„პატარა ჯაყოს ფიქრები“
ანუ, მაინც ჩვენი „ძაღლისშვილი“
მართალია, ცხინვალის რეგიონს კვლავაც რუსული სამხედრო მანქანის ცოცხალი კედელი აქვს შემოვლებული და, ჩვენებური ოსი სეპარატისტების „ლაივში“ ნახვას ვინღა ჩივის, მათთან სატელეფონო კავშირის დამყარებაც კი შეუძლებელია, მაგრამ, სამაგიეროდ, ინფორმაცია შემოვლითი გზით მაინც გვაღწევს ჩვენამდე. სწორედ ამ შორი გზიდან მომავალი ცნობის წყალობით შევიტყვეთ, რომ მოსკოვს ჯერჯერობით „იუჟნაია ოსეტიას“, ესე იგი, ამ ჩვენი ქართლის გულის, მომავალი „პრეზიდენტის“ ვინაობა არ დაუზუსტებია. უფრო მეტიც, მოვლენებს, თურმე, იქაც არანაკლებ დრამატული განვითარების პერსპექტივა „ეჯღანება“. კერძოდ, ოლეგ თეზიევს („იუჟნაია ოსეტიას“„მთავრობის“ ყოფილ თავკაცს) განუცხადებია, რომ ეს ჩვენი ედუარდ-ჯაყო ცდილობს, „პარლამენტის თავმჯდომარე“ გახდეს, შემდეგ კანონმდებლობა შეცვალოს და „საპარლამენტო რესპუბლიკა“ გამოაცხადოს (სავარაუდოდ, პატარა ტვინში იფიქრა, „იუჟნაია ოსეტია“ რით არის ნაკლები „მეზობელ საქართველოზეო“). იმავე თეზიევის აზრით, ედუარდ-ჯაყოს კოვზი მაინც ნაცარში ჩავარდება, იმ მარტივი მიზეზით, რომ (მომყავს ციტატა) „მას რესპუბლიკაში ძალიან ბევრი მტერი ჰყავს, რომლებიც პრეზიდენტობის დროს თავად შეიძინა.“ თანაც დასძენს, რომ, „წინასაარჩევნო ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდება და ბოლოდროინდელი მოვლენები იმის დემონსტრირებაა, რომ პრეზიდენტის მხარე სამართლებრივ ველს არ ცნობს“.
თუ გულზე ხელს დავიდებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სულ გადადებული ფეხის წვერზე გვიქანავებს, ყვარობს თუ არა ედუარდ-ჯაყო სამართლებრივ ველებს (ის უფრო გვაწუხებს, ქართლის ველები რომ შეიყვარა) ან, სულაც, ის, „პარლამენტის სპიკერი“ გახდება თუ მესაფლავე, თუმცა, მისი სამომავლო გეგმები, უდავოდ, მიანიშნებს ჩვენს სულით ნათესაობაზე, ანუ, ძაღლისშვილია, მაგრამ მაინც ჩვენებური ძაღლისშვილია!