რატომ მოკლეს ერთ-ერთი გარჩევისას ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მოსკოვში
– მოითმინეთ, გოგონა, თქვენთან საქმე მაქვს, – უთხრა ოცდახუთიოდე წლის გოგონას ახალგაზრდა ქალმა და მაჯაზე წაატანა ხელი. შემდეგ, ოქროს სამაჯურს დააცქერდა და ხმამაღლა გაეცინა, – საიდან გაქვთ თქვენ ეს სამკაული?
– რა თქვენი საქმეა? – უპასუხა გოგონამ და ტრამვაიდან ჩასვლა დააპირა. თუმცა, ქალს ისე მაგრად ჰქონდა მაჯაზე ჩავლებული ხელი, რომ ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოახერხა.
– თქვი, საიდან გაჩნდა შენს მაჯაზე ეს სამაჯური! – ხმას აუწია ქალმა და გოგონა თავისკენ მოქაჩა.
– ხალხო! – აკივლდა გოგონა, – ჩქარა, მილიციას გამოუძახეთ, ბანდიტი დამესხა თავს და მძარცვავს!
– დაუძახეთ, დაუძახეთ! – ამბობდა ქალიც და გოგონას ხელს არ უშვებდა.
როგორც იქნა, ტრამვაი გაჩერდა და ვაგონში თეთრქუდიანი მილიციელი ავიდა.
– რაშია საქმე, ქალიშვილო, რატომ ღელავთ? – ჰკითხა მილიციელმა გოგონას და ქალს მისი მაჯიდან ხელი გააშვებინა.
– ამხანაგო მილიციელო, – ახლა ქალი აქოთქოთდა, – მაგრად ჩაავლეთ ხელი ამ ბანდიტს, არ გაგექცეთ!
– ბანდიტი შენ თვითონ ხარ! – უთხრა გოგონამ.
– არა, ჩემო მშვენიერო, – ირონიულად უთხრა ქალმა გოგონას, – ბანდიტი და ავაზაკი შენ ხარ თვითონ!
– კი მაგრამ, რატომ? – გაეცინა გოგონას.
– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ეს სამაჯური გუშინწინ ჩავაბარე „კრასნაია პრესნაიაზე“ ლომბარდში და დღეს შენს ხელზე როგორ გაჩნდა?
– რაებს როშავ, ქალო? – წამოწითლდა გოგონა, – ეს სამაჯური ჩემმა საქმრომ მაჩუქა გუშინ. რა ლომბარდი, ხომ არაფერი გეჩვენება?
– არაფერიც არ მეჩვენება, – დამაჯერებლად თქვა ქალმა, – თუ არ გჯერათ, რომ ჩემია, მაშინ სამაჯურს საკეტზე დახედეთ. მასზე ორი ცალი იქსია ამოკაწრული და ისინი ჩემმა შვილმა ამოკაწრა მახათით, როცა ჯერ კიდევ 6 წლის იყო.
გოგონამ სამაჯურის საკეტს დახედა და გაშრა. მასზე მართლაც ორი იქსი იყო ამოკაწრული.
– ამ შემთხვევაში, მილიციაში მოგვიწევს საქმის გარკვევა, – თქვა თეთრქუდიანმა მილიციელმა და ქალებთან ერთად მილიციის უახლოესი ქვეგანყოფილებისკენ გაემართა.
„სტუდენტი“
ქალი, რომელმაც საკუთარი სამაჯური ამოიცნო, მოსკოველი ტამარა კოლცოვა იყო, ხოლო ახალგაზრდა გოგონა კი – ინა პეტროვა. ისიც მოსკოვში ცხოვრობდა და ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა.
– საიდან გაქვთ თქვენ ეს სამაჯური? – ჰკითხა პეტროვას ქვეგანყოფილების უფროსმა და სამკაული შეათვალიერა.
– საქმრომ მაჩუქა გუშინ, – მტკიცედ უპასუხა გოგონამ მილიციელს და ამაყად ახედა.
– თქვენი საქმრო ვინღაა? – იკითხა მილიციელმა, – მისი გვარი და სახელი მითხარით.
– ივან ზახაროვი.
– ვინ, ვინ?
– ივან ზახაროვი, – გაიმეორა ინამ.
– რამდენი წლისაა?
– ოცდაშვიდის.
– რას საქმიანობს?
– სტუდენტია.
– სტუდენტი, სტუდენტი, – იმეორებდა მილიციელი, თან უჯრაში იქექებოდა.
შემდეგ ერთი ფოტოსურათი ამოაცურა და სანამ გოგონას უჩვენებდა, ირონიულად ჰკითხა:
– დიდი ხანია, რაც იმ სტუდენტს იცნობთ?
– ექვსი თვე.
– ესაა? – თქვა მილიციელმა და გოგონას შავ-თეთრი ფოტო დაუდო წინ.
– დიახ. თქვენ საიდან იცნობთ?
– ეს ადამიანი გარკვეული წრეებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი ვირტუოზი ჯიბგირი – მეტსახელად „სტუდენტია“, – გაეცინა მილიციელს.
– ვირტუოზი ჯიბგირი? – ხმის კანკალით თქვა ინამ.
– ქალბატონო, – მილიციელი ახლა უკვე მეორე ქალს მიუბრუნდა, – ხომ არ გეშლებათ, ეს თქვენი სამაჯური, იქნებ, ლომბარდში არ ჩაგიბარებიათ და სხვა ადგილზე დაკარგეთ? მაგალითად, რომელიმე ბაზრობაზე?
– რას ბრძანებთ, ამხანაგო კაპიტანო, – შეცბა ქალი, – მე ჯერ არ გავგიჟებულვარ, აი, ქვითარი, ინებეთ.
– უცნაურია, – თქვა კაპიტანმა, – „სტუდენტი“ ყოველთვის „ჯიბეზე დადიოდა“ და ნუთუ, კვალიფიკაცია შეიცვალა?
იმავე საღამოს მილიციის ოპერატიული ჯგუფი ინა პეტროვას ბინას ჩაუსაფრდა და „სტუდენტი“ დააპატიმრა. მანამდე კი „მურის“ ოპერებმა და კრიმინალისტებმა „კრასნაია პრესნაიას“ ლომბარდი შეამოწმეს და მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან იქაურობა პირწმინდად იყო გაძარცვული. მოგვიანებით დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ გაძარცვული ნივთების ღირებულება მილიონ 800 ათას მანეთს შეადგენდა.
– კვალიფიკაცია შეიცვალე, ზახაროვ? – ჰკითხა ჯიბგირს „მურის“ ცნობილმა მაძებარმა პავლე ზალცმანმა.
– გულს მტკენთ, უფროსო, – უპასუხა ზალცმანს ზახაროვმა.
– აბა, ეს სამაჯური საიდან მოხვდა შენთან?
– საიდან და, ერთ არიფს ამოვუღე ტყავის ქურთუკიდან, – უპასუხა სტუდენტმა.
ახალი კვალი
„კრასნაია პრესნაიას“ ლომბარდი შაბათ საღამოს იყო გაძარცვული. ქურდებმა იქ სარდაფიდან შეაღწიეს და საამისოდ ეგრეთ წოდებული „დომკრატები“ გამოიყენეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა კრიმინალისტებმა იქ თითის ერთი ანაბეჭდიც ვერ აღმოაჩინეს.
– ეტყობა, პროფესიონალები მუშაობდნენ, ყველაფერი სუფთადაა შესრულებული, – თქვა პავლე ზალცმანმა ერთ-ერთ ოპერატიულ თათბირზე, – დარწმუნებული ვარ, „სტუდენტი“ არ ცრუობს და ეს სამაჯური მართლაც ჯიბიდან მოპარა ტყავისკოსტუმიან ახალგაზრდა მამაკაცს.
– გაქურდული ტყავისკოსტუმიანის სხვა ნიშნები ვერ დაადგინეთ? – დაინტერესდა „მურის“ უფროსი.
– ვერ დავადგინეთ, ამხანაგო გენერალო, – უპასუხა ზალცმანმა, – „სტუდენტი“ ამბობს, რომ მამაკაცს ზურგიდან ედგა და მისი სახე არ დაუნახავს.
– ძალიან ცუდი, – თქვა გენერალმა – წაღებულია, თითქმის 2 მილიონი მანეთის ქონება და ჩვენ კი დოყლაპიებივით ერთ ადგილს ვტკეპნით. რას აპირებთ, პაველ რომანიჩ?
– ნივთების ორიენტირები ყველგან დავგზავნეთ. გარდა ამისა, შესაძლოა, მძარცველებმა ისევ შეგვახსენონ თავი და იქნება მაშინ შევიპყროთ, – მოახსენა ზალცმანმა გენერალს.
„მურში“ ჩატარებული თათბირიდან სამი დღე იყო გასული, გორკის გამზირზე მდებარე ვალუტით მოვაჭრე მაღაზია „ბერიოზკა“ რომ გაძარცვეს პირწმინდად. ბოროტმოქმედებმა იქაც „დომკრატების“ მეშვეობით შეაღწიეს სარდაფიდან. თუმცა, კვალი არც იქ დაუტოვებიათ მძარცველებს და ზალცმანი საგონებელში იყო ჩავარდნილი.
– 700 ათასი მანეთის ღირებულების საქონელი ისე სუფთად წაიღეს, კაციშვილს თვალი არ მოუკრავს მათთვის.
შემდეგი ორი კვირის განმავლობაში მძარცველებმა მოსკოვის ორი საიუველირო მაღაზია გაასუფთავეს – „რუბინი“ და „იანტარი“, საიდანაც შესაბამისად, 400 ათასი და 2 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტაცეს.
– ამხანაგო ზალცმან, – შერისხა „მურის“ უფროსმა ზალცმანი, – ბოლო ორი თვის განმავლობაში ცხვირწინ ოთხი მსხვილი ობიექტი გაგიძარცვეს, სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 4 მილიონ 900 ათასი მანეთი შეადგინა. თქვენ კი პირდაღებული ბუზებს ყლაპავთ და ყურებს აპარტყუნებთ...
ზალცმანი გაფითრდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ისე დაჯდა სკამზე.
ამასობაში მძარცველები გაირინდნენ და სამი თვის განმავლობაში თავი არ შეუხსენებიათ მილიციისთვის.
დაჭრილი მილიციელი
მოსკოვში განხორციელებული ძარცვიდან სამი თვის თავზე, ანალოგიური ხერხით გაიძარცვა საიუველირო მაღაზია თბილისში, რომელიც ამჟამინდელი სასტუმრო „მარიოტის“ ადგილზე მდებარეობდა, მაშინდელ ლენინის მოედანზე. მძარცველების მიერ გატაცებული ძვირფასი ნივთების საერთო რაოდენობამ მილიონ 100 ათასი მანეთი შეადგინა.
მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კონსტანტინე კეთილაძე, რომელმაც ამ პოსტზე ცეკას მდივნად გადასული ედუარდ შევარდნაძე შეცვალა, აღშფოთებას ვერ მალავდა მძარცველთა თარეშის გამო და გაფართოებულ თათბირზე ხელქვეითებს მიმართა:
– ამხანაგებო, ეს საქმე ედუარდ ამბროსოვიჩმა აიყვანა პირად კონტროლზე და ჩვენი ღირსების საქმეა მძარცველთა განეიტრალება. გარდა ამისა, მოსკოვიდანაც დამირეკეს და სასწრაფოდ მომთხოვეს ამ საქმის გახსნა.
მინისტრთან ჩატარებული თათბირის შემდეგ საბჭოთა საქართველოს მილიციის მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე დადგა და მოსალოდნელი ძარცვის ადგილებში გაძლიერებული პატრულირება დაიწყო.
აგვისტოს ერთ ცხელ ღამეს, ლენინის რაიონის მეოთხე ქვეგანყოფილების ზემდეგმა, ჯემალ კორკოტაშვილმა საგანაწესო მორიგეობა დაიწყო. ღამის 3 საათზე მან ოქტომბრის (ამჟამად ცოტნე დადიანის) ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიასთან საეჭვო მანქანა შენიშნა. ზემდეგმა ტაბელური იარაღი გადატენა და ნელი ნაბიჯით მანქანისკენ გაემართა. „მოსკვიჩის“ სალონში ოთხი ახალგაზრდა იჯდა და წასვლას აპირებდნენ. კორკოტაშვილმა მათ ჯერ საბუთები მოსთხოვა და როდესაც უარი მიიღო – პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ გვაქვსო, მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა. მაშინ ახალგაზრდებმა გაქცევა სცადეს, მაგრამ ზემდეგმა კორკოტაშვილმა მათ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი მიუშვირა და უთხრა:
– არ გაინძრეთ, თორემ ცეცხლს გაგიხსნით!
გაფრთხილების მიუხედავად, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მილიციელს იარაღიან ხელში წიხლი ამოარტყა და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა. ამავე დროს გასროლის ხმაც გაისმა და კორკოტაშვილს იარაღი ჯერ ხელიდან გაუვარდა, შემდეგ კი დაეცა.
– მგონი, მუცელში მოხვდა, დაბრუნდი, – უთხრა მძღოლს სწორედ იმ ახალგაზრდამ, რომელმაც მილიციელს წიხლი ამოსცხო.
„მოსკვიჩი“ უკან დაბრუნდა. ახალგაზრდებმა მუცელში დაჭრილი მილიციელი მანქანაში ჩააწვინეს და „არამიანცის“ საავადმყოფოში მიიყვანეს. იქ მისაღებში დატოვეს, ტაბელურ იარაღთან ერთად და წავიდნენ.
კორკოტაშვილს ექიმებმა სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და სიკვდილს გადაარჩინეს. მეორე დღეს კი თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერატიულმა ჯგუფმა სოლოლაკში, ენგელსის ქუჩის ერთ-ერთ ბინაში დააკავეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტები: ანზორ კალანდაძე, ნოდარ მახარაძე, ბონდო მირცხულავა და მალხაზ ნოდია. ოთხივე ახალგაზრდა 21 წლის იყო და ისინი ერთ ჯგუფში, რადიოელექტრონიკის ფაკულტეტზე სწავლობდნენ. ჩხრეკის შედეგად მათ მიერ ნაქირავები ბინიდან მილიციამ 6 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები ამოიღო. ოთხივე ახალგაზრდა ფრიადოსანი სტუდენტი იყო და ფაკულტეტის ხელმძღვანელობა მათზე დიდ იმედებს ამყარებდა. ახალგაზრდა ბოროტმოქმედები იმდენად ოსტატურად თიშავდნენ სიგნალიზაციას, რომ ექსპერტები გაოცებას და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
დაპატიმრებულმა სტუდენტებმა ძარცვის ხუთივე ფაქტი აღიარეს და უმაღლესმა სასამართლომ მათ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პატიმრობის მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში მოხდით. 1981 წელს კალანდაძე და მახარაძე კომის კოლონიიდან გაიქცნენ და შემდგომში, თურქეთის გავლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ბონდო მირცხულავა კანონიერი ქურდი გახდა და ის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი კრიმინალური გარჩევისას მოკლეს მოსკოვში. მალხაზ ნოდია კი, დროზე ადრე გათავისუფლდა ციხიდან. თბილისში დაბრუნდა და ზემდეგ კორკოტაშვილის უმცროს დაზე დაქორწინდა.
ჯემალ კორკოტაშვილმა ჰოსპიტლიდან გამოწერის შემდეგ, თავი დაანება მილიციას და გემზე დაიწყო მუშაობა...