აქვთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს, კანონით, ქუჩაში კოცნაობის, მანქანაში სექსისა და სკვერებში სასმლის მირთმევის უფლება
მოარული ხმებით, საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის წესები გამკაცრდა და ამ ჩამონათვალში მოხვედრილი აკრძალვები კოცნით იწყება და ქუჩაში მთვრალ მდგომარეობაში სეირნობით მთავრდება. რაკი ხმები მოარულია, ის ინტერპრეტაციების საშუალებასაც იძლევა და ლამის ლეგენდები დადის, თუ ვინ და რის გამო დააჯარიმეს სამართალდამცველებმა (საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პოლიციელები განმარტოებით მდგომ მანქანაში მსხდომ წყვილებსაც კი აჯარიმებენო). როგორი ქცევის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს საკუთარი სახლის გარეთ და რომელი კანონის რა მოთხოვნები უნდა დავიცვათ, რათა კანონის მსახვრალმა ხელმა არ შეგვრისხოს? – ამ საკითხებს საიას იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი კახა კოჟორიძე განგვიმარტავს.
– როგორი ქცევის უფლება გვაქვს საზოგადოებრივ ადგილებში საქართველოს მოქალაქეებს?
– აღნიშნულ საკითხს არეგულირებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, რომელიც 1984 წელსაა მიღებული, ანუ ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების დროს, თუმცა მასში პერმანენტულად შედიოდა ცვლილებები. ამ კანონში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც თქვენთვის საინტერესო იქნება, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალულია კოცნა ან სხვა რამ არც ამ კანონში წერია და არც რომელიმე სხვა კანონში. ალბათ, არც ჩაიწერება, რადგან კოცნის აკრძალვა, ჩემი აზრით, არასწორი იქნება, თუმცა აქ საუბარი არ არის აღვირახსნილობაზე. მოქალაქეებისგან გამიგია ისიც, რომ პარკში თუ სკვერში სკამზე ფეხის შემოდების შემთხვევაში მათთან მისულა პოლიციის წარმომადგენელი და შენიშვნა მიუცია, რაც, ჩემი აზრით, არასწორია, იმიტომ რომ ფეხის სკამზე შემოდება არც ერთი კანონით არ არის აკრძალული.
– თუ სვრის ჭუჭყიანი ფეხსაცმლით?
– პარკსა და სკვერში განთავსებული სკამი შეიძლება, დაისვაროს, მაგრამ ამის გამო მოქალაქისთვის შენიშვნის მიცემა, ჩემი აზრით, გამართლებული არ არის. თუ სკამი გაფუჭდა, დავუშვათ, მოქალაქემ მელანი წაუსვა, რაც ძნელი ამოსაყვანია, ამის გამო შენიშვნის მიცემა მისაღებია. ჩემი აზრით, როდესაც პოლიციელი ან ხელისუფლების წარმომადგენელი მოქალაქესთან მიდის და შენიშვნას აძლევს, მან უნდა აუხსნას, რის საფუძველზე აძლევს შენიშვნას, რა სახეობის დარღვევა ჩაიდინა მოქალაქემ და რა სანქციას ითვალისწინებს ეს დარღვევა. რადგან უამრავი კანონია და ეს კანონები მოქალაქეებმა არ იციან, მეტიც, კომპეტენტურმა იურისტებმაც კი არ იციან ყველა კანონის არსი. ამიტომ ახსნას, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს. პირადად მე, არ მინახავს კონკრეტული ადამიანი, რომელიც დააჯარიმეს კოცნის ან სკამზე ფეხის შემოდების გამო, თუმცა ისევე, როგორც თქვენამდე, ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია და საკმაოდ გავრცელებულია ამ საკითხზე მითქმა-მოთქმა.
რაც შეეხება სხვა აკრძალვებს: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 146-ე პრიმა მუხლი ამბობს, რომ „ქვეითად მოსიარულის მიერ ან ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრა“ არის დასუფთავების წესების დარღვევა. იმავე კოდექსის 166-ე მუხლი კი განმარტავს „წვრილმან ხულიგნობას“. ეს არის „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.“
– თვითონ მოქალაქეებმა უნდა თქვან, ვწუხდებითო, თუ პოლიციელი თავად უნდა მიხვდეს, რომ მოქალაქეები წუხდებიან?
– შეიძლება, ეს ინფორმაცია ხალხისგან მივიდეს პოლიციელამდე ან პოლიციელმა თვითონ განსაზღვროს, მაგრამ, როგორც თქვენც შენიშნეთ, ზოგჯერ ცოტა ძნელია იმ ზღვრის გავლება, თუ საიდან იწყება კანონით აკრძალული ქმედება. ეს პოლიციელზეა დამოკიდებული. მისი პასუხისმგებლობაა ოქმის გამოწერა და მან უნდა დაადასტუროს, რომ მოხდა დარღვევა.
– ესე იგი, თუ აბეზარი მავანი ცდილობს, გაგეცნოს, მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს პოლიციელს? ეს წვრილმანი ხულიგნობაა?
