რატომ ვერ შეძლებს 2012 წელს ეროვნულ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვას ის აბიტურიენტი, რომელიც არ დაწერს თხზულებას
ეროვნული გამოცდების ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო ეროვნული გამოცდა განსხვავებული წესით ჩატარდება, რის მიზეზადაც საატესტატო გამოცდების დანერგვა სახელდება: ეროვნული გამოცდების ცენტრს უსაფუძვლოდ მიაჩნია ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე ერთი და იმავე დატვირთვის ტესტების შეთავაზება. რა სიახლეები ელით აბიტურიენტებს 2012 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო ეროვნული გამოცდის ტესტში და როგორ უნდა მოემზადონ მოსწავლეები საატესტატო გამოცდისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში? ამ კითხვებზე ეროვნული გამოცდების ცენტრის ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია გვიპასუხებს.
– ჩვენი ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გადატვირთული იყო და მსოფლიოში არც ერთ გამოცდაზე არ არის ერთ ტესტში ამდენი დავალება.
– მსოფლიოს ძალიან ცოტა ხალხს აქვს ლიტერატურა მეხუთე საუკუნიდან?
– ჩვენთან ძალიან ბევრი დავალება იყო სწორედ იმიტომ, რომ ძალიან მრავალფეროვანია პროგრამა და, ბუნებრივია, გვინდოდა, ის მთლიანად მოგვეცვა. მაგრამ, როგორც კი შემოვიდა საატესტატო გამოცდა, ეროვნული გამოცდიდან დავალებები საატესტატო გამოცდის დავალებებში გადავიდა. რადგან სკოლის გამოცდა შემაჯამებელია და იქ უნდა შემოწმდეს მიიღო თუ არა ბავშვმა სკოლის პროგრამით გათვალისწინებული ცოდნა და შეუძლია თუ არა ამის გამოვლენა, ამიტომ იმ ტიპის კითხვები, რომლებიც ამოწმებდა კონკრეტულ ცოდნას, ეროვნული გამოცდის ტესტიდან საატესტატო გამოცდის ტესტში გადავიტანეთ. გადაწყდა, რომ საატესტატო გამოცდებზე უნდა მოწმდებოდეს ენაშიც და ლიტერატურაშიც სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის ცოდნა, ეროვნულ გამოცდებზე კი – უფრო მეტად კრიტიკული აზროვნების უნარი. რაკი საატესტატო გამოცდაზე წერის საშუალება არ აქვს მოსწავლეს, ის მხოლოდ ირჩევს მოცემული ოთხი პასუხიდან ერთ სწორ პასუხს, იქ ძალიან მოსახერხებელია ფაქტობრივი ცოდნის შემოწმება. ამიტომ სავალდებულო ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტს, ძირითადად, წერითი დავალებები ექნება შესასრულებელი.
– ეროვნული გამოცდის ფორმის შეცვლა ხომ არ ნიშნავს, რომ აბიტურიენტები ახლა იმასაც არ წაიკითხავენ ქართული ლიტერატურის ძეგლებიდან, რასაც ამ სავალდებულო გამოცდის ჩაბარების ეშხით იძულებით კითხულობდნენ?
– იმასაც თუ არ წაიკითხავენ, ეროვნულ გამოცდამდე ვერ მიაღწევენ. საატესტატო გამოცდაზე ჩაიჭრებიან. პირველ წელს რომ ეს გამოცდა ასეთი ადვილი იყო, ამან არ უნდა მოატყუოს მოსწავლეები, იმიტომ რომ ეს იყო პირველი წელი. ეს გამოცდა აუცილებლად გართულდება და თან – ყველა საგანში. პირველ წელს ძალიან დიდი სიფრთხილე იყო საჭირო და მარტივი საატესტატო გამოცდები მომზადდა, რომ ბავშვები მასობრივად არ ჩაჭრილიყვნენ, მაგრამ ეს არ შეიძლება, დაუსრულებლად გაგრძელდეს. ასე რომ, ცხადია, ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდა გართულდება და, ვისაც ქართული ლიტერატურის ტექსტები წაკითხული არ ექნება, გარანტიას გაძლევთ, ის ატესტატს ვერ აიღებს. მაგრამ, თუ ეროვნულ გამოცდაზე მივა, იგივე დავალებები კი არ დახვდება, არამედ დასაწერი.
– თუ არის უკვე ცნობილი, ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო ეროვნული გამოცდის ტესტიდან რა ნაწილები გადავა ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდის ტესტში?
– უპირველესად, 100-ქულიანი ტესტი 80-ქულიანი გახდება. ეროვნული გამოცდის ტესტის ლიტერატურის ნაწილში იყო დავალებები, როდესაც მოცემულია ტექსტი საპროგრამო ნაწარმოებიდან და ეს დავალება უფრო მეტად ტექსტის გააზრების უნარს ამოწმებს. მართალია, საატესტატო გამოცდის ტესტშიც გვაქვს დავალებები, რომლებიც ამოწმებს ტექსტის ცოდნას, მაგრამ საჭიროა გააზრების უნარის შემოწმებაც, რადგან შეიძლება, ტექსტი დაიმახსოვრო, მაგრამ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, გაიაზრე თუ არა ის ტექსტი. ამიტომ ჯობია, რამ ამ ტიპის დავალებები იყოს საატესტატო გამოცდაზე. ყოველწლიურად, დაახლოებით, 65 000 მოსწავლე ამთავრებს სკოლებს და მათგან, დაახლოებით: 35 000 აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში, ანუ გაისიდან იმ დანარჩენსაც მოეთხოვება ქართული ლიტერატურის ცოდნა გააზრებისა და შინაარსის ცოდნის დონეზე.
– ოღონდ ტექსტის გააზრების უნარი საატესტატო გამოცდაზე შემოწმდება იმავე წესით: ოთხი სავარაუდო პასუხიდან მოსწავლე აირჩევს ერთ სწორს?
– დიახ, საატესატო გამოცდაზე წერის შემოწმება ვერ ხერხდება, ამიტომ ეროვნულ გამოცდაზე გავზარდეთ წერითი დავალებების წილი. ბავშვის საპროგრამო დონე საატესტატო გამოცდაზე შემოწმდება და დადგინდება, რომ აქვს უფლება, გავიდეს ეროვნულ გამოცდაზე. ახლა ვნახოთ ენის დავალებები. ეროვნული გამოცდების ტესტის ენის ნაწილში არსებული პირველი ორი დავალება გადატანილია საატესტატო გამოცდაზე შემდეგი ფორმით: მოსწავლემ უნდა იპოვოს შეცდომა მოცემულ წინადადებაში და პასუხების ოთხი ვარიანტიდან აირჩიოს სწორი ვარიანტი. ეროვნული გამოცდის ენის ნაწილში კი დარჩება ცოტა უფრო რთული დავალება, როდესაც მოცემულია შეცდომებიანი ტექსტი, აბიტურიენტმა უნდა იპოვოს შეცდომები და ტექსტი გადაწეროს სწორად. ეს უკვე მაღალი დონეა, ამიტომ ეს შემოწმდება მისაღებ გამოცდაზე. ამის შემდეგ აბიტურიენტს ეროვნული გამოცდის ენის ნაწილში შესასრულებელი დარჩება მხოლოდ ერთი დავალება: მცირე, დაახლოებით, ნახევარგვერდიანი საქმიანი ტექსტის დაწერა. ამას მთელ მსოფლიოში არგუმენტირებული ესსე ჰქვია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო მხატვრული ანალიზი. ეს იქნება რამე ყოფითი პრობლემა, მაგალითად, თანამედროვე სკოლის რა პრობლემას ხედავ? დაწერე, დაასაბუთე და ამ ნაწერს ჩვენი გამსწორებლები გაასწორებენ ენობრივი თვალსაზრისით. აბიტურიენტი ამ დავალების შესრულებისას, ძირითადად, ქულებს იღებს იმაში, გამართულია თუ არა ეს ნაწერი ენობრივი თვალსაზრისით. ერთია, როდესაც შეცდომას ვპოულობ უკვე გამზადებულ ტექსტში და მეორე, როდესაც თავად ვქმნი ტექსტს. ეს ორი დავალება რჩება ეროვნულ გამოცდაზე, მარტივი დავალებები კი გადადის საატესტატო გამოცდაზე.
