რა მიზეზით უთხრა უარი თაკო ჩხეიძემ მაკა მეტრეველს გაერთიანებაზე და რა პირობას დებს ის
სულ მალე „ჯორჯიან ფეშენ-ვიქი“ უკვე მეოთხედ აიღებს სტარტს. პირადად მე, როდესაც მოდის კვირეულზე ვიწყებ ლაპარაკს, ყოველთვის პირველი კვირეულის პომპეზურობა, საზოგადოებისა თუ დიზაინერების ჩართულობა მახსენდება. ვფიქრობ, პირველზე რომ იცხოვრა თბილისმა მოდით, ასეთი არც ერთი მომდევნო კვირეული არ ყოფილა. რით იქნება გამორჩეული მეოთხე, 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებები, ამაზე „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ ორგანიზატორი, მაკა მეტრეველი ისაუბრებს.
მაკა მეტრეველი: მართალია, ერთი კვირეული რომ მთავრდება, მომდევნოსთვის მზადებას იმ დღესვე ვიწყებთ, მაგრამ საქმეების უმეტესობა, მოსაგვარებელი მაინც ბოლო კვირისთვის რჩება. დაიწყო სრული საგიჟეთი, დავივიწყეთ ოჯახები, მეგობრები, მშობლები... მეოთხედ ვართ ამ მდგომარეობაში და უკვე აღარც მიხარია. კვირეულების კეთების ენთუზიაზმი არ განელებულა, მაგრამ ბოლო დღეებში ყოველთვის ასე ვარ. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება და დამთავრდება, რომ უცებ მოვიშორო და ამოვისუნთქო. უცებ გათენდეს და ეს ყველაფერი ჩავლილი იყოს, გადასარევი იქნებოდა.
– როდის იწყებთ?
– მოდის კვირეული ცამეტ ოქტომბერს, ეროვნულ მუზეუმში, კოსტიუმების გამოფენით დაიწყება. კინოსა და თეატრის მუზეუმიდან წამოვიღებთ კოსტიუმებს და ასევე, გამოვფენთ სუხიშვილების სასცენო კოსტიუმებს – სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრებს და თვითონ ანსამბლის მოცეკვავეებიც მიიღებენ მონაწილეობას გამოფენაში. გახსნა გაგრძელდება მუზეუმის ეზოში დიდი მიღებით. ქართულ მოტივებზე სეტს დავით მაზანაშვილი წერს. გვექნება ქართული ყველი, ღვინო. სტუმრებს ქართულ ტრადიციებს, ეთნოგრაფიულ ელემენტებს გავაცნობთ. მომდევნო დღეს კი დაიწყება ჩვენებები. კვირეულში მონაწილეობას ცამეტი დიზაინერი იღებს.
– შემცირდა მათი რიცხვი?
– შემცირდა ისევ და ისევ დიზაინერების გამო. ჩვენი მიზეზით არავინ ყოფილა სიიდან ამოღებული. სტუმრად ჩამოდის დევიდ კომა, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა.
– ატელიე „ინფორმალი“ არ აპირებდა მონაწილეობის მიღებას.
– არა, გუშინ გადაწყდა რომ აჩვენებენ ახალ კოლექციას (ინტერვიუ ჩაწერილია 6 ოქტომბერს – ავტორი) მათ კოლექციის დიდი ნაწილი უკვე მზად ჰქონდათ. ასე რომ, პრობლემა არ ექნებათ. „თბილისი ფეშენ-ვიქიდან“ დაგვემატა ნინო კაჭარავა. იქნება ავთო ცქვიტინიძის, ქეთი ჩხიკვაძის, აკა ნანიტაშვილის, სალომე ამანათიშვილის, თეონა ელიზბარაშვილის, მაია რობაქიძის ჩვენებები.
– ვინ გამოგაკლდათ?
– ტატუნა ნიკოლეიშვილი, რომელიც ბავშვს ელოდება და მოდის კვირეულისთვის არ სცალია. ლაკო ბუკია, რომელიც თავისი გამოფენით ბელგიაში მიდის. ანუკა ქებურია მოსკოვში მიდის, იქ უნდა ჰქონდეს ჩვენება, გიორგი ამირეჯიბი ვერ ჩამოდის... ყველას რაღაც მსგავსი პრობლემები აქვს. გოლამ კოლექცია ვენაში გაყიდა და ხელახლა შეკერვას ვერ ასწრებს. არ იქნება ბიჭოლა. „ბიჭოლას და ანუკის” ჯერჯერობით საქართველოში ჩვენების გაკეთება არ უნდათ, თუმცა, როცა გადაწყვეტენ, ჩვენი კარი მათთვის სულ ღიაა.
– ვინ იქნებიან სტუმრები?
