კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დამსახურებისთვის დაიმკვიდრა სამუდამო განსასვენებელი მეფე ვახტანგ მეხუთემ შაჰ-აბასისა და როსტომ ხანის გვერდით ყუმში

მხოლოდ 14 წლის გახლდათ არჩილ ბაგრატიონი, როდესაც მამამ ქართლის მეფე ვახტანგ მეხუთემ იგი იმერეთში გაამეფა. ეს იყო 350 წლის წინათ... ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე მეფე-პოეტის ცხოვრების ორი ეპიზოდის შესახებ გვესაუბრება:

 

– 1674 წელია, ქართლში ვახტანგ მეხუთე მეფობს, კახეთში მისი ვაჟი, არჩილი. საყოველთაო აზრით, ორივე კარგად ართმევდა თავს თავის მოვალეობას... ვახტანგის გაძლიერება არაფრად ეპიტნავებოდა შიხალი-ხანს, რომელიც იმიტომ იყო გაბოროტებული, რომ ვახტანგმა თავისი ქალიშვილის, ანუკას დაქვრივების შემდეგ, სიძედ მის მაგივრად ლორის ხანი ისურვა. შიხალი-ხანის რჩევით, რომელიც ეთიმადოვლე – დიდი ვაზირი გახლდათ, სპარსეთის შაჰმა, სულეიმანმა რუსეთში მყოფ თეიმურაზ პირველის შვილიშვილს, ერეკლე ბატონიშვილს წერილი გაუგზავნა და კახეთის ტახტი შესთავაზა. თანაც, პირობა მისცა, შენს რჯულს – ქრისტიანობას არ დაგაგდებინებო... 

– ერეკლე ხომ არჩილის ცოლის, ქეთევანის ღვიძლი ძმაა, ორიოდე წლით მასზე უფროსი?

– დიახ, არჩილი და ერეკლე სიძე-ცოლისძმანი არიან... არჩილმა თუშეთში ჩამოსული ერეკლე კახეთში ისტუმრა. ანადიმა, ანადირა, კახელთა ამალა აახლა და ისე გაისტუმრა ისპაჰანს!

– ბატონო გელა, ისეთი ინტონაციით წარმოთქვით ეს სიტყვები, თითქოს არჩილს დიდი გმირობა ჩაედინოს!

– მისი შემდგომი საქციელი ნამდვილად შეიძლება, ფეოდალური ხანის საქართველოსთვის, გმირობად ჩაითვალოს – არჩილმა სამეფო ტახტი მიატოვა და ახალციხეში წავიდა, ერეკლეს ტახტი გაუთავისუფლა! მაშინ, როცა, მამა-შვილი და ღვიძლი ძმები, ტახტის გამო არც ერთმანეთს ინდობდნენ და არც ქვეყანას!

– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ არჩილი დიდსულოვანი, კეთილშობილი, სულგრძელი იყო?

– დიდსულოვნება, კეთილშობილება... ასეთ ცნებებს ფეოდალური ხანის საქართველო არ იცნობდა. გადაშალეთ სულხან-საბას „სიტყვის კონა” – არაფერი ამდაგვარი... „სულგრძელიც” კი ძალზე თავისებურად აქვს განმარტებული საბას – „აუჩქარებელი”. აუჩქარებელი ხომ დინჯი უფროა, ლამის ნელი ან ზანტი... ვიდრე „სულგრძელი”?

– იქნებ გამორჩა სულხან-საბას „დიდსულოვნისა” და „კეთილშობილის” თავის ლექსიკონში შეტანა?

– ძნელია გადაჭრით თქმა... ის კი უნდა ითქვას, რომ არჩილის საქციელის მსგავს ფაქტებს, შუა საუკუნეებში ძნელად თუ იპოვის კაცი. თანაც, კახეთის მეფობა ერეკლე პირველს მხოლოდ 28 წლის შემდეგ მოუწია! 

– მანამდე ვინ მართავდა ქვეყანას?

– სანამ ცოცხალი იყო, რამდენიმე თვე – ვახტანგ მეხუთე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, სპარსელი ხანები – ბეჟან-ხანი, აბაზ-ყული-ხანი, ქალბალი-ხანი...

– ძირითად თემას დავუბრუნდეთ: იმ დროის მემატიანენიც ასევე აფასებდნენ არჩილის ამ საქციელს? თუმცა, სალაპარაკო ლექსიკონში თუ არ ჰქონდათ სიტყვები: „დიდსულოვნება” და „კეთილშობილება”, ასეთნაირადვე როგორღა შეაფასებდნენ?! ერთი სიტყვით, როგორ შეაფასა მაშინდელმა ისტორიოგრაფიამ არჩილის ეს ნაბიჯი?

