ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ძალიან მინდა, კარგი და საყვარელი ძაღლი შევიძინო სახლისთვის. რა ჯიშის ძაღლის შეძენას მირჩევთ? ადრე არასდროს მყოლია ძაღლი და მისი მოვლის გამოცდილება არ მაქვს.
პასუხი: თუ მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი „დეკორაცია” გჭირდებათ, ამისთვის სპეციალური ჯიშები არსებობს, მაგალითად: „ში-ცუ,” „პეკინესი” და ასე შემდეგ. ისინი ვიზუალურად ძალიან ლამაზი ძაღლები არიან. ამის შემდეგ, უნდა იცოდეთ, როგორი დონის ძაღლის შეძენა გსურთ: იყოს თავისი ჯიშის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ელიტარული წარმომავლობის, მიიღოს მონაწილეობა გამოფენებზე, თუ, უბრალოდ გინდათ, გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი.
კითხვა: მყავს 2 წლის ნაგაზი. მაინტერესებს, მისი დაწყვილებისთვის წელიწადის რომელი დრო უფრო სასურველია?
პასუხი: ეს საკითხი ინდივიდუალურია – ყველა ძაღლს სხვადასხვა დროს აქვს დაწყვილების პერიოდი. ჩემი აზრით, გაზაფხული ყველაზე მეტად სასურველია, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ლეკვები ზაფხულში იბადებიან და ისინი ადრეულ ასაკში გადაიტანენ ყველაზე ცუდ პერიოდს, როცა მათ არ უნდა მიეკაროს ქარი, სიცივე და ასე შემდეგ და ზამთარს მომწიფებულები ხვდებიან, დაახლოებით 5 თვის მაინც. თუმცა, ზაფხულს ერთი დიდი მინუსიც აქვს – ამ პერიოდში ძალიან ბევრი პარაზიტი და ბაქტერიაა და ზამთარში დაბადებული ლეკვები თითქმის ყველანაირ პარაზიტსა და ბაქტერიას აცდენილი გვყავს. დაწყვილების პერიოდისთვის ყველა სეზონს თავის პლუსი და მინუსი აქვს.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა უნდა ვასწავლოთ სახლის პირობებში ძაღლს ლეკვობიდან?
პასუხი: უნდა შეეცადოთ, ლეკვს ყველანაირი კომფორტი შეუქმნათ, ოღონდ, არა გათავხედებამდე. ზედმეტი კომფორტის წყალობით, შეიძლება, თქვენვე შემოგიღრინოთ ან გიკბინოთ. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ ურთიერთობა დააბალანსოთ. ლეკვი ყველაზე ჯიუტი არსებაა, მას შეუძლია, ბევრჯერ მოისმინოს ბრძანება, რომ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, მაინც წავიდეს და იგივე გააკეთოს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ნებისყოფა უნდა გქონდეთ, რომ ის აღზარდოთ. თუ მას ვერ მოერიეთ, უმჯობესია, ეს საქმე პროფესიონალს მიანდოთ.
კითხვა: მყავს 1 წლის პუდელი. მაინტერესებს, წელიწადის ამ დროს რა დაავადებების გამწვავებაა გავრცელებული ცხოველებში?
პასუხი: შემოდგომაზე ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც შესაძლებელია, ლაპარაკია, ძირითადად, კანის ალერგიულ დაავადებებზე. შემოდგომის თბილ ამინდებში ჰაერში მომატებულია ტენიანობა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია კანის სოკოვანი და ბაქტერიული მიკროფლორისთვის, რომ განვითარდეს ინფექციური პროცესები და გამწვავდეს დაავადება. ჯანმრთელი ძაღლისთვის აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ, თუ ცხოველი ალერგიულია, მაშინ დაავადების გამწვავებას უნდა ველოდოთ ოქტომბერში.
გვერდი მოამზადა