კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აიძულებს მამაკაცს, იბრძოლოს „ორ ფრონტზე“ და რატომ რჩება ის ორივეგან წაგებული

ორგულობასა და ღალატს უფრო ხშირად მამაკაცებს სწამებენ. იმასაც ამბობენ, რომ ათი ქალიდან, შეიძლება, სამი იყოს მოღალატე, მამაკაცების შემთხვევაში კი – ცხრას პლუს ერთი. როცა რესპონდენტების (ძირითადად, სუსტი სქესის) სულისშემძვრელ მონაყოლს ისმენ, შეუძლებელია, არ დაეთანხმო ამას. თუმცა, ალბათ, მაინც არ გვაქვს უფლება, ხელაღებით ვამტკიცოთ, რომ ყველა მამაკაცი მოღალატეა და ყველა ქალი – მათგან გულნატკენ-მოტყუებული. დავიწყოთ იმით, რომ ძლიერ სქესს გაცილებით უჭირს. მათი მდგომარეობა უფრო მძიმეა, თუნდაც იმიტომ, რომ სახელი უკვე გატეხილი აქვთ. ბუნებრივია, ეს მოღალატეებს ვერ გაამართლებს, მაგრამ, გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ მოღალატე მამაკაცი თავს ბედნიერად გრძნობს. ისინიც იტანჯებიან, თუმცა, მოტყუებული, იმედგაცრუებული, ოცნებადანგრეული ქალისთვის ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

თინიკო (31 წლის): მე ისეთ ასაკში გადავწყვიტე გათხოვება, რომ, წესით, შეცდომა არ უნდა დამეშვა. ასე არ უნდა მოვტყუებულიყავი. თუმცა, ამისგან ვინ არის დაზღვეული?! სიყვარული რომ მოგაკითხავს, მერე უკვე ძნელია, ცივი გონებით გადაწყვიტო შენი ბედი. საერთოდ, თავდაჯერებული არ უნდა იყო – ამას უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად ვამბობ, თორემ, ზედმეტად თავდაჯერებული რომ ვყოფილიყავი, ასე არ დამემართებოდა. გინახავთ თქვენ ერთ დღეში დანგრეული ოჯახი?! – ეს მჭირს მე.
– ერთ დღეში ოჯახი როგორ დაგენგრათ? ქორწილის მეორე დღეს დაშორდით?
– არა, იმავე დღეს. ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებამდე და ქორწილამდე, ექვსი თვე ვცხოვრობდით ერთად. ნეტავი, მაშინ დამემთავრებინა ყველაფერი.
– ცოტა გაუგებარია. დაშორდით იმიტომ, რომ ერთმანეთს ვერ გაუგეთ?
– მაგისთვის ექვსი თვე მქონდა წინ და ქორწილის დღეს არ უნდა მივმხვდარიყავი, ამასთან ვერ ვიცხოვრებ-მეთქი. პირიქით, ჩემი ცხოვრების მთავარ მამაკაცად მიმაჩნდა და არანორმალურად შემიყვარდა. მასზე უკეთესი არავინ მეგულებოდა. კაცის ასეთი სიყვარული დიდი სისულელეა. ნამდვილად არ არიან ღირსები არც სიყვარულის, არც ერთგულების და არც იმ ზრუნვის, რომელსაც მათ მიმართ ვიჩენთ. უკვე საკმაო გამოცდილება მაქვს ამის სათქმელად. ადრე, სანამ გავთხოვდებოდი, ერთმა მამაკაცმა მითხრა: თუ გინდა, კაცი თვალებში შემოგციცინებდეს, ფეხებზე უნდა დაიკიდო და სულ იმის შიშში უნდა გყავდეს, რომ უღალატებო.
– ეს კაცმა თქვა?
