კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპოვნინა 28 წლის გოგონამ მამას ღვიძლი და და რისი იმედი გაუჩნდა კიბოთი დაავადებულ კაცს

28 წლის მარია ნიკოლოზის ასული კიკვაძე ეძებდა 55 წლის ლიანა ნოდარის ასულ კიკვაძეს და 80 წლის ნოდარ არსენას ძე კიკვაძეს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემის (ნიკოლოზ კიკვაძის) ნათესავებს: მის დას (ანუ მამიდაჩემს), 55 წლის ლიანა ნოდარის ასულ კიკვაძეს და მის მამას, 80 წლის ნოდარ არსენას ძე კიკვაძეს (ანუ, ბაბუაჩემს). მამასა და მის ნათესავებს შორის კავშირი დაახლოებით 1961 წლის შემდეგ შეწყდა. მამაჩემი, ნიკოლოზ ნოდარის ძე კიკვაძე, საქართველოდან უკრაინაში, კერძოდ კიევში, მას შემდეგ, გადმოვიდა საცხოვრებლად, რაც მისი მშობლები (ლალი ნიკოლაძე და ნოდარ კიკვაძე) ერთმანეთს დაშორდნენ. კიევში ცხოვრობდა მამას ნათლია – ლიზა მარიამიძე, რომელმაც მამა და ბებია (მამის დედა) შეიკედლა. ჩემმა დედ-მამამ ერთმანეთი სწორედ კიევში გაიცნეს და დაქორწინდნენ, მაგრამ მამას ადარდებს თავისი ნათესავების ამბავი და ძალიან უნდა მათი პოვნა, მაგრამ ამჟამად ის ამას ვერანაირად ვერ ახერხებს, რადგან ქიმიოთერაპიას იტარებს (მას სიმსივნე აქვს). ძალიან მინდა, დავეხმარო მამიკოს და ვაპოვნინო ნათესავები.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია „თბილისელების“ 26 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა. საბედნიეროდ, მარიას ისტორიას გამოხმაურება მალევე მოჰყვა და დაკარგულმა ნათესავებმა ძალიან მალე იპოვეს ერთმანეთი. ვულოცავთ მათ ამ სიხარულს, მარიას მამას კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
– მარია, როგორც ვიცი, მამაშენსა და მის ნათესავებს შორის კავშირი 1961 წლის შემდეგ არ ყოფილა. ახლა კი, ალბათ, ის ძალიან ბედნიერია. მოგვიყევი მისი რეაქციის შესახებ.
– როგორც კი თქვენ დამიკავშირდით, მამაჩემს მაშინვე ვუთხარი, რომ ვიპოვე მისი და. ძალიან გაუხარდა – მათ ხომ ამდენი წელია, ერთმანეთი არ უნახავთ! როგორც გითხარით, მოხდა ისე, რომ მამა უკრაინაში, დედამისთან (ანუ ბებიაჩემთან) გაიზარდა, მისი და, ლიანა კი – საქართველოში მამასთან (ანუ ბაბუაჩემთან – ნოდართან) დარჩენილა. მათი დაშორება მშობლების გაყრის შემდეგ მოხდა. ბაბუაჩემს, რატომღაც, ეგონა, რომ მამაჩემი მისი შვილი არ იყო და ამის გამო უარი თქვა მასზე. სამწუხაროა, რომ ბაბუაჩემი ცოცხალი აღარაა და, ვერც მე, ვერც მამაჩემი ვეღარ გავიგებთ, უნანია თუ არა მას ოდესმე თავისი საქციელი. ბაბუა ნოდარი 2006 წელს გარდაცვლილა. თქვენი რუბრიკისა და ჟურნალის დახმარებით ვიპოვე მამაჩემის და – ლიანა. ის ამჟამად 55 წლისაა და ჰყავს მხოლოდ ერთი ვაჟი – 30 წლის ვასილი, ანუ მე მყავს მამიდაშვილი, რომელთანაც ჯერჯერობით მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობა მქონდა.
– მას შემდეგ, რაც დედამამიშვილებმა (ანუ მამაშენმა და მამიდაშენმა) ერთმანეთი იპოვეს, ის თუ გაიგეთ, ეძებდა თუ არა მამაშენს თავისი და და რატომ იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ამხელა პაუზა ნათესავებს შორის ურთიერთობაში?
– როგორც წინა ინტერვიუს დროს მოგიყევით, მამაჩემის მშობლები რომ დაშორდნენ ერთმანეთს, მამიკო დაახლოებით 10 წლის იყო, მისი და, ლიანა კი 5 წლის იქნებოდა. მამაჩემის კიევში გადასვლის შემდეგ, ბაბუას – (ნოდარს) ოჯახში მამიკოზე და ბებიაზე (ანუ, მამაჩემის დედაზე) საუბარი აუკრძალავს. ლიანამ გვითხრა, რომ მუდამ ახსოვდა მამაჩემი და სულ უნდოდა მისი პოვნა და ნახვა, მაგრამ, მან ეს ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, მოვახერხეთ ჩვენ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა და და-ძმას შორის ურთიერთობა ისევ აღდგა. მართალია, თითქმის მთელი ცხოვრებაა უკვე გასული, მაგრამ, ლიანა მპირდება, რომ დაგროვილ სითბოსა და მონატრებას არ დაიშურებს და ნაპოვნ ძმას აუცილებლად მოინახულებს ახლო მომავალში. ის თავის შვილთან, ვასილთან ერთად, ჩვენთან, კიევში ჩამოსვლასაც კი აპირებს.
– თვითონ ლიანამ თუ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი? რატომ არ პასუხობდა ის შენსა და დედაშენის წერილებს?
– აღმოჩნდა, რომ მათ დიდი ხნის წინ გაუყიდიათ ის სახლი და საცხოვრებლად სხვაგან გადასულან. საბედნიეროდ, მათ წაიკითხეს ეს სტატია და გამოგვეხმაურნენ. მამაჩემისთვის ეს დიდი სტიმული და სიხარულია. ასე მგონია, ეს ამბავი მამაჩემს ძალებს შეჰმატებს იმისთვის, რომ უკეთ ებრძოლოს იმ დაავადებას, რაც მას სჭირს.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3