კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შარებში ეხვევა ზურა ყიფშიძე და ვისთან მიდიოდა ის შესარიგებლად კაქტუსებით

ზურა ყიფშიძეს 70-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მას ახლაც იღებენ კინოში და ორ თეატრშიც მუშაობს. აქვს შემოთავაზებები მოსკოვიდან და აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა. როგორც იქნა, ქალაქგარეთ ცხოვრების ნატვრა აისრულა და სახლი იყიდა ბირთვისში. ცხოვრებაში ყველაზე კომფორტულად თავს სცენაზე გრძნობს. თავისუფალ დროს კი, რომელიც ძალიან ცოტა აქვს, მეგობრებთან ატარებს. რაღაცეებზე გული სწყდება, მაგრამ, ბედნიერია, რომ კორიფეებთან მოუწია შეხვედრა, მუშაობა და ცხოვრება.

ზურა ყიფშიძე: ზაფხული რემონტებში გავატარე. ხილიანზე, სადაც ახლა ვცხოვრობთ, რემონტი გვაქვს და ვერ დავისვენე. დაბადების დღე 10 აგვისტოს მქონდა. მე და მამუკა კიკალა ერთ დღეს ვართ დაბადებულები. საწყალი, მირეკავდა ხოლმე – ხომ არ დაგავიწყდა, დღეს დაბადების დღე გვაქვსო. სკოლაში რომ ვსწავლობდი, განვიცდიდი, რომ ყველას უხდიდნენ დაბადების დღეს, მე კი ისეთ პერიოდში მიწევდა, ხან სად ვიყავი ზაფხულში, ხან სად და, ამიტომ, ზოგს, შეიძლება, არც გახსენებოდა. ახლა მომწონს, რომ ასეთ დროს ვარ დაბადებული. თან, ამ ზაფხულს ოდესაში დავქროდი გადაღებებზე. ვერ ვიტან ამდენ ფრენას. ორ თუ სამ ავიაკატასტროფაში ვარ მოხვედრილი. მე, საერთოდ, შარიანი კაცი ვარ: მოვდიოდი პეტერბურგიდან მოსკოვში მატარებლით. 13 რიცხვი იყო და მეორე დღეს მოხდა ტერაქტი. 15 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთ-ერთი ალისა ფრეინდლიხის სიძე იყო. ღრმა დეპრესიაში ჩავარდა ეს ქალი, გაგიჟდა. მე ერთი დღით ავცდი ამ კატასტროფას. ჯერჯერობით ბედი მწყალობს.
– რა ხდება თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
– როგორც ყველას შემოქმედებაში, ჩემთანაც პატარა ქაოსია. ოდესაში მქონდა გადაღებები. იქიდან წამოვედი. მთავარი ის არის, რომ ახლა კეთდება ზაზა რუსაძის ფილმი ცოტა უცნაური სახელწოდებით – „ჩემი საბნის ნაოჭები“. მე ვთამაშობ მოსამართლეს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და წინაპრების ცოდვები ერთ-ერთ შვილზე გადმოდის. ეს შვილი დაბნეულ, გაუგებარ მდგომარეობაში ჰყავს, რაღაცეები აწუხებს და, ეს კაცი ძალიან ცუდად არის იმის გამო, რომ, რაც უნდოდა, ის არ გამოუვიდა ამ შვილისგან. მაგრამ, მეორე, უმცროსი შვილის იმედი აქვს. წყალტუბოში გვქონდა გადაღებები და ახლა თბილისში ვიღებთ. საინტერესო ჯგუფია. ძალიან კარგი პარტნიორები მყავს: ბახალა (გიორგი გიორგანაშვილი), თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი, ავთო მახარაძე, მარინა ჯანაშია... მაკა მახარაძე თამაშობს ჩემს ცოლს. ასევე, პატარა როლი აქვს ალისა ფრეინდლიხს. სამწუხაროდ, დაემთხვა თეატრალური ფესტივალი და გადაღებების გამო ვერაფერი ვნახე. იმედი მაქვს, ფრეინდლიხს მაინც ვნახავ. შარშან თუ შარშანწინ მომიწია მასთან მუშაობა პეტერბურგში. ფილმს „ვასილევის კუნძული“ ერქვა. საოცარი ქალბატონია ალისა და იმ ფილმის მერე არ მქონია ასეთი ახლო შეხება. ახლა ისევ გვიწევს შეხვედრა, რაც ძალიან სასიამოვნოა.
რაც შეეხება სპექტაკლებს, 30-ში გავხსენით თუმანიშვილის თეატრი, რა თქმა უნდა, „ბაკულას ღორებით“, 20 წელია ვთამაშობთ ამ სპექტაკლს, მისი დაკარგვა არ შეიძლება. თუმანიშვილში რემონტი დამთავრდა. არ უყვარს იმ კაცს, რომ ვასახელებთ, მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი რომ არ იყოს, რა ეშველებოდა ან ხელოვნებას, ან თეატრს?! რა თქმა უნდა, სამინისტროც ცდილობს, მაგრამ, მე ასეთი მეცენატი დღევანდელ დღეს ჯერ არ მინახავს, მარჯანიშვილში „მამა“ აღარ არის. ერთ სპექტაკლს ვთამაშობ – „არტ-ხელოვნებას“ და, შეიძლება საბერძნეთში წავიდეთ ამ სპექტაკლით. სამწუხაროა, რომ ათონელზე „ემიგრანტები“ მოიხსნა, მე და გოგა პიპინაშვილი ძალიან სასიამოვნოდ ვთამაშობდით. ნიუ-იორკში ვიყავით ამ სპექტაკლით, ასევე, ქუთაისშიც. ქუთაისში ძალიან კარგი მაყურებელია.
– როგორ ფიქრობთ, დღევანდელი მაყურებელი უფრო გემოვნებიანი და მომთხოვნია თუ ადრინდელი?
– საერთოდ, ყველაფრის გაუბრალოების ტენდენცია იგრძნობა. ისე კი, ყველაფერს თავისი დრო აქვს. სტანისლავსკის სისტემა არსებობს და მერე არსებობს განშტოებები. ჩემი აზრით, ვჩქარობთ ყველაფერს... მოჩქარეს მოუგვიანდესო – მერე ასე გვემართება. ყველაფერს სჭირდება მოფიქრება, დაღვინება. სათქმელი საინტერესო უნდა იყოს: ან უნდა გაგაკვირვოს, ან უნდა აგაღელვოს. ამ ბოლო დროს ცოტა ზედაპირული მეჩვენება სპექტაკლები, სერიალებზე აღარც მინდა ლაპარაკი. საქართველოში მაყურებელი ყოველთვის მომთხოვნი და გემოვნებიანი იყო. ბევრი ჰქონდა ნანახი და ისეთ თეატრალურ ტრადიციებზე აღიზარდნენ, რომ, უნდა იყვნენ მომთხოვნი. ჯერ მარტო მარჯანიშვილი რომ ავიღოთ. მე მარჯანიშვილში გავიზარდე. რუსთაველს რომ თავი დავანებოთ, იქ იმდენი გიჟი და გადარეული მუშაობდა, რომ... მარტო კვანტალიანი და ჟორჟოლიანი ეყოფოდა ბევრ სხვა თეატრს. ძალიან სერიოზული თაობა იყო, კორიფეებზე არაფერს აღარ ვამბობ. ეს ხომ ნანახი აქვს და ახსოვს ხალხს. ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ახსოვს, მეორე მხრივ კი, გულდასაწყვეტია, რომ არ არის ისეთი დონე. ძალიან ბევრი სპექტაკლი იდგმება და იხსნება და ეს სიჩქარის ბრალია. ახლის ძიებაში არიან, მაგრამ ახლის ძიებას დრო სჭირდება. მეჩვენება, რომ ბევრს არ ესმის, რას აკეთებს. თუმცა, ძალიან კარგი ახალგაზრდებიც მოდიან... ჩვენ გარდამავალ პერიოდში მოვხვდით და ეს გარდამავალი აღარ დამთავრდა. საერთოდ, არ შეიძლება ზედაპირულად მიდგომა. მე პესიმისტი ვარ, მაგრამ, როგორც ცნობილია, პესიმისტი არის კარგად ინფორმირებული ოპტიმისტი და რაღაცის იმედი მაქვს.
– თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული?
– თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, მაგრამ ვცდილობ, მეგობრებთან ერთად გავატარო. ხშირად ვიკრიბებით – გვაქვს ამის საშუალება. კაცები ხომ მაგარი ჭორიკნები ვართ. მეგობრები მყავს ძალიან საინტერესო ხალხი – მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, ექიმები, არქიტექტორები, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი აღარ მყავს. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ხალხს დავკარგავდი. ხანდაზმული მშობლები და უფროსი ძმა გარდამეცვალა და მეგობრები – პანტაპუნტით. ძალიან მეწყინა რამაზ ჩხიკვაძის მეუღლის სიკვდილი. მაინც მხნედ არის რამაზი, მაგარი კაცია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მსახიობების გვერდით გავიზარდე, ძალიან სერიოზული თაობაა. ბედნიერებაა, როცა ასეთ პიროვნებებთან გიწევს შეხვედრა. აკაკი კვანტალიანს ვიცნობდი, ჟორჟოლიანს, ვერიკოს, სოფიკოს, ეროსიზე ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ.
ძალიან მინდოდა ქალაქგარეთ ცხოვრება და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის – გადასარევი სახლი ვიყიდე ბირთვისში, ოღონდ, თეთრი კარკასია, დიდი ხნის აშენებული. ამის რემონტს ძალიან ბევრი უნდა, მე მარტო ვერ შევძლებ და მეგობრების იმედი მაქვს. ერთ წელიწადში ან ორში ისე რომ იყოს, როგორც მე მინდა, კარგი იქნებოდა. ძაღლებიც მოისვენებდნენ. გერმანული „ავჩარკა“ მოგვიკვდა, ახლა გვყავს იტალიური კანეკორსო და 5 თვის ლაიკა. გიორგისია, მაგრამ, ხშირად მე ვასეირნებ, ხანდახან – გიორგიც. ახლა რემონტში არიან გაგაჯულები, ტურტლიანები, გასეირნება ჰგონიათ მოვლა. ცხოველებს გასეირნებაც უნდათ და მოვლაც. ორივე დედალია და, ხან ჩხუბობენ, ხან მეგობრობენ, ხან ეჭვიანობენ ერთმანეთზე.
ცუდია, რომ კინოსტუდია დაიშალა. ცხენები გვყავდა იქ. ბავშვობიდან ცხენებით დავდიოდი და კინოშიც ცხენით მოვხვდი, „მაცი ხვიტია“ რომ გადაიღო გიორგი შენგელაიამ. მანქანის საბარგულში სულ მეყარა „გალიფე“ და ჩექმები და კვირაში სამჯერ დავდიოდი ცხენებზე. მსახიობი, საერთოდ, სულ ფორმაში უნდა იყოს. მოსკოვში სწავლის დროს, მეტყველების გარდა, იყო აუზი, ცხენი, ფარიკაობა... იმის გარდა, რომ ღმერთმა მოგცა მსახიობობის ნიჭი, ფიზიკურად უნდა იყო კარგად მომზადებული. ერთხელ ნოდარ მგალობლიშვილი შემხვდა აეროპორტში. ჩააცივდნენ – რა არის მსახიობისთვის მთავარიო. მოჰბეზრდა და უთხრა – ჯანმრთელობაო, მაგრამ მსახიობი პირველ ყოვლისა განათლებული უნდა იყოს.
კომპიუტერი გადასარევი რამეა. მთელი ჩემი ოჯახი კომპიუტერისტები არიან, ჩემ გარდა. მაინც მგონია, რომ კომპიუტერი წიგნს ვერ შეცვლის. არ ვიცი, პროტესტის ნიშანია თუ თავის დროზე ვერ გავაკეთე ეს, ფაქტია, რომ წიგნს ვერ შეცვლის. იქ არის უბრალოდ ინფორმაცია, წიგნი კი სულ სხვა ფენომენია და მას ვერაფერი შეცვლის.
– თქვენი შვილების პროფესიული არჩევანი თუ მოგწონდათ და როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილიშვილებთან?
– გადასარევი ურთიერთობა მაქვს შვილიშვილებთან. ლენუკა ბავშვთან ერთად კვიპროსში გაიჭედა, სამი თვეა. არადა, სასწავლებლად წავიდა და რაღაც პრობლემები შეემთხვა, რომელიც, იმედი მაქვს, უკვე მოგვარდა. შვილიშვილები 10 წლისები არიან, ძალიან აზრიანები. ცოტა გული დამწყდა, რომ ჩემმა შვილებმა დაანგრიეს ოჯახები. ბავშვების გამო, თორემ, ეს ჩემი საქმე არ არის, ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს. მაგრამ, მშობელი, ასე თუ ისე, მაინც ჩარეულია, სტკივა, ნერვიულობს. როცა ოჯახები ინგრევა, მაინც ბავშვები იჩაგრებიან.
გიორგი მომწონს, მაგრამ, ცოტა დანაღვლიანებული ვარ – 33 წლის არის უკვე და ისეთი ჯერ ვერაფერი გააკეთა. გოგი მარგველაშვილის „რომეო და ჯულიეტაში“ მერკუციო ძალიან კარგად გამოუვიდა. სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო მიშა თუმანიშვილს. თუმცა, ძალიან კარგი პედაგოგი ჰყავს – გოგი მარგველაშვილი. გიორგი თეატრშიც თამაშობს, რეკლამებშიც გადაიღეს. მეც ვაკრიტიკებ, ისიც მაკრიტიკებს. შვილისგან ყოველთვის უფრო მეტი გინდა, გული მწყდება, რომ ისეთ პერიოდში არ მოხვდა, როგორშიც მე ვიყავი. საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა მოხვდე.
– რის კეთება გსიამოვნებთ ცხოვრებაში ყველაზე მეტად და სიურპრიზების მოწყობა თუ გიყვართ?
– სცენაზე დგომა ყველაზე მეტად სასიამოვნოა, ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ როლი შედგა და პარტნიორთანაც ჰარმონიაში ხარ. თან, თეატრს ხომ ვერ დაამონტაჟებ, ეს არის ცოცხალი შენ თვალწინ იბადება და ქრება. მუსიკასავით არის და ჰანგივით ვერ ისიამოვნებ, თუ არ გააკეთე რამე მნიშვნელოვანი. მე ყველა როლში რაღაც ჩავდე.
სიურპრიზების კეთება ძალიან მიყვარს, მაგრამ, ხანდახან მავიწყდება. როცა მე და ჩემი მეუღლე ვჩხუბობდით, დავიჭერდი კაქტუსს და შესარიგებლად კაქტუსით მივდიოდი – არ მიყვარს სხვა ყვავილები. სასურველი იქნებოდა, ცოტა ყურადღებიანი ვიყო. ქალს ძალიან დიდი ჯაფა აქვს. ლელა ოჯახს არის შეწირული. ვაჟკაცურიც არის და, ამავდროულად, ძალიან მგრძნობიარეც. კი ვეხმარებით, მაგრამ, მაინც არ მგონია, საკმარისი იყოს.
– ახლანდელი ცხოვრების რიტმი უფრო ჩქარი გაქვთ თუ 20-30 წლის წინ?
– მე თვითონ არ ვიცი. 70-ზე მეტ ფილმში ვარ გადაღებული. არც მახსოვდა. ახლა საერთო რიტმი უფრო გიჟურია. ადრე გადარბენა იყო: გადაღებიდან, ნაკრძალებიდან ტალახიანი ჩექმებით პირდაპირ სპექტაკლზე ჩამოვსულვარ – ამაში იყო რაღაც რომანტიკული. კარგად როცა იხარჯები, ძალიან დიდი სიამოვნებაა. ტყუილია, როცა ამბობენ, არ მაინტერესებს, რას იფიქრებენ და რას იტყვიან ჩემზეო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადავიდეს ნარცისიზმში. ყოველი ახალი როლი ისეთია, როგორც პირველი.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– გოგა პიპინაშვილს აქვს ბავშვების ძალიან კარგი სტუდია. გოგამ შემომთავაზა „დრაკონის“ გაკეთება. მე, ზაზა პაპუაშვილი, გოგა და ბავშვები. ბავშვებთან ძალიან საინტერესოა, ბავშვი ყოველთვის გულწრფელია. თუ შეუძლია, ყველაფერს გასცემს და შენც ბევრ რამეს ისწავლი. კარგი რამე შეიძლება გაკეთდეს. ასევე, კარგი იქნება, თუ აღვადგინეთ „ემიგრანტები“. მოსკოვიდან მირეკავს ქართველი რეჟისორი და ისიც მოლაპარაკების დონეზეა. ჩხეიძე თუ დადგამს ახალ რამეს, არ ვიცი. დოისთანაც სიამოვნებით ვიმუშავებდი, ჭოლას თავისი ხალხი ჰყავს, თავის ბრიგადა აქვს. კონკრეტულად რა იქნება, არ ვიცი.

скачать dle 11.3