როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
გვარიშვილი
გვარიშვილების ისტორია გადახლართულია დადეშქელიანებთან, ხალვაშებთან, თურქეთის გენერალ გვარელუდისთან და ასე შემდეგ.
„პირველად ჩაქვში, 1644 წელს მოიხსენიება პაატა დადეშქელიანი, ცოლიანად. ქედის რაიონში მკვიდრობდა პაატა დადეშქელიან-გვარიშვილი და ნათელა ხალვაშის შთამომავალთა შტო. გვარიშვილი პაატა დადეშქელიანისა და ნათელა ხალვაშის ნამრავლია. გვარიშვილები ძირმაგარი გვარია. მათ ოჯახში მეფესაც კი უმგზავრია. მეფეს უკითხავს, რა გვარის ხართო. უპასუხიათ, გვარიშვილიო. ეს ამბავი ყველამ იცის“.
საქართველოში 342 გვარიშვილი ცხოვრობს: ბათუმში – 141, ქობულეთში – 122, ქედაში – 24. არიან სხვაგანაც.
თეიმურაზიშვილი – თეიმურაზოვი
გვარის ფუძეა ირანული საკუთარი სახელი თეიმურაზი, რაც „სხეულით ძლიერს“ ნიშნავს. მისი უძველესი ფორმაა ინდური სახელი თაჰმაურუპა, რაც „ძლიერ მელიას“ ნიშნავს.
თეიმურაზის კნინობითი ფორმებია: თემო, თემუკა, თემიკო.
1791 წელს ვაშლოვანში მოხსენიებულია ეშიკაღაბაშის ყმა ფარსადან თეიმურაზიშვილი.
მოგვიანებით თეიმურაზიშვილები თეიმურაზოვებად ჩაუწერიათ რუსული დაბოლოებით.
საქართველოში 35 თეიმურაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, გარდაბანში – 3, დედოფლისწყაროში – 2. არიან სხვაგანაც.
176 – თეიმურაზოვი.
კილიასანიძე – კილასონია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კილასანი, რომელიც ორი ფუძისგან შედგება: კილა+სანი.
1858 წლის აღწერაში, ბორბალოში, სპირიდონ კილიასანიძე მოიხსენიება.
ამავე ძირისაა გვარები: კილასონია, კილასონიძე, კილოსანიძე.
საქართველოში 55 კილიასანიძე ცხოვრობს.
23 – კილასონიძე.
22 – კილოსანიძე.
2 514 – კილასონია: სენაკში – 539, თბილისში – 416, მარტვილში – 325. არიან სხვაგანაც.
ასრათაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასრათა, რომელიც არაბული წარმოშობისაა და „ნატვრას“ ნიშნავს.
ნაცვალი ასრათა 1705 წელს კათალიკოს დომენტი მეორის სათარხნოს წიგნშია მოხსენიებული.
ასრათა მოიხსენიება ამირინდო ამილახვრის მიერ 1744 წელს, თავისი ქალიშვილის – თამარისთვის მზითვად მიცემული ყმების წიგნში.
1886 წელს, ოჰანეზ, ანდრო და ივანე ასრათაშვილები მოიხსენიებიან დიდ თონეთში.
საქართველოში 169 ასრათაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 54, თეთრი წყაროში – 33, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.
აკოფაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აკოფა, რომელიც შემდგომში გასომხებულა. მოგვიანებით კი, სომეხი ტერტერები ქართველებს გრიგორიანულ სარწმუნოებაზე აქცევდნენ და გვარიც აქედან გავრცელებულა.
აკოფას ფუძე უნდა იყოს იაკობი, რომელიც ძველი ებრაული წარმოშობისაა და მიმდევარს ნიშნავს. იაკობი აკოფად მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა.
1791 წელს აკოფა მოიხსენიება ქვემო ქართლში. ჭირის მიზეზით, მოსახლეობა განჯიდან აყრილა და სხვადასხვა მხარეს გახიზნულა. ქართლში მოსული აკოფა ერასტი გოსტაბაშვილის ყმა გამხდარა.
1860 წელს ბორბალოსა და მანგლისში მოხსენიებულნი არიან ზურაბა და დათუნა აკოფაშვილები.
ასევე, აკოფაშვილები მოიხსენიებიან ვახუშტი ბატონიშვილის ყმების წიგნშიც.
საქართველოში 1 171 აკოფაშვილი ცხოვრობს: გორში – 329, თბილისში – 186, ადიგენში – 155. არიან სხვაგანაც.
ჟამიერაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჟამიერა.
დიდ ენაგეთში ალექსი ჟამიერაშვილს 1874 წელს შვილი – მიხეილი მოუნათლავს. ნათლია ყოფილა თანასოფლელი გიორგი ბარათოვი.