– გაუთავებელი, შეურაცხმყოფელი და მოსაბეზრებელი მოქმედება არის წვრილმანი ხულიგნობა. თუ ვინმე დელიკატურად რამდენჯერმე შესთავაზებს ვინმეს გაცნობას, ეს არ არის წვრილმანი ხულიგნობა, მაგრამ, თუ ცუდი ტონითაა ნათქვამი და განმეორებითი ხასიათისაა, შეიძლება, ჩაითვალოს წვრილმან ხულიგნობად. რაც შეეხება სანქციას: ის, ბუნებრივია, დამოკიდებულია ჩადენილის სიმძიმეზე. მინიმალური სანქციაა 100 ლარი, მაქსიმალური კი 90 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა. საერთოდაც, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიერ დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 90 დღემდე პატიმრობაა.
– ნარჩენების დაყრის შემთხვევაში რა ოდენობისაა ფულადი ჯარიმა?
– ქვეითად მოსიარულის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ნარჩენების დაყრა დაჯარიმდება 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით. ფიზიკური პირების მიერ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე, მდინარეებში, ხევებში, სკვერებში, ბაღებში და ასე შემდეგ დაყრა – 200 ლარით. იურიდიული პირები კი იმავე ქმედების გამო დაჯარიმდებიან 1 000 ლარით.
– შეიძლება, ქუჩაში მივირთვათ ლუდი?
– ამ საკითხს არეგულირებს კოდექსის 171-ე მუხლი, „საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა.“ ეს მუხლი შესაძლოა, იყოს ცოტა საკამათო. პირადად მეც მინახავს, როდესაც სანაპიროზე ლუდს მიირთმევენ, არადა ეს ქმედება ამ მუხლით აკრძალულია. შეიძლება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკამათო იყოს ის, რომ კონკრეტულად ეს ტერიტორია ჩაითვალოს უშუალოდ ამისთვის გამოყოფილ ადგილად, მაგრამ სხვა ადგილას სმა აკრძალულია.
– მაგალითად, პარკში?
– დიახ, იქ ალკოჰოლური სასმლის მიღება კანონითაა აკრძალული.
– ბევრი საცხოვრებელი კორპუსის წინ არის მაგიდები და სკამები, იქაც კანონდარღვევაა ალკოჰოლის მიღება?
– ესეც შესაძლოა, საკამათო საკითხი იყოს, რადგან კანონში წერია, რომ აკრძალულია სპირტიანი სასმლის სმა ქუჩაში. კორპუსებს აქვთ თავიანთი წითელი ხაზები და ამიტომ, ჩემი აზრით, არ იქნება სამართალდარღვევა, თუ იმ კორპუსის ეზოში, მიუხედავად იმისა, ის ტერიტორია დარეგისტრირებულია თუ არა რეესტრში ამ კორპუსის საკუთრებად, სპირტიან სასმელებს დალევენ. მაგრამ ქუჩაში სმა, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსს, სამართალდარღვევა იქნება.
– ბუნებაში სასმლის მიღებაც კანონდარღვევაა?
– არა, იქ არ არის აკრძალული, რადგან საზოგადოებრივ ადგილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ადგილი, სადაც მოქალაქეთა დიდი რაოდენობა იყრის ხშირად თავს. ეს არის: ქუჩები, სკვერები, ბაზრობები.
– ქუჩაში სიარულის დროს ალკოჰოლის მიღება ბოთლიდან დასაშვებია?
– არა, ეს გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორი მინიმალური ოდენობით. პრეზიდენტის განკარგულებით კი, შრომის მინიმალურ ანაზღაურებად 40 ლარია მიჩნეული.
– ნებისმიერის, ლუდის, ღვინის, ვისკის, არყის თუ ლიქიორის სმის შემთხვევაში მაინც 80 ლარით დამაჯარიმებენ?
– „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისი მუხლი აქტის დამწერს, ანუ პოლიციელს ანიჭებს უფლებას, თავად აირჩიოს ალტერნატივებიდან ამა თუ იმ ქმედებაზე სანქცია. თუ მძიმე თრობაა, შეიძლება, უფრო მაღალი სანქცია დააწესოს, თუ უფრო ნაკლები – ნაკლები. ეს დეტალები სამართალდამცველზეა დამოკიდებული.
– ქუჩაში მთვრალი სიარულიც დანაშაულია?
– აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა.
– კანონი ასხვავებს ნასვამსა და მთვრალს?
– არსებობს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ალკოჰოლური თრობის დონეებს, რაც გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის შემოწმებისას. თუ 0,2 პრომილეზე მეტია ალკოჰოლის შემცველობა, ესე იგი, მოქალაქე მთვრალ მდგომარეობაშია. ანუ ალკოჰოლის მიღება ყოველთვის არ ნიშნავს თრობას. არის ზღვარი.
– ანუ ნასვამობა არ ისჯება?
– ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა არ ისჯება, მაგრამ ისჯება პროცესი: რადგან ერთი ჭიქის დალევაც სმაა და ათი ჭიქის დალევაც.
