როგორ გახდა გია იაშვილი ევროპაში აღიარებული მუსიკოსი და რატომ შეიკერა ჯვრისწერისთვის ქალაქური და თავადური კაბა
მევიოლინე გია იაშვილი, იაშვილების მუსიკალური დინასტიის მესამე თაობის წარმომადგენელია. იგი კონცერტებით გამოდიოდა ევროპის საუკეთესო დარბაზებში და მუშაობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან – პლაჩიდო დომინგო, ზემინ მეჰტა, ლუჩანო პავაროტი, ლორინ მააზელი... გია იაშვილი საქართველოსა და მის ტრადიციებზე იმდენადაა შეყვარებული, რომ კონცერტებზე ჩოხით გამოდის. მისი თქმით, ნაციონალური სამოსი ადამიანის ვინაობასა და წარმომადგენლობას უსვამს ხაზს. გია იაშვილი გერმანიიდან გვესაუბრა.
გია იაშვილი: საქართველო ჩემი სამშობლოა. მინდა, კარგად ვიცნობდე თითოეულ კუთხეს, ხალხს, ტრადიციებს... მსურს კონცერტებით შემოვიარო ყველა ქალაქი და რაიონი. უცხოეთში დედამ ძალიან პატარა წამიყვანა. დროდადრო ჩამოვდიოდი და ზაფხულობით მშობლიურ მხარეში – საჩხერეში ვისვენებდი. ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდი ზაფხულის მოსვლას. ეს გრძნობა ახლა კიდევ უფრო გამიმძაფრდა და საქართველოში სერიოზული პროექტების განხორციელება მინდა. რაც, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მუდმივად ვფიქრობთ მე და ჩემი მეუღლე – მირეი დიურანდი-კურიხარა (მიმი), რომელიც საქართველოს სიყვარულის ნიშნად მართლმადიდებელი გახდა. მისი სურვილით, ჩვენი ჯვრისწერაც საქართველოში, გურჯაანის ამაღლების ეკლესიაში შედგა. მიმის ნათლობის სახელია სალომე. მისი მოძღვარი მამა მიქაელია – ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი. ჯვარიც მან დაგვწერა. მიმი მამით ფრანგი, ხოლო დედით იაპონელია. პროფესიით მუსიკის პროდიუსერი. ერთი პერიოდი, მოდელიც იყო საფრანგეთსა და იაპონიაში. ამჯერად ვოკალით არის გატაცებული. ძალიან ლამაზი ტემბრის მეცო-სოპრანო აქვს. ჩვენი სამომავლო გეგმები საკმაოდ საინტერესოა და ძირითადად, საქართველოს უკავშირდება. იმედი მაქვს, საქართველოში მუსიკის მიმართ ინტერესი მეტად გაიზრდება. ვისაც დახმარება შეუძლია, ინვესტიცია ხელოვნებაში უნდა ჩადოს. თუ სხვა ქვეყნებს დიდი მატერიალური სიმდიდრე გააჩნიათ, ჩვენი განძი ხელოვნებაა. სწორი მენეჯმენტის პირობებში, თავისუფლად შეგვიძლია, მსოფლიოს ყურადღება მივიპყროთ. ჩვენი ფოლკლორით, თეატრით, მხატვრობით, მსოფლიო დონის მუსიკოს-შემსრულებლებით... ამიტომაც არის საჭირო, საქართველოში, რაც შეიძლება, მეტი საერთაშორისო ფესტივალებისა და ფორუმების მოწყობა.
– როგორი შეგრძნებაა, იყო იაშვილების მუსიკალური დინასტიის წარმომადგენელი?
– მე იაშვილების მუსიკალური დინასტიის მესამე თაობას წარმოვადგენ. ბაბუა, ლუარსაბ იაშვილი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და ქართული სავიოლინო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. მან მრავალი ცნობილი მევიოლინე აღზარდა. რომელთა შორის გამორჩეული ადგილი მის ქალიშვილებს – მარინე, ირინე და ნანა იაშვილებს უკავიათ. მარინე იაშვილი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, რომელმაც 1952 წელს ევროპაში საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა და როგორც სოლისტმა მევიოლინემ, შორს გაუთქვა სახელი ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას... ჩემი მეორე დეიდაც, ცნობილი მევიოლინე და პედაგოგია, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა უცხოეთში... რაც შეეხება დედას – ნანა იაშვილს, იგი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 17 წლის ასაკში, გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული – ჟაკ ტიმოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი (პარიზი). როგორც ცნობილი სოლისტი, ყოველთვის აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა მთელ მსოფლიოში. ამჟამად კიოლნისა და ესსენის (გერმანია) კონსერვატორიების პროფესორია. ასეთ ოჯახში რომ იბადები, შენი ბედიც, პროფესიაც წინასწარ განსაზღვრულია. თუმცა, ასევე დიდი პასუხისმგებლობაცაა – ტრადიცია. ღირსეულად უნდა გააგრძელო... ბაბუის გვარზე დამწერეს, რათა იაშვილების მევიოლინეთა მუსიკალური დინასტია გაგრძელებულიყო. სხვათა შორის, ბაბუას ძალიან მამსგავსებენ, რომელიც ქცევით დინჯი, მაგრამ შინაგანად ტემპერამენტიანი იყო. ბაბუას როცა მამსგავსებენ, ძალიან მეამაყება.
– კონცერტებზე ქართული ჩოხით გამოდიხართ?
– დიდ პატივს ვცემ წინაპრებს და ტრადიციებს, ამიტომაც გადავწყვიტე კონცერტებზე ჩოხით გამოსვლა. ნაციონალური სამოსი ადამიანის ვინაობასა და წარმომავლობას უსვამს ხაზს. ამით გამოვხატავ ტრადიციების ერთგულებას. ჩოხა-ახალუხი ძველიც არის და მუდამ თანამედროვეც, თან ძალიან ლამაზი და ელეგანტური... თბილისის სპეციალურ მაღაზია „სამოსელი პირველში“ ჯვრისწერისთვის ძალიან ლამაზი, ქალაქური და თავადური კაბა შევიკერე. ჩვეულებრივი ჩოხისგან ცოტა განსხვავებულია – ქილები, ქამარ-ხანჯალი არ აქვს. მე ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც ასეთი ჩოხა-ახალუხი მოირგო.
– თქვენი პედაგოგები, ალბათ, ოჯახის წევრები იყვნენ...
– ჩემი დეიდებისა და დედაჩემის მასწავლებელი ბაბუა იყო. ვიოლინოზე დაკვრა მეც ბაბუამ და დედამ დამაწყებინეს. ბებია პიანისტია, მაგრამ ვიოლინო ვარჩიე. თუმცა, ბავშვისთვის ფორტეპიანო უფრო ადვილია... როცა დედა გასტროლებზე მიდიოდა, ბაბუა მამეცადინებდა. ერთხანს მოსკოვში ვცხოვრობდით და მუსიკალურ სკოლაში იქ ვსწავლობდი. შემდეგ ისევ თბილისში დავბრუნდი და ბაბუას გადაწყვეტილებით, თამაზ ბათიაშვილი მამეცადინებდა. ათი წლის რომ ვიყავი, ცნობილმა დირიჟორმა – კლაუდიო ამადომ დედა ავსტრიაში მიიწვია და დედამ მეც წამიყვანა. მალე ავსტრიის მოქალაქეობა მოგვცეს და სწავლა დავიწყე ვენის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროფესორთან – ზახარ გრონთან. მისი აღზრდილები არიან გამოჩენილი მევიოლინეები – მაქსიმ ვენგეროვი და ვადიმ რეპინი. მქონდა ბედნიერება, მემუშავა ისეთ გენიოსებთან, როგორებიც არიან – იეგედი მენუჰინი და ისააკ შტერნი... შემდეგ დედა კიოლნის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის პროფესორი გახდა და გერმანიაში გადავედით.
– როდის დაიწყეთ საკონცერტო მოღვაწეობა?
