კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „დაიპყრო“ აფხაზეთის სამეფომ საქართველო და რატომ არ მიიჩნევენ აფხაზები დავითისა და თამარის სახელმწიფოს საქართველოდ

საქართველოს რუკაზე სეპარატისტული აფხაზეთის არსებობაც ადასტურებს, რომ აფხაზებსა და ქართველებს საკუთარ ფესვებსა და წარსულზე განსხვავებული ვერსიები გვაქვს. აფხაზეთში აფხაზეთის ახლებური ისტორიის „სახელმძღვანელო” არა მხოლოდ დაიწერა, სკოლებში ამ „სახელმძღვანელოთი” სწავლებაც დაიწყო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი გვიამბობს, თუ როგორია აფხაზეთის აფხაზურ-სეპარატისტული ვერსია და აქვს თუ არა საფუძველი მეცნიერულ სიზუსტეზე.

– როდის დაიწერა „აფხაზეთის ისტორიის“ ეს „სახელმძღვანელო“ და ვინ არიან მისი ავტორები?
– ეს „სახელმძღვანელო“ 2006 წელს გამოვიდა და ეს აფხაზეთის ისტორიის პირველი სასკოლო „სახელმძღვანელოა” მეათე-მეთერთმეტე კლასებისთვის. ავტორები არიან სტანისლავ ლაკობა და ოლეგ ბღაჟბა. სტანისლავ ლაკობა არის ისტორიკოსი. ნამდვილად განათლებული და ერუდირებული პიროვნება. ის ჩემი თაობის კაცია; იყო და რჩება აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთ წამყვან იდეოლოგად და ეს ლაიტმოტივადაც გასდევს მის ყველა პუბლიკაციას, ბუნებრივია, ამ „სახელმძღვანელოსაც”. ოლეგ ბღაჟბა, ჩემს თვალში, საკმაოდ სიმპათიური პიროვნებაა, თუ ბოლო დროს არ ჩავთვლით, როდესაც ის აბსოლუტურად შეიცვალა და, როგორც ჩანს, პროფესიული დეგრადაციაც განიცადა. ძალიან ცნობილი არქეოლოგია.
– ისწავლება უკვე ამ „სახელმძღვანელოთი” აფხაზეთის სკოლებში ისტორია?
– აფხაზეთის ისტორიას ამ წიგნით ნამდვილად ასწავლიან აფხაზეთში და გალის რაიონის ქართულ სკოლებშიც შეიტანეს. მიდის აფხაზეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის მოქცევა აი, ამ სეპარატისტულ ცნობიერებაში.
– როგორია აფხაზეთის ისტორიის მათებური ინტერპრეტაცია და რა არის ამ ინტერპრეტაციაში მიუღებელი, ზოგადად, მეცნიერებისთვის და ჩვენთვისაც?
– ეს არის სეპარატისტული იდეოლოგიით გაჟღენთილი „სახელმძღვანელო”. ნებისმიერი თემის განხილვისას ავტორები ცდილობენ, ამოაგდონ აფხაზეთის ისტორია ზოგად ქართული კონტექსტიდან. ყველგან ეძიებენ საკუთრივ აფხაზურს. საერთოდაც, ეს არ არის აფხაზეთის ისტორია. ეს არის საკუთრივ აფხაზი ეთნოსის ისტორია, ხოლო იქ, სადაც ეს აფხაზი ეთნოსი გადაბმულია ქართველებსა და საქართველოსთან, იგნორირებულია ქართული ფაქტორი. აფხაზეთის ისტორიის სეპარატისტული ხედვის ერთგვარ ქვაკუთხედს წარმოადგენს თანამედროვე აფხაზთა ეთნიკური წარმომავლობისა და მათი თავდაპირველი განსახლების საკითხი: ქართული ოფიციალური ისტორიოგრაფია არ უარყოფს, რომ აფხაზთა ეთნოსი არის თანამედროვე აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომელიც მომდინარეობს პავლე ინგოროყვასგან. ამასთან, ქართულ ისტორიოგრაფიაში სრულიად ცალსახადაა მიჩნეული, რომ აღნიშნული რეგიონის უდიდესი ნაწილი უძველესი დროიდან ქართველურ ტომებს ეკავათ. აქვე, საგანგებოდ უნდა უნდა აღვნიშნოთ: იმის მიუხედავად, თუ როდიდან ცხოვრობდნენ აფსილ-აბაზგები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე და ნამდვილად იყვნენ თუ არა ისინი ამჟამინდელ აფხაზთა წინაპრები, ერთი რამ სრულიად ცხადია – დღევანდელი აფხაზობის, როგორც ეთნოსის, ფორმირება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთში და ის წარმოადგენს ადიღეურ-ჩერქეზული მოდგმისა და ქართველური, ძირითადად, მეგრულ-ჭანური, ტომების ერთგვარ ნაჯვარს. ასევე, ცხადზე უცხადესია, რომ აფხაზობა კულტურულად, პოლიტიკურად სახელმწიფოებრივად და ისტორიულად ყოველთვის იყო ქართული სამყაროს ორგანული ნაწილი. სწორედ ესაა კატეგორიულად მიუღებელი ლაკობასა და ბღაჟბასთვის. მათი მტკიცებით, დღევანდელი აფხაზეთის მკვიდრი, რეგიონის აბორიგენი მოსახლეობა, მხოლოდ და მხოლოდ აფხაზობაა, რომლებსაც ყოველთვის ჰქონდათ თავიანთი აფხაზური ნაციონალური, პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი და კულტურული მენტალიტეტი.