– კიდევ რა ტიპის დავალებები იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდაზე?
– ეს ცოტა ერთფეროვანი გამოცდაა და, ძირითადად, ამოწმებს, ახსოვს თუ არა მოსწავლეს ის, რაც სკოლაში გაიარა. გააზრებაზე იქ აქცენტი არ არის. ასეთი დავალებების მხოლოდ ერთი მესამედი შეიძლება, იყოს. ორი მესამედი ეხება იმას, თუ, რამდენად ახსოვთ გავლილი მასალა; შეუძლიათ თუ არა ამა და ამ ლექსიკური ერთეულის სინონიმის მოყვანა ან მისთვის ანტონიმის დაპირისპირება; შეუძლიათ თუ არა იპოვონ წინადადებაში შეცდომა და სწორად მისცენ კვალიფიკაცია: სინტაქსურია ეს შეცდომა თუ მორფოლოგიური. საატესტატო გამოცდაზე უფრო მარტივი დავალებები იქნება შესასრულებელი, ვიდრე ეროვნულ გამოცდაზე.
– რა დარჩა ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის ტესტის ლიტერატურის ნაწილში?
– ეს დავალება ადრეც იყო და გაისადაც იქნება: მოცემულია ორი ტექსტი, ერთი – პოეტური, მეორე – პროზაული. ორივე ტექსტს მოჰყვება კითხვები. წელს ათი ასეთი კითხვა იყო. კითხვებს მოჰყვება არჩევითი პასუხები და ეხმარება ბავშვს გაიაზროს ეს ტექსტი, თუ სწორად პასუხობს ამ შეკითხვებს. ასეთი კითხვა ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე იქნება 15 და შემდეგ, როდესაც ეს ტექსტი უკვე გააზრებული აქვს, აბიტურიენტს ეძლევა სამი მითითება, რის მიხედვითაც უნდა დაწეროს თხზულება. ეს სამი მითითება, როგორც წესი, არის ხოლმე მსჯელობა პერსონაჟის მოტივაციის შესახებ, ამ ნაწყვეტის მხატვრული მხარის შესახებ და აბიტურიენტმა საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს იქ წამოჭრილი ეთიკური ან მორალური პრობლემის შესახებ და ეს დაასაბუთოს. როგორც წესი, ასეთი ნაწერი A4 ფორმატის ერთი გვერდი უნდა გამოვიდეს. როდესაც ასეთ თხზულებას ნახევარ გვერდს წერენ აბიტურიენტები, ისინი ან ნულ ქულას იღებენ, ან ძალიან დაბალ ქულას, იმიტომ რომ ასეთ მცირე მოცულობაში სამივე მითითებას ვერ უპასუხებ სრულყოფილად. ამდენად, ეს დავალება ისევ რჩება ეროვნული გამოცდის ტესტში, ოღონდ აბიტურიენტს შეუძლია, აირჩიოს პროზაული ან პოეტური ტექსტი. მოსალოდნელია, რომ გაისად ამ ტიპის დავალებებიდან აბიტურიენტებს გასააზრებლად და შემდეგ თხზულების დასაწერად ერთი ტექსტი, ალბათ, საპროგრამო მასალიდან მიეცემათ, მეორე კი – არასაპროგრამო მასალიდან. ამიტომ, სავარაუდოდ, უკეთეს მდგომარეობაში მაინც ის აბიტურიენტები აღმოჩნდებიან, რომლებმაც პროგრამა სკოლაში გაიარეს და კარგად იმეცადინეს. ბუნებრივია, ნაცნობი ნაწარმოების ნაწყვეტს უკეთ გააანალიზებ, ვიდრე უცნობი ნაწარმოების მონაკვეთს. ამდენად, ის აბიტურიენტები, რომლებიც სასკოლო პროგრამას დაძლევენ და სასკოლო ნაწარმოებებს ისწავლიან, მისაღებ გამოცდებზეც უკეთეს პირობებში აღმოჩნდებიან.
– ქულამ რატომ დაიკლო 100-დან 80-მდე?
– მოაკლდა იმ დავალებების ქულები, რომლებიც მოვაკელით ეროვნული გამოცდის ტესტს. ისე კი, ჩვენ ახლა უკვე გამოცდების ჩატარების 10-წლიანი გამოცდილება გვაქვს და ბავშვებს უჭირთ სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულება. ოთხი საათი ჰქონდათ მიცემული ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო ეროვნული გამოცდისთვის და ახლაც ოთხი საათი დარჩება. როგორც წესი, თხზულების წერას უფრო მეტი დრო სჭირდება და ნაკლები – წაკითხულის გააზრებას. საერთოდ, რაც უფრო ცოტა დავალებაა ტესტში, მით უფრო ადვილია შემსრულებლისთვის ამ კონკრეტულ დავალებაზე კონცენტრაცია და ის უფრო თავისუფლად გათვლის დროს. ამიტომ, ვფიქრობ, გაისიდან აბიტურიენტები ცოტა უფრო კომფორტულ მდგომარეობაში იქნებიან, თუმცა, გარკვეული აზრით, მათ გაურთულდათ მუშაობა ერთი რამის გამო: როდესაც იყო ამდენი კითხვა, აბიტურიენტს შეეძლო, საერთოდ არ დაეწერა თხზულება და მაინც გადაელახა ბარიერი.
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია: წერით დავალებებზე აქცენტი იმან ხომ არ გამოიწვია, რომ აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა არ იცის წერა და ცნობილია, რომ რეპეტიტორების დიდი ნაწილი საერთოდაც არ ასწავლის წერას და ურჩევს კიდეც, ამაზე დრო არ დაკარგონ. გაურთულდათ რეპეტიტორებს და მასწავლებლებს ამოცანა?
– რა თქმა უნდა, გაურთულდათ, იმიტომ რომ, ვინც თხზულებას ვერ დაწერს, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ვერ გადალახავს ბარიერს. ერთი თხზულება 25-ქულიანია, მეორე, ენობრივი – 20-ქულიანი და მაშინ აბიტურიენტი რჩება მხოლოდ ტექსტის რედაქტირებისა და წაკითხულის გააზრების იმედზე, სადაც შესაძლებელია, შეცდომები დაუშვას. ამიტომ, თუ ადრე ადვილად წყვეტდნენ ამ პრობლემას, მოდი, თხზულებას საერთოდ არ დავწერ და ამაში არ მოვემზადებიო, ახლა ეს ვეღარ მოხერხდება. ამ თვალსაზრისით, აბიტურიენტების მდგომარეობა გართულდა, მაგრამ არა მათი, ვისაც მხოლოდ ატესტატის აღება უნდა. ისინი არაფერს წერენ, მხოლოდ ცოდნას ამჟღავნებენ.
– ჩამოვაყალიბოთ მოკლედ, როგორი დავალებები იქნება სავალდებულო ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის ტესტში?
