კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გურანდუხტ დედოფლის პოლიტიკური ცხოვრების ერთი საიდუმლო

დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი, ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის პროცესის მსვლელობის ერთ დეტალს შეეხება, რომელიც, როგორც ის აღნიშნავს, პრინციპულად ცვლის აქამდე მიღებულ სქემას ამ საკითხისა და, საერთოდ, გურანდუხტ დედოფლის მოღვაწეობის შესახებ.

ზურაბ პაპასქირი: მეთერთმეტე საუკუნის ანონიმი ისტორიკოსის „მატიანე ქართლისაიდ” წოდებული „ქართლის ცხოვრების” ერთ-ერთი ქრონიკიდან მოტანილი ამ ცნობის უკან, როგორც ირკვევა, იმალება მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც ბოლო დრომდე ისტორიკოსები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და რომელიც პრინციპულად ცვლის ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის პროცესის მსვლელობის აქამდე მიღებულ სქემას.
– ბატონო ზურაბ, სანამ უშუალოდ დასმულ საკითხზე გააკეთებდეთ კომენტარს, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, მიმოგვეხილა ის პროცესები, რომლებმაც განაპირობეს მეთერთმეტე საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებში გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა – ქართული მიწების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანება.
– პირველი და უმთავრესი ფაქტორი, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა გამაერთიანებელი მოძრაობის წარმატება, იყო ამ პერიოდში შექმნილი უაღრესად ხელსაყრელი დინასტიურ-პოლიტიკური სიტუაცია, კერძოდ კი ის, რომ ამ დროს მოხერხდა დინასტიურ-ლეგიტიმური უფლებების მაქსიმალური კონცენტრაცია ერთი პიროვნების – ბაგრატ უფლისწულის ხელში. როგორც ცნობილია, ბაგრატ ბაგრატიონი, გურგენ ბაგრატიონის ძე, მამის ხაზით „ქართუელთა” მეფის (პაპამისის – ბაგრატ მეორე „რეგვენის”) ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო, დედის – „აფხაზთა” მეფის, გიორგი მეორის (922-957 წლები) ასულის, გურანდუხტის ხაზით კი მას ქუთაისის ტახტზეც ჰქონდა გარკვეული ლეგიტიმური უფლებები. ამას დაემატა ისიც, რომ ბაგრატ უფლისწული იშვილა იმდროინდელი საქართველოს ყველაზე ძლიერმა დინასტმა – იმიერტაოს ხელისუფალმა დავით კურაპალატმა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დავით კურაპალატის მიერ მაინცდამაინც ბაგრატის შვილად აყვანა, რომელსაც ასეთი ვრცელი დინასტიურ-ლეგიტიმური არეალი გააჩნდა, იყო წინასწარ გამიზნული აქტი, რომელიც მიმართული იყო, პირველ ყოვლისა, ტაო-კლარჯეთის, ხოლო შემდგომ – მთელი საქართველოს ერთი სკიპტრის ქვეშ გაერთიანებისკენ.
– რას წარმოადგენდა იმდროინდელი საქართველო და გამაერთიანებელ მოძრაობას თუ ჰყავდა ოპოზიცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?
– მეათე საუკუნის 70-იანი წლებისთვის საქართველოს პოლიტიკური რუკა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: დასავლეთ საქართველო – „აფხაზთა” სამეფო, რომლის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში იყო შიდა ქართლიც, სადაც „აფხაზთა” მეფის ერისთავი იჯდა. შიდა ქართლში „აფხაზთა” მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ სისტემატურად გამოდიოდა ადგილობრივი არისტოკრატია, რომელიც ყოველნაირად ცდილობდა საკუთარი მარიონეტული ხელისუფლების შექმნას, დამოუკიდებელი დინასტიით სათავეში. ქართლის აზნაურთა ამ ბრძოლას მხარს უჭერდა კახეთის ქორეპისკოპოსი, რომელიც ვერ ითმენდა დასავლეთ საქართველოს მეფის დიქტატს აღმოსავლეთ საქართველოში და თვითონ აპირებდა გაბატონებას რეგიონში. შედარებით პასიური იყო ამ პერიოდში ჰერეთის სამეფო, რომელსაც ერთმანეთს ეცილებოდნენ „აფხაზთა” მეფეები და კახეთის ქორეპისკოპოსები. ტაო-კლარჯეთი – „ქართველთა” სამეფო – ფაქტობრივად, სამ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად იყო დაყოფილი: იმიერტაოს განაგებდა დავით მესამე დიდი კურაპალატი, ჩრდილოეთ ტაო კი, განაწილებული ჰქონდათ ბაგრატ მეორე „ქართველთა” მეფეს და მის ვაჟს – გურგენს. რაც შეეხება თბილისის საამიროს, რომელსაც ჯაფარიდი ამირები მართავდნენ, მისი სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი ამ დროისთვის მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული და ის ვერ იღებდა აქტიურ მონაწილეობას იმდროინდელ პოლიტიკურ ბატალიებში.
მეცხრე-მეათე საუკუნეებში მიმდინარეობდა პერმანენტული ბრძოლა ცალკეულ ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის საერთო ქართულ სამყაროში პოლიტიკური ჰეგემონობის მოსაპოვებლად. ეს ბრძოლა იმთავითვე დაკავშირებული აღმოჩნდა ეგრეთ წოდებულ ქართლის (შიდა ქართლის – ისტორიული ქართლის სამეფოს ცენტრალური ოლქის) „მემკვიდრეობასთან”. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმატებას აღწევდა ბრძოლაში „ქართლსა ზედა” და ხელთ იგდებდა ამ რეგიონს, აცხადებდა პრეტენზიას ლიდერობაზე საერთო ქართული მასშტაბით.
ამგვარი ლიდერის როლში თითქმის მთელი მეათე საუკუნის განმავლობაში გამოდიოდა „აფხაზთა” სამეფო, მაგრამ ის 70-იან წლებში ქაოსმა მოიცვა. სამეფო ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა სიტუაციას არათუ შიდა ქართლში, არამედ საკუთრივ დასავლეთ საქართველოშიც. ამ ვითარებით მოინდომეს ესარგებლათ კახეთის მმართველ წრეებს და შიდა ქართლის დაუფლება განიზრახეს, მაგრამ ამას წინ აღუდგა ქართლის ერისთავი (ქუთაისის ტახტის მიერ დანიშნული) იოანე მარუშის ძე, რომელმაც „წარავლინა მოციქული” დავით კურაპალატთან და შესთავაზა მას, ან თვითონ დაეკავებინა ქართლი, ან ჩაებარებინა ის თავის შვილობილი ბაგრატისთვის, „რომელსა ეწოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი”. ესე იგი, ბაგრატი, არა როგორც ბაგრატიონი, არამედ, როგორც დასავლეთ საქართველოს „ლეონიდთა” სამეფო სახლის შთამომავალი, იღებდა ამ სამეფოს ნაწილს – ქართლს (შიდა ქართლს), რომლის მართვა ტრადიციულად „აფხაზთა” სამეფოს ტახტის მემკვიდრეთა ფუნქცია იყო. ქართლის ერისთავის იოანე მარუშის ძის წინადადება დავით კურაპალატმა მოიწონა. სწორედ ამ დროს (975 წელს) დავით კურაპალატმა პირველად დააფიქსირა საჯაროდ ბაგრატ უფლისწულის დინასტიურ-ლეგიტიმური უფლებები. უფლისციხეში შეკრებილ ქართლის აზნაურებს მან საქვეყნოდ განუცხადა: „ესე არს მემკვიდრე ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი. და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი.”
ამრიგად, ბაგრატი ოფიციალურად გამოცხადდა ქართლის მმართველად, არა მეფედ (ამ დროს, როგორც ცნობილია, ქართლის მეფის ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობდა), არამედ „აფხაზთა” სამეფოს ერთი ნაწილის – შიდა ქართლის მმართველად. თავისი შვილობილის მცირეწლოვნობის გამო დავით კურაპალატმა „ამისთვის თანაგანმგებელად დაუტევა მამა მისი გურგენ”.
– როგორ მიიღო ახალი ხელისუფლება ქართლის აზნაურობამ და რა პოზიცია ეკავა ამ მოვლენებში გურანდუხტ დედოფალს?
– ბუნებრივია, სეპარატისტულად განწყობილი ქართლის აზნაურებისთვის ბაგრატის მმართველობა მიუღებელი იყო და მათ კვლავ „მოიყვანეს ლაშქარნი კახეთით და გასცეს უფლისციხე”, ხოლო დატყვევებული „გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გურანდუხტ, წარიყვანეს კახეთად”. დავით კურაპალატმა კვლავ „გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა”. კახელებმა ძლევამოსილ კურაპალატთან დაზავება არჩიეს. მათ დათმეს უფლისციხე და ბაგრატ უფლისწული დედმამითურთ გაათავისუფლეს, ამის სანაცვლოდ კი წირქვალის ციხე და გრუი მიიღეს. და აი, აქ მოხდა ის, რაზეც არ ამახვილებდნენ ყურადღებას ისტორიკოსები: როგორც ჩანს, ბაგრატის სტატუსის აღდგენა ვერ მოხერხდა, რადგან „მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გურანდუხტ დედოფალსა”. ანუ 795 წელს მიღებული გადაწყვეტილება გადაისინჯა და ბაგრატ უფლისწული, აფხაზეთში გამეფებამდე (978 წელს), არ რჩებოდა ქართლის გამგებლად, როგორც ეს ერთგვარ აქსიომად იყო მიღებული ისტორიოგრაფიაში და ქართლის მმართველობა ამჯერად მის დედას – გურანდუხტ დედოფალს – როგორც „აფხაზთა” სამეფო სახლის უშუალო წარმომადგენელს – გადაეცა. ამგვარი ცვლილება დავით კურაპალატსა და კახელებს შორის მიღწეული კომპრომისის შედეგი უნდა ყოფილიყო. როგორც მოვლენების შემდგომმა მსვლელობამ გვიჩვენა, გურანდუხტ დედოფალი უფრო მისაღები იყო ქართლის აზნაურობისათვის, ვიდრე ბაგრატი. საქმე ისაა, რომ მოგვიანებით (მეათე საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს), როდესაც ბაგრატ მესამემ უკვე „აფხაზთა” მეფის რანგში მოინდომა სრული კონტროლის დამყარება შიდა ქართლზე, მის ამ ცენტრალიზატორულ პოლიტიკას ღიად დაუპირისპირდნენ ადგილობრივი აზნაურები, რომელთაც „არ ენებათ გარდამოსვლა მისი, რამეთუ თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყვნეს მორჩილებასა შინა გურანდუხტისა”. ესე იგი, სრულიად აშკარაა, რომ სწორედ გურანდუხტ დედოფალი, თუ ის არ არის შიდა ქართლის არისტოკრატიის სეპარატისტული მოძრაობის მედროშე, ამბოხებულთა კრეატურას მაინც წარმოადგენს. ამის ერთგვარი დოკუმენტური დადასტურებაა ატენის სიონის ერთ-ერთი სომხური წარწერა, რომელშიც ვკითხულობთ: „...ბაგრატ აფხაზთა მეფე... დედოფალს ქართველთა შეედავა და (სატახტო) უფლისციხე დაიკავა”. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას მერე, რაც ბაგრატ მეფემ უფლისციხე „აღიღო დედისაგან თვისისა, დაყვნა დღენი და განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი; წარიყვანა დედა თვისი და წარვიდა ქუეყნად აფხაზეთისა”. ამასთან დაკავშირებით უთუოდ საყურადღებოა, რომ წარწერაში გურანდუხტი მოხსენიებულია არა როგორც დედოფალი ზოგადად, არამედ როგორც „ქართველთა (უნდა ვიგულისხმოთ – ქართლის) დედოფალი”. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო შიდა ქართლის აზნაურთა პოლიტიკური იდეალი – ჰყოლოდათ თავიანთი, ადგილობრივი ხელისუფალი. ერთი სიტყვით, ქართლში შექმნილია განვითარებული ფეოდალიზმისთვის დამახასიათებელი ისეთი სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ფეოდალურ არისტოკრატიას, ძლიერი ცენტრალიზირებული სახელმწიფო ხელისუფლების ნაცვლად, სურს, ჰყავდეს ადგილობრივი მარიონეტული მთავრობა, რათა „თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა”.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აზრი იმის შესახებ, თითქოს გურანდუხტ დედოფალი, როგორც „აფხაზთა” სამეფო სახლის „ღვიძლი შვილი”, იყო იდეური სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი „აფხაზთა” სამეფოს ირგვლივ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებისა, რაზეც, სხვათა შორის, აქცენტს აკეთებენ ჩვენი აფხაზი კოლეგები, იმ განსხვავებით, რომ მათ „აფხაზთა” სამეფო აფხაზურ ნაციონალურ სახელმწიფოდ მიაჩნიათ, რომელიც „იპყრობდა” „მეზობელ” ქართულ ტერიტორიებს – მთლიანად საფუძველს მოკლებულია. აი, ეს საიდუმლო იმალება „მატიანე ქართლისაის” ერთი შეხედვით უწყინარ პასაჟში – „მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გურანდუხტ დედოფალსა”.

 

скачать dle 11.3