– დიახ და, საკუთარ მაგალითზე გამოვცადე, რომ აბსოლუტური სიმართლეა. იმათ აფასებენ და ებღაუჭებიან კაბის კალთაზე, ვინც მათ თავმოყვარეობაზე თამაშობს. რად უნდათ მაგათ ერთგულება?! რა იციან, საერთოდ, ერთგულებაზე და რა ღირებულებას წარმოადგენს ეს მათთვის?! – არანაირს. ჰოდა, რისი ფასიც ადამიანმა არ იცის, იმას დააფასებს? გულნატკენები კი ისევ ჩვენ ვრჩებით. ჩემი ქმარი კი ამბობს (მეცინება, ქმრად რომ ვიხსენიებ, ოცდაოთხსაათსაც კი არ გასტანა ჩვენმა ოფიციალურმა ცოლქმრობამ), რომ დიდი შეცდომა დაუშვა და ემოციებს აჰყვა, მაგრამ, დარწმუნებული არ ვარ, რომ სრულად აქვს გაცნობიერებული თავისი დანაშაული.
– უკვე გაშორდით ერთმანეთს?
– მე წამოვედი მისგან. პარადოქსია – ერთად ვცხოვრობდით, როცა არც ხელი გვქონდა მოწერილი და არც ჯვარი დაწერილი. ახლა ოფიციალურად ვართ ცოლ-ქმარი, მაგრამ, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. საკუთარ თავს ვეკითხები, ეს რატომ დამემართა-მეთქი და ერთადერთ პასუხამდე მივდივარ – ზედმეტი მომივიდა მისი სიყვარული. არადა, თავიდან იმას ვუყვარდი, მე მხოლოდ მომწონდა. როდის შემიყვარდა, არ ვიცი. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მის გარეშე სიცოცხლე აღარ შემეძლო.
– ერთ დღეს, ანუ, რამდენხნიანი ნაცნობობის შემდეგ?
– ორი თვე მომწონდა და ის სიყვარულს მიხსნიდა. ორი თვის შემდეგ მითხრა, შენთან ერთად, ერთ ჭერქვეშ მინდა ცხოვრება და ხომ არ მოვსინჯოთო.
– ეს ჰგავდა ხელის თხოვნას? დაგაკმაყოფილათ სიყვარულის ასეთმა ახსნამ?
– დიახ, იმიტომ, რომ უკვე მიყვარდა. ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანად იქცა. მივხვდი, რომ ამდენ ხანს სწორედ მას ველოდი.
– უკაცრავად, გაწყვეტინებთ... ამდენ ხანს, ანუ...
– ოცდაათი წელი. ოცდაათის ვიყავი, როცა შევხვდი და მასთან გადავედი.
– როგორც ცოლი თუ როგორც მეგობარი ქალი?
– როგორც ცოლი. მითხრა, მე შენში ჩემს მეორე ნახევარს ვხედავო და, რადგან მეც ზუსტად იმავეს ვგრძნობდი, ბევრი აღარ მიფიქრია. რა ვიცოდი, რომ მატყუებდა და მხოლოდ ილუზიას იქმნიდა? იცით, როგორი სიყვარული მქონდა მას მიმართ? – შენი სხეულის, სულის ნაწილად რომ აღიქვამ ადამიანს. ნაკლსაც კი ღირსებად ვუთვლიდი. არ დავუკარგავ, რაღაც მომენტში, მან ყველაფერი გააკეთა, რომ თავი ბედნიერად მეგრძნო. ისეთი ბედნიერი და გახარებული ვიყავი, როგორც არასდროს.
– ანუ, თავიდანვე ოფიციალურ ურთიერთობაზე იყო ლაპარაკი?
– დიახ, რა თქმა უნდა. ოცდაათი წლის ქალს გასართობად მქონდა საქმე? უბრალოდ, თვითონვე მოინდომა, სერიოზულად მოვმზადებულიყავი ქორწილისთვის. მე დიდად არ მაინტერესებდა გრანდიოზული მასშტაბები და სანახაობა, მაგრამ, რადგან იმას უნდოდა, წინააღმდეგობას როგორ გავუწევდი?! ყველაზე მაგარი კაბა უნდა გეცვას, ყველაზე მაგარი პატარძალი უნდა იყო და ყველაზე მაგარი ქორწილი უნდა გვქონდესო. რატომ ვერ მივხვდი, რომ ეს ბოღმის, ჯიბრის გამოხატულება იყო და არა ჩემი სიყვარულის? დავფრინავდი და სმენა და მხედველობა ერთად დავიხშე. ერთმა კი სცადა, თვალი აეხილა ჩემთვის, გონზე მოვეყვანე და დედამიწაზე დავებრუნებინე, მაგრამ, მაშინ ის ჩემი მტერი მეგონა. მეგობარს, რომელსაც მართლა უნდოდა, ჩემთვის პრობლემა აერიდებინა, ომი გამოვუცხადე.
– როგორი იყო ის ექვსი თვე, ქორწილამდე ერთ ჭერქვეშ რომ გაატარეთ?
– არაჩვეულებრივი. ბედნიერი ვიყავი და ქორწილისთვის ვემზადებოდი. ჩემმა რჩეულმა ქალაქგარეთ, პრესტიჟულ რესტორანში შეუკვეთა სუფრა და იქვე სასტუმროს ნომერიც დაჯავშნა რომანტიკული ღამისთვის. როგორ არ ვიქნებოდი გახარებული?! მერე ჩემი ძველი მეგობარი შემხვდა. ერთი პერიოდი ძალიან ახლოს ვიყავით. მერე გათხოვდა, სამი შვილი გააჩინა და ისე აქტიურად ვეღარ ვკონტაქტობდით. ძალიან გაუხარდა. შენი ნახვა მინდოდაო, მითხრა და კაფეში დამპატიჟა. საქორწილო კაბის მოსაზომად მივდიოდი და ვუთხარი, დრო ცოტა მაქვს-მეთქი. სწორედ შენს ქორწილზე მინდა დაგელაპარაკო. არ მინდა, ისეთი შეცდომა დაუშვა, მერე მთელი ცხოვრება რომ ინანებო. იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები, რომ გამეღიმა. ვიცი, გაგიჭირდება იმის გაგება, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ, იცოდე, რომ შენთვის მხოლოდ კარგი მინდაო. ძალიან ბედნიერი ვარ და ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკები-მეთქი. ვიცი, ბედნიერი ხარ და არაფერს გეტყოდი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ შენი საქმრო „ორ ფრონტზე“ იბრძვის. შენს „ძვირფასს“ ძალიან კარგად ვიცნობ. მაპატიე, ამას რომ გეუბნები, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ არ უყვარხარ, მხოლოდ იმ სიცარიელის შესავსებად დასჭირდი, ჩემი ქმრის დეიდაშვილთან დაშორების შემდეგ რომ აქვსო.
– ანუ, თქვენამდე ცოლი ჰყავდა?
– ცოლი არ ჰყავდა, მაგრამ, როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, ჰყოლია ქალი, რომელზეც ჭკუას კარგავდა. ის რომ გათხოვდა, ლამის მომკვდარა. ის ქალი, დიანა თურმე, ყოველთვის სხვას ეკიდებოდა კისერზე და მასზე მხოლოდ ერთობოდა. ისე გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ შენ და კახა ერთად იყავით, შოკში ჩავვარდი. დიდხანს ვებრძოდი თავს, მართლა არ მინდოდა, შენთვის სიხარული ჩამეშხამებინა, მაგრამ კახაზე გათხოვება შეცდომა იქნება. ძალიან გთხოვ, ისე გამიგე, როგორც შენს ძალიან ახლობელს, ვისაც შენთვის კარგი უნდაო, – მითხრა ჩემმა მეგობარმა – ვიცი, ახლა გტკენ გულს, მაგრამ, მერე უფრო მეტად გეტკინება. არ არის კახა შენი სიყვარულის ღირსი. დარწმუნებული ვარ, ეგ იმას არ შეეშვება – ვიცი, რომ კიდევ ცდილობს, დაიბრუნოს. თუ გინდა, დაელაპარაკე და მოსთხოვე, გულახდილი იყოსო. მეხი რომ დაეცემა ადამიანს, ისე დამემართა, მაგრამ, აგრესია ჩემი მეგობრის მიმართ გამიჩნდა.
– არ დაუჯერეთ?
– რა თქმა უნდა, არ დავუჯერე. უფრო სწორად, არ დავუჯერე იმაში, რომ ჩემთან ურთიერთობა კახას თავისი ჭეშმარიტი სიყვარულის დასავიწყებლად სჭირდებოდა. ვფიქრობდი, ამან ხომ არ იცის, ჩვენ როგორ გვიყვარს ერთმანეთი, როგორი ბედნიერები ვართ ერთად და როგორ ვოცნებობთ საერთო მომავალზე და შვილებზე და საერთოდ, რატომ არიან ადამიანები ასეთი ბოროტები-მეთქი.
– ბოროტი თქვენი დაქალი იყო?
– ჰო, აბა?! ჩემს ადგილას ყველა ამას იფიქრებდა. ფაქტობრივად, უკვე გათხოვილი ვიყავი – ექვსი თვე ვცხოვრობდი კაცთან და ერთხელაც არ გვიკამათია და, როგორ უნდა დამეჯერებინა, რომ მე მეფერებოდა და სხვა ქალზე ოცნებობდა? ვინმე დაიჯერებდა ამას?!
– გეუბნებოდათ, მიყვარხარო?
– მეუბნებოდა, რა თქმა უნდა. ახლა რომ ამ ყველაფერზე ვფიქრობ, კახა მეცოდება. საცოდავი არსებაა. მე ხომ მომატყუა, მაგრამ, უპირველესად, საკუთარი თავი მოიტყუა. მე როგორმე მოვერევი ამ ტკივილსა და სირცხვილს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ, ღმერთი ამის ძალას მომცემს, იმიტომ რომ მართალი ვარ. მე მთელი ჩემი სიყვარული მივეცი, მთლიანად დავიხარჯე. იცით, ახლა როგორი გამოფიტული ვარ? გამომაცარიელა ამ გრძნობამ და საშინელი იმედგაცრუება დამეუფლა. ახლა რომელ კაცს უნდა ვენდო? არავის დანახვა არ მინდა.
– ქმარი, ალბათ, გძულთ, თუმცა ჯერ ბოლომდე არ გითქვამთ, რაში გამოიხატა მისი ღალატი. მხოლოდ იმაში, რომ თქვენამდე სხვა ქალი უყვარდა?
– არა, რა თქმა უნდა. ჯერ სიძულვილზე გეტყვით: როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, არ მძულს, მეცოდება. ასეთი ადამიანი საბრალო და საცოდავია. ეგ ბოლოს მარტო დარჩება, რადგან ის ქალი ბოლოს მოუღებს. თანაც, უამრავმა ადამიანმა გაიგო, რომ ასე სამარცხვინოდ დავშორდით ერთმანეთს. არ ვაჭარბებ, ქორწინების ღამე არ გვქონია. ის დღე საშინელი კოშმარივით მახსოვს. დილით უბედნიერესი ვიყავი, ვბრწყინავდი, პრინცესა მეგონა საკუთარი თავი და უცებ მწარედ დავეხეთქე დედამიწაზე... ჩემს მეგობართან საუბარი რამდენიმე დღე მახსოვდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაწუხებდა, რადგან, არ დამიჯერებია.
– არ დაგიჯერებიათ – ერთია, მაგრამ ეს ხომ იყო შეშფოთების საფუძველი?
– ალბათ, იყო, მაგრამ მე ზედმეტად ბედნიერი და თავდაჯერებული ვიყავი. სწორად გამიგეთ, თავდაჯერებაში რას ვგულისხმობ – კახასი მჯეროდა. ისე მჯეროდა, რომ აღარ გადავამოწმე.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ამით რამე შეიცვლებოდა?
– შეიძლება, შეცვლილიყო. სხვა თუ არაფერი, ქორწილი აღარ გამართულიყო. დედას გეფიცებით, ხალხის მრცხვენია. პირველ დღეებში მაინც, მიწა მისკდებოდა ფეხქვეშ და სახლიდან არ გამოვდიოდი. სიკვდილს ვნატრობდი. ქორწილზე მოვიდა ის ქალი.
– რისთვის?
– ეგ რომ ვიცოდე... ალბათ, ცხოვრება რომ დაენგრია ჩვენთვის. ურჩხული! ქმარი ჰყავდა და უნდოდა, ეს დებილიც თოკზე გამობმული ჰყოლოდა. ხომ არიან ასეთი ტიპის ქალებიც. მართალია, მე მათი მახინჯი ფსიქოლოგიის არ მესმის, მაგრამ, ფაქტია, რომ ამაზე „კაიფობენ“. იქნებ, კარგსაც შვრებიან. მე რომ გადავყევი ჩემს სიყვარულს, რა შემრჩა ხელში?! – ნერვიულობა, ცრემლები, დეპრესია და სირცხვილი.
... ცეკვები რომ დაიწყო, ფეხსაცმელმა ძალიან შემაწუხა. ისე მეტკინა ფეხი, ლამის ვიტირე. დაბუჟებისგან ვეღარ ვგრძნობდი. ჩვენს ნომერში ასვლა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა გადავწყვიტე – ღამე ხომ იქ უნდა გაგვეტარებინა და გამოსაცვლელი ტანსაცმელი მქონდა. როგორც კი მეორე სართულზე ავედი, ჯერ დერეფანშიც არ ვიყავი გასული, რომ ჩემი ქმრის ხმა გავიგონე – ვიღაცას რაღაცას ეხვეწებოდა. სიტყვები კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ, მივხვდი, რომ ცუდი რამ მჭირდა... მუხლების კანკალით გავედი და დავინახე, როგორ ეხუტებოდა და ეხვეოდა ვიღაც გოგოს, თან ცრემლებსაც ღვრიდა. ის რომ ჩემი ქმარი არ ყოფილიყო, გული ამერეოდა ამ მარაზმული სურათის დანახვით. უბედურება ის არის, რომ ამ ყველაფერთან მე ვიყავი პირდაპირ კავშირში. პირველად ქალმა დამინახა და გაიცინა. იცით, როგორი შხამიანი სიცილი იყო? ნიშნი მომიგო ამ სიცილით და გული მომიკვდა. აბა, რა გეგონა... რა იფიქრე, რომ მართლა უყვარდიო?! – მითხრა. ჩემი ქმარი მეხდაცემულივით იდგა და მიყურებდა. საცოდავი არარაობა. გავიქეცი. გამომეკიდა. ახლა მე დამიწყო მუდარა – ოღონდ არ წახვიდე და არ მიმატოვო. რა ვქნა, თავს ვერ მოვერიე, რომ დავინახე, თითქოს ძველი ჭრილობა გამეხსნაო. თვითონ არ ვიცი, რა მჭირს. ახლა რომ გახვიდე, ორივე დავიღუპებითო. იმ ექვსი თვის განმავლობაშიც ხვდებოდი-მეთქი? ვეღარ მომატყუა – სამჯერ შევხვდი და ვიწექი მასთან და სამივეჯერ თვითონ დამირეკაო... მეტი რაღა უნდა ეთქვა?! მივხვდი, რომ იმ ქალს ვერასდროს დააღწევდა თავს, ვერასოდეს შეელეოდა. მის ყოველ დაძახებაზე და ხელის დაქნევაზე მზად იქნებოდა გასაქცევად. რისთვის მჭირდებოდა ასეთი ქმარი ან რიღასთვის უნდა გადამედო მასთან გაშორება?! ურთიერთობის გაგრძელება ტკივილის მეტს არაფერს მომიტანდა. ახლაც მეხვეწება შერიგებას, მაგრამ მე მისი აღარ მჯერა, ახალი ტყუილის გადასატანად კი მზად არ ვარ.

скачать dle 11.3