შესაძლებელია თუ არა ბინაში ენცუკლიის გახარება და როგორ ქოთანში ჩავრგათ ფალენოპსისი
„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, გავარკვევთ, როგორ მოვუაროთ ენცუკლიასა და ფალენოპსისს.
– ბატონო ამირან, მოგვიყევით ენცუკლიას შესახებ, როგორი მცენარეა და რას გვეტყვით მასზე?
– ენცუკლია კლდის ორქიდეაა. ეს მცენარე ულამაზესი და იშვიათი სახეობაა, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ფერებით. მას იმდენად საოცარი ფერები აქვს, რომ თითქმის შეუძლებელია ასეთი ფერების აღბეჭდვა ტილოზე. მისი ნახვა შესაძლებელია ტროპიკულ ტყეებში და ხეებზე.
– რამდენად გამძლე მცენარეა და შესაძლებელია თუ არა მისი გაზრდა ოთახის პირობებში?
– ენცუკლია ძალიან გამძლეა როგორც მიწაში, ასევე ხის ტორფშიც. თუ მისი მოვლა იცით, ძალიან იოლად გაახარებთ, სხვა შემთხვევაში კი, მოგახსენებთ მისთვის სასურველ პირობებს, შეუქმენით ასეთი გარემო და პრობლემაც აღარ იქნება.
– როგორ ნიადაგში გავახაროთ ენცუკლია?
– მცენარე კარგად ხარობს ტორფიან ნიადაგში, თუმცა, არის ისეთი სახეობებიც, რომლებიც არც მიწაში და არც ტორფში არ ხარობს, მხოლოდ დაკიდებულ მდგომარეობაში, უმიწოდ უნდა იყოს. ასეთ მცენარეს სჭირდება ტროპიკული გარემო და ორანჟერეა. ამიტომ, შეარჩიეთ ისეთი ენცუკლია, რომელიც ხარობს მიწაში, რომ იოლად გაახაროთ ოთახის პირობებში.
მისი სიმაღლე 18 სანტიმეტრია და საქართველოში 1805 წლიდანაა შემოტანილი მეხიკოდან.
– როგორ მოვუაროთ ოთახის პირობებში ენცუკლიას და სად გვირჩევთ მის დადგმას?
– ენცუკლიას სჭირდება გაფანტული მზის სხივები. მისთვის არ შეიძლება პირდაპირი, მწველი მზე. მცენარე ზაფხულში დადგით დაჩრდილულ ადგილას.
– როდის შეიძლება ვაყვავილოთ ენცუკლია?
– მცენარე ყვავის წელიწადში ორჯერ და ყვავილობა ძალიან დიდხანს გრძელდება. ეს მცენარე განსაკუთრებული სწორედ თავისი ყვავილებითაა. მისი ყვავილები შეიძლება იყოს როგორც სტაფილოსფერი, ასევე წითელი და ყავისფერი. მცენარე მაისში გამოიღებს გრძელ ღეროებს და მასზე 5-8 ყვავილი გამოდის.
– როგორ პირობებში ვამყოფოთ ენცუკლია ამ სეზონზე?
– ამ მცენარის ფოთლები მწვანეა, ხოლო შემოდგომით კი ნაცრისფერი ხდება, რაც იმის ნიშანია, რომ ახლა მცენარე უკვე მიძინებას იწყებს. ზამთარში მას სჭირდება 20-22 გრადუსი სითბო. დადგით ის ნათელ ადგილას. კარგი იქნება, თუ მცენარეს სიმაღლეზე შემოდგამთ. ზამთრის პერიოდებში ენცუკლია არ მორწყათ, მხოლოდ ზემოდან დანამეთ და, ისიც, ცოტაოდენი წყლით. გაითვალისწინეთ, რომ მას სჭირდება წყლის რეჟიმის დაცვა და არ მიაკაროთ ხისტი წყალი.
– შესაძლებელია თუ არა ენცუკლიის გასხვლა და გადარგვა?
– მცენარის გასხვლა შეუძლებელია, არც ხშირი გადარგვაა სასურველი. თუ მცენარეს ფესვები ქოთნის ზემოდან ამოუვა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადარგეთ. გადარგვა უნდა მოხდეს სამ წელიწადში ერთხელ. თუ მცენარე იოლად არ ამოვიდა ქოთნიდან, დაალბეთ მისი მიწა და შემდეგ ამოიღეთ. მისი ძალით ამოგლეჯა არ შეიძლება, რადგან, ასეთ დროს, შესაძლოა, მოსწყდეს ფესვები, სადაც გაუჩნდება სოკოვანი დაავადება და ეს გამოიწვევს მცენარის დაღუპვას.
