როგორ მოხვდა „მედის” პლასტიკური ქირურგი ვახტანგ პეტრიაშვილი საუკეთესო ევროპელ ექიმებს შორის და როგორ ათხოვებს ის თბილისში ქალებს
არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს ქალბატონი, ვისაც საკუთარ გარეგნობაში რამის შეცვლა არ სურდეს. პლასტიკური ცენტრების არჩევანი, სადაც შეიძლება გავლამაზდეთ, ერთი შეხედვით, თითქოს მრავალფეროვანია, მაგრამ სანდო – ძალიან ცოტა. თუმცა არის გამონაკლისებიც – მაღალი სტანდარტებით ცნობილი „მედი” ქალაქში ყველამ იცის. ბომონდური თუ არაბომონდური ქალების უმრავლესობა საკუთარი გარეგნობის შეცვლას „მედის” ანდობს, ვინ-ვინ და, ეს როგორც ჟურნალისტმა, ყველაზე კარგად ვიცი. მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ქალი, რისი ქალია, ჭოჭმანი არ დაიწყო. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს, როცა მეც პლასტიკური ქირურგიის ჭიამ შემომიტია, მეგობარ-ნაცნობებს „დავერიე” და ქალაქში ცნობილი პლასტიკური ქირურგების ძიება დავიწყე. ერთმა ახლობელმა, რომელიც თბილისური ჭორების დიდი ოსტატია, მითხრა: „მედიში” მიდი, საშემოდგომო ფასდაკლების აქცია აქვთ, თან ხომ იცი, იქ ძალიან მაღალი სტანდარტებიაო. იდეა მომეწონა, საშემოდგომო აქციაც, მაგრამ, უპირველესად, მაინც პლასტიკური ქირურგის ავან-ჩავანით დავინტერესდი. ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცია, ორი წელია რაც „მედიში” მუშაობს, გერმანიიდან ჩამოვიდა, ამბობენ, მაგარი ხელი აქვსო, – არ დააყოვნა პასუხი ჩემმა მეგობარმა და ჩემი „მედისთან” დაკავშირებული ისტორიაც ასე დაიწყო.
„მედის” მაღალ სტანდარტებზე არ მოგიყვებით, აქ მართლაც 22-ე საუკუნეა და ამაში რომ დარწმუნდეთ, საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. შედიხარ კლინიკაში, სადაც თვალისმომჭრელად ბზინავს ყველაფერი. პედანტური წესრიგი ერთი შეხედვისთანავე შეიმჩნევა, ეს მხოლოდ გარეგნული ეფექტები არ გეგონოთ. თქვენ ის უნდა ნახოთ, რაც ამ კლინიკის კედლებში ხდება... თუმცა, მე მთავარ პერსონაჟზე მოგახსენებთ. ვახტანგ პეტრიაშვილი კლინიკა „მედის” პლასტიკური ქირურგიის სამსახურს ხელმძღვანელობს, გაწონასწორებული, სანდომიანი და კეთილსინდისიერი, როგორც ადამიანების, ასევე იმ საქმის მიმართ, რომელსაც უკვე წლებია, ერთგულად ემსახურება. ჩვენი ნაცნობობა მის კაბინეტში დაიწყო და ჩემი ნდობის მოპოვება იოლად შეძლო. შეკითხვებით დავღალე, მშვიდად ისმენდა ჩემს ყველა „პრაფანულ” ჩაკითხვას... ჩემდა გასაკვირად, ისე იოლად „დავითანხმე” საკუთარი თავი, თავადაც გამიკვირდა. თუმცა, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურება იყო... ვთხოვე, ოპერაციის შემდეგ ინტერვიუს ჩამოგართმევთ-მეთქი, სასტიკად იუარა, საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარსო. ბევრი მცდელობისა და „მოლაპარაკების” შემდეგ, როგორც იქნა, ინტერვიუზე დავიყოლიეთ. თუმცა, იქამდე ის მთავარი პირობა შეასრულა, რომელიც საოპერაციოში შეყვანამდე „მომცა” – ახლა სამყაროს სხვა თვალით ვხედავ... ოპერაცია წარმატებით დასრულდა. საკუთარ თავზე გამოვცადე ვახტანგ პეტრიაშვილის ფენომენალური უნარი და იმ ისტორიების მონაწილეც გავხდი, რასაც მასზე ამ ქალაქში ყვებიან...
ვახტანგ პეტრიაშვილი: მასწავლებლების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი მედიცინით. 1996 წელს, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა ზოგად ქირურგიაში.
– თქვენ, წლების განმავლობაში მუშაობდით გერმანიის წამყვან კლინიკებში. ერთადერთი ქართველი ექიმი ხართ, ვინც ევროპის პლასტიკური ქირურგების ოცეულში შეგიყვანეს. გვიამბეთ, თქვენი გერმანიასთან დაკავშირებული ისტორია?