– ვიპ-სტუმარზე უკვე გითხარით. ჩამოდიან რუსული „ვოგის” წარმომადგენლები და ბლოგერები. ასევე, ავსტრალიური და იტალიური „ვოგის” წარმომადგენლები. ბაიერები ჩამოდიან „შოუ-რუმებიდან“. გოტფრიდ ინი ჩამოდის, რომელიც დიზაინერებისთვის სერიოზულ „ვორქშოპს“ გააკეთებს. ზუსტად ის ადამიანები, ვინც გასულ სეზონებზე იყვნენ, არ იქნებიან, მაგრამ ვთქვათ ერთი და იგივე შოუ-რუმიდან, შეიძლება სულ სხვადასხვა ბაიერი ჩამოვიდეს, რაც ნიშნავს, რომ მათ საჭირო ინფორმაცია სულ აქვთ. არიან დიზაინერები, რომლებსაც აკვირდებიან და მათი კოლექციები მიაქვთ კიდეც. მაგალითად, ასე მოხდა ქეთი ჩხიკვაძის შემთხვევაში. ახლა კიდევ იყო პარიზში ჩასული და ოთხი შეკვეთა ჩამოიტანა. ოთხი სხვადასხვა დამკვეთისგან მიიღო შეკვეთა.
– ანუ, კვირეულის შემდეგ თქვენ დიზაინერის ამ ტიპის გარიგებებშიც ჩართული ხართ?
– ყოველ შემთხვევაში ყველაფრის საქმის კურსში ვართ.
– რა მოხდა „თბილისის მოდის კვირეულთან“ გაერთიანებასთან დაკავშირებით. საიდან წამოვიდა ეს სურვილი?
– ეს იდეა სახელმწიფოს მხრიდან წამოვიდა. კულტურის სამინისტროდან, მერიიდან სულ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ იქნებ, გაკეთდეს ერთი და გაცილებით მასშტაბური, გაერთიანებული ძალებით – თქვენი და მათი კავშირებითო. იმდენჯერ მოვისმინე ეს ყველაფერი, რომ მივხვდი, ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. თვითონაც გაცნობიერებული მქონდა, როდემდე შეიძლება, ორი მოდის კვირეული ჩატარდეს. ან ერთი უნდა დარჩეს, ან მეორე, ან უნდა გაერთიანდეს. გადავწყვიტე, მეორე გზით წავსულიყავი და გაერთიანებასთან დაკავშირებით, პირველი ნაბიჯი გადამედგა. სამწუხაროდ, შეთანხმებას ვერ მივაღწიე.
– სატელეფონო დონეზე დამთავრდა ეს მოლაპარაკება?
– არა, სხვათა შორის, ინტენსიურად ვხვდებოდით ერთმანეთს. თუმცა, ბოლო შეხვედრაზე, როდესაც უკვე პასუხი უნდა მიმეღო, მივიღე უარი. უარის არგუმენტი ის იყო, რომ ამ „ფეშენ-ვიქისთვის“ ვეღარ მოვასწრებთ, რომ ჩამთავრდება, მერე ვილაპარაკოთ. მერე რა იქნება, ეს უკვე აღარ ვიცი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, როდის იგეგმება მათი კვირეული. მიმდინარე მოდის კვირეულზე, მომდევნო კვირეულის გამართვის თარიღი უკვე ცნობილია ხოლმე. „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ გამართვის რიცხვები აპრილიდან არის ცნობილი. ვნახოთ, ორივე კვირეული ჩაივლის და შევძლებთ თუ არა მოლაპარაკებების გაგრძელებას.
– ჩვენებები სად იქნება?
– ისევ რუსთაველის თეატრში. კვირეული რიგითი, სამუშაო ჩვენებით დაიხურება. მერე უკვე იქნება „ავთერ-ფართი“. ანუ, „ავთერ-ფართი“ მხოლოდ დახურვის დღეს იქნება. ძალიან სერიოზულად აკვირდებიან მოვლენების განვითარებას ქართული მოდის ბაზარზე ჩვენი თანაპარტნიორები და კიდევ სხვა ორგანიზაციებიც. ყველა აღნიშნავს, რომ საკმაოდ სწრაფად მივიწევთ წინ და სახელი უკვე დავიმკვიდრეთ. როდესაც ესმით, „ჯორჯიან ფეშენ-ვიქი“, უკვე იციან რაზეა ლაპარაკი. ვფიქრობ, ნელ-ნელა კიდევ უფრო წინ წავალთ. რჩევებს, რეკომენდაციებს უამრავი უცხოელი კონსულტანტისგან ვიღებთ.
– ისევ არის წყვეტა, ვინ პირველ რიგში დაჯდება და ვინ მეორეში?
– ეს რომ თავიდან ავიცილოთ, გახსნა იქნება გამოფენა, რომელზეც ყველა ფეხზე იდგება. არავის ემუქრება პირველი რიგის გარეშე დარჩენა, ყველა პირველ რიგში იქნება (იცინის). მერე უკვე დიზაინერები ეპატიჟებიან და მათი პრობლემაა ვინ პირველ რიგში დაჯდება, ვინ – მეოთხეში.
– ოფიციალური პირებიდან ვის პატიჟებთ?
– ყველა პირველ პირს, მაგრამ მათგან ვინ მოვა და ვინ არა, წინასწარ ცნობილი არ არის. პირველი მოწვევის კონვერტი ყოველთვის პრეზიდენტისთვის მზადდება. ის მხოლოდ ერთხელ მოვიდა „ავთერ-ფართიზე“. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოვიდეს და ნახოს, რას ვაკეთებთ.
– ოჯახი, ბავშვები, დიდი ხნით დაივიწყე?
– დიდი ხანია, დავიწყებული მაქვს და კიდევ დაახლოებით ათი დღე მოუწევთ ამ რეჟიმში ცხოვრება. მაგრამ მერე, პირობას ვდებ, რომ ოჯახს მივხედავ.