სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ყველაზე პოპულარული ფეხბურთელები
„ფეისბუქი” არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანების, არამედ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების მთავარ გასართობადაც იქცა ინტერნეტში. სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ფეხბურთელის ოფიციალური გვერდია გახსნილი, რომელსაც ათასობით ადამიანი ყოველდღიურად „ალაიქებს”. „თბილისელების” ამ ნომერში მასალის დაწერის მომენტისთვის „ფეისბუქში” ყველაზე მეტი „ლაიქის” მფლობელი ფეხბურთის ვარსკვლავების პირველ ათეულს გთავაზობთ.
კრიშტიანუ რონალდუ – 34 470 542 „ლაიქი”
პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის” ვარსკვლავი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია „ფეისბუქში”. რონალდუ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და შედეგიან ფეხბურთელად ითვლება, რომელიც მადრიდულ სუპერკლუბში რეკორდს რეკორდზე ამყარებს. რონალდუს პირად ცხოვრებაშიც კარგად მისდის საქმე. მისი საცოლე, რუსი მოდელი ირინა შეიკი პლანეტის ყველაზე სასურველი და სექსუალური ქალების რიცხვში შედის. ეს წყვილი იმდენად პოპულარულია, რომ მათ რომანზე მსოფლიოს წამყვანი ტაბლოიდები პირველ გვერდებზე წერენ.
ლიონელ მესი – 25 273 461 „ლაიქი”
„ბარსელონას” ჩია ვარსკვლავი თანამედროვეობის უდიადეს ფეხბურთელად ითვლება და მას მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. მესიზე იმდენად ბევრი თქმულა და დაწერილა, რომ უადგილოა საუბარი მის სპორტულ მიღწევებზე. ერთადერთი, იმას თუ ვიტყვით, გასაკვირია, ამდენით „ლაიქით” რომ ჩამოუვარდება ის თავის უშუალო კონკურენტს ესპანურ პრიმერადივიზიონში, კრიშტიანუ რონალდუს.
დევიდ ბექჰემი – 13 863 680 „ლაიქი”
ინგლისელი დევიდ ბექჰემი მესამე ადგილზეა „ლაიქებს” შორის „ფეისბუქში”, თუმცა პოპულარობით სულაც არ ჩამოუვარდება თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ვარსკვლავებს. ბექჰემი, რომელსაც წლეულს 35 წელი შეუსრულდა, დღემდე აქტუალურია მსოფლიო ფეხბურთში. ცნობილია, რომ ამერიკული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, იგი მზად არის კარიერა ევროპაში განაგრძოს, სადაც მისი გადაბირებით ფრანგული „პარი სენ ჟერმენი” და ლონდონის „ტოტენჰემია” დაინტერესებული.
რიკარდო კაკა – 11 433 378 „ლაიქი”
ბრაზილიელი ვარსკვლავი, მადრიდში გადაბარგების შემდეგ, თითქოს ჩაიკარგა. ხშირმა ტრავმებმა და არასათანადო სპორტულ ფორმაში ყოფნამ, რამდენიმე ხნის განმავლობაში, კაკა საფეხბურთო თანავარსკვლავიდან გააქრო. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს კაკა ფორმას იბრუნებს და ნელ-ნელა თავის ვარსკვლავურ სტატუსსაც ამაგრებს მადრიდულ კლუბში. ითქვა, რომ სატრანსფერო ბაზრის პერიოდში კაკა „არსენალში” უნდა გადასულიყო, თუმცა საბოლოოდ თავად ფეხბურთელმაც და ჟოზე მაურინიომ გადაწყვიტეს, რომ კაკა სამეფო კლუბში დარჩებოდა.
ფერნანდო ტორესი – 8 173 680 „ლაიქი”
ესპანეთის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის” ფორვარდს მეტსახელად უწოდებენ – „მკვლელს ბავშვის სახით”. თუმცა, ბოლო დროს ტორესმა გოლების გატანას მოუკლო და ამით ყველაზე მეტად „არისტოკრატების” ფანები და კლუბის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი არიან უკმაყოფილო. ამის მიუხედავად, ტორესის „დამლაიქებელთა” რიცხვი „ფეისბუქში” ყოველდღიურად იზრდება მას მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო ნაკრების წევრებს შორის პირველი ადგილი უკავია სოციალურ ქსელში.
უეინ რუნი – 8 012 649 „ლაიქი”
„შრეკად” წოდებული „მანჩესტერ იუნაიტედის” ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ფეისბუქის” რეიტინგში მეექვსეა. თუმცა, ეს ფაქტი სულაც არ ჩრდილავს მის დამსახურებებს. მიმდინარე სეზონს რუნი უაღრესად მომზადებული შეხვდა და „წითელი ეშმაკების” მწვრთნელმა – სერ ალექს ფერგიუსონმა მას „პელეც” კი უწოდა. მას ამჟამინდელი რუნი პელეს საუკეთესო წლებს აგონებს.
ანდრეს ინიესტა – 7 918 123 „ლაიქი”
ანდრეს ინიესტა მეორე „ბარსელონელია”, რომელიც „ფეისბუქის” ტოპ-ფეხბურთელებს შორის ფიგურირებს. ინიესტას პოპულარობა, დიდწილად, მისი მშობლიური კლუბის წარმატებული გამოსვლით არის განპირობებული. 170 სანტიმეტრის სიმაღლის ინიესტა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებს შორის სახელდება და მის გადაბირებაზე არაერთი ტოპ-კლუბი ოცნებობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, „ბარსელონამ” უარი თქვას თავის „მკვლელ” ტრიოზე: მესი-ხავი-ინიესტაზე, რომელიც „ნერვებს უშლის” ესპანეთის და დანარჩენი მსოფლიოს წამყვან კლუბებს.
სტივენ ჯერარდი – 5 379 230 „ლაიქი”
„ლივერპულის” ნახევარმცველი „ფეისბუქში” თავის თანამემამულე უეინ რუნიზე ნაკლებად პოპულარულია სოციალურ ქსელში, თუმცა სპორტული თვალსაზრისით არაფრით ჩამოუვარდება თავის პარტნიორს ეროვნულ ნაკრებში. ჯერარდი ლივერპულის უმთავრესი ვარსკვლავია და წლევანდელ სეზონს, თანაგუნდელებთან ერთად, ბრწყინვალედ ატარებს. მთავარი მიზანი კი, რომელიც კლუბს აქვს დასახული მიმდინარე პრემიერლიგაში, ანუ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, სულაც არ არის „შეუსრულებელი მისია”.
რონალდინიო – 5 145 833 „ლაიქი”
რონალდინიო გაუჩო მშობლიურ ბრაზილიაში აგორებს ბურთს და ეს საქმე იმდენად კარგად გამოსდის, რომ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა, მანე მენეზეშმა იგი ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა. რონალდინიოს მიზანი 2014 წლის მუნდიალზე თამაშია და იგი ძალას არ იშურებს, რომ ის სათამაშო ფორმა დაიბრუნოს, რომლითაც „ბარსელონას” რიგებში ბრწყინავდა. რონალდინიო ფეხბურთის გარეთაც „ბრწყინავს” და სულ ბოლო ცნობების თანახმად, მექალთანე ფეხბურთელმა თვალი „მის სამყარო 2011-ს” ანგოლას წარმომადგენელ ლამაზმანს დაადგა. თუმცა, ლეილა ლოპესმა ფეხბურთელის არშიყს თავაზიანი უარით უპასუხა.
სესკ ფაბრეგასი – 3 929 885
ესპანელი ფეხბურთელი გასული ზაფხულის უმთავრესი სატრანსფერო მოვლენა იყო. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, იგი როგორც იქნა, დაუბრუნდა მშობლიურ კლუბ „ბარსელონას” და გული მოუკლა „არსენალის” ქომაგებს. ფაბრეგასის წასვლა იმდენად დაეტყო ლონდონელებს, რომ მის გარეშე მოგება თითქმის წარმოუდგენელი გახდა. „ფეისბუქის” ფეხბურთელების პირველ ათეულში ფაბრეგასი „ბარსას” მესამე წარმომადგენელია.
„ლაიქების” მხრივ მეორე ათეულში ფეხბურთის შემდეგი ვარსკვლავები მოხვდნენ: დიდიე დროგბა – 3 522 557, მესუტ იოზილი – 3 160 859, ხერარდ პიკე – 2 962 288, ალესანდრო დელ პიერო – 2 317 206, დავიდ ვილა – 1 989 754, დიეგო ფორლანი – 1 971 417, არდა თურანი – 1 951 558, ალექს დე სოუზა – 1 597 816, ნეიმარი – 1 370 909, რიო ფერდინანდი – 871 543 „ლაიქი”.