– რომელ ტერიტორიას გულისხმობენ?
– სულ ცოტა აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიას: ფსოუდან – ენგურამდე. მათი მტკიცებით, ეს ტერიტორია ისტორიულად არის აფხაზთა სამკვიდრო, რაც თავიდან ბოლომდე სრული სიცრუეა. როდიდანაც უნდა ეცხოვრათ აღნიშნულ ტერიტორიაზე აფხაზთა წინაპრებს, მათ გვერდით ყოველთვის იყო ქართული (ძირითადად მეგრულ-ჭანური და სვანური) მოსახლეობა. უფრო მეტიც, ძველი ბერძნული წერილობითი მემკვიდრეობა ერთნიშნად ადასტურებს დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველური ტომების განსახლებას გაცილებით უფრო ადრე, სულ ცოტა, ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან, ვიდრე თანამედროვე აფხაზთა წინაპრებად მიჩნეული აფსილ-აბაზგებისა, რომლებიც იმავე ძველი ბერძნული წერილობითი წყაროების მონაცემებით, ისტორიის არენაზე მხოლოდ ახალი საუკუნის პირველ-მეორე საუკუნეებიდან ფიქსირდებიან. ესე იგი, აფხაზეთის თავდაპირველი მოსახლეობა, წერილობითი წყაროებით, არის მხოლოდ ქართველური მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ სეპარატისტულად განწყობილი სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის ცალკეული წარმომადგენლები აშკარად გრძნობდნენ რა ამ უხერხულობას, ყოველნაირად ცდილობდნენ კოლხები აფხაზთა წინაპრებად გამოეცხადებინათ. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისს გაემიჯნენ ბღაჟბა და ლაკობა და მათ, ჩვენდა გასაკვირად, სახელმძღვანელოში კოლხების ქართველობა აღიარეს. თავისებურად, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.
– რა თვალსაზრისით?
– ამითაც მიდიოდა სპეკულირება. ოფიციალურ ანტიკურ წყაროებში დაფიქსირებულია, რომ დიოსკურიამდე კოლხური მოსახლეობა ცხოვრობდა. მეორე მთავარი საყრდენი, რომლითაც ჩვენი აფხაზი კოლეგები ცდილობენ, აფხაზეთი ისტორიულად აფხაზთა ქვეყნად წარმოაჩინონ, არის „აფხაზთა” სამეფოს თემა: ისინი ამ სახელმძღვანელოში ამტკიცებენ, რომ „აფხაზთა” სამეფო იყო აფხაზების ნაციონალური სახელმწიფო, რომელიც კი არ აერთიანებდა დანარჩენ საქართველოს, არამედ უბრალოდ, იპყრობდა მეზობელ ქართულ მიწებს, რაც მეორე დიდი სიცრუეა. ერთადერთი სიმართლე კი შემდეგია: „აფხაზთა” სამეფო, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, ლაზიკა-ეგრისის სახელმწიფოს სამართალმემკვიდრე იყო. უფრო მეტიც, „აფხაზთა” სამეფოს წარმოქმნა თვისებრივად ახალი ეტაპი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ეს გაერთიანება არათუ არ იყო საკუთრივ ეთნიკურ აფხაზთა ნაციონალური სახელმწიფო, არამედ თავისი შინაარსით, ფაქტობრივად, პირველი ქართული ეროვნული სახელმწიფო იყო დასავლეთ საქართველოში, ქართული ეროვნული ქრისტიანული იდეოლოგიითა და ქართული სახელმწიფო ენით. ლეონ მეორე და მისი მემკვიდრენი, მიუხედავად ეთნო-ტომობრივი წარმომავლობისა, თავიანთი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი და კულტურული მრწამსით მხოლოდ ქართველები იყვნენ. ისინი აშენებდნენ ერთიან ქართულ სახელმწიფოს – „საქართველოს” და არა – აფხაზურ ეროვნულ სახელმწიფოს – „აფსნის”.
– საინტერესო ფაქტია, ლეონ მეორემ, აფხაზთა მეფემ, აკრძალა აფხაზეთის სამეფოში ბერძნულ ენაზე წირვა-ლოცვა, დააკანონა ქართულად და ამ ადამიანის სახელობის ორდენებით თანამედროვე აფხაზები აჯილდოებენ ქართველების მკვლელ ჩრდილოკავკასიელებს?
– სწორედ ეს არის ნამდვილი მკრეხელობა და ძალადობა ისტორიაზე. სხვათა შორის, ამის შესახებ საკმაოდ დაწვრილებით ვწერ ჩემს წიგნში და „ფეისბუქზეც“ ხშირად ვახსენებ აფხაზებს. ახლა რაც შეეხება „აფხაზთა” სამეფოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იერსახეს: ამ საკითხზე მსჯელობისას აფხაზური მხარე, როგორც წესი, სპეკულირებს სამეფოს სახელწოდებით. არადა ისტორიამ იცის ანალოგიური ფაქტები. მაგალითად, ბულგარეთის სამეფო შექმნეს ვოლგის ბულგარეთიდან გადასახლებულმა თურქული მოდგმის ტომებმა და სახელმწიფოსაც თურქული სახელწოდება – ბულგარეთი მისცეს, მაგრამ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ თურქების მიერ დაარსებული ეს გაერთიანება სულ ცოტა ხანში სლავურ სახელმწიფოდ იქცა. არანაკლებ საინტერესოა რუსული პრეცედენტი. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ „რუსი” არის ერთ-ერთი ნორმანულ-სკანდინავიური ტომის სახელწოდება, რომლის წარმომადგენელი დაჯდა კიევში. ქვეყანას დაერქვა რუსეთი, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა სკანდინავიური სახელმწიფო, კიევის რუსეთი იმთავითვე იყო სლავური სახელმწიფო. ამას მუდმივად ვუხსნიდი აფხაზებს.
– როგორ ხსნიან იმ ფაქტს, რომ აფხაზეთში მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით და მას შემდეგაც კი, აფხაზები ქართულად ლოცულობდნენ? ანუ ღმერთს ელაპარაკებოდნენ ქართულად.
– მაშინ ეროვნული იდენტობა ძირითადად რწმენით გამოიხატებოდა. დიახ, ის გარემოება, რომ „აფხაზთა” სამეფოში წირვა-ლოცვა რატომღაც ქართულზე გადავიდა და გაჩნდა ქართული დამწერლობა, სწორედ ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივად და კულტურულ-იდეოლოგიურად „აფხაზთა” სამეფო მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფო შეიძლებოდა, ყოფილიყო. დასავლეთ საქართველოში ჩვენ მეცხრე საუკუნემდე არ გვაქვს ქართული წერილობითი ძეგლები და, სხვათა შორის, ყველაზე ძველი წარწერა დასავლეთი საქართველოს მასშტაბით აღმოჩენილია გუდაუთის რაიონში. ქუთაისსა და ზესტაფონში კი არა, გუდაუთაში! ეს იმაზე მიუთითებს, რომ „აფხაზთა” მეფეები იმთავითვე ქართველობდნენ. შესანიშნავად აღწერა „ქართლის ცხოვრებამ“, თუ როგორ მოექცა აფხაზეთის საერისთავო ბიზანტიური პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სივრციდან ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში. ეს იმდენად გამჭვირვალეა, რომ წყალი არ გაუვა. მაგრამ სახელმძღვანელოს ავტორები ამას გვერდს უვლიან, რომ დაამტკიცონ, თითქოს 1 200-წლიანი სახელმწიფოებრიობა აქვთ და ამიტომ უნდა ჰქონდეთ თავიანთი სახელმწიფო. მეტიც, არის გამოცემები, რომლებშიც სერიოზულად წერენ, რომ საქართველო არასოდეს არსებულა და რომ ქვეყანა ამ სახელწოდებით მხოლოდ 1918 წელს გაჩნდა. დავითისა და თამარის სახელმწიფო კი, არა ქართული, არამედ აფხაზური სახელმწიფო იყო. კერძოდ, ამაზე წერს სერგეი შამბას ძმა, აფხაზური სეპარატიზმის ცნობილი იდეოლოგი, მოსკოვში მოღვაწე იურისტი ტარას შამბა. ამით უბრალოდ საკუთარ ახალგაზრდობას აბრუებენ, თორემ სხვას ვერავის დააჯერებენ. სახელმძღვანელოში აბსოლუტურად იგნორირებულია ქართული კულტურული მემკვიდრეობა: ლაპარაკია აფხაზურ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაზე.
– ხუროთმოძვრებად ვის ასახელებენ?
– ვის დაასახელებენ?! მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. აფხაზეთი ეკლესიურად ყოველთვის იყო საქართველო. კავკასიაში არის ორი ქრისტიანული სამყარო: სომხური და ქართული, ალბანური მალევე გაქრა. არათუ აფხაზეთია ქართული ქრისტიანული სამყაროს ნაწილი, არამედ მთელი ჩრდილო კავკასია იყო მოქცეული ქართულ ქრისტიანულ სივრცეში. ეს აქსიომაა. არ არსებობს საკუთრივ აფხაზური ქრისტიანული სამყარო. ეს კიდევ ერთი ზღაპარია. აფხაზები იყვნენ ქრისტიანები, მაგრამ ქართველი ქრისტიანები.
– ვიცით, რომ მეფის რუსეთი თანაბარი ძალითა და შემართებითაც მუშაობდა ქართული ცნობიერებიდან მეგრელის, სვანის და აფხაზის მოსაშორებლად. ამან გაჭრა მხოლოდ აფხაზებთან. რით ხსნით ამას? მათთან ყველაზე სუსტი კავშირი გვქონდა?
– ჯერ ერთი, უფრო სუსტი იყო კავშირი და ენობრივად უფრო შორს ვიყავით ერთმანეთისგან. თუ სვანი, მეგრელი და ქართი მკვიდრი ძმები არიან, აფხაზი, შეიძლება ითქვას, ერთგვარად „გარე ბიძაშვილია”. რუსულმა იმპერიულმა მანქანამ როგორც კი წამოიწყო მეგრელებისა და სვანების საერთო ქართული წიგნიერებიდან ამოგდების კამპანია, ამის წინააღმდეგ ხმალამოღებული გამოვიდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები, მაგრამ აფხაზების მიმართ მათ განსხვავებული პოზიცია დაიკავეს. ეს ყველაზე მკაფიოდ გამოხატა იაკობ გოგებაშვილმა.
– მაინც რით ახსნა ეს იაკობ გოგებაშვილმა?
– იაკობ გოგებაშვილის განმარტებით: აფხაზობა, მართალია, ქართული სხეულის ნაწილია, მაგრამ ის მაინც სხვა ხალხია და, თუ ჩვენ გვინდა, ჩვენი ლიტერატურა და ჩვენი ღვთისმსახურება გვქონდეს, მათ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ თავიანთ ენაზე ჰქონდეთ ღვთისმსახურება და ლიტერატურაო. ამ ფონზე პირდაპირ საოცარია, რომ სტანისლავ ლაკობამ პირველ კოლონიზატორ იდეოლოგად სწორედ იაკობ გოგებაშვილი გამოაცხადა.
– პირადად, ჩემი აზრით, შოთა რუსთაველი, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, ისევე ეკუთვნით აფხაზებს, როგორც ქართველებს. როდესაც ამ შეკითხვას ვუსვამ მათ, პასუხს თავს არიდებენ. ხომ არ იცით, რას ფიქრობენ ამაზე?
– აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი სავსებით სწორად აღნიშნავდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ცივილიზაციის შემქმნელი ისევეა აფხაზი, როგორც საქართველოს დანარჩენი კუთხეების წარმომადგენლებიო. ეს სხვანაირად არც შეიძლება, ყოფილიყო. გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ძე და მემკვიდრე, ამბობდა: ჩვენს სამშობლოს ივერიასო და ამავე დროს, იმასაც წერდა, რომ ღმერთმა იმ დროს ნუ მომასწროს, ჩემი აფხაზური არ გამაგონოსო. სამწუხაროდ, გიორგი შარვაშიძე იყო ბოლო დიდი მოღვაწე, რომელიც ამ პოზიციაზე იდგა: აფხაზები ჯერ მეფის რუსეთმა გაარუსა. აშკარად აღიარებდნენ რუსები, იმიტომ უნდა მივცეთ დამწერლობა აფხაზებს, რომ ქართული წიგნიერებიდან ამოვაგდოთო.