– საყურადღებო ახსნა აქვს ვახუშტის. მას მიაჩნია, რომ არჩილი კახელმა დიდებულებმა წააქეზეს, მოატყუეს, გააბრიყვეს... რასაკვირველია, უადგილოა ასეთი შედარება, მაგრამ ბოდიშს მოვიხდი და ჟარგონზე ვიტყვი, „დააგოიმეს”!

– კონკრეტულად, რას ამბობს ვახუშტი კახელ დიდგვაროვნებზე?

– „კუალად მოიხსენეს ხუანჯი და ხრიკი. ეტყოდნენ არჩილს იმერეთის დაპყრობასა, ვითარცა ეპყრა პირველ. რამეთუ სახელი არს დიდი შენდა, იყო რა ქრისტიანედ და მისცე მოყუარესა სამკვიდრო თვისი. რამეთუ რა სცნობს ყეენი დატევებასა შენგან კახეთისასა, მასვე ჟამსა მისცემს ერეკლეს და გამოუტევებს კახეთს. ხოლო არჩილ მოძულე მაჰმადიანთა და მოძულემან მაჰმადიანობისაგან სათნო ჰყო განზრახუა ესე.”

– იქნებ, იყო რაღაც ამდაგვარიც, არჩილი ამ დროს ჯერ ისევ ახალგაზრდაა – 27-28 წლის. ხომ შეიძლება მართლა ეცდუნებინათ კახელებს?

– არჩილი არსად ნანობს თავის საქციელს. ცოლისძმასთან ნორმალურმა ურთიერთობამ მისცა მას მორალური უფლება, როცა გაუჭირდა, რუსეთის სამეფო კარისთვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.

მან ხომ ერეკლეს პაპას, თეიმურაზს (მხოლოდ მას არა) მთელი პოემა მიუძღვნა. ერეკლე რომ სძულებოდა, ან თუნდაც კახელი თავადები, ეს ფაქტი მის პოეტურ მემკვიდრეობაში სადღაც იჩენდა თავს. 

იყო ერთი ფსიქოლოგიური ხასიათის ნიუანსიც... არჩილის მამას, ვახტანგს ბევრი ცოდვა მიუძღვის თეიმურაზის, ერეკლესა და კახელების წინაშე... არჩილს აღარ სურდა ბოროტების გზით სიარული!

– რომელ ცოდვებს გულისხმობთ?

– ვახტანგი ჯერ ისევ თხუთმეტიოდე წლის იყო, როცა 1633 წელს ქართლში გამეფებულ როსტომს გვერდით დაუდგა და მასთან ერთად დაუწყო ბრძოლა თეიმურაზსა და მის შვილს დავითს... 1648 წელს ერწოში, ვახტანგის ახლო წრიდან გასროლილი თოფით გარდაიცვალა კახეთის სახლთუხუცესი რევაზ ჩოლოყაშვილი; ვახტანგმა გაუგზავნა თეიმურაზი ირანის შაჰს 1661 წელს; იგი ებრძოდა თუშეთში მდგარ ერეკლეს 60-იან წლებში; მან არ მოიძია დარეჯან დედოფლის სისხლი, რომელიც ხოსია ლაშხიშვილმა მოკლა 1668 წელს ღალატით... 

– რატომ უნდა მოეძია თეიმურაზის ქალიშვილის სისხლი ვახტანგს? რა მოვალე იყო? თანაც, არც დარეჯანის მანამდელი ქცევა იმსახურებდა მისდამი თანაგრძნობას.

– იმიტომ რომ, დარეჯანი მისი რძლის, ქეთევანის მამიდა გახლდათ. თანაც, ხოსია ვახტანგთან დაახლოებული იყო, როცა თოთხმეტი წლის არჩილი იმერეთის მეფედ დაჯდა, ხოსიამ მისი მეურვეობა იკისრა... 

– თავად თეიმურაზის სურვილი არ იყო სპარსეთს გამგზავრება?

– გამგზავრება იყო და გაგზავნა – არა. თვითონ არჩილის პოემაშია ასეთი ადგილი: „მაგრამ არას დამიმადლებს და დაარქვამს გაგზავნასა!”

– ერეკლე ბატონიშვილს კი ებრძოდა ვახტანგ მეხუთე, მაგრამ, როცა მისი დატყვევების შანსი მიეცა, ხომ არ გამოიყენა ეს უფლება და ერეკლეს დედის, ელენეს თხოვნა ყურად იღო?!

– რატომაც მოიქცა ამგვარად, საყოველთაოდ ცნობილია... ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე... ასე თუ გავაგრძელეთ, შეიძლება, არჩილიდან ვახტანგის მეფობის პერიპეტიებზეც გადავიდეთ... მოკლედ ვიტყვი, ვახტანგი რადგან ყუმშია დაკრძალული, შაჰ-აბას პირველისა და როსტომის გვერდით ამით ყველაფერია ნათქვამი...

... მეჩვიდმეტე საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებია. იმერეთში არჩილი მეფობს. მომდევნო ძმა, გიორგი მას სტუმრად ეწვია და საჩხერეში დაისადგურა. თვითონაც მეფობადაკარგულია – შაჰმა შეგნებულად მისცა ერეკლეს ქართლის ტახტი, რათა ვახტანგ მეხუთის შთამომავალნი დაეჩაგრა („გათიშე და იბატონე” – სხვა კი არაფერია) და აი, გიორგი მეთერთმეტეს სტუმარი ეწვია – გიორგი აბაშიძის ქალიშვილი თამარი... გიორგი მეფე ახალი დაქვრივებულია. სულ რამდენიმე თვეა, რაც დედოფალი – ხვარაშან მიქელაძის ქალი გარდაიცვალა... თამარი ქვრივ მეფეს შესთავაზებს – ცოლად შემირთე და იმერეთის მეფე გახდებიო. 

– თვითონ შესთავაზა თამარმა ეს წინადადება?

– დიახ თვითონ!

– კი, მაგრამ ტახტზე ხომ გიორგის ღვიძლი ძმა ზის – არჩილი?

– თამარისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. თანაც, იგი მეფეზე ბევრად უმცროსია.

– რა უპასუხა ქვრივმა? 

–„არამედ არა ჰყო სათნოთი არჩილისათი”.

– გიორგის ნამუსი შეუნახია და ღირსეულად მოქცეულა. მით უმეტეს, ისიც და მისი ძმაც მაჰმადიანები იყვნენ (ფორმალურად მაინც) და მსგავსი საქციელისთვის შეიძლება, ახსნაც კი მოეძებნათ. როგორ წარიმართა თამარის შემდგომი ცხოვრება, გაუთხოვარი ხომ არ დარჩა?

– ადგა და იმერეთის მოქმედ მეფესთან, არჩილთან მამამისი მიაგზავნა – თუ გინდა, ტახტი დაიმკვიდრო, ჩემი თამარი შეირთეო. 

მამა-შვილს არაფრის რცხვენოდა. არჩილი ქვრივი არ ყოფილა, უფროსი ვაჟი უკვე 20 წელს ჰყავდა გადაცილებული...

– რა უპასუხეს გულზვიად მამა-შვილს?

– „არამედ არა ჰყო არჩილ უსჯულოებისათვის და ეტყოდა მოყვანასა ძისა თვისისა ალექსანდრესასა და შერთვასა მისსა.”

როგორც კი გიორგი მეთერთმეტეს საჩხერეში ყოფნა მოსწყინდა და ისპაჰანს მიაშურა ბედის საძებნელად, მაშინვე დატრიალდა მამა-შვილი – მოძებნეს ვიღაც მეფეთა მონათესავე გიორგი, შერთეს აბაშიძის ასულს, თამარს, არჩილს ზურგი აქციეს და თამარის ქმარი იმერეთის ტახტზე დააბრძანეს. არჩილი დვალეთში გადავიდა...

ახალი მეფე გახლდათ – „უზნეო, უშუერი, გამოუცდელი, თვინიერ გლეხთა მუშაკობისა და იყო ხეიბარიცა”, „უმგზავსო ყოვლითურთ და შეუგუანი მეფობისა”. მართვიდა აბაშიძე გიორგი და თაობდა ყოველთა იმერთა ზედა. მას მორჩილებდნენ დადიანი, გურიელი და წარჩინებულნი. მეფეს ზედმეტ სახელად გოჩიას ეძახდნენ... ისე შეიძულა თამარმა, თავისივე ნაპოვნი ქმარი, კიდევ ერთხელ მიუგზავნა მამამისი, გიორგი აბაშიძე არჩილს – ოღონდ ჩემი შვილი შეირთე და სიკვდილამდე იმერეთის მეფე იქნებიო. არჩილმა კვლავ უარი განაცხადა... 

– ეს ეპიზოდი რატომ გაიხსენეთ, რისი თქმა გინდოდათ?

– აი, ასეთ დროში ცხოვრობდა მეფე-პოეტი. აი, ასეთ ხალხთან უხდებოდა ურთიერთობა. ადვილი იყო მათთან საერთო ენის გამონახვა? თავს ზემოთ ძალა არ იყო... იმერეთი თურქეთის ხელდებული გახლდათ და ახალციხის საფაშოც კი კმაროდა მის მოსათოკად.

როცა ასეთი ყოფით გულდამძიმებული არჩèლი რუსეთში წავიდა ემიგრაციაში, მაინც ამტყუნებდნენ: „მეფეს არჩილსა სძრახევდენ, სხვას თემს რომ იყო მვლელია”. 

– არჩილმა დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონთ, რომელ სტრიქონზე იტყვით, აი, ეს არის ნამდვილი არჩილიო?

– „ასრე სჭირს საქართველოსას დიდებულთ, გინა მცირეთა, 

აზვავდებიან, იტყვიან: „უჩემოთ ვინ იმღერეთა”.

 

 

 

скачать dle 11.3