– ქართული ენისა ლიტერატურის სავალდებულო ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტს 80-ქულიანი ტესტი დახვდება. ეს ტესტი ორ ნაწილად იყოფა, პირობითად რომ ვთქვათ, ეს არის ქართული ენა და ქართული ლიტერატურა. ენის 40-ქულიან ნაწილში სულ ორი დავალებაა: ერთი არის შეცდომებიანი ტექსტის რედაქტირება, რომელიც უნდა გაასწოროს, სწორად გადმოწეროს აბიტურიენტმა და რომლის მაქსიმალური ქულაა 20. ამის შემდეგ მოდის ამგვარი დავალება: დაწერეთ მცირე ესსე, მაქსიმუმ ერთგვერდიანი, ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი მოცემული პრობლემის შესახებ და თქვენი პოზიცია დაასაბუთეთ. აბიტურიენტს ეძლევა დამხმარე მითითებები, თუ რა საკითხებზე უნდა იმსჯელოს. აქაც მაქსიმალური ქულაა 20.
– და ეს დავალება გასწორდება მხოლოდ იმ კუთხით, თუ როგორია აბიტურიენტის ენობრივი კომპეტენცია და არა წერის სტილი და მხატვრულობა?
– ფაქტობრივად, ასეა. მართალია, ამ ესსეში მოწმდება არგუმენტირების უნარიც, მაგრამ ესეც ენობრივი მოღვაწეობის სფეროა.
– და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეთანხმება თუ არა გამსწორებელი აბიტურიენტის არგუმენტებსა და მოსაზრებებს. მთავარია, ტექსტი იყოს გრამატიკულად გამართული?
– რასაკვირველია, ზუსტი შენიშვნაა: არ აქვს მნიშვნელობა, მოსწონს თუ არ მოსწონს გამსწორებელს აბიტურიენტის აზრები. კრიტერიუმები მკაცრადაა შემუშავებული. ისინი წინასწარ ვარჯიშობენ და შემდეგ ყველა ერთნაირად ასწორებს.
რაც შეეხება საგამოცდო ტესტის ლიტერატურულ ნაწილს: მოცემული იქნება ორი ტექსტი, ორივე, დაახლოებით, ერთგვერდიანი, ნაწყვეტები მხატვრული ნაწარმოებებიდან. ერთი, შესაძლოა, იყოს პროგრამული ნაწარმოების ნაწყვეტი, მეორე – არაპროგრამულის. აბიტურიენტი ირჩევს სურვილისამებრ და მან ამ ტექსტთან დაკავშირებული ორი დავალება უნდა შეასრულოს: პირველია მხატვრული ტექსტის გააზრება. აბიტურიენტმა უნდა უპასუხოს 15 კითხვას, რომლებსაც აქვს არჩევითი პასუხები და ამის შემდეგ იმავე ტექსტზე უნდა დაწეროს თხზულება სამი მითითების მიხედვით. ეს მითითებები მოცემულია აბიტურიენტის დასახმარებლად. მას შეუძლია, არც გამოიყენოს და თავის გემოზე გააანალიზოს ეს ტექსტი, ის მაინც გასწორდება. ეს ბოლო წერითი დავალება არის 25-ქულიანი, ხოლო პირველი დავალება – 15-ქულიანი. ანუ ტესტის მეორე ნაწილიც 40-ქულიანია. საბოლოოდ, ტესტი იქნება 80-ქულიანი, მაგრამ გამოცდის დრო არ მცირდება. აბიტურიენტებს ისევ 4 საათი ექნებათ, რომ არ იჩქარონ.
– როგორი იქნება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში?
– 21, თუმცა ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს უფლება, ეს ზღვარი აწიოს. მაგალითად, წელს თსუ-მ ეს ზღვარი აწია ჰუმანიტარული ფაკულტეტისთვის და არ არის გამორიცხული, იქ გაისად გამსვლელი იყოს 40 ან 45 ქულა.
– როდის დაიდება ტესტების ნიმუშები საიტზე?
– დაახლოებით, ორი კვირის ვადაში.