რა ხდება ნინას პირად ცხოვრებაში და რატომ ვეღარ სტკენენ მას გულს მამაკაცები
მომღერალ ნინა წკრიალაშვილს ბოლო დროს საკმაოდ აქტიური ცხოვრების სტილი აქვს. ის კულტურის სამინისტროში მიმდინარე ღონისძიებების სამმართველოს უფროსია, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, ეს თანამდებობა უფრო ჟღერს, ვიდრე არის, რადგან ძალიან ბევრი უფროსი ჰყავს. ინტერვიუდან ისიც შევიტყვეთ, რომ ნინა საკმაოდ სერიოზულ პროექტზე მუშაობს, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთ თვეში გახმოვანდება.
– თანამდებობამ, რომელზეც მუშაობ, ჩემი აზრით, შეიძლება, დაგაკომპლექსოს კიდეც, რადგან, თუ ღონისძიებაზე, რომელსაც კულტურის სამინისტრო აწყობს, შენ იმღერე, ბევრი იფიქრებს, რომ თანამდებობას იყენებ.
– მართალია, სამინისტრო ძალიან იშვიათად აწყობს პოპ-მუსიკის კონცერტებს, მაგრამ, თუ ასეთი რამ ხდება, სწორედ ამის გამო არ ვმღერი და არასდროს ვარ მომღერლებს შორის. ბუნებრივია, ყველა მომღერალი ვერ მოხვდება ერთ კონცერტში, ამიტომ, ვინმეს რომ არ ეწყინოს, არასდროს ვმონაწილეობ ასეთ ღონისძიებებში – კოლეგიალობას ვიცავ. ამ დროს ვდგავარ კულისებში და შიდა საქმეებზე დავრბივარ. ალბათ, ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა.
– გარეგნულად ძალიან შეიცვალე, შეცვლილი გაქვს თმის ფერიც.
– ქერა თმა გავიმუქე. მერე რაღაც ფილმში შემომთავაზეს მონაწილეობა, სადაც ქერა უნდა ვყოფილიყავი და თმა ისევ გავიღიავე, მაგრამ, ფილმის გადაღება ჩაიშალა. ამასობაში თმა ძალიან დამეწვა და ისევ გავმუქდი. ერთი წელიც და – სრულად გამოვჯანმრთელდები. იმდენად კარგია ჯანმრთელი თმა, რომ ფერს აღარ დავეძებ.
– მარტო თმის ფერი არ მიგულისხმია გარეგნობის შეცვლაში. ცხვირის ოპერაცია გაიკეთე და ძალიან გიხდება.
– ცხვირის ოპერაციის გაკეთება ძალიან მინდოდა. ქერა თმა ნაკვთებს არ კვეთს, მუქ თმაში კი ჩემი ცხვირის ფორმამ ძალიან შემაწუხა. სახლში რომ ვთქვი, ოპერაცია უნდა გავიკეთო-მეთქი, ძალიან გამიპროტესტეს. მაინც წავედი, გავიკეთე და ისე მივედი სახლში. რაღას იზამდნენ? ბინტებით რომ დამინახეს, შოკში ჩავარდნენ მშობლები. 33 წლის ვარ და, ვფიქრობ, გადაწყვეტილებები თავად უნდა მივიღო.
– კიდევ რა გაქვს გაკეთებული?
– მხოლოდ და მხოლოდ ტუჩი და ცხვირი, მეტი არაფერი. რომ ამბობენ, უამრავი რამ აქვს გაკეთებულიო, მაინტერესებს ერთი, რა ოპერაციები მაქვს გაკეთებული? ყველა ყველაფერს იკეთებს, მაგრამ, ჩუმად არიან, მე კი არაფერს ვმალავ. რა უნდა მეთქვა, რომ დიდი ცხვირით დავიძინე და პატარათი გავიღვიძე-მეთქი?! რა ვქნა თუ მეტი საქმე არ აქვთ, ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ.
– ანუ, არ ხარ პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგი.
– არანაირად. ჯერჯერობით სხვა რამე არ მჭირდება და, თუ დამჭირდება, მეც გავიკეთებ. წინასწარ ვფიქრობ, რომ დავბერდები, რა უნდა გავიკეთო.
– შენი აზრით, ზოგადად, რა ასაკიდან სჭირდება ქალს პლასტიკური ოპერაციები?
– ალბათ, 40-45 წლიდან. ყველაფერს გავიკეთებ, რაც საჭირო იქნება.
– ვინც გიცნობს, ყველამ იცის, რომ ძალიან უშუალო ადამიანი ხარ.
– კი, ასეა, მაგრამ, ვინც არ მიცნობს, ყველას ძალიან მკაცრი ვგონივარ. რატომ – არ ვიცი, მაგრამ, ასეა. არა უშავს, ეგონოთ.
– შენ ხარ ადამიანი, რომელზეც ყოველთვის ბევრს ლაპარაკობდნენ.
– რით ვერ დაიღალნენ, არ ვიცი. უკვე იმუნიტეტი მაქვს. ზოგჯერ, როცა ვიცი, რომ რამდენიმე საწყალი ადამიანი ზის და რაღაცეებს იგონებენ, თემებს მე თვითონ ვაძლევ, რაზეც ძალიან ვხალისობ. ორ დღეში ეს ჭორი ისევ ჩემთან მოდის, უკვე სხვისი პირით. საოცრებები სჭირთ. როცა გინდა, რამე გავრცელდეს, მთავარია, ზუსტად იცოდე, სად უნდა თქვა და – მორჩა, საკმარისია.
– შენს გულში რა ხდება? ნინა შეყვარებულია?
– ნინა შეყვარებული იყო, მაგრამ, გული ატკინეს და აღარ არის შეყვარებული. ამჯერად ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, არავის არ ვხვდები. რადგან არ ვხვდები, ესე იგი, არც შეყვარებული ვარ. ველოდები იმ სიყვარულს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ცხოვრებაში. ის გზაშია და არავინ იცის, როდის მოვა. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ღმერთს უნდა. ალბათ, ახლა დასჯილი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ისტერიკულად არ ველოდები და არც ვეძებ, როცა მოვა – მივიღებ აუცილებლად. სიმართლე გითხრათ, ახლა არც მინდა, რადგან, რაღაცეებისთვის დრო აღარ დამრჩება. მთელი ჩემი ემოციები დადებითი ემოციების გაცემაზე იხარჯება. ნოემბერში სამოგზაუროდ მინდა წავიდე.
– სად?
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ევროპის მონა ვარ.
– როგორც აღნიშნე, გული გატკინეს. ეს დეპრესიით გამოხატე თუ ნაკლებად ინერვიულე?
– ადრე გულის ტკენაც და ნერვიულობაც მქონდა ხოლმე, მაგრამ, ალბათ, გავიზარდე და მიმაჩნია, რომ არავის და არაფრის გამო არ ღირს ნერვიულობა. ბოლო დროს ეს გამომდის. ცოტას მაინც ვნერვიულობ, მაგრამ, ისე აღარ, როგორც ადრე – მიშველეთ-მეთქი და დეპრესიისგან ლოგინში რომ ვწვებოდი. თვითონ ჩაწვნენ ლოგინში თუ კარგია! ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ არავისზე და არაფერზე არ ვინერვიულებ. კაცებზე ნერვიულობა როგორ შეიძლება! რაღაცნაირი სქესია: თან მაგრები არიან, თან კარგი ტიპები, მაგრამ, რაღაც მომენტში, ძალიან უსუსურები ხდებიან. ქალები ბევრად ძლიერები ვართ, ბევრად მეტის ატანა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია. კაცებს ურჩევნიათ, დისკომფორტში თვალდახუჭულებმა იცხოვრონ, ვიდრე ბედნიერები იყვნენ და ამისთვის რამე გააკეთონ. რაღაც მომენტში, მინდა მამაკაცები გავამხნევო და ვუთხრა, რომ შეუძლიათ, ცოტა ყოჩაღები იყვნენ და გააკეთონ ის, რაც ძალიან უნდათ. ჩემს შვილს სულ იმას ვეუბნები, რომ მშიშარა არ იყოს. თავს აუცილებლად კომფორტულად უნდა გრძნობდეს, რომ მერე ბევრი კარგი რამ გააკეთოს.
– 14 წლის ბიჭის დედა ხარ, რომელიც უკვე ისეთ ასაკშია, რომ, შეიძლება, ბევრი რამ გაგიპროტესტოს.
– უკვე დიდი ბიჭია, მეცხრე კლასშია. ძალიან ვმეგობრობთ, აბსოლუტურად არაფერს არ ვუმალავ. ყველაფერს გაგებით ეკიდება, თუნდაც იმას რომ დღის განმავლობაში დიდი ხნით გამოვდივარ სახლიდან. იცის, ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ მან იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს და უკეთესადაც. მინდა, რომ შემდგომში სწავლა უცხოეთში განაგრძოს. ამიტომ, ძალიან ბევრს ვმუშაობ.
– თუ მღერის?
– თავისთვის მღერის, მაგრამ, მომღერლობის სასტიკი წინააღმდეგია. უყვარს ფოლკლორი. ინტერნეტის საშუალებით რამდენიმე სიმღერაც ისწავლა სხვადასხვა ხმაში, რაც ძალიან გამიხარდა. ასევე, ძალიან უნდა, რომ იცოდეს დრამზე დაკვრა.
– პროფესია თუ აქვს შერჩეული?
– პლასტიკური ქირურგობა უნდოდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვეუბნებოდი, ცდები ჩემზე გააკეთე-მეთქი. რაც მთავარია, კარგად სწავლობს და, რას იზამს, არ ვიცი. მან იცის, რომ თუ არ ისწავლის, არასდროს არაფერი ექნება.
– მკაცრი დედა ხარ?
– მკაცრი დედა ვერ გამოვედი, უფრო მეგობრული ვარ. ბავშვს ოჯახში ვიღაცის რიდი უნდა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში, ჩემს შვილს მამაჩემის რიდი აქვს. რამეზე თუ გამაბრაზა და ვუთხარი, ზურას ვეტყვი-მეთქი, მაშინვე ჩერდება. რადგან ასეთი უკვე ერთი გვყავს, მე მეგობრული ვარ. ზოგჯერ მამაჩემი ორივეს ერთად გვეჩხუბება.
– შენ ვის მიმართ გაქვს ისეთივე გრძნობა, როგორც შენს შვილს – მამაშენის მიმართ?
– მხოლოდ და მხოლოდ მამაღმერთის.
– ინტერვიუს ბოლოს, მინდა, ისიც გკითხო, თუ რა ხდება შენს სასიმღერო კარიერაში.
– ძალიან დატვირთული წელი მექნება – ვაგროვებ სიმღერებს. უაღრესად საინტერესო პროექტია, რომელიც ჯერ საიდუმლოა და ცოტა ხანში გავახმოვანებ. ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგები ყველაფერს და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამ მხვდა წილად. ვმუშაობ ვოკალზე, ცეკვაც იქნება და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზულ ადამიანებთან მომიწევს მუშაობა. მაქსიმუმ, ალბათ, ერთ თვეში გახმოვანდება და პირველ პროდუქტსაც დავდებთ. დანარჩენს უკვე ჩემი პროდიუსერები იტყვიან.
– ლიტვაზეც მინდა თქვა რამდენიმე სიტყვა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე წახვედით ქართველი კალათბურთელების საგულშემატკივროდ.
– სამსახურიდან მქონდა მივლინება. კალათბურთის პარალელურად, ლიტვაში ქართული კულტურის დღეებიც იყო, რაც კულტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა გაეკეთებინა. მე და ჩემს რამდენიმე თანამშრომელს გვქონდა ეს ყველაფერი ჩაბარებული. ძალიან კარგი დღეები იყო. ერთი ქუჩა გვქონდა აღებული, სადაც ყოველ საღამოს მოდიოდა უამრავი ხალხი და ქართულ კერძებს აგემოვნებდნენ. ასევე, ყოველდღე იმართებოდა „სუხიშვილებისა“ და „ქართული ხმების“ კონცერტები. რვადღიანი ხმაურის შემდეგ, კლაიპედადან რომ წამოვედით, ლიტველები გამოგვეტირნენ – ქალაქი დაცარიელდაო. მიხარია, რომ ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა, რის გამოც მინისტრისგან მადლობაც მივიღეთ.