რატომ ათენებინა ღამეები მარინა სალუქვაძეს მესამე ქმარმა და როგორი იყო მისი საქორწინო მოგზაურობა ფოთში
ცოტა ხნის წინ ტელეჟურნალისტმა მარინა სალუქვაძემ პირადი ცხოვრება ნიჭიერ მუსიკოსს, ზაზა მარჯანიშვილს დაუკავშირა და მათი რომანი, რომელიც ორ კონტინენტს შორის, ვირტუალურად გრძელდებოდა, ოჯახის შექმნით დასრულდა. მარინამ და ზაზამ ერთმანეთი 5 წლის წინ „ტაბუს“ მეშვეობით გაიცნეს. მას შემდეგ მათი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა – სკაიპში გატარებული ღამეები, „კონტრაქტი“ ყველაზე სანდო ადამიანთან და კიდევ ერთი მცდელობა ლატარიაში – მარინა სალუქვაძე და ზაზა მარჯანიშვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიით, დღეს ჩვენი სტუმრები არიან. მარინა: ზაზა 5 წლის წინ გავიცანი, „ტაბუში“ მყავდა სტუმრად. გადაცემის თემა იყო შოუ-ბიზნესი. ცხადია, მინდოდა, კარგი გადაცემა გამომსვლოდა და ყველას ვეკითხებოდი, ვინ მომეწვია სტუმრად. ჩვენი არხის კომპიზოტორმა, მიშა მდინარაძემ მითხრა: ძალიან კარგი მუსიკოსია ზაზა მარჯანიშვილი, რომელიც სულ ახლახან ჩამოვიდა ამერიკიდან და ის მოიწვიეო. მიშას ბევრი ვეხვეწე, ჩამიწყვე საქმე, რომ გადაცემაში მოვიდეს-მეთქი. ასე მოხვდა ზაზა „ტაბუში”. მან ჩემზე ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა, მერე აღმოჩნდა, რომ მუსიკა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ვუსმენდი, მისი დაწერილი ყოფილა. წლების წინ ხელში ჩამივარდა დისკი, რომელსაც ვუსმენდი მუდმივად – დილით, საღამოს, სახლში, მანქანაში, მაშინ როცა მიხაროდა და მაშინაც, როცა რთული პერიოდები მქონდა. 10 წელი ვიცხოვრე ამ მუსიკით და არაჩვეულებრივი კომპოზიციებით. მერე მანქანის მაგნიტოფონი მომპარეს თავის დისკიანად. მაგნიტოფონს არ ვჩიოდი, დისკს მივტიროდი. ყველა რადიოს არქივი მოვიარე, მაგრამ ამ მუსიკას ვერ მივაგენი და ხელი ჩავიქნიე, „ადიოს” არც ერთ ალბომში არ იყო ის მუსიკა, რომელზეც მე ვგიჟდებოდი. როცა ზაზა მოვიდა ჩემთან სტუმრად, გადაცემის დასრულების შემდეგ დამპირდა: დისკს გამოგიგზავნიო. ერთი წლის მერე ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ზაზას ძმა, რომელმაც მომიტანა დისკი, სადაც ჩემი საყვარელი მუსიკა აღმოვაჩინე (იცინის). – თქვენ წლების განმავლობაში ცხოვრობდით ერთმანეთისგან შორს, სხვადასხვა კონტინენტზე. როგორ ვითარდებოდა გეოგრაფიულად ასე შორს თქვენი სიყვარული? ზაზა: სწორედ ამის გამო მოხდა, რომ ჩვენ დაახლოებით, იაპონური ტრადიციის მიხედვით დავქორწინდით – ქორწილამდე რომ ვერ გაიცნობ შენს რჩეულს (იცინის). მარიკუნამ თავიდანვე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. დავიწყეთ მეგობრობა, რომელიც მოიცავდა საუბარს ყველაფერზე, ამერიკულ და ქართულ ცხოვრებაზე. ძალიან ემთხვეოდა ერთმანეთს ჩვენი დამოკიდებულებები, გემოვნება. განათლებულ და საინტერესო ქალთან საუბარს რა სჯობია? მალე ეს მეგობრობა საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდა. მე ვთხოვე მარიკუნას, ჩემი მენეჯერი ყოფილიყო. – ხელფასს უხდიდით პროდიუსინგში? – ხელფასს არ ვუხდიდი, კონტრაქტი არ დაგვიდია და არც ნოტარიუსში წავსულვართ, თუმცა მარინა გულით და ძალიან კარგად უძღვებოდა ჩემს პროდიუსინგს საქართველოში. როცა ადამიანი ყველანაირად დადებითი და კარგია მეგობრობაში და საქმეში, ის პარტნიორადაც საუკეთესო იქნება. ამას ისიც ემატებოდა, რომ მარიკუნას გარეგნობა იყო ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი. მარინა: ზაზას მიმართ თავიდანვე გამიჩნდა განცდა, რომ ის ჩემთვის სულიერად ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. ყველა გადაცემის წინ რჩევას მას ვეკითხებოდი. როცა ზაზა სკაიპში შემოსვლას აგვიანებდა, უცებ მომაკლდებოდა ხოლმე მისი არსებობა, ძალიან განვიცდიდი და ძებნას ვუწყებდი ტელეფონით (იცინის). ჩვენ წლების განმავლობაში „ვიცხოვრეთ“ სკაიპში. მე ვიყავი სახლში 24 საათის განმავლობაში, სახლიდან მხოლოდ მაშინ გავდიოდი, როცა აუცილებელი საქმე მქონდა. ისეთი განცდა მქონდა, რომ ზაზა იყო სახლში, ჩემ გვერდით. ვიძინებდი მაშინ, როცა ზაზა მუშაობდა, თუმცა წელიწად-ნახევარი ორივეს მაინც მოგვიწია ღამის თენება. – არ ეჭვიანობდით ქალზე, რომელიც თქვენგან შორს იყო? ზაზა: არა, მარიკუნამ ყველაფერი გააკეთა, რომ მე ეჭვიანობის მომენტი არ გამჩენოდა. თუ სადმე ცოტა ხნით მიდიოდა, მე ამის შესახებ აუცილებლად ვიცოდი. ისე, სულ სკაიპში იყო. ჩემი ახლობლები გიჟდებოდნენ, როგორ ვახერხებდით ვირტუალურად ერთად „ცხოვრებას,“ ყავასაც კი ერთად ვსვამდით (იცინის). – ეს არ გიშლიდათ ხელს რეალურ ცხოვრებაში? – პირიქით, ამ გრძნობის გარეშე ხომ ცხოვრება არ არსებობს. ეს სიყვარული მეხმარებოდა, როგორც ხელოვანს, უფრო სხვა განცდით მეკეთებინა საქმე. ამერიკაში საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მქონდა, სად აღარ ვმუშაობდი. 8 წელი ჰოლივუდში ვიყავი, სადაც მუსიკას ვწერდი ფილმებისთვის. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. – და ამ წარმატებულ კარიერაზე თქვით უარი ამ სიყვარულის გამო? მარინამ გადმოგიბირათ აქეთ? მარინა: რაც უფრო მეტი წარმატებული ემიგრანტი დაბრუნდება საქართველოში და დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, ამას რა სჯობია? ზაზა: სულ მიწევდა აქეთ გული. 17 წელი ვიცხოვრე ამერიკაში, იქაური ქუდიც დავიხურე, ცხოვრების წესიც შევიცვალე – არ ვაგვიანებდი არსად, არ ვიტყუებოდი, ყოველთვის დროზე ვაკეთებდი საქმეს, მაგრამ იქაური ვერ გავხდი. როცა ფეხი დამიცდებოდა, არ ვამბობდი: „ო, მაი გად“. „ფუ, შენი დედა ვატირე,” – იყო ჩემი სიტყვები. მანქანის ტარების დროსაც ქართულად ვიგინებოდი (იცინის). ამერიკაში ვჭამდი ხაჭაპურს, რომელსაც თვითონ ვაცხობდი. კლასიფიკაციაც მრავალფეროვანი იყო – ფენოვანი, იმერული, აჭარული. მარტო ცხოვრებამ კულინარიაშიც დამაოსტატა. საცივი, ბაჟე – პრობლემა არ არის. მარინა: ახლახან ვიყავით ლიტვაში, სადაც ზაზას მუსიკის პრეზენტაცია გაიმართა, ამის შემდეგ ვიყავით სტუმრად თეატრის ერთ-ერთი მსახიობის ოჯახში. იქ ზაზამ ისეთი გემრიელი ჩახოხბილი გააკეთა, იმ ჩახოხბილს იმაზე ნაკლები აპლოდისმენტები ნამდვილად არ დაუმსახურებია, რაც ზაზას მუსიკამ დაიმსახურა (იცინის). ზაზა: კულინარიაში ჩემი თავი ნამდვილი მხეცი მეგონა, ხახვს ვჭრი ჰაერში. მაგრამ, მარიკუნა ისეთი კულინარი ყოფილა, ისეთი ოსტატობა მაჩვენა, მასთან ჩემი კულინარია რა მოსატანია და ისევ პიანინოს დავუბრუნდი (იცინის). – ორივეს ერთმანეთთან შეხვედრამდე გქონდათ საკუთარი ოჯახი, არ გაგიჭირდათ კიდევ ერთხელ ამ უღლის დადგმა და საკურთხეველთან დადგომა? – ალბათ, სწორედ ამიტომაც არ გაგვიჭირდა, კიდევ ერთხელ საკურთხეველთან დადგომა და ეს გადაწყვეტილება ორივემ მივიღეთ იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით რაც გვაკისრია საკუთარი თავისა და ერთმანეთის წინაშე. დრო გადის, არ ვახალგაზრდავდებით, პირიქით, წლები გვემატება და უფრო მეტად გიჩნდება სურვილი, გვერდით სანდო ადამიანი გყავდეს. ამიტომაც გადავდგით ბოლო ნაბიჯები იმ ლატარიაში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. მარინა: ზაზას დაჟინებული თხოვნით, მე მიწევდა მისი „დამალვა” ჟურნალისტებისგან. თუმცა, ჩემ ირგვლივ მას ყველა იცნობდა. – ქორწილი გექნებათ? ზაზა: სექტემბერში ვგეგმავდით, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი გეგმები შეიცვალა. თუმცა, საქორწინო წვეულება ქართული თამადითა და ოთხი მოადგილით აუცილებლად იქნება (იცინის). მარინა: ჯვარი დავიწერეთ სიონში. მოკრძალებული ჯვრისწერა გვქონდა, ხელისმომკიდეები და ძალიან ახლობელი ადამიანები გვყავდა მოწვეული. თეთრი კაბა არ მცმია, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, გავიპრანჭე (იცინის). – საქორწინო მოგზაურობა, თაფლობის თვე... – ძალიან უცნაური საქორწინო მოგზაურობა გამოგვივიდა. ზაზას მუსიკალური აპარატურა ჩამოუვიდა, ჩვენ მას დავხვდით ფოთში, სადაც უნდა განგვებაჟებინა ეს აპარატურა. საბუთები დაგვავიწყდა თბილისში და მოკლედ, ლამის, ფოთის ვაგზალზე გავატარეთ ახალჯვარდაწერილებმა ორი დღე (იცინის). სიმართლე გითხრათ, დიდ საქორწინო მოგზაურობაზე არც გვიფიქრია. ჩავრაზეთ კარი ჟურნალისტებისთვის, დავრჩით მარტონი, თაფლობის თვე გრძელდება და გრძელდება. – ზაზა, ოჯახური თანაცხოვრება ისეთი გამოვიდა, როგორზეც ფიქრობდით? ვინ წყვეტს ოჯახის ბიუჯეტს, ხახვს ჰაერში კიდევ ჭრით? ზაზა: მარინას ოსტატობამ სამზარეულოში, ძირს ჩამომიყვანა და „დამამიწა”. ახლა ხახვს უფრო ხშირად თავად ჭრის. მე რომ მგონია, ჩემი მუსიკა ატირებს-მეთქი, თურმე ეს ხახვის ბრალია. ამიტომაც, უმალ ვენაცვლები ამ საქმეში (იცინის). ოჯახურმა თანაცხოვრებამ ჩვენი სიყვარული გააასმაგა, მარიკუნაში საოცარი აღმოჩენები გავაკეთე. – მარინა, თქვენს სახლში გაჩნდა მამაკაცის სამოსი, ზაზას „მზითევი” მისი მუსიკალური აპარატურის სახით. ამ ყველაფერს შეეჩვიეთ? მარინა: კი, ზაზას „მზითევს” უყოყმანოდ „შეელია“ ჩემი ავეჯის ნაწილი. თუმცა, ეს ნამდვილად არაა პრობლემა. ახლა უკვე მამაკაცის წინდებსაც ვრეცხავ, რაც საკმაოდ მომწონს. მე ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და ქართული პატრიარქატი ჩემთვის სავსებით მისაღებია. როგორც საგარეო, ასევე საშინაო საქმეებს ერთად ვუძღვებით. ყოველი დღე ჩვენთვის დღესასწაულია, ქუჩაშიც ერთად ვართ, სამზარეულოშიც და საძინებელშიც. – ახალი მუსიკის შესაქმნელად ქმარი საძინებლიდან ხომ არ გეპარებათ ხოლმე? – ერთად ვიპარებით საძინებლიდან (იცინის). – და სიურპრიზები? ზაზა: მარიკუნა ამაში, მგონი, მჯობნის. დაბადების დღეზე ამერიკაში ისეთი სიურპრიზი მომიწყო, გაოცებული დავრჩი. ექსპრომტად მივიღე ტორტი ქართული წარწერით. ამისთვის მარიკუნას მთელი რიგი სპეცოპერაციები ჩაუტარებია – ინტერნეტით მიაგნო იტალიურ საცხობს ჩემს სახლთან, შეუკვეთა ტორტი ქართული წარწერით; მოძებნა ადამიანი, ვინც ეს ტორტი ჩემს კართან დატოვა და წავიდა. მე ამას, ალბათ, ვერ მოვახერხებდი. ამიტომაც ვამბობ, რომ მარიკუნა არის ულევი ადამიანი, ალბათ, სამი-ოთხი ცხოვრება მჭირდება, რომ ის ბოლომდე ამოვიცნო.