– რა მავნებელი შეიძლება გაუჩნდეს ენცუკლიას?
– ენცუკლიას მავნებლები არ უჩნდება, ამიტომ არ იხმაროთ შხამქიმიკატები. გაზაფხულობით მას სჭირდება კალიუმი. კარგი იქნება, თუ ქოთნის პირზე მოაყრით ცარცს.
– როგორი ქოთანი შევურჩიოთ ენცუკლიას და რით მრავლდება მცენარე?
– ამ მცენარეს სჭირდება ვიწრო და გრძელი ქოთანი. ის მრავლდება როგორც გაყოფით, ასევე თესლით. გაითვალისწინეთ, რომ თესლს ოთახის პირობებში ვერ მიიღებთ, ამიტომ, ეცადეთ, გაყოფით გაამრავლოთ, მაგრამ გაყოფა ხდება ორ-სამ წელიწადში ერთხელ, სანამ დედა-ძირს არ მოსცილდება მისი ამონაყარი.
– მოგვიყევით ფალენოპსისის შესახებ...
– ფალენოპსისს 90 სანტიმეტრამდე სიმაღლის ღონიერ და მოკრძალებულ ღეროებზე ამოსული დიდი ყვავილები ამშვენებს. ფალენოპსისის მრავალი ჰიბრიდი არსებობს, რომელთა ყვავილები ვარდისფერი, თეთრი ან წითელია, ფურცლები კი – სხვადასხვაგვარად მოხატული.
– როგორი პირობები სჭირდება ამ მცენარეს?
– ფალენოპსისის ყველა სახეობას ერთნაირი პირობები სჭირდება. ამ მცენარეს გართხმული ფესვები აქვს, რომლებიც მთელ ქოთანს მოედება, გარეთ გადმოდის და საკვებსა და საყრდენს დაეძებს. ამ ორქიდეის ქლოროფილის შემცველი ფესვები მზის ენერგიას საჭიროებს, ამიტომ ის ღია, დაწნულ კალათაში ან გამჭვირვალე ქოთანში გაზარდეთ, რათა შუქი ფესვებსაც მოხვდეს.
– რა სიხშირით ყვავილობს ფალენოპსისი და როგორ სინათლეზე ვამყოფოთ მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– ამ მცენარის ყვავილები, შეიძლება, ნებისმიერ დროს გაიშალოს. მას კარგი სინათლე სჭირდება. ზამთარში, ყვავილობის ხელშესაწყობად, ხელოვნური განათებაც მიაშველეთ და ასე ფალენოპსისი თავისი ლამაზი ყვავილებით გაგანებივრებთ.
– რაც შეეხება ტემპერატურას?
– მისთვის იდეალურია დაახლოებით 20 გრადუსი სითბო და მაღალი ტენიანობა. მოსწონს სიგრილეც. გახსოვდეთ, რომ ღამით ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაბალი უნდა იყოს.
– რა სიხშირით მოვრწყათ ეს ორქიდეა?
– ზრდის პერიოდში უხვად მორწყეთ. ზამთარში მორწყვა შეამცირეთ და თითქმის სიმშრალეში ამყოფეთ. მოსწონს რბილი წყალი, ოღონდ, ყვავილებსა და ფოთლებს ნუ დაუსველებთ, თორემ, შეიძლება, მათი ლპობა დაიწყოს.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ფალენოპსისის გახარებისას?
– ზაფხულში, ორ კვირაში ერთხელ, 5 წუთით გააჩერეთ ორქიდეებისთვის განკუთვნილ თხევად სასუქში, შემდეგ კი დაწრიტეთ. დაყვავილების შემდეგ ღერო ქვემოდან მეორე კვირტის სიმაღლეზე გადაჭერით. შეგიძლიათ, ძველი ღერო მთლიანად მოაშოროთ. მცენარე ნათელ სააბაზანოში დადგით – ასეთ ადგილას თავს მშვენივრად იგრძნობს და კარგადაც გაიხარებს.