მკვლელობა ანტიკვარიატის სალონში
ყველაფერი გვამით დაიწყო, როგორც მკვლელობის დროს ხდება ხოლმე. გვამი 1926 წლის 7 მარტს მეხუთე ავენიუზე, ანტიკვარიატის მაღაზიაში იპოვეს. მაღაზიის მეპატრონე მარტინ მორი იატაკზე თავგატეხილი ეგდო. იქვე იყო მკვლელობის იარაღი – მძიმე პაპიე-მაშე, საიდანც მკვლელმა თითის ანაბეჭდები წინდახედულად წაშალა. მოვლენების აღდგენაც არ აღმოჩნდა რთული: მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა იფიქრა, მეპატრონე მკვდარიაო და მაღაზია დატოვა, მარტინ მორმა დახლის გასწვრივ თითქმის ორი მეტრი იფორთხა, რაზეც ნათლად მეტყველებდა სისხლის კვალი. შემდეგ მას არაადამიანური ძალისხმევა დასჭირდა, რომ კარადასთან ფეხზე წამომდგარიყო. ამ კარადაში ძვირფასი ქვები ინახებოდა. მორმა შუშა ჩაამტვრია, დიდი, დაუმუშავებელი ამეთვისტო აიღო და იატაკზე დაენარცხა. კიდევ მეტრ-ნახევარი იფორთხა მაგიდასთან წამოდგა კიდეც, იქიდან ძველებური, შუშისგუმბათიანი საათი გადმოაგდო და მხოლოდ ამის შემდეგ გარდაიცვალა. მარცხენა ხელში ამეთვისტო ჩაებღუჯა, მარჯვენა კი საათის ნამსხვრევებზე ედო. რაც უნდა უცნაური იყოს, საათი ისევ მუშაობდა.
ელერი ქუინი თბილი ლოგინიდან ააყენეს და მკვლელობის ადგილზე მოიყვანეს. მამამისი, ინსპექტორი ქუინი და სერჟანტი ვეილი, გარდაცვლილის ქვრივს და აწოწილ რუსს კითხავდნენ. იგი მათ წარუდგა, როგორც თავადი პავლე, ნიკოლოზ რომანოვის უთვალავი ბიძაშვილიდან ერთ-ერთი.
– როგორც ჩანს, მისტერ მორს, თავადსა და კიდევ ოთხ კაცს აქ რაღაც პოკერის კლუბივით ჰქონდათ მოწყობილი, – აუხსნა ინსპექტორმა ქუინმა შვილს, – ისინი მორის მაღაზიის უკანა ოთახში იკრიბებოდნენ და მთელი ღამე პოკერს თამაშობდნენ. მას შემდეგ, რაც მარტინ მორი სახლში არ დაბრუნდა, მისის მორი შეშფოთდა, თავადს დაურეკა და აქ ერთად მოვიდნენ. შემდეგ კი ეს იპოვეს.
ამ დროს დეტექტივმა ოთახში შეშინებული და აკანკალებული კაცი შემოიყვანა.
– ეს არნოლდ პაიკია, შეფ, ლოგინიდან წამოვაგდე!
– თქვენ წუხელ მისტერ მორთან და სხვა ადამიანებთან ერთად აქ პოკერს თამაშობდით. თქვა ინსპექტორმა ქუინმა, – როდის დაამთავრეთ?
– პირველის ნახევარზე, – ჩაიბურტყუნა პაიკმა.
– რომელზე დაიწყეთ?
– თერთმეტისთვის.
– რას საქმიანობთ, მისტერ პაიკ?
– ბროკერი ვარ, ბირჟაზე ვმუშაობ...
ამ დროს დეტექტივებმა მაღაზიაში კიდევ სამი შეშინებული კაცი შემოიყვანეს. დაბალმა და მსუქანმა განაცხადა, რომ იგი სტენლი ოქსმენი იყო, პროფესიით იუველირი; მეორე კაცი ჟურნალისტი ლეო გარნი აღმოჩნდა, მესამე კი – ჯოდი ვინსენტი, რომელიც, არნოლდ პაიკის მსგავსად, უოლ-სტრიტზე მუშაობდა.
ძარცვის ვერსია თავიდანვე გამოირიცხა, რადგან მაღაზიის თანამშრომელმა განაცხადა, დაკარგული არაფერიაო.
– მგონი, კვალს მივაგენით, შვილო, – ჩაილაპარაკა ინსპექტორმა ქუინმა, – უცნაურია, რომ პოკერი პირველის ნახევარზე შეწყდა. ალბათ, იჩხუბეს. მართალია, ყველა ერთად გავიდა, მაგრამ, შემდეგ თითოეულ მათგანს შეეძლო დაბრუნება და მორის მოკვლა.
– საინტერესო ისაა, რატომ დაფორთხავდა ცოცხალ-მკვდარი მორი იატაკზე, უპასუხა შვილმა, – რატომ დაამტვრია გუმბათიანი საათი და აიღო ამეთვისტო?
მორის მეგობრები ცდილობდნენ, პოლიცია დაერწმუნებინათ, რომ მათზე ეჭვი ტყუილად ჰქონდათ. ამ ლაპარაკში გაირკვა, რომ პაიკს წინა კვირას, პირველ მარტს, დაბადების დღე ჰქონია და მას ყველამ მოუმზადა საჩუქარი. საჩუქრები კი იუბილარს წუხელ გადასცეს, რადგან მანამდე ვერ შეხვდნენ. ამ ინფორმაციამ ძალიან დააინტერესა უმცროსი ქუინი. მან მამას რაღაც უჩურჩულა. შემდეგ ორივემ პაიკს გაყოლა სთხოვეს და იგი გარეთ გაიყვანეს. ელერიმ ტაქსი გააჩერა და პაიკის სახლში სამივე ერთად წავიდა. იქ ელერიმ მასპინძელს საჩუქრების ჩვენება მოსთხოვა. ყველა საჩუქარს თან მისალოცი ბარათი ახლდა. წერილებიდან ჩანდა, რომ თითოეული მეგობარი ცდილობდა, იუბილარისთვის დაბადების 50 წელი ორიგინალურად მიელოცა, ჟურნალისტ ლეო გარნის კი ლექსი დაეწერა, სადაც პაიკს ხუმრობით ეუბნებოდა, შენ ახლა თერთმეტ-ნახევარი წლის გახდიო. საჩუქრების შემდეგ სამივე ისევ მაღაზიაში დაბრუნდა.
– აბა, ამოხსენით ამოცანა? – დაიგრუხუნა თავადმა.
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, – განაცხადა ელერი ქუინმა და ტაში შემოჰკრა: ერთ-ერთ დეტექტივს უბრძანა კარში ჩამდგარიყო და სერჟანტი ვეილის გარდა არავინ შემოეშვა. შემდეგ კი განაგრძო: – მაშ ასე: მარტინ მორმა მძიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ მაინც მოახერხა ჯერ კარადამდე მიფორთხებულიყო და ამეთვისტო აეღო, შემდეგ კი მაგიდიდან საათი გადმოეგდო. რატომ დასჭირდა მომაკვდავს ასეთი უცნაური საქციელის ჩადენა? მან იცნო მკვლელი და შეეცადა, ჩვენთვის მინიშნება დაეტოვებინა. დავიწყოთ საათით: შეიძლება, იფიქროთ, რომ საათი იმიტომ გატეხა, უნდოდა, მკვლელობის დრო დაეფიქსირებინაო, მაგრამ, თუ ასეა, არ გაუმართლა, რადგან საათი არ გაჩერდა. თუმცა, ეს ვერსია უარვყავი, რადგან, თუ მორს დროის დაფიქსირება უნდოდა, უფრო ახლოს მდებარე საათს გადმოაგდებდა და ამდენს არ იწვალებდა. რადგან ოთახში სხვა გუმბათიანი საათი არ არის, გამოდის მორს არა დრო, არამედ კონკრეტულად ეს საათი აინტერესებდა სწორედ გუმბათის გამო. შეგიძლიათ, მითხრათ რას გაგონებთ მინის გუმბათიანი საათი? კიდევ რას აქვს მინის გუმბათი, მრგვალი სადგამი და მოწიკწიკე მექანიზმი? – რა თქმა უნდა, ეს ტელეგრაფის აპარატია, რომელიც ავტომატურად ბეჭდავს ბირჟის უკანასკნელ ცნობებს. ამ კამპანიაში ორი კაცია ისეთი, ვისაც ბირჟის ტელეგრაფთან აქვს შეხება: არნოლდ პაიკი და ვინსენტი, რომელთაგან ერთი ოპერატორია, მეორე კი – ბროკერი. ბატონი მორი მიხვდა, რომ ამოცანის ამოსახსნელად საათი საკმარისი არ იქნებობდა, რადგან ბირჟაზე ორი ადამიანი მუშაობს. ახლა ამეთვისტოს მივხედოთ, რომელსაც ამ ორიდან ერთი უნდა გამოერიცხა. რა ასოციაციები შეიძლებოდა, ამ ქვას მომაკვდავის ტვინში აღეძრა? რამდენიმე, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი ერთია... მისტერ ვინსენტ, თქვენ რომელ თვეში დაიბადეთ?
– ნოემბერში, – ჩაიბირტყუნა ვინსენტმა.
– შესანიშნავია. ეს თქვენ გამოგრიცხავთ... – ელერი ქუინი გაჩუმდა. ოთახში სერჟანტი ვეილი შემოვიდა.
– ჩემი ვარაუდი მოტივთან დაკავშირებით სწორი აღმოჩნდა? – ჰკითხა ქუინმა შემოსულს.
– ასი პროცენტით! ხმამაღლა დაადასტურა დეტექტივმა, – მან ჩეკზე მორის ხელმოწერა გააყალბა და მსხვილი თანხა მოხსნა. მორმა საქმე ჩაფარცხა, ფული გადაიხადა და განაცხადა, რომ თაღლითს თავად გაუსწორდებოდა. ბანკში ისიც კი არ იციან, ვინაა თაღლითი.
– გასაგებია. ჩვენს მკვლელს, როგორც ჩანს, ფულის დაბრუნება არ სურდა. მისტერ ვინსენტ, მე ვთქვი, რომ თქვენ გამოირიცხეთ, იმიტომ, რომ ამეთვისტოს მთავარი ასოციაცია ქვა-მფარველს უკავშირდება. ნოემბრის ქვა ტოპაზია. მეორე მხრივ, ბატონმა პაიკმა სულ ახლახან აღნიშნა დაბადების დღე, რომელიც... – ამ სიტყვებთან ერთად ელერიმ სერჟანტ ვეილს რაღაც ანიშნა და თავადაც წინ გადახტა.
სერჟანტ ვეილის მკლავებში არა არნოლდ პაიკი, არამედ ჟურნალისტი ლეო გარნი მოექცა...
– როგორც ვთქვი, – მოგვიანებით განმარტა ელერი ქუინმა, – მას შემდეგ, რაც გამოვიცანი, რაზე მიანიშნებდა საათი და ამეთვისტო, ეჭვის ქვეშ მხოლოდ არნოლდ პაიკი მოექცა. რომელი თვის ქვა არის ამეთვისტო? თებერვლის. გამოდის, რომ არნოლდ პაიკის დაბადების დღე თებერვალში უნდა ყოფილიყო. მაშინ, რატომ აღნიშნა მან ის 1 მარტს? მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაბადების დღე 29 თებერვალია. რადგან 1926 წელი ნაკიანი წელია არაა, პაიკმა გადაწყვიტა, დაბადების დღე 1 მარტს აღენიშნა. ეს ნიშნავს, რომ მარტინ მორს, რომელმაც ამეთვისტო დაგვიტოვა, უნდა სცოდნოდა, რომ პაიკის დაბადების დღე თებერვალშია, მაგრამ, იმ მისალოც ბარათზე, რომელიც მან პაიკს გაუგზავნა, ეწერა, 1976 წლის 1 მარტს შენი ასი წლის იუბელე ერთად აღგვენიშნოსო. არადა, 1976 წელი ნაკიანი წელიწადია. ესე იგი მან არ იცოდა, რომ პაიკი 29 თებერვალს იყო დაბადებული და გამოდის, მას არც ამეთვისტო აურჩევია. ესე იგი, ვიღაცას ჩვენთვის კვალის არევა უნდოდა – სურდა, დავერწმუნებინეთ, რომ სწორედ მომაკვდავმა მისტერ მორმა აირჩია ამეთვისტო და გატეხა საათი. მე ამის თავიდანვე არ მჯეროდა. ამ ყველაფრიდან ისიც გამოდის, რომ პაიკი არ არის მკვლელი. მისალოცი ბარათებიდან კი შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ პაიკს დაბადების დღე თებერვალში ჰქონდა, ჟურნალისტი ლეო გარნი იყო – ის პაიკს ეუბნებოდა, რომ თერთმეტ-ნახევარი წლის გახდიო. როგორ შეიძლება ასეთი რამ თუნდაც იუმორისტულ ლექსში მოხდეს? მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ ლეო გარნის ეცოდინებოდა, რომ პაიკის დაბადების დღე ოთხ წელიწადში ერთხელ იყო. თუ 50-ს 4-ზე გავყოფთ 12,5 გამოვა. თუმცა რადგან 1900 წელი გარკვეული მიზეზების გამო ნაკიანად არ ითვლება, 11,5 გამოდის. ხომ ბავშური ამოცანაა?! თუმცა, კარგად მოფიქრებული...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