როგორ შექმნა უსინათლო ბაჩანა მარგველაშვილმა მეგობრებთან ერთად ახალი ჯგუფი და რა ოცნება აისრულა მან
ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენს შორის არიან ადამიანები, ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, წარმატებასაც რომ აღწევენ დაუღალავი შრომის ფასად. ბევრისთვის წარმოუდგენელია, იყო უსინათლო, მაგრამ შესანიშნავად უკრავდე ყველა ინსტრუმენტზე და მღეროდე, ქალაქში დადიოდე დამოუკიდებლად და აქტიურად იყო დაკავებული სპორტით... სწორედ ასეთი პიროვნებაა ბაჩანა მარგველაშვილი, რომელმაც თავად გვიამბო, როგორც ცხოვრობს ამ ეტაპზე და რა უახლესი გეგმები აქვს.
– დაბადებიდან უსინათლო ვარ. ვსწავლობდი თბილისის უსინათლოთა 202-ე სკოლაში, რომელიც 2010 წელს დავამთავრე. ამჟამად თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მეორე კურსის სტუდენტი ვარ.
– ბაჩო, როგორც ვიცი, გადასარევად უკრავ და მღერი. როგორ ახერხებ?
– ვუკრავ ფანდურზე, სალამურზე, ფორტეპიანოზე. თვითონ ვისწავლე დაკვრა გიტარაზე. ბავშვობაში მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე. დავდიოდი თემურ ქევხიშვილთან და ვსწავლობდი სიმღერას. იქვე გამიჩნდა სურვილი, მესწავლა დაკვრაც. ჯგუფში მხოლოდ მე ვიყავი უსინათლო. ბავშვებს ერთად გვიხსნიდა გაკვეთილს და შემდეგ ჩემთან ინდივიდუალურადაც მუშაობდა. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. თეატრალურში ისეთი მეგობრები მყავს, ყველა რაღაც ინსტრუმენტზე უკრავს. ამიტომ, გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა ახალი ჯგუფი. მართალია, სულ რამდენიმე თვეა, რაც ვარსებობთ, მაგრამ უკვე გამოვდივართ ფესტივალებზე, გამოვედით „არტგენზეც“. საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს. ვნახოთ, რა იქნება. ამჟამად ვმღერი სამ ანსამბლში, საიდანაც მხოლოდ ერთია უსინათლოთა ანსამბლი – „კრწანისი“. დანარჩენებში მარტო მე ვარ უსინათლო.
– არ გაგიჭირდა უსინათლოს ამდენი რამის კეთება?
– ეს, ალბათ, უფრო ჩემი ოჯახისა და ახლობლების დამსახურებაა. ჩემ გარშემო ყოველთვის ისეთი წრეა, არასდროს მაგრძნობინებდნენ, რომ მათგან განსხვავებით – უსინათლო ვარ. რაც მთავარია, თვითონ ადამიანმა უნდა მონახოს საკუთარ თავში ცხოვრების გაგრძელების ძალა. პირადად მე, ძალიან მიზანდასახული ვარ და ეს თვისება ყოველთვის მეხმარება. კარგად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა გასული ვარ სახლიდან და მთელი დღე საქმე მაქვს.
– როგორია შენი უახლოესი გეგმები?
– ჯერჯერობით აქტიურად ვაპირებ სწავლას. დრამის ფაკულტეტზე ვსწავლობ და ვეუფლები ფორტეპიანოს, ფანდურზე დაკვრას, დირიჟორობას და ვოკალს. ვსწავლობ გალობას და ხალხურ სიმღერას. სიმართლე გითხრათ, თავიდან მასწავლებელს ეჭვი შეეპარა ჩემს შესაძლებლობებში, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ მე ამ ყველაფერს შევძლებდი. ხშირად მეგობრებთან ერთად მივდივარ სასწავლებელში, მაგრამ არის შემთხვევები, აბსოლუტურად დამოუკიდებლადაც წამოვსულვარ გლდანიდან. ახლა ცოტა მიჭირს, რადგან თვე-ნახევარი ვიყავი საბერძნეთში, მაგრამ ისევ შევეჩვევი. მინდა კარგი ლოტბარი გამოვიდე. ჩემი ოცნებაა მქონდეს ანსამბლი, სადაც მე ვიმღერებ, გამოვალთ კონცერტებზე და გაგვიცნობს ხალხი. ნაწილობრივ, ეს ოცნება ავისრულე.
– როდესაც იგებენ, რომ უსინათლო ხარ, ხალხი შენ მიმართ ინტერესს არ იჩენს?
– ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხალხს ეს გაკვირვებია. აბსოლუტურად დამოუკიდებლად დავდივარ მეტროთი. ისეთი შემთხვევა მქონდა, როდესაც მეტროში უსინათლოს საბუთი ვაჩვენე, არ დამიჯერეს, ეგონათ, ვატყუებდი. მაგრამ, როდესაც კარგად დამაკვირდა კონტროლიორი ბოდიში მომიხადა.
– ისეთი აქტიური ცხოვრება გაქვს, სპორტსაც ხომ არ მისდევ?
– რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვთამაშობ კალათბურთს. შეიძლება, გადმოწოდებული ბურთი ვერ დავიჭირო, მაგრამ ფარისკენ კარგად ვისვრი ბურთს და ხშირად კალათშიც ვაგდებ. სამოყვარულო დონეზე ვიცი ცურვა. ფეხბურთიც მითამაშია, ბავშვობაში ველოსიპედზეც „ვკატაობდი“, ყველასთან ერთად დავძვრებოდი ხეებზეც. ვთამაშობ ჭადრაკს, ოღონდ სპეციალური ფიგურებით. მე თვითონ გახსნილი პიროვნება ვარ და ოჯახიც ხელს მიწყობს. მიუხედავად ნაკლისა, ღმერთმა მომცა, ალბათ, ეს ნიჭი და ვიყენებ.
– რა ჟანრის სიმღერები გინდა შეასრულო?
– ბავშვობაში საესტრადო სიმღერებსაც ვმღეროდი საკმაოდ კარგად, მაგრამ, რადგან ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი ფანდურია, ხალხური სიმღერები უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თან, ალბათ, ქართულმა გენმაც თავისი ქნა.
– თავისუფალ დროს რას აკეთებ?
– როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, ფანდურზე ვუკრავ, როგორც ყველა, მეც დავდივარ დასასვენებლად, ვერთობი მეგობრებთან ერთად. საერთოდ, როცა დილიდან საღამომდე გასული ვარ სახლიდან, საქმე მაქვს და ვიღლები, მაშინ ვარ ყველაზე კარგად.