– დავუშვათ, ვარ მთვრალი და არავის ვაწუხებ: ვზივარ ჩემთვის სკვერში და წყნარად ვფხიზლდები. შეუძლია პოლიციელს, რომ მაინც დამაჯარიმოს?
– სამწუხაროდ, ამ კანონში ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არის.
– ანუ შეუძლია?
– პირადად, ჩემი აზრით, არა, იმიტომ რომ ამ კანონის აზრია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და, თუ მე საზოგადოებრივ წესრიგს არ ვარღვევ, შეიძლება, სახლში დავლიე და ახლა პარკში მთვრალი ჩუმად ვზივარ და არაფერს ვაფუჭებ, არაფერს ვარღვევ. მაგრამ, სამწუხაროდ, რადგან ამ კანონის ეს მუხლი ბუნდოვანია, ეს საშუალებას აძლევს სამართალდამცველს შეუდგინოს აქტი მოქალაქეს. ჯერჯერობით პრაქტიკაში ეს არ ხდება, მაგრამ, თუ დასჭირდათ, შეუძლიათ, გააკეთონ. ზოგადად ამ კანონის მიმართ ბევრ იურისტსა და ექსპერტს აქვს კრიტიკული აზრი, რადგან ის საბჭოთადროინდელ გადმონაშთად მიაჩნიათ და შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. არა მხოლოდ ეს მუხლი, ბევრი სხვა მუხლია ბუნდოვანი და გაუგებარი. კანონმდებელი კანონს ადგენს ხალხისთვის, ამიტომ ის სწორედ ხალხისთვის უნდა იყოს გასაგები. ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა: კანონმდებელი უნდა აზროვნებდეს, როგორც ფილოსოფოსი და წერდეს, როგორც გლეხი, მაგრამ ჩვენს კანონებთან მიმართებაში, მგონი, უფრო პირიქითაა.
– უკვე ლამის ლეგენდებად დადის, რომ პოლიცია აჯარიმებს წყვილებს მანქანაში სექსის გამო. კრძალავს კანონი ავტომანქანაში ინტიმური კავშირის დამყარებას?
– არც ეს არის აკრძალული და ამ კითხვით არაერთმა ჟურნალისტმა მომმართა. ეტყობა, ვიღაცას წაუსწრეს და დააჯარიმეს და აქედან წამოვიდა ეს ხმები.
– მაქვს თუ არა მე, მოქალაქეს, მინდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, მინდა საკუთარი ავტომანქანით მარტო თუ ვინმესთან ერთად, ჩემს ქვეყანაში ვიდგე იქ, სადაც გამიხარდება და აქვს თუ არა პოლიციელს ჩემი შეწუხების უფლება?
– როდესაც პოლიციელი აჩერებს ავტომანქანას ან მიდის მოქალაქესთან რაღაცის გასარკვევად, ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ რაღაც ფუჭდება, არის სამართალდარღვევის ალბათობა. ამ შემთხვევაში სამართალდამცველი ვალდებულიც კი არის, გაარკვიოს, რა ხდება, მაგრამ, თუ მანქანა ან მოქალაქე თავისთვის დგას და პოლიციელს არანაირი ეჭვი არ აღეძრა, მასთან მისვლის უფლება არ აქვს.
– ესე იგი, დავდგეთ, სადაც მოგვესურვება და ვაკეთოთ ავტომანქანებში, რაც გვინდა?
– ოღონდ ეს მაინც არ უნდა იყოს საზოგადოებრივი ადგილი.
– როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუ მასთან მიდის პოლიციელი და აძლევს შენიშვნას?
– პოლიციელმა უნდა განუმარტოს მოქალაქეს, თუ რომელ კანონს არღვევს. როდესაც მოქალაქეს შენიშვნას აძლევენ, მისი უფლებაა, იკითხოს, რომელ კანონს არღვევს.
– ეს შეკითხვა ხომ არ არის დაუმორჩილებლობა?
– არა, დაუმორჩილებლობა იქნება, თუ მოქალაქე მართლაც აფუჭებს რაღაცას, პოლიციელი მოუწოდებს, აღარ გააფუჭოო, მაგრამ მოქალაქე განაგრძობს გაფუჭებას. აი, ეს არის დაუმორჩილებლობა, მაგრამ, როდესაც მე ვითხოვ ჩემი უფლებების, ჩემ მიერ ჩადენილი დარღვევის განმარტებას, ეს არ არის დაუმორჩილებლობა. როდესაც მოქალაქემ თვითონაც იცის, რომ რაღაც დაარღვია, ნორმალური ადამიანი არ დაუწყებს კამათს პოლიციელს. როგორც გითხარით, კოდექსის 22-ე მუხლი პოლიციელს ანიჭებს იმის უფლებამოსილებას, რომ წვრილმან დარღვევაზე შემოიფარგლოს სიტყვიერი შენიშვნით და ზოგჯერ ასეთი მიდგომა უფრო კარგ შედეგს იძლევა, ვიდრე მკაცრი მიდგომა. ამდენად, კარგი იქნებოდა, თუ ადამიანები, რომლებიც ოქმებს ადგენენ, „ოქროს შუალედს“ აირჩევდნენ.