვერ გაიგებს, რას გულისხმობ?
– სცენას, მოგეხსენებათ, სამი კედელი აქვს, მეოთხე, უხილავი, მსახიობმა უნდა წარმოიდგინოს, რომელიც მასა და მაყურებელს შორის არის აღმართული და არასდროს არ უნდა გადაიხედოს იმ კედლის იქით.
– უამრავი რამ გავიგე შენ შესახებ. ახლა უკვე, სისხამ დილით რომ ვხვდებით ერთმანეთს, მთელ დღეებს ასე ვატარებთ. ძალიან კარგი მთხრობელი ხარ. ცოტას აქვს ის თვისება, რომ კონკრეტული ისტორია ასე საინტერესოდ მოყვეს.
– შეიძლება, ერთი ისტორია ათნაირად მოყვე ათისთვის. როდესაც ამბავს ხუთკაციან საზოგადოებაში ვყვები, ამას ერთისთვის ვაკეთებ, ველოდები იმ ერთის რეაქციას, რომელიც ყველაზე მეტად გადამდები იქნება დანარჩენებზე.
– ანუ, კონკრეტულად ერთზე მუშაობ?
– დიახ, ყველას ვერ მოუყვები, წარმოუდგენელია. თეატრალურის აბიტურიენტებს სულ ვეუბნები, გამოცდაზე ყველას ვერ წაუკითხავ ლექსს და პროზას, უნდა ამოირჩიო ერთი, რომელსაც მიუძღვნი. ოღონდ, ის ერთი სწორად უნდა ამოირჩიო, უნდა გამოიცნო, რომლის ემოცია იქნება სხვებისთვის გადამდები.
– როგორ უნდა ამოვირჩიოთ?
– როგორც კი დაიწყებ ამბის მოყოლას, იმ წუთშივე აცნობიერებ, ვისში გამოიდვია შენმა თხრობამ კათარზისი, თანაგანცდა ანუ, ის არის „შენი“ და იმას მოუყევი.
– ბავშვების კონცერტზე ვიყავი. ბოლოს მათი ხელმძღვანელი მოვიდა და მადლობა გადამიხადა. მე რა შუაში ვარ-მეთქი, – გამიკვირდა. ყველა ბავშვი შენ გიმღეროდაო. ანუ, ბავშვები სწორად მიხვდნენ, რამხელა თანაგანცდა მქონდა – პირველივე ნოტიდან აცრემლებული, ანერვიულებული ვიჯექი.
– ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ყვები, მთავარია, ვისთვის ყვები.
– მოკლედ, დიდი მასტერკლასი მივიღე ამ პატარა ბიჭისგან. უამრავი სამსახური გაქვს და შენი ცხოვრება სადღაა, პირადი ცხოვრება ხომ გჭირდება?
– მივხვდი, რომ არ ვცხოვრობ, ამიტომ, აუცილებლად უნდა გამოვიცხრილო სამსახურები. ორიდან წამოვედი, მაგრამ, ერთი შევიმატე. ერთი რაღაც მინდა დაწეროთ აუცილებლად: ამ ბოლო დროს ისე აეწყო, რომ ყველა გადაცემაში, სამგლოვიარო პროცესიიდან დაწყებული, ყველგან მე ვიყავი. ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, თავი თუ მოვაბეზრე. ნამეტანი ნიკა წულუკიძე არ მინდა, იყოს.
– საფინალო კითხვა: რა გინდა ცხოვრებაში?
– ახლა ყველაზე მეტად შვილი მინდა. ჩემი ძმაკაცების შვილებს, ჩემს ნათლულებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ოჯახი და სახლი, სადაც გელოდება ქალი, რომელსაც უყვარხარ და ბავშვი, რომელიც გიჟდება შენზე, ყველაზე მეტად მინდა. რაც გაკლია ადამიანს, ის გინდა და ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე.

скачать dle 11.3