– როდესაც გერმანიაში მიმიწვიეს, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ცხოვრებას პლასტიკურ ქირურგიას დავუკავშირებდი. საბედნიეროდ, იქ მუშაობა მომიწია ყველაზე ცნობილ კლინიკებსა და პლასტიკურ ცენტრებში. გერმანიაში გატარებულმა წლებმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. გერმანიის კლინიკები ძირითადად აქცენტირებულია ორ ან სამ მიმართულებაზე. იქ ისე არ ხდება როგორც ჩვენთან, საქართველოში, როცა ერთ კლინიკაში კეთდება ყველა ოპერაცია. ერთადერთი კლინიკა, სადაც ყველა ოპერაცია ერთად კეთდებოდა, იყო პროფესორ რიხტერის კლინიკა პატარა ქალაქ ვესელინგში. ჩვენ იქ ვმუშაობდით პაციენტებთან, რომლებსაც წონის მასიური კლების შემდგომ, სხეულის მთლიანი კონტურირება სჭირდებოდათ, ამაში შედის როგორც მუცლის პლასტიკა, ასევე დუნდულების, მკერდის, მხრების ერთობლივი ოპერაცია. შტუტგარტში, პროფესორ გუბიშის ხელმძღვანელობით, ძირითადად მიწევდა მუშაობა ცხვირის ოპერაციებზე, ასევე, ამ ვიწრო სპეციალობით ვმუშაობდი საკურორტო ქალაქ ლინდაუში, პროფესორ მანგის კლინიკაში, რომელიც ევროპის მასშტაბით პლასტიკური ქირურგიის ყველაზე დიდი კლინიკაა.
– იქ წარმატებული კარიერის მიუხედავად, თქვენ დაბრუნდით თბილისში და მუშაობა კლინიკა „მედიში” დაიწყეთ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და შეელიეთ ევროპულ კარიერას?
– ყველა წარმატებული ქართველი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და თავისი გამოცდილება საკუთარ ქვეყანასა და ხალხს მოახმაროს. მე არ ვფიქრობ, რომ ევროპას მოვწყდი, პირიქით, მუდმივად ვესწრები საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს. ექიმმა გამუდმებით უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. თუ ფეხი არ აუწყე თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვერაფერს გააკეთებ. უცხოეთში ხშირად დავდივარ და როგორც მიწვეული ექიმი, ოპერაციებს ვატარებ. ამას წინათ იაპონიაში ვიყავი, სადაც ჩემს ებრაელ კოლეგასთან ერთად, ჩავატარე სხეულის მოდელირების ოპერაციები. კლინიკა „მედი”, სადაც ამჟამად ვმუშაობ, ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება გერმანიის იმ კლინიკებს, მე რომ მომიწია მუშაობა. „მედი“ ერთ-ერთი წარმატებული პლასტიკური ცენტრია პოსტსაბჭოთა სივრცეში. აქ ნამდვილად 22-ე საუკუნის სტანდარტებია, შესაბამისად, ძალიან საინტერესო იყო აქ დაბრუნება. ამ გარემოში, ყველა პირობაა შექმნილი, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. ქართველ პაციენტებთან მუშაობა მრავალმხრივ საინტერესოა. სხვათა შორის, ქართველი პაციენტი, გერმანელთან შედარებით უფრო პრეტენზიულია. ევროპელი პაციენტი უჯერებს ექიმს, ჩვენთან კი ფიარის წყალობით, ისეა გაფუჭებული ექიმების იმიჯი, პაციენტს აღარ სჯერა მისი. დღეს საქართველოში ფიარით შექმნილი ექიმის სახელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის მიერ განვლილი გზა და გაკეთებული ოპერაციების შედეგი.
– ამ მხრივ, არც თქვენ გაქვთ საქმე საწუწუნოდ. თბილისში სულ რაღაც ორი წლის ჩამოსული ხართ და თქვენზე საოცარ ისტორიებს ყვებიან. თუმცა, გაპოპულარებას ძალიან არიდებთ თავს.
– ასეთი ხასიათი მაქვს, ვერ შევიცვლები. მე მიყვარს ჩემი საქმე და მირჩევნია ეს საქმე წყნარად, მშვიდად ვაკეთო. ჩემთვის თითოეული ოპერაცია დღემდე განსაკუთრებულია და დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. მე ხომ არ ვაკეთებ თიაქრის ოპერაციას, როცა, ოპერაციის შედეგი არ ჩანს?! ჩემი შრომის შედეგს ხედავს ყველა. ამიტომ, ეს შედეგი მაქსიმალურად კარგი და ესთეტიკურად ლამაზი უნდა იყოს. თუ პლასტიკურ ქირურგიას შემოქმედებითად არ მიუდექი, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
– საქართველოში თითქმის ყველა პლასტიკურ ქირურგს აქვს თავისი ხელწერა, რომლის მიხედვითაც, ყველა ნაოპერაციებ ცხვირს ცნობს ადამიანი.