– საკონცერტო მოღვაწეობა ადრეული ასაკიდან დავიწყე. როგორც სოლისტი ევროპის საუკეთესო დარბაზებში გამოვდიოდი. ვმუშაობდი ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან – პლაჩიდო დომინგო, ზემინ მეჰტა, ლუჩანო პავაროტი... კლასიკური მუსიკის გარდა, მიყვარს პოპ-მუსიკის შესრულება. კერძოდ – კინომუსიკა, ტანგო... დამიკრავს როკ-ჯგუფთან ერთად და სხვა... ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქართული ფოლკლორის მოსმენა... სწავლის პერიოდში და შემდეგ ბევრი საკონცერტო გამოსვლა მქონდა სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო 5 წელი ესპანეთში, ვალენსიის ორკესტრში კონცერტმაისტერად ვიმუშავე, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა დირიჟორმა – ლორიან მააზელმა მიმიწვია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, დირიჟორობაც კი ვცადე, რაც ძალიან მაინტერესებს. ლორიან მააზელთან ერთად ურთიერთობა მქონდა ზემინ მეჰტასთან და სხვა დიდ დირიჟორებთან. რაც ნამდვილად დიდი ბედნიერებაა. ამჟამად ვმოღვაწეობ, როგორც თავისუფალი მევიოლინე და მევიოლინე-დირიჟორი. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დირიჟორი ვარ (ეს შეიძლება 50 წლის შემდეგ ვთქვა), თუმცა კამერული ორკესტრის დირიჟორობა ინსტრუმენტალისტისთვის უფრო ახლოსაა, რადგან კარგად ესმის მისი სპეციფიკა და სტილისტიკაც უკეთ იცის... ჯერ კიდევ ვენაში სწავლის დროს, მეგობრებთან და ახალგაზრდა სოლისტებთან ერთად, კამერული ორკესტრი ჩამოვაყალიბე. ორკესტრის ხელმძღვანელი მე ვიყავი, სადაც ხან 16 კაცი ვუკრავდით, ხან მეტი ან ნაკლები, რისი საშუალებაც იყო. ახლა, როცა კონცერტი ან ფესტივალი იმართება, ისევ ვიკრიბებით. სულ რამდენიმე რეპეტიცია გვჭირდება, რადგან ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და „კარგადაც ვგრძნობთ“... ამჟამად ევროპაში რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალს უნდა ჩემი მიწვევა, საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად. ევროპაში დიდი ინტერესია საქართველოსა და ქართული ხელოვნების მიმართ.
– თქვენთვის რას ნიშნავს ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლა?
– მართალია, ბევრ ქვეყანაში მიწევს კონცერტებით გამოსვლა, მაგრამ საქართველოში დაკვრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. არასოდეს დამავიწყდება თბილისში ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა. 2000 წელს ქალბატონ ლიანა ისაკაძის მოწვევით, ოპერაში გამართულ საახალწლო კონცერტზე დავუკარი. ორი წლის შემდეგ კვლავ ქალბატონმა ლიანამ დამპატიჟა ბორჯომში ფესტივალზე. მინდა, აღვნიშნო, რომ ლიანა ისაკაძისგან ბევრი რამ ვისწავლე. მასთან მასტერკლასებს გავდიოდი... ერთხელ ვახტანგ მაჭავარიანმა მომიწვია. გასულ წელს კი ქალბატონმა ლიანამ ისევ მომიწვია ბათუმში, გონიოს ფესტივალზე... თუმცა, მე უფრო ხშირად მსურს საქართველოში დაკვრა... საერთოდ, მუსიკოსი ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს, როცა თავის ქვეყანაში – შინ გამოდის, რადგან იქ მას კარგად იცნობენ და ყველა კონცერტი საკუთარი პროფესიონალიზმის დამტკიცებაა. ამიტომაც სხვაგან დაკვრა უფრო ადვილია... დიდი სურვილი მაქვს საქართველოში დავუკრა – ლიზა ბათიაშვილთან, ხატია ბენიათიშვილთან, გიორგი ხარაძესთან და სხვა ქართველებთან ერთად. მსურს, რომ საქართველოში უფრო ხშირად ჩამოვიდე და ჩვენი თაობის ქართული თუ უცხოელი მუსიკოსები ჩამოვიყვანო... იქნებ, ფესტივალიც კი დავაარსო... ვიცი, რომ ყველა სიამოვნებით ჩამოვა. მაგალითად, ჩემი მეჯვარე – არაჩვეულებრივი მევიოლინე მიხაილ ოვრუცკი. იგი ლიანა ისაკაძის კონკურსის, რომელიც 2003 წელს პეტერბურგში გაიმართა, პირველი პრემიის ლაურეატია. მომავალი წლისთვის საქართველოში კიდევ ბევრი ცნობილი მუსიკოსი დავპატიჟე. საქართველოში კლასიკური მუსიკის მსმენელი საკმაოდ განათლებული და კრიტიკულია. ამიტომ ნებისმიერი მუსიკოსისთვის აქ დაკვრა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა.