ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 22 წლის. ორი თვის წინ მარჯვენა გვერდში დისკომფორტი ვიგრძენი. ექოსკოპიაზე ნაღვლის ბუშტში ორი პოლიპი აღმომაჩნდა (2 და 3 მილიმეტრი). შეიძლება თუ არა ოპერაციის გარეშე მკურნალობა? დისკომფორტი პერიოდულად მაქვს.
პასუხი: ნაღვლის ბუშტის ქოლესტეროზის დროს დისკომფორტი ან ტკივილი მარჯვენა ნეკნთა რკალის ქვეშ აიხსნება ქოლეცისტიტით (ნაღვლის ბუშტის ანთება) ან დისკინეზიით (გამტარიანობის დაქვეითება). ამიტომ, დიეტის გარდა, ექიმი-გასტროენტეროლოგი საჭიროებისამებრ ნიშნავს სპაზმოლიტურ, ნაღველმდენ ან ფერმენტულ პრეპარატებს. თუ კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია, დასაშვებია ქირურგიული ჩარევა.
კითხვა: რა ემართება ორგანიზმს სტრესის დროს (იშლება საჭმლის მომნელებელი სისტემა, ფუჭდება კანი)?
პასუხი: სტრესი, პირველ ყოვლისა არის, ნერვულ სისტემაზე გარე არასახარბიელო ფაქტორების გავლენა. ნერვული სისტემა კი, ჩვენი ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ფუნქციის შესრულებაზე აგებს პასუხს (გულ-სისხლძარღვთა სისტემა, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი, ნივთიერებათა ცვლა და ასე შემდეგ). ამიტომ, როდესაც ირღვევა ერთი სისტემის ფუნქციონირება, ამას მოსდევს დარღვევები სხვა სისტემების მხრიდანაც.
კითხვა: ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ნაღვლის ბუშტი გადაგრეხილია. როგორ მოვიქცე, რომ გასწორდეს?
პასუხი: ნაღვლის ბუშტის ნაკეცი – ნორმის ვარიანტია, ამიტომ მისი „გასწორება“ საჭირო არ არის. თუ დარღვეულია ნაღვლის ბუშტის მოტორიკა, ექიმი ნაღველმდენ ან სპაზმოლიტურ პრეპარატებს ნიშნავს.
კითხვა: ახდენს თუ არა გავლენას ფიზიკური დატვირთვები სპერმატოზოიდების აქტიურობაზე (ჰიპოდინამია)?
პასუხი: ზედმეტად ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ისევე, როგორც ჰიპოდინამია, ახდენს გავლენას სპერმატოზოიდების აქტივობაზე. საერთოდ, სპერმატოზოიდების წარმოქმნა და მათი მომწიფება ძალიან დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე: გადაღლა, ინტოქსიკაცია (ალკოჰოლური, ნარკოტიკული, თამბაქოთი), რადიაცია, მაღალი ტემპერატურა და ასე შემდეგ.
კითხვა: რა შეიძლება იყოს გასტროსკოპიის ალტერნატივა? მაგალითად, არის თუ არა ინფორმატიული კომპიუტერული ტომოგრაფია?
პასუხი: კუჭის კომპიუტერულ ტომოგრაფიას არ აკეთებენ. თუ საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა ვერ ტარდება, აკეთებენ მათ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი