რა ტრადიციის დემონსტრირება მოხდა პუტინი-ობამას ჩაის სმის ცერემონიაზე და რას გვირჩევს ჩაის სმასთან დაკავშირებით კოლექციონერი ვაჟა კობერიძე
ვაჟა და მანანა კობერიძეების ოჯახში არაერთი დასახელების კოლექცია ინახება, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია, წარმომავლობა და ადგილი აქვს. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ჩემთვის მათ ოჯახში გატარებული რამდენიმე საათი ასე საინტერესო. ქალბატონი მანანა და ბატონი ვაჟა შესანიშნავი რესპონდენტები აღმოჩნდნენ.
ბატონი ვაჟა: გვიყვარს და ვაფასებთ ხელოვნებას, ჩვენი ოჯახის მეგობართა უმრავლოსობა ხელოვნების მუშაკები არიან. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ბალეტმეისტერი იური ზარეცკი. ისიც ძალიან დაინტერესებული იყო სხვადასხვა სახის კოლექციის შეგროვებით. ნაწილობრივ მისი გავლენაც იყო, მე და მანანა კოლექციონერობით რომ დავინტერესდით. ასე ვთქვათ, ავყევით ერთმანეთს. იური რომ გარდაიცვალა, მე და ვიქტორ ჯორბენაძემ, იყო ასეთი შესანიშნავი არქიტექტორი, მისი კოლექციები ქარვასლას ჩავაბარეთ.
– რისი კოლექციები იყო?
ქალბატონი მანანა: მკითხველს ვურჩევ, ქარვასლაში მივიდეს და იკითხოს ზარეცკის კოლექცია. ძალიან საინტერესო სანახაობა ელით.
ბატონი ვაჟა: იქ არის ბულები, ავეჯი, ნახატები, ჭაღები, ჭურჭელი... ერთი სიტყვით, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენც დავიწყეთ კოლექციონერობა. როდესაც საშუალება იყო ვაგროვებდით, როდესაც არა – მხოლოდ ცქერით ვტკბებოდით.
– თავდაპირველად რისი კოლექციის შეგროვება დაიწყეთ?
– თავდაპირველად ყველის დაფების შეგროვება დავიწყეთ.
ქალბატონი მანანა: ეს არის ფერწერა, მას პირდაპირი დანიშნულებით, ანუ ყველის დასადებად და დასაჭრელად ვერ გამოიყენებ.
ბატონი ვაჟა: საერთოდ, ყველის დაფები არის სერვიზის ნაწილი, ცალკე ის არ კეთდებოდა.
– ბევრი სახეობის ნაწარმია ამ კოლექციაში თავმოყრილი?
– საკმაოდ, ძირითადად აქ შეხვდებით „კუზნეცოვის“, „გარდნერისა“ და ინგლისური „ვეჯბვუდის“ ნაწარმს. ჩვენ ამ ფაბრიკებიდან თითქმის ყველა დასახელების პროდუქცია გვქონდა. მართალია, ნაწილი შვილებს დავურიგეთ, მაგრამ, გარკვეული რაოდენობა დავიტოვეთ – იმდენი, რომ კოლექცია ვუწოდოთ.
მოგვიანებით ჩაის ფინჯნებისა და ლამბაქების შეგროვება დავიწყეთ. აქაც შეხვდებით „კუზნეცოვს“, „გარდნერს“, „ძმებ კორნილოვებს“...
– კიდევ რა დასახელების კოლექცია ინახება თქვენს ოჯახში?
ქალბატონი მანანა: ჩაის ჭიქის ჩასადებები, ეგრეთ წოდებული „პოდსტაკანჩიკები”, რომლებიც მზადდებოდა ვერცხლისგან, მელქიორისგან და უბრალო ლითონისგანაც. ბევრ ძველ რუსულ ნიმუშს ამშვენებს წარწერები.
– რომელიმე წარწერა წავიკითხოთ, საინტერესოა.
ბატონი ვაჟა: მაგალითად, ამას აწერია: „ხრანი, ანგელა”.
ქალბატონი მანანა: ბევრი ნიმუში ამ კოლექციიდან საჩუქარია. ვინც იცოდა ჩვენი კოლექციონერობის ამბავი, თავისი წვლილი შეჰქონდა ამ ჩვენს გატაცებაში. მაგალითად, ეს მოწნული ჩაის ჭიქის ჩასადები ჩუბჩიკას საჩუქარია.
ბატონი ვაჟა: საერთოდ, ჩვენ ჩაის მოყვარული ოჯახი ვართ. ძალიან იშვიათად, რომ ალკოჰოლური სასმელი მივირთვათ. ამიტომ, ჩვენი არაერთი კოლექცია უკავშირდება ჩაის. ცალკე ტრადიციაა სტუმრის გამასპინძლება. ასეთ დროს, ბევრი ნიმუში ამ კოლექციებიდან ინაცვლებს სუფრაზე. მე თვითონ ვაყენებ ჩაის. ახლა ათასნაირი ჩაია: მოგეხსენებათ, დარიჩინით, მიხაკით, ინდური, ინგლისური, ქართული... ხანდახან ვურევ ერთმანეთში... საერთოდ, ქართული ჩაი ყველაზე კარგია. ოჯახებში ასორსლილ ჩაის ამზადებენ, ჭრიან და შემდეგ ყიდიან. სულ ორი ცალიც რომ ჩააგდო წყალში, იშლება და არაჩვეულებრივი არომატი აქვს. დანარჩენი, „ლიპტონები“ და კიდევ მრავალი დასახელების ჩაი რომ გამოდის, მათ ქიმიური ჩარევით აქვთ სხვადასხვა ხილის გემო დამატებული.
– ჩაის დაყენების თქვენეულ რეცეპტს გაგვანდობთ?
– კი ბატონო, სულ მისვამენ ამ კითხვას და ვპასუხობ: ბევრი ჩაი უნდა ჩაყაროთ (იცინის). ზოგი ფერს რომ ყრის, შემდეგ კვლავ ქურაზე დგამს ჩაიდანს. წესით კი, ადუღებული წყალი უნდა დაასხა, მაგრამ, არ უნდა აადუღო.
– ჩაის თემაზე ვსაუბრობთ და, არ შემიძლია, თვალი ავარიდო სამოვრების კოლექციას.
ქალბატონი მანანა: აქ, ძირითადად, პატარა სამოვრებია, თუმცა, დიდი სამოვარიც გვაქვს – იური ზარეცკის სახსოვარი.
– ჩაის წვეულებებზე სამოვარს თუ იყენებთ ხოლმე?
ბატონი ვაჟა: არა. სამოვრით ჩაის დაყენებას თავისი განსაკუთრებული რიტუალი აქვს. ელექტროსამოვარი რა სამოვარია! ტრადიციულად, სამოვარს რუსები სალდათურ ჩექმას, როგორც უწოდებენ – „კირზოვი საპოგს” ადგამდნენ ზემოდან. ჩექმა რომ იჭიმება და იკეცება, „ნასოსის” ფუნქციას ასრულებს და სამოვარში მოთავსებული ნაკვერჩხალი არ ნელდება. სხვათა შორის, პუტინი ობამას ამ ტრადიციით დახვდა.
– განსაკუთრებული გამჭრიახობა არაა საჭირო იმის გამოსაცნობად, რომ, ამ ტრადიციისა და „ტრადიციული სილამაზის” მიღმა კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა რუსულ „ჩაეპიტიეზე” რუსული ჩექმის დემონსტრირებას, მაგრამ, ამჯერად ეს ჩვენი საუბრის თემას სცილდება... დავუბრუნდეთ კოლექციას: ამ კუთხეში ფილთაქვების კოლექციაა განთავსებული?
ქალბატონო მანანა: დიახ. ჩვენ მეოცე საუკუნის ბოლოს, აფხაზეთის ომის დროს დავიწყეთ მათი შეგროვება. ერთ დღეს, მოვდივართ ქუჩაში და ვხედავთ, რომ უზარმაზარი სატვირთო მანქანა სავსეა ამგვარი ფილთაქვებითა და კიდევ სხვა უნიკალური ნივთებით და თურქეთში მიაქვთ ჯართად. შევიშალეთ... საქართველოში ხომ ძალიან მდიდარი ოჯახები იყო... ქვეყანა კი ოჯახებისგან შედგება და ეს სიმდიდრე აქ იყო... კარგია, რომ ახლა აღარ ატანენ... ეს აკრძალვა დიდი ხნის წინ რომ დაწესებულიყო, კარგი იქნებოდა.
ფილთაქვებს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა: ნიგვზისთვის, წიწაკისთვის, ნივრისთვის, შაქრისთვის, კოსმეტიკური საშუალებების მოსამზადებლად... ახლა ისეთი ტექნიკა შემოვიდა ამათ ვინღა ხმარობს, მაგრამ, მაინც თავისი პეწი აქვს. ფილთაქვები დანიშნულების მიხედვით, სხვადასხვა მასალისგანაც მზადდებოდა: ხისგან, ლითონისგან, ფაიფურისგან... აქვს სხვადასხვა ფორმაც.
ბატონი ვაჟა: ვაგროვებდი ნახატებსაც.
– რომელი ცნობილი მხატვრის ნამუშევარი გაქვთ კოლექციაში?
ქალბატონი მანანა: აქ ყველა ნამუშევარი ორიგინალი გვაქვს. მაგალითად: თენგიზ მირზაშვილის, გოგი მესხიშვილის, ეს სოფა მირზაშვილის – თენგიზის დედის ნამუშევრებია, ეს – ლორეტა შენგელიასი, მირიან მშველიძის, თემურ ნინუასი, შმაგი შეყილაძის, ქოჩაკიზის, შმერლინგის, მურთაზ მშველიძის, სერგეევის, ეს რეზო გაბრიაძის ნახატია, ზურა ლეჟავას.
– უთოების კოლექციაც გქონიათ. თან, რა ძველი უთოებია...
ბატონი ვაჟა: როგორ გითხრათ... მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის უთოები არც ისე ძველი მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ უთო ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში გამოიგონეს. მეთვრამეტე საუკუნეში მასში გავარვარებული ნაკვერჩხალი თავსდებოდა. იყო გასათბობი უთოებიც, რომლებიც ღუმელში იდგმებოდა გასაცხელებლად. ამ კოლექციაში ორივენაირ უთოს შეხვდებით. ყველაზე ძვირფასად სპირტის უთო ითვლებოდა – მეცხრამეტე საუკუნეში ერთ ასეთ უთოში, თურმე, ცხვარსაც არ იშურებდნენ. პირველი ელექტრონული უთო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, კერძოდ, 1882 წელს გამოიგონეს.
– კიდევ ბევრი დასახელების კოლექციას ინახავთ?
– გვაქვს მარაოების, ზანდუკების, ზარდახშების, ძველებური ავეჯის, წიგნების კოლექციები. ეს მარაო ნიუ-იორკში ვიყიდე დაახლოებით 20 წლის წინ. როდესაც მივლინებით მივდიოდი, მანანამ დამაბარა, მარაოს გარეშე არ ჩამოხვიდეო. ამ მარაოს მანჰეტენზე ერთ-ერთ მაღაზიაში წავაწყდი. ვიკითხე, რა ღირს-მეთქი და მიპასუხეს, არ იყიდება, ამით ინტერიერს ვალამაზებთო. ვერ წამოვედი... მაღაზია უნდა დავკეტოთო – მითხრეს კორექტულად. მე ვუთხარი, არ წავალ, სანამ ამ მარაოს არ მომყიდით-მეთქი. ტანკივით ზანგი იყო. ბოლოს, რომ არ მოვეშვი, მომყიდეს. ამ მარაოებიდან ყველა ფერწერული ნიმუშია.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექციები?
ქალბატონი მანანა: ამ კოლექციის გარეშე ჩვენი ცხოვრება უინტერესო იქნებოდა.