კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-40(562)

... მან იცოდა, რომ ამ თამაშში აუცილებლად წააგებდა – ინტუიციას არასოდეს უღალატია. მას შემდეგ, რაც ამ საქმეს მოჰკიდა ხელი, ალღო კიდევ უფრო გაუმძაფრდა. ყოველთვის შეუცდომლად გრძნობდა, როდის უნდა წამოეწყო ახალი ეტაპი. თითქოს ამის ნიშანს ვიღაც აძლევდა და ეუბნებოდა: მოდი, სწორედ ახლაა ყველაზე შესაფერისი მომენტიო... აქამდე თამაშიდან მხოლოდ სიამოვნებას იღებდა... არავითარი შიში და დაძაბულობა... არ ეწინააღმდეგებოდა იმას, რაც მისი სიღრმიდან, მისი წიაღიდან მოდიოდა. სრულ ჰარმონიაში ყოფნა თავის მეორე „მესთან“ სულიერ კომფორტს უქმნიდა. ეს არ იყო პიროვნების გაორება, ეს იყო, ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა, კიდევ და კიდევ... მაგრამ, დაინახა თუ არა, მაშინვე იგრძნო, რომ ამიერიდან ყველაფერი შეიცვლებოდა. ის შეცვლიდა უნებლიეთ, გაუცნობიერებლად, მაგრამ, აუცილებლად შეცვლიდა... არჩევანი ჰქონდა, ამასაც ხვდებოდა: უარის თქმა თამაშზე, ან – მისი მტრად შერაცხვა და ომის დაწყება. ერთ შემთხვევაშიც გარდაუვალი იყო მარცხი და მეორე შემთხვევაშიც... ესეც იცოდა. ამიტომ, სრული საფუძველი ჰქონდა, „ის“ არ ჰყვარებოდა...
***
მარიკა იჯდა და ფიქრობდა. დევის კარგად უგებდა. კაცს ესმოდა მისი და საკმაოდ ადვილად გამოსდიოდათ ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. რისი თქმა უნდოდა დევის და არ თქვა?! იმ მომენტში ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ კაცი რაღაცაზე მიანიშნებდა, რომ მისი გაფრთხილება უნდოდა, მაგრამ, რაღაცის მოერიდა ან გადაიფიქრა ისევ და ისევ რაღაცის გამო...
მარიკამ შუბლზე მოისვა ხელი. ნიკასთან შეხვედრის წინ არ უნდოდა, ცუდზე ეფიქრა. მობილურმა დარეკა...
– ჰო, გელოდებოდი... სახლში ვარ... მირჩევნია, აქ მოხვიდე. რატომ? პრობლემა არ არის, მარტო ვარ... რა ვიცი, ასე მინდა... მალე მოდი... ჰო, მომენატრე...
მარიკამ მობილური დადო და ამოიოხრა, ნიკასთვის არ უთქვამს თავისი გეგმის შესახებ. არ უნდოდა, დაეფრთხო. ზურაბის შინ დაბრუნებამდე სამი საათი რჩებოდა... მანამდე ნიკას საუბრით შეიქცევდა თავს, მერე კი... მარიკა ხვდებოდა, რომ ბიჭთან მიმართებაში მისი გადაწყვეტილება მთლად პატიოსანი საქციელი არ იყო, მაგრამ მისი მშობლებთან შეხვედრის უკეთესი ვარიანტი ვერაფრით მოიფიქრა. არადა, პირდაპირ ვერ ჩაალაგებდა ბარგს და ვერ წავიდოდა საყვარელ ადამიანთან ისე, რომ მშობლებისთვის „ნახვამდის!“ ეთქვა და მათი აზრი არ გაეთვალისწინებინა. საერთოდაც, საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ამ ყველაფერზე. ერთი იცოდა დანამდვილებით – ნიკა უყვარდა. ძალიან უყვარდა და მასთან უნდოდა ყოფნა...
***
ახვლედიანი უჩვეულოდ კარგ გუნებაზე იყო ხელებს ღიღინით იფშვნეტდა და ხმადაბლა ღიღინებდა. თემოს ძველი მეგობარივით შეხვდა, მხარზე მოუტყაპუნა ხელი, სავარძელთან მიაცილა და თვითონაც იქვე, მეორე სავარძელზე ჩამოჯდა.
– მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ. ფაქტობრივად, ყველაფერი გაირკვა. ნოდიას ბიჭის დაპატიმრების ორდერს დღეს მოგვცემს პროკურატურა და ეს საქმეც დაიხურება. იმედი მაქვს, სხვა სერიოზული მკვლელობა აღარ მოხდება.
თემოს გაეღიმა:
– უცნაურია, ამას რომ ამბობთ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კარგად არ გაქვთ გაცნობიერებული, სად მუშაობთ, ჩვენი განყოფილება ყველაზე მძიმეა მთელ სამმართველოში, შესაბამისად, მკვლელობა აქ ჩვეულებრივი დანაშაულია.
ახვლედიანს მაშინვე წაუხდა ხალისი:
– შენ მე ვინ გგონივარ, ჭკუას რომ მასწავლი, პატარა ბავშვი? რატომ ფიქრობ, რომ ვინმეზე ჭკვიანი ხარ? ან ამდენი ხანი ამ სამმართველოში მუშაობ და უფროს-უმცროსის გარჩევა მაინც ვერ ისწავლე? ხომ იცი, ნებისმიერ მომენტში შემიძლია, გაგიშვა და პასუხსაც არავინ მომთხოვს.
თემოს პროტესტის ისეთი სურვილი გაუჩნდა, თავხედურად მომზირალ ახვლედიანს ლამის ყელში სწვდა.
– ხელს რა გიშლით? – თითქმის უყვირა აგრესიული, გამომწვევი ტონით, – მე მაინც ყოველთვის ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ და თქვენს სისულელეებზე გავიცინებ.
განყოფილების უფროსი ლამის გამწვანდა შეურაცხყოფისგან:
– შენ... შენ იცი, ვინ ხარ?
– ვიცი. ისიც ვიცი, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა. თუმცა, ესეც სადავო საკითხია. მაგრამ, მე დავას არ ვაპირებ. თუ როგორც თანამშრომელი არ მოგწონვართ, შეგიძლიათ, გამიშვათ. ან მე თავად დაგიწერთ წასვლის განცხადებას, თავი უხერხულად რომ არ იგრძნოთ. რაც შეეხება, ნოდიას მკვლელობის საქმეს, დარწმუნებული ხართ, რომ ბრალის წაყენებას შევძლებთ?
ახვლედიანი გაშრა:
– ეს რას ნიშნავს? სამაგიეროს მიხდი?
– რა სისულელეა, ბავშვი ხომ არ ვარ! მე ის ვთქვი, რაც სავარაუდოა და შესაძლებელი, – ანუ, საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვს,
თემო გაჩუმდა.
– პაპავა, რა გინდა ჩემგან? – დაღლილი სახით იკითხა ახვლედიანმა, თითქოს ეუბნებოდა, შენ ხომ არ უნდა შემიწიროო. პაპავა მიხვდა.
– მინდა, კარგად გამიგოთ: თუ კარგ ადვოკატს აიყვანენ, შეიძლება, ჩვენი მტკიცებულებები საერთოდ ქარს გაატანოს. თანაც, არის კიდევ რაღაც...
– რა – რაღაც? მითხარი ბარემ, დამაწყდა ნერვები!
– არ ვიცი, გაიგებთ თუ არა ამას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში იმუნიტეტი გამომიმუშავდა.
– რა? უფრო გასაგებად არ შეგიძლია, მითხრა?
– გეტყვით, თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ გაიგებთ.
– პაპავა, მე არც ისეთი სულელი ვარ, როგორც შენ წარმოგიდგენია. აბა, მოკლედ, თქვი, გისმენ... – ახვლედიანმა სიგარეტი ამოიღო, – მოწევაც დავიწყე თქვენს ხელში!
– ბატონო გიორგი, სულ რამდენი შემთხვევა იყო ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში? ელჩის სიძით დავიწყებ, რომელსაც მტკვარში ნაპოვნი გვამი მოჰყვა. ის საქმე ჩემთვის არ მოგიციათ. ამიტომ, გამოძიების დეტალების მთელი წყება ჩემი ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.
– ამით იმის თქმა გინდა, რომ, ვისაც მივეცი, იმან ცუდად გამოიძია?
– არა, მაგას არ ვამბობ. უბრალოდ, მე არ მომეცა გარემოებებისა და ფაქტების შეჯერების საშუალება. გავაგრძელო?
ახვლედიანმა უსიტყვოდ დაუქნია თავი.
– ჰოდა, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ რაღაც გვეშლება, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
– ახლა უკვე აჭარბებ... ანუ, რაო, ის, ვინც ელჩის სიძის მკვლელობისთვის დავიჭირეთ, მკვლელი არ არის, მტკვარში ნაპოვნი გვამის ამბავი მივაფუჩეჩეთ, ნოდიას შვილს ბრალს ტყუილუბრალოდ წავუყენებთ და არც წყნეთის შემთხვევა იყო ის, რისი კლასიფიკაციაც მივეცით?! პაპავა, შენ სრულ ჭკუაზე ხარ?
– ხომ გითხარით, ვერ გამიგებთ-მეთქი. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ მკვლელი ან მკვლელები გარეთ არ დასეირნობენ თავისუფლად.
– ეგ უკვე შენი პრობლემაა. არაფრის გაგონება აღარ მინდა. ხვალ დილით შენი ჯგუფი აქ, ჩემთან შეიკრიბება. მოამზადებთ მტკიცებულებებს ნოდიას საქმეზე და პროკურატურას გადავცემთ. შენი მიკვირს, პაპავა... რომელ ემოციებზე და შეგრძნებებზე მელაპარაკები აქ, ამ კედლებში? მხოლოდ ფაქტები და სხვა არაფერი! ეს რა, სენტიმენტალიზმია, თუ კიდევ რაღაც სხვა უბედურება? პაპავა, ნუ მეთამაშები!
– ახლა ნამდვილად არ გეთამაშებით, ბატონო გიორგი. ისედაც ვერაფერი შვილი მოთამაშე გახლავართ. უბრალოდ, აუცილებლად უნდა მეთქვა ის, რაც ახლა გითხარით – რომ...
– რომ, რაღაც რომ მოხდეს, საკუთარი სინდისის წინაშე იყო მართალი... ხედავ, მეც როგორი მიხვედრილი გავხდი? შენ მაგაზე ნუ იდარდებ. შენს საქმეს მიხედე და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არაფერი მოხდება.
– მე სიმართლის დადგენა მინდა, პასუხისმგებლობა საკმარისზე მეტი მაქვს.
– ხვალ, თორმეტ საათზე, ჩემს კაბინეტში! – მკაცრად თქვა ახვლედიანმა და გამომძიებელს ანიშნა, შენთან ლაპარაკი დავამთავრეო.
***
თემო კაბინეტში დაბრუნდა და მაშინვე დევის დაურეკა:
– სად ხარ? შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე? რა გაუპატიურება? ვერ გავიგე, რას მელაპარაკები... მთელი ხმით ნუ ყვირი, ცუდად ისმის... რა ხმაურია მანდ?.. მოიცა, რაო?... კარგი, კარგი, როცა მოიცლი, მაშინ მოდი. აქ ვიქნები, ჩემს კაბინეტში. ჰო, რა დროც უნდა იყოს, სულერთია. წასასვლელი მაინც არ მაქვს... ჯანდაბა! თემომ ყურმილი აპარატს დაანარცხა და მაშინვე ისევ ხელში აიღო.
– ვახო მომიძებნე და უთხარი, სასწრაფოდ ჩემთან ამოვიდეს! სად და კაბინეტში. საიდან გელაპარაკები, როგორ გგონია? გადამრევს ეს ხალხი!..
***
ნიკამ მორიდებით შეაბიჯა ბინაში და იქვე, კართან გაჩერდა.
– შემოდი... ხომ გითხარი, მარტო ვარ-მეთქი. არ გჯერა?
– როგორ არა. უბრალოდ, ცოტა დავიბენი. ერთბაშად აღმოვჩნდი იმ გარემოში, რომელიც შენთვის ყველაზე ახლობელია და ბუნებრივი. სულ მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდი და, ახლა, აქ რომ ვარ, უცნაური შეგრძნება დამეუფლა.
მარიკას გაეცინა:
– მართლა? მაინც როგორი, ვერ მეტყვი? ძალიან მაინტერესებს. თუმცა, მგონი, ვხვდები... ნიკუშ, სნობი თუ იყავი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
– მოიცა, სნობი რა შუაშია? – ეწყინა ბიჭს, – მაგას რატომ მეუბნები?
– რა ვიცი, მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდიო...
– მერე რა... შენი საყოფაცხოვრებო პირობები ნამდვილად არ მიგულისხმია, სხვა რამე მინდოდა მეთქვა და ვერ მიმიხვდი.
– ჰო, კარგი, მივხვდი... ახლა წარმომიდგინე ჩემს ჩვეულ გარემოში?
ნიკამ თავი დაუქნია, ხელი მოჰხვია და სახე მის თმაში ჩამალა.
– ჰო, წარმოგიდგინე, – ჩაილაპარაკა ამოოხვრით, – წარმოგიდგინე... კარგია შენთან..
– მართლა? თუ გინდა, აქ ვიცხოვროთ. ნახე, რამხელა ბინაა. დავეტევით. ორი სააბაზანო ოთახი გვაქვს. ჩემს საძინებელსაც აქვს თავისი საშხაპე... რას იტყვი? ბინა რატომ უნდა ვიქირაოთ? მე ჯერ მიზერული ხელფასი მაქვს. შენც ბევრს არ გადაგიხდიან იმ სკოლაში... გაგვიჭირდება. ჰო, მართლა, მუშაობა დაიწყე?
– ჯერ არა. რაღაც საქმეები მქონდა.
მარიკამ თანაგრძნობით გაუღიმა:
– ჰო, ვხვდები... პრობლემებია?
– არა, არა... უბრალოდ, თავი ვერ მოვაბი. დღეს იმ ბინის სანახავად არ უნდა წავსულიყავით? მართალი რომ გითხრა, გამიკვირდა, რომ მითხარი, ჩემთან ამოდიო.
– ჰო, იცი... მივხვდი, რომ აი, ასე, ამის გაკეთება არ შემიძლია.
– რა? უარს მეუბნები? არ გიყვარვარ? – ნიკამ ორივე ხელი დაუჭირა გოგოს და თვალებში ჩახედა, – მარიკა, სიმართლე მითხარი, არ გიყვარვარ?
– არა, ეგ რა შუაშია! როგორ არ მიყვარხარ. იმის თქმა მინდოდა, მშობლების თანხმობის გარეშე ბარგს ვერ შევკრავ და სახლიდან ვერ წავალ-მეთქი.
– მე ეგ არც მითხოვია შენთვის.
– ჰო, მაგრამ, არც მათი გაცნობის სურვილი გამოგითქვამს, – უსაყვედურა გოგომ.
ბიჭი უხერხულად შეიშმუშნა:
– მართალი ხარ. მინდა, მაგრამ მათი რეაქციის მეშინია.
– ფიქრობ, მათაც ისევე არ მოეწონები, როგორც მე – დედაშენს?
ნიკას ენა დაება:
– დედაჩემს... შენ მოსწონხარ... უბრალოდ, რაღაცნაირი ტიპია. მისი გაგება ცოტა რთულია... შენ ცოტა მოიცადე და ნახე, როგორ კარგად შეეწყობით ერთმანეთს. აი, ნახავ... მართლა...
– გეხვეწები, ნუ ცდილობ, ის დამიმტკიცო, რისიც თავადვე არ გჯერა. მაგრამ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. შენ ხომ პირველად ხარ ჩემთან?! მოდი, რამე დავლიოთ. მამაჩემს კარგი ბარი აქვს. კაბინეტში გავიდეთ.
მარიკამ ორი მრგვალმუცლიანი ჭიქა გამოიღო და ნიკას შუშის თაროზე ჩამწკვრივებული ბოთლები დაანახვა.
– რას დალევ? ჯინი, ვისკი, კონიაკი... ბურბონიც შეგიძლია მოითხოვო.
– სულერთია, – ნიკა ღრმად ჩაეფლო რბილ სავარძელში.
– სულერთია? მაშინ წყალს დაგისხამ, – გადაიკისკისა გოგომ, – მართლა, რომელი გირჩევნია?
– შენც დალევ რამეს?
– ცოტა კონიაკს.
– მეც კონიაკი დამისხი, ოღონდ, იმდენი, რამდენსაც შენთვის დაისხამ.
– ნუ გეშინია, არ დაგათრობ, ფხიზელი მჭირდები. ეს ისე, სიმხნევისთვის.
– სიმხნევისთვის? – ნიკამ გვიან გააცნობიერა მარიკას ნათქვამი, – რას მიპირებ?
– არაფერს, რას უნდა გიპირებდე? – მარიკამ ჭიქები სანახევროდ შეავსო, – აბა, ჩვენ გაგვიმარჯოს!
– ჰო, რა თქმა უნდა, – ნიკამ ჭიქა გამოცალა. მარიკამ ოდნავ მოწრუპა.
– მითხარი, რას მიპირებ? გულში ჩამრჩა შენი სიტყვები.
– არაფერს. რა დაგემართა, ნუ იძაბები. კიდევ დალევ? უფრო მოგეხსნება ნერვიულობა.
– ძალიან მეტყობა?
– ძალიან. ლამის ტუჩებიც გაგილურჯდეს. მართლა ვერ ვხვდები, ასე რა განერვიულებს. ჩვენ ხომ მარტონი ვართ?!
– გამოყოლილი მაქვს.
– რა? – გაოცდა მარიკა, – რამე მოხდა?
– ჰო. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ, სულერთია, ახლა თუ არა, მერე მაინც გაიგებ, მით უმეტეს, შენი პროფესიის პატრონი.
– ჩემი პროფესია რა შუაშია? – მარიკას უსიამოვნოდ შეუფრთხიალდა გული.
– მოკლედ, დღეს დილით თქვენთან ვიყავი.
– სად ჩვენთან?
– სამმართველოში. შენმა გამომძიებელმა დაგვიბარა... მე და დათო.
– ჰო, ვიცი, რომ მაგას აპირებდა. მერე, რა იყო მაგაში სანერვიულო? ჩილაჩავას შვილი ხომ შენი მეგობარია. რამდენიმე ფორმალური შეკითხვა ექნებოდა. მით უმეტეს, რომ ეგ საქმე დაიხურა – უბედური შემთხვევის კლასიფიკაცია მიეცა.
ნიკას უცნაური, თითქოს ოდნავ დამფრთხალი გამოხედვა მარიკას არ მოეწონა:
– ნიკა, რა მოხდა?
– არ ვიცი, მარიკა, მართლა არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ უნდა მომხდარიყო...
– ნიკა, რა მოხდა-მეთქი?! – აღელდა მარიკა, რომელსაც დევის უცნაური საუბარიც გაახსენდა.
– ჩემი მანქანა უნახავთ იმ დღეს წყნეთის გზაზე.
– როდის იმ დღეს? გასაგებად მოყევი... ვის უნახავს და წყნეთში რა გინდოდა?
– საქმეც ისაა, რომ არაფერი არ მინდოდა. წყნეთში, კი, ბოლოს როდის ავედი, ისიც არ მახსოვს. გეფიცები.
– აბა, მანქანა... თემომ თქვა, რომ...
– ჰო. საპატრულოს ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, დროის ზუსტად იმ მონაკვეთში, როცა ვახოს მამა დაიბრიდა. როგორ არ ვთქვა, რომ რაღაც შეცდომაა, მაგრამ...
– მაგრამ შეცდომა გამორიცხულია, ხომ? – მარიკამ ჭიქა ანგარიშმიუცემლად დადგა მაგიდაზე და ამოისუნთქა, – ნიკა, არ მომატყუო. შენგან მეტს არაფერს ვითხოვ – არ მომატყუო...
– არა, შენს თავს ვფიცავ... რატომ უნდა მოგატყუო, შენზე ძვირფასი ვინ მყავს? რაც გამომძიებელმა ეს მითხრა, მას მერე სულ ვფიქრობ, ვფიქრობ... ლამის თავი გამისკდეს... ის დღე თითქმის მთლიანად აღვიდგინე მეხსიერებაში...
– მერე? – მარიკას ხმა უთრთოდა.
– მერე ის, რომ იმ ოხერ მანქანას საერთოდ არ გავკარებივარ... ეს რაღაც კოშმარს ჰგავს, გეუბნები... ახლაც მგონია, რომ ვიღაც ბოროტად გამეხუმრა.
– ჰო, მაგრამ ვინ?!
– სწორედ ეგ არ ვიცი. მარიკა... – ნიკა მუდარით მიაჩერდა გოგოს, – შენ ხომ გჯერა ჩემი? ხომ გჯერა?
მარიკამ მაშინვე არ უპასუხა. მისთვის ახლა გასაგები გახდა, რისი თქმა უნდოდა დევის – მან ნიკას არ დაუჯერა. ბიჭმა ყოყმანი შეატყო:
– მარიკა, გეფიცები... შემომხედე, მარიკა!
– რატომ აქამდე არ მითხარი?
– ღმერთო ჩემო, რა უნდა მეთქვა? მე თვითონ წარმოდგენა არ მქონდა. მეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი. დათოც გაოცებულია. იმ დღეს სულ ერთად ვიყავით. საღამოს კი შენ შეგხვდი.
– მე რომ შემხვდი, მანქანით იყავი.
– მართალია, მაგრამ ჯერ სახლში მივედი. უკვე საღამო იყო. ბიჭებსაც კი არ გავყევი წყნეთში, იმიტომ, რომ შენი ნახვა მეჩქარებოდა.
– თემოს უნდა დავურეკო, – წამოხტა მარიკა, მაგრამ, ნიკამ შეაჩერა.
– არ გინდა... საქმე ხომ დაიხურა?
– ოფიციალურად – კი, მაგრამ, სიმართლის ცოდნა ჩემთვის არის მნიშვნელოვანი.
– სიმართლე ის არის, რომ მე წყნეთში არ ვყოფილვარ.
– ჰო, მაგრამ, შენი მანქანა ხომ იყო?
– ასე ამბობენ. მე არ ვიცი, არ მინახავს.
მარიკა სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და თავი ხელისგულებში ჩარგო. ნიკამ მის წინ ჩაიმუხლა და ხელებზე ფრთხილად მოეფერა. კარს მიღმა რაღაცამ გაიხმაურა.
– ჩემი მშობლები მოვიდნენ, – ხმადაბლა თქვა მარიკამ.
ნიკა შეცბა:
– შენი მშობლები?
– ჰო. მინდოდა, ისინი გაგეცნო. ამიტომ ეს შეხვედრა ისე დავგეგმე, შენთვის მოულოდნელი ყოფილიყო, რომ ნაკლები გენერვიულა.
ნიკას დამფრთხალმა მზერამ მარიკა მიახვედრა, რომ მისმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა...
***
დევიმ აქოშინებულმა შეაღო თემოს კაბინეტის კარი:
– რა იყო, რომ აღარ დამაყენე? მე შენი პირადი ექსპერტი კი არ ვარ, სხვა საქმეც მაქვს, თანაც, სერიოზული საქმე.
– სერიოზული საქმე მე მაქვს აქ და მჭირდები.
– ჰოდა, მაგიტომაც მოვედი. თუმცა, მოცლილი აღარ ვარ. კიდევ კარგი, მეორე ექსპერტიც მოიყვანეს. საწყალი გოგო... აუ, ფანჯარა მაინც გააღე, აღარაფერი ჩანს, თვალები დამეწვა!
დევი ფანჯარას ეცა და გამოაღო.
– შენ რა, არ ეწევი? რას შეიცხადე? – გაცხარდა თემო, – რა გეტყობა დაღლილის, მხიარულად და ენერგიულად ჭიკჭიკებ. ჩემს ნერვებზე თამაშობ. ახვლედიანმა ხვალ თორმეტ საათზე თათბირზე დაგვიბარა.
– მერე, მაგიტომ ირევი? ჯერ არ დავუბარებივართ თუ რა!.. მაგიტომ ამომაგდებინე გული სირბილით? საქმე ბოლომდე არ მიმაყვანინე.
– რა საქმე იყო ამისთანა?
დევიმ წყალი დაისხა და დალია. მერე ამოიოხრა:
– უჰ, არ მკითხო! ისე შემეცოდა ის გოგო... უნდა მოკლა, რა, ის ნაძირალა... სიკვდილით დასჯა არ უნდა გაგვეუქმებინა. რომელი ჰუმანური არსება ადამიანია, რომ სინდისი გაუღვიძო, ან, ვის სჭირდება სადისტი? სამუდამოც რომ მიუსაჯო, რისთვის გინდა გალიაში ჩასასმელი უსარგებლო ცხოველი?!
თემომ თვალები მოჭუტა:
– შენ ნორმალური ხარ? მაგაზე სალაპარაკოდ დაგიძახე?
– კაცო, შენ არ მითხარი, მომიყევი, რა საქმე გქონდაო? ჰოდა, გიყვები, რა! – გაუპატიურება იყო, მაგრამ, მსგავსი არაფერი მინახავს... დაგლეჯილი იყო ის საცოდავი...
– დამნაშავე დააკავეს? – უგულისყუროდ იკითხა თემომ, – იმედია, შენ არ გამოიძიებ..
– დამშვიდდი, მარტო შენ მამუშავებ მაძებრად, – „დაამშვიდა“ დევიმ, – რა ვიცი, გაექცათ ამ დებილებს, დააგვიანეს... იცი, ვინ იყო მეორე ექსპერტად? უფრო სწორად, ექიმის პონტში მოიყვანეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ის გოგო...
– ჰო, ვინ?
– ჩვენი მარიკას სადედამთილო, – თვალები აუციმციმდა დევის და თითები მრავალმნიშვნელოვნად გაატკაცუნა.
– ვინ?! მარიკას მომავალი დედამთილი რა შუაშია?
– ეგ ის ლომიძეა, ბერიძის მკვლელობაში რომ ფიგურირებდა. მე მითხრეს, რომ ასეთ დროს ყოველთვის მაგას აკითხავენ დახმარებისთვის. ძალიან მაგარი სპეციალისტია და დიდ პატივს სცემენ.
– მერე?
– რა, მერე? ჩვენები ეძებენ, ის კი, ალბათ, უმკურნალებს, მაგრამ, მეეჭვება, შოკიდან მალე გამოვიდეს. მაგის სპეციალისტი ცალკე დასჭირდება.
– ჰო, კარგი, კარგი... ეგ ლომიძე ჩვენ რამეში გამოგვადგება?
– რა ვიცი. მე ისე გითხარი, გამიკვირდას პონტში. რომ დავინახე... ისე, მაგარი ქალია. ნეტავი, რატომ აღარ გათხოვდა?!
– დევი, შენ გეტყობა, ძალიან ინერვიულე მაგ ამბავზე. აშკარად ურევ უკვე...
– ნერვიულობით მართლა ვინერვიულე. მოკლედ, რა თქვა ახვლედიანმა?
– ნოდიას შვილს ბრალი წაუყენე და საქმე სასამართლოს გადაეციო.
– მაგან რა, არ იცის, რომ ბრალს ბროკურატურა უყენებს?
– იცის და ამიტომაც შეგვყრის ხვალ თათბირზე. მტკიცებულებები უნდა მოვუმზადოთ. გესმის?
– მესმის, ჰო, რა იყო? – მხრები აიჩეჩა დევიმ, – რა არის ამაში განსაკუთრებული, მტკიცებულებები ჯერ არ მოგვიმზადებია თუ რა?! მე ჩემი დასკვნა მზად მაქვს და არაფერი შეიცვლება. მარტო ნოდიას ბიჭს უპირებთ ჩასმას თუ ის პატარა ნაშაც გვერდით უნდა მიუსვათ?! ან, დედამისს რას უპირებ?