სახელმძღვანელოში აფხაზები იქამდეც კი მივიდნენ, რომ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებშიც კი ვერ ხედავენ აფხაზეთში ქართველ მოღვაწეებს. სამი თუ ოთხი ქართველი ჰყავთ დასახელებული, მაგრამ მათ შორის არ არის არც ერთი ქართველი პოეტი და მწერალი, არც ერთი ქართველი მეცნიერი. მხოლოდ ის წერია, რომ სიმონ ჯანაშია, არველოდ კუპრავა, გიორგი ანჩაბაძე „ვიშლი იზ სრედი აბხაზსკოგო ნაროდა“.
– რუსების უკმაყოფილებაც გამოიწვია თითქოს ამ სახელმძღვანელომ?
– 2010 წელს პირველად ამ წიგნის წინააღმდეგ კონსტანტინე ზატულინმა გაილაშქრა, რომელიც არის აფხაზების „დიდი მეგობარი” და ქართველთმოძულე. ზატულინი ჯერ სოხუმში, აუდიტორიაში შეეკამათა სტანისლავ ლაკობას. ამ სახელმძღვანელოში პირდაპირ წერია, რომ რუსეთი ებრძოდა აფხაზეთს. უფრო მეტიც, რომ ასლან-ბეი შარვაშიძეს კი არ მოუკლავს მამამისი – ქელეშ-ბეი შარვაშიძე, არამედ რუსებმა მოაკვლევინესო. მაგრამ მხოლოდ რუსების გინება რომ არ გამოსვლოდა, მიაყოლა ნინო ბაგრატიონიც, სამეგრელოს მთავრინა. აი, ამ ანტირუსულ რიტორიკას არ პატიობს ზატულინი ლაკობას. მას გამოეკამათა ლაკობა, დაწერა წერილი სათაურით: „ზატულინიზმი“ და დაიწყო დიდი პოლემიკა. აქვე, იმასაც მოგახსენებთ, რომ მე რუსულად და ქართულად გამოვაქვეყნე ბღაჟბასა და ლაკობას „სახელმძღვანელოს” საკმაოდ ვრცელი კრიტიკული რეცენზია, რომლის რუსული ვარიანტი ბოლოსიტყვაობის სახით შევიდა ჩემს წიგნში: „ახõჭçèÿ. თñòîðèÿ ხåç ôჭëüñèôèêჭöèè”. ამ წიგნის 30-მდე ეგზემპლარი ჩაიტანეს აფხაზეთშიც. საინტერესოა, რომ ლაკობაც და ზატულინიც, ერთმანეთთან კამათისას, იშველიებენ ციტატებს ჩემი ამ რეცენზიიდან. აფხაზეთში ცხოვრობს ჩემი მოგვარე ალექსი პაპასკირი, რომელიც მოითხოვს ბღაჟბასა და ლაკობას „სახელმძღვანელოს” ამოღებას. ლაკობამ მას უპასუხა: ეს თვით ზურაბ პაპასქირსაც კი არ მოუთხოვიაო. მე მართლაც, აზრადაც არ მომსვლია, მომეთხოვა ამ „სახელმძღვანელოს” ამოღება, ვინაიდან ეს წყლის ნაყვა იქნებოდა. მე დავასაბუთე, რომ ის არ ემყარება მეცნიერულ ანალიზს და არის სიცრუე. ერთი სიტყვით, ამ წიგნის გამო აფხაზეთში ორად გაიყო აზრი, თუმცა ჯერჯერობით ხმაური ბაღაფშის გარდაცვალების გამო შეწყდა.
– და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, რამე მეცნიერული ღირებულება თუ აქვს ამ წიგნს?
– არანაირი! ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიური დატვირთვის მქონე წიგნი და აქვს ერთადერთი მიზანი: აფხაზებს თავში ჩაუდონ, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო დღევანდელი აფხაზების საზღვრებში და რომ მას ისტორიულად არასოდეს არაფერი აკავშირებდა საქართველოსთან.

скачать dle 11.3