საქართველოში 124 ჟამიერაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 75, თელავში – 31, ფოთში – 5. არიან სხვაგანაც.
არუთინაშვილი–არუთინოვი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არუთინა, რომელიც ნასესხებია თურქულიდან და ნიშნავს ქნარის დამკვრელს.
სახელ არუთინას ქართული სინონიმია არუფინა, ართენა.
ვახტანგ ბატონიშვილის თქმით, აღნიშნულია არხუდანა ბარხუდარაშვილი ვალის თაობაზე, სადაც წერია, რომ არუთინა მისი მოწმე იყო.
1721 წლის აღწერაში სახელი არუთინა ბევრჯერ გვხვდება.
არუთინაშვილი მოგვიანებით რუსულად დაუბოლოვებიათ და არუთინოვებად დაუწერიათ. არუთინოვები არიან ქართველებიც და სომხებიც.
საქართველოში 280 არუთინაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 169, თბილისში – 31, რუსთავში – 19. არიან სხვაგანაც.
ბერინაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერი.
ნაზარალიხანმა გაუთარხნა იასე შიოშბეგიშვილს კლდეისელი ექვსი კომლი, მათ შორის – ბერინაშვილი.
თეიმურაზ ბერინაშვილი ოჯახთან ერთად მოიხსენიება 1823 წელს, ვაშლოვანში.
საქართველოში 157 ბერინაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 43, გურჯაანში – 6. არიან სხვაგანაც.
კაკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კაკა.
კაკა გერმანოზიშვილი მოიხსენიება 1797 წელს, ბატონიშვილ ალმასხანის წერილში, რომელიც მას დედოფალ დარეჯანის სახელზე გაუგზავნია.
1721 წელს ქვემო ანტრაფში მოიხსენიება კაკაშვილი ბერუა.
საქართველოში 1 472 კაკაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 266, თბილისში – 262, ქარელში – 248. არიან სხვაგანაც.
დომელაშვილი – დომელიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დომელა.
დიდ ენაგეთში მემამულე ივანე საგინოვის (საგინაშვილის) გლეხად, 1823 წლის აღწერით, მოიხსენიება სოსია დომელაშვილი, რომელიც თელავის მაზრიდან გადასულა ძმასთან ნინიასთან და დედასთან – ბარბარესთან ერთად.
ამავე ძირისაა გვარი დომელიშვილი.
საქართველოში 33 დომელაშვილი ცხოვრობს: გორში – 13, მცხეთაში – 2. არიან სხვაგანაც.
67 – დომელიშვილი.
ავგაროზიშვილი
ავგაროზიშვილს წინ უსწრებდა გვარი ავგაროზისძე. 1400 წელს, თემურ-ბეგის ლაშქრობასთან დაკავშირებით, გრიგოლ შანდაძე-ავგაროზიშვილი წერს: „მას ჟამსა შინა დამიცვა ღმერთმა ხელთაგან მათთა და შემდგომ მცირედისა ჟამისაი, დავრჩი ობოლი ხუთთა ძმათაგან და ვტიროდი თავსა ჩემსა მე, გრიგოლ შანდაძე-ავგაროზიშვილი... და დავხსენ წიგნი, პარაკლიტონი, სამოციქულო, ავგაროზი... წმინდაო მამანო, მეფეთა და პატიოსანთა პატრონთა სამსახურისგან ესოდენ შევძელი და შენდობით მომიხსენიეთ“.
ავგაროზიშვილები სოფელ წიფორიდან სოფელ კოდაში გადასულან.
კოდელმა თევდორე ავგაროზიშვილმა 1829 წელს იქორწინა ნადარბაზევში მცხოვრებ მათეს ქალზე, ტასიაზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა აბრამა ხუროშვილმა. თავდებნი იყვნენ: სარბაქა მეკოკისშვილი, არუთინა დალაქიშვილი, პავლე თათარაშვილი.
საქართველოში 37 ავგაროზიშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 28, რუსთავში – 5, თბილისში – 4.
ვალიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვალა, რომლისგანაც მომდინარეობს ფორმები: ვალე, ვალერი, ვალო.
ამ გვარის ფუძე სიტყვა ვალს უკავშირდება.
ვალიშვილი მამუკა მოხსენიებულია ჯავახიშვილების 1607 წლის ნასყიდობის წიგნში.
საქართველოში 1 180 ვალიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 310, გორში – 274, მცხეთაში – 238. არიან სხვაგანაც.
ბუზიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარის ახელი ბუზია.
ბუზიაშვილი პავლე მოიხსენიება სოფელ ბორბალოში 1873 წლის აღწერის მასალებში.
საქართველოში 623 ბუზიაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 260, თბილისში – 150, საგარეჯოში – 68. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით