მომავლის აღმომჩენი
გასაოცარია, როგორ არ დაწვეს კუდიანობისთვის კოცონზე თავისი არაჩვეულებრივი მონაცემებისა და ნიჭიერების გამო. მით უმეტეს, რომ ლეონარდოზე ამბობდნენ, შავი მაგიით არის გატაცებულიო. საჯაროდ ლეონარდო ისეთ ფოკუსებს ატარებდა, ვერც ერთი მაგი ვერ შეედრებოდა ჯადოსნობაში. მაგალითად: და ვინჩის შეეძლო მდუღარე სითხიდან მრავალფერი ალის „ამოვარდნა,” მასში ღვინის ჩასხმით; ადვილად გადააქცევდა თეთრ ღვინოს წითლად; თავისივე ნერწყვით ასველებდა კალამს და თეთრ ფურცელზე შავი ასოები ჩნდებოდა. სავარაუდოდ, თანამედროვეებმა ჯეროვნად ვერ შეაფასეს მისი გენიალურობა, თორემ კოცონი არ ასცდებოდა.
უკანონოდ შობილმა და ვინჩიმ ცხოვრებაში გზა მაინც თავისი კალმით გაიკაფა. ეძებდა მდიდარ მფარველებს და პოულობდა კიდეც. რაც შეეხება გამოგონებებს, მართლაც გენიალური იდეები ჰქონდა, მაგალითად, თვითმავალი ეტლის, ანუ, ავტომობილის წინაპრის. და ვინჩი თამამად შეიძლება ვაღიაროთ ტექნიკის, მეცნიერების მამად. მას ტანკის მაკეტიც კი ჰქონდა მზად. შექმნა ჩიტის მსგავსი საფრენი ობიექტი, რომელსაც 12 მეტრი სიგრძის ფრთები და კუდი ჰქონდა. და ვინჩიმ გამოიგონა პარაშუტი. მისი პარაშუტის ნახაზები პირველად 1617 წელს გამოიყენა ფრანგმა ინჟინერმა ვერანციომ, გააკეთა პარაშუტი, გადმოხტა მაღალი კოშკიდან და ცოცხალი გადარჩა.
ლეონარდოს გამოგონებებია: (გაოცდებით) დრელი, ამწეკრანი, ქაღალდის საჭრელი მანქანა, საჰაერო ვენტილატორი, პროჟექტორი, ექსკავატორის პროექტი და ბევრი ისეთი ნივთი, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა.