რატომ დარბოდა ქუჩაში შიშველი დოდო აბაშიძე სტვენა-სტვენით
„მშობლებს ხშირად თან დაჰყავდათ თეატრში, ხავერდის ქურთუკში გამოპრანჭული. იჯდა ხოლმე ლოჟაში და სცენას თვალს არ აშორებდა. ერთხელ, თურმე, თეატრში ახმეტელის „ლამარა“ გადიოდა. სცენაზე ვნებები იწყებდა აბობოქრებას, საცაა, ხევსურებს ხმალზე უნდა გაეკრათ ხელი, რომ უეცრად ბიჭუნას ხმა გაისმა – სახეანთებული, თმააბურძგნილი ბავშვი ფეხზე წამოხტა და დარბაზში რეპლიკა ისროლა. სცენაზე მსახიობებმა საბრძოლველად შემართული ხმლები დაუშვეს. მამამ დაინახა და დედას სცენიდან ხელით ანიშნა – ბავშვი გაიყვანეო. ის იყო დარცხვენილი ქალბატონი ნინო წამოდგა და კარისკენ გაემართა, რომ ლოჟის შემოსასვლელში ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი გამოჩნდა, დაამშვიდა ნინო და უთხრა, რომ ბიჭი უთუოდ მსახიობი გამოვიდოდა“, – წერს კინომცოდნე კორა წერეთელი თავის წიგნში „დოდო აბაშიძე“. დოდო აბაშიძე – კაცური კაცის განსახიერება, არაჩვეულებრივი გარეგნობა, უზადო ნიჭი, დამახასიათებელი ხმა, სიარულის მანერა, დახვეწილობა, ერთგულება, სიკეთე – ასე იცნობდნენ მას ჩვენს ქალაქში და საქართველოს ყველა კუთხეში. სწორედ ეს იყო მიზეზი, რითიც ის ხალხმა ასე ძალიან შეიყვარა. „შეუმჩნევლად, მაგრამ, განუხრელად ეშვებოდა ცხოვრების ფარდა. მთელი წელი იავადმყოფა. მძიმე, ქანცის გამწყვეტმა სნეულებამ შეიწირა. სიცოცხლემ თითქოს თავის თავს უღალატა, დოდო რომ დატოვა, რადგან დოდო თავად იყო სიცოცხლის განსახიერება“. მაშ ასე, ვიწყებთ დიდი მსახიობის ცხოვრების დღიურის ფურცვლას.
***
„დოდოს მამა, ვანიკო აბაშიძე, სულ პატარა იყო, როცა მსახიობობის ნიჭი და სასიამოვნო ტემბრის ხმა აღმოაჩნდა. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იგი კონსერვატორიაში შევიდა, მაგრამ, დრამატული თეატრის ტრფიალმა თავისი გაიტანა და სწავლა აკაკი ფაღავას თეატრ-სტუდიაში განაგრძო. სწორედ ამ ხანებში გაიცნო და იქორწინა კიდეც მსახიობ ნინო ანდრონიკაშვილზე – ტანად, ცისფერთვალება და ლამაზ ქალიშვილზე. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმ ცხარე ბრძოლის სათავეებთან აღმოჩნდა, რომელიც 20-იანი წლების დასაწყისში გაჩაღდა ახალი ქართული თეატრისთვის და მთელი ძალით იფეთქა. სანდრო ახმეტელს ყოველთვის აკვირვებდა და ახარებდა მსახიობის გარდასახვის ეს იშვიათი უნარი. მან ბრწყინვალე უშანგი ჩხეიძის შემდეგ „ლამარაში“ ანდრო თორღვაის როლში ვანიკო აბაშიძე ათამაშა. ქალბატონმა ნინომ ყველაზე ადრე შენიშნა და დააფასა თავისი მეუღლის ნიჭი. ქალისთვის დამახასიათებელი თავგანწირვით, თავად ჩრდილში დადგა, მარტომ იკისრა ოჯახის ტვირთი და მფარველი ანგელოზივით მუდამ მხარში ედგა მეუღლეს, თუმცა, მაინც ვერ შეძლო, დაეცვა იგი ავკაცობისგან. ხელზე პატარა ბავშვი და ორი უსუსური მოხუცი დარჩა მოსავლელი, მაგრამ, სულიერად არ დაცემულა და ისიც კი შეძლო, ვაჟიშვილი მამის ხატად – სიცოცხლისა და ხელოვნების უდიდესი სიყვარულით აღეზარდა. ოჯახი ვერის უბნის ერთ წყნარ ქუჩაზე მდებარე სახლში ცხოვრობდა, რომელსაც ძველი ქალაქისთვის ჩვეული საერთო ფართო აივანი ჰქონდა“.
***
„როცა 5-6 წლის ვიყავი და ნულ კლასში დავდიოდი, – იგონებს დოდო, მშობლებმა საქსოვ ფაბრიკაში წამიყვანეს კონცერტზე. კონცერტის დროს რომელიღაც მსახიობმა თქვა: მოდი, ვნახოთ, პატარა დოდო მიმიკურ სცენებს როგორ ითამაშებსო. მკრეს ხელი და სცენაზე გამაგდეს. ახლა აღარ მახსოვს, რას ვაკეთებდი და ვის ვასახიერებდი, მაგრამ, პირველი ტაშით მოგვრილი სიამოვნება კარგად მახსოვს, როგორ მიხაროდა. ასე დაიწყო ჩემი აქტიორული კარიერა. პირველად მაშინ ვიგრძენი მაყურებელი. ინსტიტუტში „ნაცნობობით“ მიმიღეს. მამაჩემი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო რეაბილიტირებული, მაგრამ ბევრ კოლეგას მისი ოჯახის წინაშე თავი ვალდებულად მიაჩნდა. ამბობდნენ, სანამ შენი პროგრამა ბოლომდე დააგუგუნე, კომისიის წევრები დაყრუვდნენო (შეეცადნენ გავეჩერებინე). დუმილი ჩამოწვა. აზრის გამოთქმას არავინ ჩქარობდა. მაინც მიმიღეს. მართალია, პირობით, სესიის ბოლომდე, მაგრამ მაინც. რა მომივიდა? მე მგონი, იმიტაციისადმი თანდაყოლილმა სწრაფვამ მიმტყუნა. გრიშაშვილის ლექსებს ვამბობდი და უნებურად კილოთი მივბაძე პოეტს – წამღერებით წავიკითხე და, თან, რადგან ძალიან აგზნებული ვიყავი, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვღრიალებდი. რაღაც საშინელება გამომივიდა, მაგრამ, ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ ეტიუდის თამაშისას, ოსტატობაში პირველი „ხუთიანი“ მივიღე. ეტიუდის თემა ასეთი იყო: დილით, ბაღის მერხზე კარგად გამოძინებულმა და გამოფხიზლებულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ღამით მისთვის ვიღაცას ტანისამოსი მოუპარავს. რა ქნას, როგორ მივიდეს სახლამდე? მე სწრაფად ავუღე ალღო ვითარებას. გავიაზრე წარმოდგენითი სამყარო და დავიწყე: ჯერ, რამდენჯერმე ვეცადე შეუმჩნევლად გამოვსულიყავი სკამის უკნიდან, სადაც დაფეთებული ვიმალებოდი, მაგრამ, ვითომ გამვლელთა დანახვაზე ისევ სკამის ზურგს ვეფარებოდი ან მის ქვეშ ვძვრებოდი, ბოლოს გონება გამინათდა: საჩვენებელი თითი ბაღის ქვიშას გავუსვი, გულზე ნომერი დავიწერე, ხელები მოვმუშტე და ქუჩაში სირბილით გავიჭერი. რას აღარ ვაკეთებდი! ხან ისევ ვაი-სპორტსმენს ვასახიერებდი და ამაყად თავაღერილი, გულმოდგინედ გავრბოდი. მილიციონერის მაგივრადაც მე ვუსტვენდი, მოკლედ, რაც შემეძლო, ყველაფერს თავისუფლად, მხიარულად ვაკეთებდი და პედაგოგებსაც ძალიან მოეწონათ. ინსტიტუტში ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი, რა თქმა უნდა, ამ „ხუთიანმა“ გადაწყვიტა. მეტიც, შემდეგ წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიანტის პირველი მფლობელი გავხდი“.
***
ერთხელ, ჩათვლის დროს, როცა დოდო აბაშიძე „რიჩარდ მესამეში“ მონოლოგს კითხულობდა, გამომსახველობითი ოსტატობის პედაგოგმა ვერიკო ანჯაფარიძემ თავი ვერ შეიკავა, მიუბრუნდა ხორავას და უთხრა: „აი, ჭეშმარიტად შექსპირული ვნებანიო“. ხორავა გაუჯავრდა: „ზედმეტად ნუ აქებ, ვერიკო, ეს ბიჭი მეტისმეტად ფიცხია და, ვაითუ, ეგ ვნებანი მანამდე დაეშრიტოს, ვიდრე ოსტატი გახდებოდეს. მაგის ბუნებაში სიცოცხლე მოჭარბებული ძალით თუხთუხებს“.
მოჩიტულმა ვერისუბნელმა ბიჭებმა ეზოებიდან და ვიწრო ქუჩებიდან „სემიონოვკას დასახლებად“ წოდებულ უკაცრიელ მინდორზე გადაინაცვლეს. თავისუფლების მოყვარე ბიჭები ხან ბურთს თამაშობდნენ, ხან ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ და ერთგვარ ტურნირებს მართავდნენ ქალაქის უბნების „ყოჩების“ ასარჩევად. უფროსებთან დაჩივლება და ენის მიტანა მიუტევებელ ქალაჩუნობად ითვლებოდა. 12 წლის ბავშვების მხიარულებას ხშირად ჩრდილავდა იმ უბნის ერთ-ერთი ყოჩის – მეტსახელად „ბალადას“ ხეპრული ჩარევა. პატარები ცრემლის ყლაპვით, უხმოდ აძლევდნენ საუზმის ფულით ნაყიდ საერთო ბურთს და, მერე, მრავალი კვირის განმავლობაში, „ავჭალურითღა“ იქცევდნენ თავს – ცალი ფეხით კენწლავდნენ ქალის წინდაში გამოკრულ ჭინჭის გორგალს. ბოლოს, ისევ შეიძენდნენ სანატრელ ბურთს და, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ დოდოს 16 წელი არ შეუსრულდა. იმ დღეს დოდომ თავის გუნებაზე იზეიმა: თანატოლები შეკრიბა და ყველანი მინდორში გაიყვანა. იქ კი, მუშტი-კრივის ყველა წესის დაცვით პატიოსან ორთაბრძოლაში მიბეგვა ბალადა. შერცხვენილი „ყოჩი“ კარგა ხანს ვერ შეელია სამაგიეროს გადახდის იმედს და დროდადრო ისევ იწევდა ხოლმე დოდოსკენ საჩხუბრად, მაგრამ, ყოველთვის დამარცხებული რჩებოდა. ასე გახდა დოდო მოზარდთა „ყოჩი“. სპორტში ვარჯიში დოდომ ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს დაიწყო. მისი მწვრთნელები ჭიდაობაში ჭაბუკების იმდროინდელი კერპები, იორდანაშვილი და დიკოვსკი იყვნენ და კარგ შედეგსაც მიაღწია.
***
დოდო საოცრად პოპულარული ხდება ქუჩის ბიჭებსა და ინსტიტუტის სტუდენტთა შორის. ყველა მას ეძებს, ეძახის, ყველას მასთან ყოფნა სურს. დოდოსთან არავის სწყინდება. სუსტისა და ჩაგრულის მფარველობის მოთხოვნილების გამო, დოდოს ვერის უბანში პირველი დამრტყმელისა და ლიდერის სახელი გაუვარდა. მასში ისე ძლიერად ჩქეფდა ცხოვრების გაცნობისა და მისით ტკბობის წადილი, რომ არც სახლში და არც ინსტიტუტის კედლებში გული არ უდგებოდა.
***
დოდო აბაშიძემ თეატრის სცენაზე სულ შვიდი როლი ითამაშა (1952-1956 წლებში), მათგან სამი – მნიშვნელოვანი. უკვე ოიდიპოს მეფის როლზე მუშაობს დოდო ალექსიძესთან, რომ, უეცრად, მწვერვალზე ასული, სამუდამოდ აქცევს ზურგს თეატრს. კინომ პირველად 1954 წელს შეაბიჯა მის ცხოვრებაში, როცა სიკო დოლიძემ „ჭრიჭინაში“ შესთავაზა როლი. მეორედ „ბაში-აჩუკში“ ითამაშა მთავარი როლი და მიატოვა კიდეც თეატრი. რამ გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი – კინომ გაიტაცა და გრძნობას აჰყვა თუ შეგნებულად მოიქცა ასე? თეატრში პეპოსა და გოდუნის როლი ჰქონდა, კინოში კი – ბიჭიკოსა და აჰდუშაჰილის... კინოში საკმაოდ არეულ დროს მოვიდა, როცა ახალგაზრდა რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ, ის იყო, „მაგდანას ლურჯა“ გადაიღეს. „ჭრიჭინას“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების შესახებ მსახიობი იხსენებს: „ამ ეპიზოდის გადასაღებად საგანგებოდ გამთბარი 50 ლიტრი წყალი მეორე დუბლზევე გამოილია, კიდევ სამი დუბლის განმავლობაში თავზე ყინულივით წყალს მასხამდნენ და, საოცრება ისაა, რომ სიცივე მხოლოდ შემდეგ ვიგრძენი. მუდამ ასე მომდის: სანამ მოტორი მუშაობს, არაფერი მიშლის ხელს. ერთი წუთის შემდეგ კი თვითონ გამიკვირდა, ამას როგორ გავუძელი“.
დოდო აბაშიძის გმირები ასე თვითმყოფადნი და ბუნებრივნი არ იქნებოდნენ, თავად რომ არ სჯეროდეს, რომ მისი პერსონაჟები მართლა არსებობენ რეალურ ცხოვრებაში, მართლა ასე ფიქრობენ და იქცევიან.
სწორედ ამ როლებში აელვარდა დოდო აბაშიძის კომედიური თუ დრამატული ნიჭი. „ვერის უბნის მელოდიებს“ დიდად დააკლდებოდა ის ხიბლი და საზეიმო იერი, რასაც მას დოდო აბაშიძის რეგვენი და მექრთამე პრისტავი სძენს. სულიკო ჟღენტი წერს: „დოდოს ყველაზე დიდი ღირსებაა თვალები, რომელიც ყოველთვის გრძნობითა და აზრითაა სავსე. საკმარისია, კინოობიექტივი მის თვალებზე შეჩერდეს, რომ რეპლიკა საჭირო აღარ არის – ყველაფერს, რაც სიტყვით უნდა თქმულიყო, ზუსტად და მეტყველურად გადმოსცემს თვალები. ბუნებამ ის არა მარტო ნიჭით დააჯილდოვა, არამედ, არაჩვეულებრივი კაცთმოყვარეობითა და შესანიშნავი გარეგნობითაც“.