მითი?! – არა, რეალობა
არცთუ იშვიათად ვართ ხოლმე სიტუაციაში, როცა ურთიერთობას საფრთხე ემუქრება. როგორ ავირიდოთ თავიდან კონფლიქტი ყველაზე საყვარელ ადამიანთან? ამ შემთხვევაში მეგობარი იგულისხმება და არა პარტნიორი... „ჭეშმარიტი მეგობრები ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგანან, ამხნევებენ და ეხმარებიან. მათ ერთმანეთის ყოველთვის უსიტყვოდ ესმით. არანაირი კონფლიქტი, მხოლოდ თანამოაზრეობა“, – ეს სიტყვები სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა, მთლად ასეც არ არის საქმე. ორ ადამიანს შორის მეგობრობა რომ შედგეს, აუცილებელი პირობაა, მათ ერთმანეთი ისეთი უნდოდეთ, როგორებიც არიან რეალურად. უნაკლო არავინაა. თუ მეგობრის გადაკეთებას ეცდებით, ურთიერთობა განწირულია. კარგია, როცა შენი უსიტყვოდ ესმით, მაგრამ, ზოგჯერ საკუთარი თავის თავადვე ვერაფერი გაგვიგია. ამიტომ, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას სპონტანურად. მხოლოდ ემოციის კარნახით; ნუ ამოშლით ადამიანს თქვენი მეგობრების სიიდან მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც მომენტში გვერდში ვერ დაგიდგათ. შეიძლება, იმ მომენტში მასაც ჰქონდა პრობლემა, თანაც, გაცილებით სერიოზული. მეგობრობა, უპირველეს ყოვლისა, გულწრფელობა და გულახდილობაა. მეგობარი იმიტომ გინდა, რომ მასთან თავი კომფორტულად იგრძნო. თუ თავს აიძულებ, გახდე სხვა, კომფორტულად ვეღარ იქნები.
ნუ გაუწყრებით მეგობარს უმნიშვნელო წვრილმანის გამო, ნუ გამოეკიდებით სიტყვაზე და აზრი, რომ ჭეშმარიტი მეგობრობა არსებობს, მითიდან რეალობად გადაიქცევა. როცა მისი საქციელი აგაღელვებს, დაჯექი და დაფიქრდი: მზად ხარ, მიიღო ის ისეთი, როგორიც არის?! – გულწრფელი პასუხი ამ კითხვაზე თქვენი მეგობრობის გარანტი იქნება.