– რას უნდა ვუპირებდე? ჯგუფურში ხომ არ გავუშვებ? გულახდილად რომ გითხრა, მე მისი ბრალეულობის არ მჯერა.
– ვისი ბრალეულობის არ გჯერა?
– არც ერთის.
– ანუ?
– რა ანუ, ბიჭო, აქ არ იყავი, სათითაოდ რომ მოვიდნენ, ჯერ დედა და მერე – შვილი? არ მოუსმინე? ჩემი ინტუიციის ამბავი არ იცი? მგონი, გულწრფელები იყვნენ.
– მერე, ამას მე რომ მეუბნები, ახვლედიანს ვერ უთხარი?
– ვინ გითხრა, რომ არ ვუთხარი, მაგრამ, გადაირია.
დევიმ მხრები აიჩეჩა:
– არც მიკვირს. როდის იყო, პროკურატურა გამომძიებლის ინტუიციას ითვალისწინებდა? ფაქტებიც რომ გაქვს მათ წინააღმდეგ, ესეც ხომ კარგად იცი? ცოლსაც ჰქონდა მკვლელობის მოტივი, შვილსად და იმ მტირალა ნაშასაც. არც ჯგუფური შეთქმულების გამორიცხვა შეიძლება. სასამართლოზე იმტვრიონ მაგაზე თავი.
თემომ თავი გააქნია:
– არა, მე ასე არ შემიძლია. შენ მაინც ხომ მიცნობ?
– რომ გიცნობ, იმიტომაც გეუბნები, შარი არ აიტეხო, არ გინდა. ზოგჯერ ინტუიციაც ტყუის. თუ ბრალი არ დაუმტკიცდება, სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლებენ.
– ზღაპარს ნუ მიყვები. მაგათ არავინ გაათავისუფლებს სასამართლოს დარბაზიდან, ხომ ზუსტად იცი...
– მერე, რა, შენ რა გაწუხებს?
– დევი, ნუ შემშალე ჭკუიდან. რას ნიშნავს, რა მაწუხებს? ჯერ ერთი, ჩემი მიზეზით უდანაშაულო ადამიანს დააპატიმრებენ, მეორე – მკვლელი თავისუფალი დარჩება და მისგან უარესს უნდა მოველოდეთ.
– მაგაში გეთანხმები, თუ, რა თქმა უნდა, მკვლელი არსებობს.
– შენ ეჭვი გეპარება?
დევიმ მრავალმნიშვნელოვნად შემართა ხელი:
– მე ის ვიცი, რომ ასპროცენტიანი გარანტიები არაფერში არ არსებობს. ვინ იტყვის დარწმუნებით, რა არის სიმართლე?
თემო გაცხარდა:
– იცი, რას გეტყვი?! შენ ჩემკენ ხარ თუ ჩემ წინააღმდეგ?! იქნებ, გამოძიება ცოტა კიდევ გავაგრძელოთ? თუ ხვალ თათბირზე გვერდით დამიდგები, ახვლედიანის დარწმუნებას შევძლებ.
დევიმ ამოიოხრა:
– ვერ ჩერდები, რა!.. ბიჭო, გამოძიება რომ გავაგრძელოთ და აღმოჩნდეს, მკვლელობა დედა-შვილმა შეუკვეთა, მერე ნახე ახვლედიანის ტანსაცმლიდან ამოხტომა. გაგიჟდება, ყველაფერს გააკეთებს, რომ სამსახურიდან გაგიშვას.
– ერთი მაგის დედაც! გამიშვას, რა... გგონია, ძალიან ვინერვიულებ?
– ინერვიულებ-არ ინერვიულებ, სამსახურიდან რატომ უნდა წახვიდე, მით უფრო, ახვლედიანის გამო? კარგი, რა...
– მე მაინც მინდა, კიდევ ვცადო... სერიოზულად გეუბნები, ბიჭო... მტკიცებულებები არის, მოტივაციაც სერიოზულია... კიდევ მოხდება მკვლელობა – გული მიგრძნობს.
– მოხდება და მოხდეს! აქ არ ვართ? იმასაც გამოვიძიებთ.
– ეე, ნეტავი შენ, რა უდარდელი ხარ...
– ოღონდ შენ დამშვიდდი და... ჯანდაბას, ვიტყვი თათბირზე, რომ მეც მეპარება ეჭვი მათ ბრალეულობაში. ვნახოთ, რა გამოვა. დღეს რას აპირებ? აქ უნდა გაათენო ღამე?
– რა ვიცი. გადავხედავდი კიდევ საქმეს. იცი, რა ვიფიქრე? კიდევ ერთხელ ხომ არ მივიდეთ ნოდიებთან.
– კარგი, მივიდეთ. მერე კი ჩემთან წამოდი. მაინც მარტო ვარ. შენც მარტო უნდა იყო. რამეს მოვამზადებ და შევუბეროთ.
