საგადასახადო მუზა
ანუ „ბიჭების დამწიოკებლები“
ამ ახალ (თუმცა, რაღა ახალს) „საგადასახადო კოდექსს“ ისე დაებედა, რომ მასში ცვლილებები ცვლილებებზე შედის. სულ ბოლო პროექტს საქართველოს პარლამენტი ახლაც იხილავს, თანაც – დაჩქარებული წესით. სხვათა შორის, არც უმისობაა, რომ უკვე შეტანილი ცვლილებებიც იცვლება (აი, მუზაც ამას ჰქვია!). ასე მაგალითად, თუკი 2011 წლის 22 მარტის (2011 წლის პირველ იანვარს ამოქმედებულ „საგადასახადო კოდექსში“ ) ცვლილებით, შემოვიდა საგადასახადო კანონმდებლობის სწავლება, როგორც საგადასახადო სანქცია (სახელმწიფო მანქანა გვაჯერებდა, ჩვენი საგადასახადო ორგანოები ყველაზე ჰუმანური ორგანოებიაო), ბოლო ცვლილებების პროექტით, ეს ნორმა უქმდება (ამჯერად მიზეზი განმარტებული არ არის, როგორც ჩანს, ორგანო დარჩა, ოღონდ, ჰუმანურობა ჩამოიცილა).
ზოგადად კი, მაგალითად, ექსპერტი ლადო პაპავა ბოლო ცვლილებების საფუძველზე ვარაუდობს, რომ „ბიზნესის დაწიოკების ახალი ტალღა იწყება“. ამ დასკვნის საფუძველს კი ის აძლევს, რომ, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, საგადასახადოს შესაძლებლობა ეძლევა, საგადასახადო მონიტორინგის მიზნით, უფლებამოსილი პირი ან პირთა ჯგუფი მეწარმეს საქმიანობის ადგილზე მიამაგროს. ექსპერტი აზუსტებს, „საგადასახადო ადმინისტრირება 2004 წლიდან ისე მოწესრიგდა, რომ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები ერთ წელიწადში გაორმაგდა“. ჰოდა, რაკი გაორმაგდა, შესაძლოა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაასამმაგოს (თანაც, თუ გავიხსენებთ, რომ ლუარსაბი ყოველთვის ხეირობდა „ბიჭების დაწიოკებით“, წესით, არც „ბიზნესის დაწიოკება“ უნდა იყოს მთლად უშედეგო).
ექსპერტები იმაშიც თანხმდებიან, რომ საგადასახადო მონიტორების საწარმოში ჩანერგვა ბიზნესის განვითარებას ვერ წაადგება. მაგრამ, რაკი ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობს და პარლამენტში უმრავლესობაც ეგულება, ცხადია, რომ ბიზნესს მონიტორები არ ასცდება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ადგილზე სიტუაციის კონტროლის მთლად პირველი შემთხვევაც არ არის (სკოლებში მანდატურები დასახლდნენ), მე რომ მკითხოთ, თითო-თითო მონიტორი მოქალაქეებს არც სახლებში აწყენდა, ემანდ, რამე არაკეთილსაიმედო რომ არ ჩაიდინონ! თუნდაც, ასე: „იზ უნიტაზა სმოტრელი უმნიე გლაზა სოვეტსკოგო რაზვედჩიკა“…