– ექიმის ხელწერა პლასტიკურ ქირურგიაში ძალიან ცუდის მანიშნებელია. ეს არის ფაქტი, რომ ოპერაცია ცუდად არის გაკეთებული. ყველაზე შედეგიანი არის ოპერაცია, სადაც არ ჩანს პლასტიკური ქირურგის კვალი. ისეთი პაციენტებიც არსებობენ, სურთ, რომ მშობლებმაც კი ვერ შეიტყონ, რომ ოპერაცია გაიკეთეს. ეს, ცოტა არ იყოს, რთულია. მაგრამ, არის უფრო მძიმე შემთხვევებიც, როცა დამალვა ქმართან უნდათ, ქმრისა და მამის რა გითხრათ, მაგრამ უცნობი ადამიანი ნამდვილად ვერ უნდა მიხვდეს, რომ თქვენი თვალი, მკერდი თუ ნიკაპი პლასტიკური ქირურგიის შედეგია (იცინის). ბევრი პაციენტი მოდის ისეთი გადაწყვეტილებით, როცა ზუსტად იცის, თუ როგორი ფორმის ცხვირი სურს, რომ ჰქონდეს. თუ ვფიქრობ, რომ პაციენტს იმ ფორმის ცხვირი არ მოუხდება, ვურჩევ არ გაიკეთოს მაგრამ, თუ ვერ დავიყოლიე, შეუძლია, სხვა პლასტიკურ ქირურგს მიმართოს. მე მხოლოდ იმ ოპერაციებს ვაკეთებ, როცა ცხვირს ნაოპერაციები არ ეტყობა და ვიზუალურად ძალიან კარგია.
– ამბობენ, ბევრი ცნობილი ქალბატონი გათხოვდა საქართველოში წარმატებულად იმ ცხვირით, მკერდით და დუნდულებით, რომლის „ავტორიც” თქვენ ბრძანდებით.
– მერე ამას რა ჯობია? არ მესმის, რატომ არ უნდა ვიყო ამ კეთილი საქმის მონაწილე. თუმცა, ბედნიერება იმპლანტებში ნამდვილად არ არის (იცინის). კარგი გარეგნობა ადამიანს თავდაჯერებულს ხდის, იცვლება მისი დამოკიდებულება ადამიანების, საზოგადოების მიმართ. ის აღარ იმალება იმ დისკომფორტის გამო, რაც ჰქონდა და შეუძლია, უფრო იოლად მიაღწიოს მიზანს. უნდა ნახოთ, როგორ ცვლის ქალს ყურის ფორმის შეცვლაც კი და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება მის ცხოვრებაში, როცა ის იცვლის მკერდის ფორმას. თუმცა, ამ დროს ქალები ისე შედიან ხოლმე ეშხში, ჩაფიქრებულს ვერ გადააფიქრებინებ. ერთი ჩემი პაციენტი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ქალბატონია, მთხოვდა, მისთვის გამეკეთებინა მკერდი, რომლის წონა იქნებოდა 600 გრამი. იცით, რამდენი „ვივაჭრეთ” ას გრამზე, ძლივს დავიყოლიე (იცინის).
– თქვენ იმ მამაკაცთა შორის ხართ, ვისაც ყველაზე კარგად ესმის ქალების ენა და იცით, რა სურთ ქალებს. ამის მიუხედავად, მაინც სასურველი სასიძოების სიაში ხართ, ჯერ კიდევ მეორე ნახევრის გარეშე.
– ეს ის თემაა, რომელსაც პლასტიკური ქირურგის საიდუმლოებების ცოდნა ვერ წყვეტს (იცინის). ჯერ ჩემს ცხოვრებაში არ მოსულა ის განცდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმეღო. თან, იმდენად ვარ ჩართული ჩემს საქმიანობაში, როგორც ჩანს, ამისთვის ვერც მოვიცალე. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით პრეტენზიული ვარ ქალბატონებთან დაკავშირებით. გარეგნული სილამაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც ქალის ხასიათი და შინაარსია. გარეგნობას მეც მოვუვლი, რა უნდა ჰქონდეს ჩემს რჩეულს ისეთი, რომ მე ვერ გავაკეთო (იცინის)?
– თქვენს მომავალ მეუღლეს და მის მეგობრებს აშკარად გაუმართლათ, მაჭანკლები არ გიტევენ?
– მიტევენ და მერე, როგორ, ისინი ძირითადად ჩემი ყოფილი პაციენტები არიან, თუმცა, მე ჯერ მედგრად ვდგავარ (იცინის). სიმართლე გითხრათ, ქალბატონების საზოგადოებაში ჩემი მოხვედრა უკვე „სატანჯველად” იქცა, ჩემი დანახვისთანავე ქალებს ნაკლოვანების შეგრძნება ეწყებათ. იმდენი შეკითხვა უჩნდებათ, პასუხების გაცემას ვერ ვასწრებ ხოლმე. მეც მეტი რა გზა მაქვს, ვარიგებ უფასო კონსულტაციებს და პლასტიკური ქირურგიის ანა-ბანაში ვარკვევ მათ, ვინც საკუთარი ბედნიერებისთვის ყველა გზას ეძებს. ამისი „უფლება” ხომ ყველა ადამიანს აქვს...