ვინ გადაუხადა პირველად ფული ნანუკა გოგიჩაიშვილს და რა გატაცებები ჰქონდა მას
სახელი და გვარი – ნანუკა გოგიჩაიშვილი. დაბადების წელი, ადგილი – თბილისი, 1990 წლის 22 ივნისი. განათლება, პროფესია: დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია, დიზაინ-მოდელირების ფაკულტეტი. ახლა ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე. პროფესიით მოდელი ვარ. მშობლები: დედა – ნათია ბანძელაძე. ამჟამად არის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი; მამას – გიორგი გოგიჩაიშვილს მიჰყავდა გადაცემები „მზეზე“ და „იმედზე“. სხვათა შორის, დიდი ხანია, შევეგუე იმ აზრს, რომ ჩემს მშობლებს ჩემთვის არ სცალიათ. არც ადრე ეცალათ, რადგან ორივე ყოველთვის დაკავებული იყო. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ, როდესაც პატარა ვიყავი, დედაც და მამაც პატარები იყვნენ და, ეზოში რომ ჩავყავდი გასასეირნებლად, ბებია და ბაბუა ფანჯრიდან უყურებდნენ, რამე არ დამართონ ბავშვსო – არ ენდობოდნენ. საბედნიეროდ, არაფერი მომსვლია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთხელ დედას კალთაში ვეჯექი და პიანინოს სახურავი მომხვდა ცხვირში. და – ნინი გოგიჩაიშვილი, 17 წლის. ამჟამად აბიტურიენტია. თუკი სადმე სწავლასთან დაკავშირებით კონკურსი ტარდება, ყველაფერში იღებს მონაწილეობას, სახლში უამრავი პრიზი და ჯილდოები აქვს. გერმანიაშიც სწავლობდა. მეუღლე, შვილი – ჯერჯერობით ვმალავ. მეგობრები: ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის რამდენიმესთან ბავშვობიდან ვმეგობრობ: იზუნა ბუხრაშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მასთან ვიყავი რამდენიმე ხნის წინ, მაშო გაგუა, ლიკა და ანუკი ქორქიები, ნინი სანაია... ნათლიები – ბევრი ნათლია მყავს, როგორც დედის, ასევე მამის მეგობრები. თავიანთ საქმეში ძალიან წარმატებული ადამიანები არიან და, როდესაც მნახულობენ, სიამაყით ამბობენ, ნათლული წამომეზარდაო. წინაპრები – ჩემი წინაპრები ძირითადად თეატრალურ სფეროში მოღვაწეობდნენ: ბებია, ნანა დათუნაშვილი, „სუხიშვილებში“ ასწავლიდა მსახიობების ოსტატობას: ბაბუა, სოსო გოგიჩაიშვილი, ცნობილი მსახიობია. ახლახან საინტერესო გადაღებაში მიიღო მონაწილეობა და მაყურებელი ტელევიზიის საშუალებით მალე ნახავს. პირველი სიყვარული – ემინემი. 7 წლის ვიყავი, როდესაც შემიყვარდა. შეიძლება, არარეალური იყო, მაგრამ, მიყვარდა. მას შემდეგ რაღაც გატაცებები ყოფილა, თუმცა, სერიოზული არაფერი – ისეთი, ფილმებში, ზღაპრებში რომ ხდება და მერე სასიამოვნოდ იხსენებენ. პირველი სამსახური და ხელფასი – 15 წლის ვიყავი, როდესაც შარდენზე ერთ-ერთ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. კარგადაც გადამიხადეს, ზუსტად არ მახსოვს, რამდენი იყო, მაგრამ, სახლში მითხრეს – ყოჩაღ, ნანუკაო. მთელი პირველი ხელფასი შოკოლადებში და რაღაც სისულელეებში დავხარჯე. საყვარელი ანეკდოტი: მე ვარ ადამიანი, რომელსაც ანეკდოტებზე საერთოდ არ ეცინება. სამაგიეროდ, მაქვს ორი საყვარელი ანეკდოტი, ყველას ვუყვები და თქვენც მოგიყვებით: 1. ტყეში გაიხსნა სუპერმარკეტი. რა თქმა უნდა, რიგში პირველი ლომი დგას. ერთი ზღარბი ივლის, ივლის და დადგება ლომის წინ. ლომი გაბრაზდება, აიყვანს ზღარბს და უკან მოისვრის ისევ ივლის ზღარბი, ივლის და დაუდგება ლომს წინ. ლომი კვლავ მოისვრის უკან. ზღარბი იფიქრებს: ერთხელ კიდევ ვცდიო. ლომი მესამედაც მოისვრის. შეწუხებული ზღარბი ამბობს: თუ არ გინდათ სუპერმარკეტის გახსნა, მაშინ, რიგში რატომ დგახართო, – თურმე, სუპერმარკეტის დირექტორი იყო. 2. სვანი ჩინელს მოკლავს – ეჭვის თვალით მიყურებდაო.