– შევუბეროთ რა, დავთვრეთ?
– რატომ, კაცო, კი არ დავთვრეთ, ლაითად „შევუშვათ“ ღვთაებრივი სითხე. იცი, რა კონიაკი მაქვს?!
– კარგი, დამითანხმე. მარტო ყოფნა ნაღდად არ მინდა...
***
სურვილი ძალიან ძლიერი იყო. ისეთი ძლიერი, რომ მთელ სხეულში ჟრუანტელად დაუარა და ააკანკალა... ის მასზე ბატონობდა გონებას იმორჩილებდა და თავის პირობებს ჰკარნახობდა. ძალა არ ეყოფოდა, რომ შებრძოლებოდა... არც უნდოდა და მორჩილებით იღებდა ამ სურვილს... ყველაფერი კარგად იცოდა და ესმოდა... იმასაც ხვდებოდა, რომ, შეიძლება, იდეალური არ ყოფილიყო ის, რასაც მოიმოქმედებდა. შინაგანი ხმა თუ წარმოსახვა გამაფრთხილებელ სურათებს ხატავდა, მაგრამ, ეს მისი გასაკეთებელი იყო, მხოლოდ მისი. გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო, ელვის უსწრაფესად, როგორც ნადირს ეცემა ხოლმე სისხლის სუნი, ადგილს ვერ პოულობს და გალიაში გამომწყვდეული აწყდება აქეთ-იქით... სურვილი შეაძლებინებდა იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო და ვერ მოახერხა... სურვილი გამოიყვანდა სწორ გზაზე და კვალში ჩააყენებდა... არც მოცდა შეეძლო და მოუთმენლობა კიდევ უფრო უძლიერებდა მწველ სურვილს. რისკი... საფრთხე... – ბუნდოვნად ფიქრობდა ამაზე და ემორჩილებოდა იმას, რაც ყველაზე ძლიერი იყო მასში. შეიძლება, ველური და საშინელი, მაგრამ – გულწრფელი...
***
ნიკა ყაყაჩოსავით გაწითლებული იდგა კედელთან და თავს ვერ სწევდა ზევით. არ შეეძლო, მარიკას მშობლებისთვის სახეში შეეხედა. ხელების კანკალი რომ დაემალა, ორივე ხელი ზურგს უკან წაიღო...
– მარიკა, შენი მეგობარი ვახშმად დაპატიჟე. მე და დედაშენი სამზარეულოში გავალთ და ნახევარ საათში სასტუმრო ოთახში გელოდებით, – თქვა ზურაბმა, ცოლს ხელი მოჰხვია და ოთახიდან თითქმის ძალით გაიყვანა. ქალი აშკარად ფეხს ითრევდა.
მარიკამ კარი მიხურა:
– ახლა რა ვქნათ?
– მე წავალ... შენ რამე მოიფიქრე. თქვენებს უთხარი, რომ დამირეკეს და აუცილებლად უნდა წავსულიყავი.
– ასე არ გამოვა. მამაჩემი ძალიან ჭკვიანია, მაშინვე მიხვდება, რომ რაღაც მოხდა.
– რა მოხდა? არაფერიც არ მომხდარა. ახლა მართლა არ შემიძლია მათთან საუბარი. საშინელ შთაბეჭდილებას მოვახდენ და ეს გინდა?
მარიკამ ამოიოხრა:
– ნიკა, ეს რა გააკეთე, რა გინდოდა წყნეთში?!
– ისევ მაგაზე ლაპარაკობ? მაინც არ დამიჯერე, რომ არ ვყოფილვარ?
– ნიკა, ბავშვი არ ხარ, რომ ვერ ხვდებოდე. მანქანა იქ თავისით ვერ ავიდოდა.
– ჰო, ვერ ავიდოდა, – მექანიკურად გაიმეორა ნიკამ.
– მაშინ, რა მოხდა?
– არ ვიცი. მართლა არ ვიცი.
– იფიქრე... ძალიან გთხოვ, იფიქრე, ამაზე ბევრია დამოკიდებული. დედაშენი ხომ არ წაიყვანდა მანქანას ისე, რომ შენთვის არაფერი ეთქვა?
ნიკამ თავი გააქნია:
– ეგ დათომაც მკითხა. გამორიცხულია. დედაჩემი მაგ დროს თბილისში არ იყო, საქართველოშიც კი არ იყო.
მარიკა გაჩუმდა. შეჭმუხნულ შუბლზე ხელი მოისვა. მერე ნიკას შეხედა დამფრთხალი, შეშინებული მზერით და ნელა, დამარცვლით ჰკითხა...
– ნიკა, შენ ნორმალური ხარ? მინდოდა მეთქვა, ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ხარ?.. ნუ გეშინია, მე გავიგებ ამას. ოღონდ, სიმართლე მითხარი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3