კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი შეყვარებულის საქციელი ვერ გამიგია
მთელი წელია, ვხვდები ბიჭს, რომელიც ძალიან მიყვარს. რომ ჰკითხო, მასაც ვუყვარვარ, მაგრამ, დაქორწინებაზე იმიტომ იკავებს თავს, რომ ბინა არ აქვს. მე ასეთი პრობლემა არაფრად მიმაჩნია, რადგან დიდი მოთხოვნები ისედაც არ მაქვს, მით უმეტეს, რა უნდა მოვთხოვო ადამიანს, რომელზე ძვირფასიც ქვეყნად არავინ მყავს, თანაც, როცა ვიცი, რომ არაფერი გააჩნია. ჩემთვის მთავარი გრძნობა და ურთიერთობაა და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.
ამ რამდენიმე თვის წინ ბაბუაჩემის და გარდაიცვალა და თავისი ოროთახიანი ბინა ანდერძით მე დამიტოვა (გაუთხოვარი იყო და ძმის შვილიშვილებს შორის მე ყოველთვის გამორჩეულად ვუყვარდი). საერთოდ, როგორც უკვე გითხარით, მატერიალისტი ადამიანი არ ვარ, მაგრამ, ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, რადგან, მე და ჩემს შეყვარებულს უბინაობის პრობლემა მოგვეხსნებოდა და სულ ერთად ვიქნებოდით. შევთავაზე კიდეც – ჩემი და შენი რამ გაყო, ახლა ხომ მაინც გვაქვს ბინა, რომ სულ ერთად ვიყოთ-მეთქი, მაგრამ, ჩემთან გადმოსვლა არ უნდა. არანაირ მიზეზს არ ასახელებს და აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ჩემი აზრით, ორი ვარიანტია: ან მე აღარ ვუნდივარ, ან, ისეთი თავმოყვარეა, რომ ეთაკილება, ცოლის ბინაში იცხოვროს. თუმცა, რა ცოლობაზეა ლაპარაკი, როცა ჩემთან შეხვედრებსაც უკლო. მე კი ისე მიყვარს, თანახმა ვარ, ცოლად არ შემირთოს და ისე ვიცხოვროთ ერთად. სულ აღარ მაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს და ვინ რას იტყვის. ოღონდ მასთან ვიყო და მშობლების წინააღმდეგობასაც გავუძლებ. ესეც შევთავაზე, მაგრამ, არანაირი პასუხი არ გაუცია, არც თანხმობის და არც უარის. მისი ვერაფერი გავიგე. არ ვიცი, რა ვიფიქრო და როგორ მოვიქცე, რომ სამუდამოდ არ დავკარგო.
ანი, 24 წლის.

როგორც მასწავლებელმა მითხრა, ჩემი შვილი მომავალი გენიოსია
გვყავს ტყუპი ბიჭები. უკვე 10 წლისანი არიან და, რომ მეგონა, მათი აღზრდის მთავარი პრობლემები გადავლახეთ და ახლა ამოვისუნთქებთ-მეთქი, პირიქით არ მოხდა?!
სანდრო და გიორგი ყველაფრით ორი წვეთი წყალივით ჰგვანან ერთმანეთს, გარდა ხასიათისა: სანდრო მშვიდი, წყნარი, უპრეტენზიო და სერიოზულია, უყვარს წიგნების კითხვა და ძალიან კარგად სწავლობს ყველა საგანს. გიორგი კი აწყვეტილი ცელქია, მოძრავი, ხმაურიანი; ყველას ყველაფერს უწუნებს, სკოლაში მხოლოდ ისტორიასა და მათემატიკას სწავლობს, დანარჩენ საგნებს კი არაფრად აგდებს. არც წიგნების კითხვა უყვარს, ერთადერთი, იმაზე გვთანხმდება, რომ ვინმემ ხმამაღლა წაუკითხოს და მხოლოდ მაშინ ჯდება წყნარად, რომ მოისმინოს. ერთი სიტყვით, ორი საწინააღმდეგო პოლუსია. გიორგიმ ჩვენ ხომ შეგვიკლა ხელში, მასწავლებლებს უარეს დღეს აყრის. არაფერი მასზე არ მოქმედებს – არც გაჯავრება, არც მოფერება, არც დასჯა, არც წახალისება. ყველა მასწავლებელი ემდურის, ისტორიის პედაგოგის გარდა. მხოლოდ ის აქებს და გვეუბნება, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემს საგანს სწავლობს. თქვენი შვილი ძალიან ნიჭიერია, უბრალოდ, ჯერ ბავშვობის ასაკიდან არ არის გამოსული და ასე იმიტომ იქცევა. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, რამდენიმე წელიწადში ამ ბავშვზე მთელი სკოლა ილაპარაკებსო. გარდა ამისა, გიორგის საოცრად ჩვილი გული აქვს და ისეთი პიროვნული ღირსებები, რაც მე იშვიათად მინახავს ბავშვშიო. სხვათა შორის, ძალიან მორიდებით ისიც აღნიშნა, რომ სანდრო ჩვეულებრივი კარგი ბიჭია, გიორგის კი ძალიან დიდი ადამიანური თვისებები გააჩნია და, თუ მისი ცხოვრება სწორად წარმართეთ, მერწმუნეთ, მისგან ერთი დიდი ქართველი კაცი დადგება, რომელსაც ქვეყანა შეიყვარებსო. სიმართლე გითხრათ, ძალიან კი გამიხარდა მასწავლებლის მხრიდან ჩემი შვილის ასეთი შეფასება, მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც ეჭვი მეპარება. იმან რომ იცოდეს, სახლში რა დღეში გვაგდებს ყველას, ალბათ, ამ სიტყვებს აღარ მეტყოდა. მაგრამ, ასეა თუ ისე, გიორგი ჩემი შვილია და, გვიჭირს თუ გვილხინს, უნდა გავუძლოთ, უნდა ავიტანოთ ისეთი, როგორიც არის და ვეცადოთ, უკეთესი გახდეს. კაცმა არ იცის, იქნებ, ის მასწავლებელი არ ცდება და სახლში მართლაც გენიოსი და დიდი მამულიშვილი გვეზრდება?! მეც გამიგია, რომ ყველა დიდი ადამიანი ბავშვობაში ან უცნაურობებით გამოირჩეოდა, ან გადამეტებული ცელქობით. ეგებ, ჩემი შვილიც იმიტომ არის ასეთი განსხვავებული, რომ მასში მართლაც გენიოსია „ჩაბუდებული“?
ზურა, 38 წლის.

ქმარი გასუქებაში მიწყობს ხელს
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველა ქალს უნდა, გამხდარი და ლამაზი იყოს. გამონაკლისი არც მე ვარ, მით უფრო, რომ ძალიან მიხდება სიგამხდრე. ამიტომ, მუდმივად ვცდილობ, დიეტაზე ვიყო, რომ ფორმა შევინარჩუნო. ჩემი ქმარი საკმაოდ კარგი გარეგნობის კაცია და ქალებს ძალიან მოსწონთ (ისე, თვითონაც ძალიან უყვარს ქალები და, როგორც ვიცი, ხანდახან უარს არ ამბობს ხოლმე „ცელქობებზე“). სწორედ ამ მიზეზის გამო, მინდა, რომ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე და ქმრის ყურადღება დავიმსახურო. უფრო სწორად, გავაოცო ხოლმე ჩემი გარეგნობით, როგორც ქალმა. სხვათა შორის, ყოველთვის ამჩნევს და აღნიშნავს, როცა განსაკუთრებით კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ, არანაირად არ მიწყობს ხელს ამაში. მაგალითად, თუ ისე მოხდა, რომ რამე გემრიელი კერძი ან სასუსნავი ზედმეტი მივირთვი, ან, გვიან ღამით ვივახშმე ნოყიერი კერძით, იმის ნაცვლად, რომ მსუბუქი შენიშვნა მაინც მომცეს – ამდენს ნუ შეჭამო, პირიქით, მაგულიანებს და ხანდახან მაძალებს კიდეც, რომ ბევრი ვჭამო. თავის საქციელს კი იმით ამართლებს, რომ მეუბნება, ხორციანი ქალები მომწონს, გამხდარ ქალს ჩაპუტკუნებული ქალი მირჩევნიაო. არადა, საშინლად არ მიხდება გასუქება: ჯერ ერთი, ძალიან ტლანქი ვხდები, თანაც, ღაბაბი მისუქდება და ოცი წლით ხნიერს ვგავარ. გარდა ამისა, მე კი მიმტკიცებს, მსუქანი ქალები მომწონსო, მაგრამ, ვინც ჩემამდე ჰყოლია და ვისითაც დაოჯახების შემდეგ დაინტერესებულა, ყველა ქალი საკმაოზე მეტად გამხდარია. ამიტომ, ძალიან სერიოზული ეჭვი გამიჩნდა: სპეციალურად ხომ არ მიწყობს ხელს გასუქებაში, რომ დავუშნოვდე და მერე მიზეზი ჰქონდეს – შენნაირ ქალთან რომელი ქმარი გაჩერდებაო?!
ლია, 31 წლის.
ჩემს ყოფილ სიძესთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს
მყავს ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც საკმაოდ ადრე, 20 წლის ასაკში გათხოვდა თავისზე ათი წლით უფროს მამაკაცზე. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და არაჩვეულებრივი ურთიერთობაც ჰქონდათ, მაგრამ, ექვსი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ჩემი ყოფილი სიძე არაჩვეულებრივი ბიჭია და პირველი დღიდანვე საკუთარი შვილივით შემიყვარდა. ისიც ისე მექცეოდა, როგორც თავის დედას. მიხაროდა, ჩემს შვილს ასეთი ქმარი რომ ჰყავდა და ყველგან ვტრაბახობდი – ჩემნაირი სიძე არავის ჰყავს-მეთქი. გარდა იმისა, რომ გარეგნობითაც ძალიან სასიამოვნო მამაკაცი იყო, არაჩვეულებრივი ხასიათი ჰქონდა და თან ჰყვებოდა როგორც ცოლ-შვილს, ისე მე და ჩემს ნათესავებსაც. ნამდვილი გაჭირვების ტალკვესი იყო: ყველაფერი გამოსდიოდა, არაფერი ეზარებოდა, ფოიერვერკებს გვიწყობდა და გვანებივრებდა ყველას. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ქორწინებიდან ექვსი წლის თავზე ჩემს შვილს ოჯახი დაენგრა და ამისი მიზეზი სხვა ქალი გახდა, ანუ, ჩემმა სიძემ საყვარელი გაიჩინა, რაც ჩემმა შვილმა არ აპატია და ქმარს გაეყარა.
ხომ ერთადერთი ქალიშვილის დედა ვარ, მაგრამ, მე სიმართლე მიყვარს და ხმამაღლა ვამბობ, რომ ყველაფერში ჩემი შვილია დამნაშავე. მარიკა საკმაოდ ლამაზი გოგოა, მაგრამ, კოხტაობა არ უყვარს. გათხოვების წუთიდან სულ იმას ჩავჩიჩინებდი, თავს მოუარე, ყოველთვის ფორმაში იყავი, ქმარს გაეპრანჭე, რომ სხვისკენ არ გაიხედოს-მეთქი. საერთოდ, ყველა კაცს უყვარს, ცოლი მოვლილი, მოწესრიგებული და კარგ ხასიათზე რომ ხვდება სახლში სამსახურიდან მისულს, მით უმეტეს, როცა თვითონ განებივრებულია ქალების ყურადღებით. ის კი არა, ყოველდღე სიურპრიზი უნდა მოუწყოს ქმარს ჭკვიანმა ქალმა და ყოველდღე სხვადასხვანაირ ფორმაში უნდა დახვდეს-მეთქი (მით უმეტეს, რომ ამის გასაჭირი ჩემს შვილს არ ჰქონდა არც მატერიალურად და არც ფიზიკურად), მაგრამ, ვინ მომისმინა! იჯდა მთელი დღე სახლში ხალათით, თმადაუვარცხნელი. მიუხედავად იმისა, რომ ქმარმა ძიძაც აუყვანა და დამხმარე ქალიც, მაინც ვერ ასწრებდა საქმეს, რომ ცოტათი მაინც გამოპრანჭულიყო და ქმარს კარგ ხასიათზე დახვედროდა. რომელი კაცი აიტანს მუდამ მოწყენილ, უხასიათო, თმაგაწეწილ და ხალათმოცმულ ცოლს?! გარდა ამისა როცა ქმარი ეტყოდა, სასწრაფოდ მოემზადე, სტუმრად, პრემიერაზე ან რესტორანში მივდივართო, უმრავლეს შემთხვევაში, ეზარებოდა და უარს ეუბნებოდა წაყოლაზე. არც ქმრის სიურპრიზებზე გამოხატავდა აღტაცებასა და კმაყოფილებას. ჰოდა, მობეზრდა იმ კაცსაც ამდენი კუდის ქიცინი. საერთოდ, ასე ხდება ხოლმე: როცა კაცი ცოლისგან ღიმილს არის დანატრებული, ამ ღიმილს სხვა ქალში ეძებს და პოულობს კიდეც. ასე მოუვიდა ჩემს სიძესაც – მასთან წავიდა, ვინც სითბო და კომფორტი შეუქმნა. მის ადგილას მე კარგა ხნით ადრე გავაკეთებდი ამას.
გაყრიდან წელიწად-ნახევარში ჩემი შვილი მეორედ გათხოვდა. ჩემი მეორე სიძე ნამდვილად არ ჩანს ცუდი ადამიანი, მაგრამ რატომღაც, ვერ მიიღო ჩემმა გულმა. წყნარი და სერიოზული კაცია, ჩემს შვილსაც პატივს სცემს, მაგრამ, თავი ისე უჭირავს, მასთან ზედმეტ სიტყვას ვერ იტყვი. არც რამით შეგაწუხებს და არც თავს შეიწუხებს შენთვის. ამიტომ, დიდი ახლობლური ურთიერთობები არ გვაქვს. შეიძლება, გაგეცინოთ, მაგრამ, რამე რომ გამიჭირდება, ახლაც ჩემს ყოფილ სიძეს ვურეკავ და ისიც წამში მიგვარებს ნებისმიერ პრობლემას, თან, ისე, ოდნავაც არ მაგრძნობინებს, რომ შეწუხდა. ყველაფერთან ერთად, არ მახსოვს, ჩემთან მოვიდეს და ლამაზი თაიგული არ მომართვას. უაღრესად დახვეწილი და გალანტური მამაკაცია. ჩემს სულელ შვილს ჭკუა რომ ჰქონოდა, ასეთ ქმარს დაკარგავდა?!
მარინა, 60 წლის.

შვილი ჩემზე და თავის ქმარზე ეჭვიანობს
ჩემი შვილი ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც ჩემზე ხუთი წლით არის უმცროსი. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი მათი ქორწინების, რადგან მე თვითონ ცხრა წლით უფროსს გავყევი ცოლად და შემდეგ სულ ვნანობდი, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი, გემოვნება, აზრები და შეხედულებები გვქონდა ყველაფერზე და ვერასდროს ვერაფერში ვერ ვპოულობდით საერთო ენას. მართალია, ძალიან იშვიათად ვჩხუბობდით ამის გამო, მაგრამ ეს ხელოვნური მშვიდობიანი თანაარსებობა ყოველთვის ჩემი დათმობების შედეგი იყო, რაც ძალიან მძიმედ გადასატანი ხდებოდა ჩემთვის, რადგან, ჩემმა ქმარმა წესად შემოიღო, რომ მთავარი და გადამწყვეტი მისი აზრი იყო, მე კი ყოველთვის სისულელეს ვამბობდი. მართალია, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქმარი არ მძულდა, მაგრამ, არც მისი სიყვარულით ვიწვოდი. პატივს ნამდვილად ვცემდი, თუმცა, ეს პატივისცემაც მის მიერ იყო დაწესებული. თუმცა, ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ის გარდაიცვალა – სახლში მარტო რომ დავრჩი და დღე ისე დასრულდა, რომ ბრძანების გამცემი და „პროგრამის მიმცემი“ აღარავინ იყო, მშვენივრად მოვაბი თავი ყველაფერს და... ვიგრძენი, რომ საკმაოდ გონიერი და მოხერხებული ადამიანი ვყოფილვარ. ერთი კვირის შემდეგ უკვე ყველა კომპლექსი მოხსნილი მქონდა და შესანიშნავად ვუძღვებოდი საქმეებს, თან, აბსოლუტურად მომეხსნა დაძაბულობისა და უმწეობის შეგრძნება, რაც ასე ღრმად ჩამინერგა ჩემმა ცხონებულმა ქმარმა. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე რომ მქონდა გამოცდილი, სწორედ ამიტომ არ მინდოდა, ჩემი შვილი ლამის მამის ტოლ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: მის მეტს არავის გავყვები. ვუყვარვარ და, თანაც, ამდენით უმცროსი რომ ვარ, განსაკუთრებით გამანებივრებსო.
ჩემი სიძე ძალიან ნაკითხი და მრავალმხრივ განათლებული კაცი აღმოჩნდა, თანაც, ძალზე სასიამოვნო მოსაუბრე. ყველა საკითხში არაჩვეულებრივად ერკვევა და ნებისმიერ თემაზე საუბრისას ბევრს ჩაისვამს ჯიბეში. მეც არ ვარ უწიგნური და გაუნათლებელი (რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ჩემს შვილზე და ამას საკუთარ თავს ვაბრალებ, რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხზე სათანადოდ არ ვიზრუნე, როცა დრო იყო) და ძალიან მიყვარს ადამიანებთან ინტელექტუალური საუბრები. ამიტომ, მე და ჩემი სიძე, როცა კი ამისი დრო მოგვეცემა, საათობით ვსაუბრობთ ან ვკამათობთ ამა თუ იმ საკითხზე და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებთ. ჩემი შვილი კი, იმის ნაცვლად, რომ ჩვენთან ერთად დაჯდეს და, თუ ვერაფერს იტყვის, მოისმინოს მაინც, გაბუტული გარბის ოთახიდან. ამას წინათ, ლამისაა, ეჭვიანობის სცენა მოაწყო: ქმარს განუცხადა, დედაჩემთან უფრო პოულობ საერთოს და, თუ ასე მოგწონდა ბებერი ქალები, პატარა გოგოს რატომ ირთავდი ცოლადო. თან, ამ ტუტუცმა და სულელმა, ეს ყველაფერი ჩემი თანდასწრებით უთხრა. საწყალი კაცი ისეთ დღეში ჩავარდა, აღარ იცოდა, რა ეთქვა ან როგორ მოქცეულიყო. მე ხომ მთლად უარესი დღე დამადგა. ისე გადავირიე ამ სიტყვებზე, რომ თავი ვეღარ შევიკავე და სილა გავაწანი ამხელა გოგოს. ამ არანორმალური, უტაქტო საქციელის გამო, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩემს შვილთან აღარ დავდივარ – აღარ მინდა, რომ ჩემი სიძე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო.
ოლიკო, 46 წლის.

უუნარო ქმარი არ მჭირდება
სიყვარულით გავთხოვდი, მაგრამ, ძალიან მალე შემექმნა პრობლემები ოჯახის წევრებთან. საქმე ისაა, რომ ვერ ვიტან ცხოველებს სახლში, ანუ, ზოგადად, მიყვარს ცხოველები, მაგრამ არ მიყვარს, როცა ჩაკეტილ, უეზოო ბინაში ჰყავთ ძაღლები და კატები. ჯერ ერთი, როგორც არ უნდა მოუარო, მაინც ყველგან ბეწვი ყრია, თანაც, აუცილებლად დგება სპეციფიკური სუნი. გარდა ამისა, ალერგიული ვარ და ყველგან მოფანტული ბეწვის გამო საშინლად ცუდად ვხდები. ჩემს დედამთილს კი სახლში მთელი ზოოპარკი ჰყავს – თევზებითა და თუთიყუშებით დაწყებული, ძაღლითა და ორი კატით დამთავრებული. თავიდან კიდევ როგორღაც ვიტანდი ამ ყველაფერს, ატანა თუ ჰქვია იმას, რომ საჭმელს გარეთ ვჭამდი (სულ მეჩვენებოდა, თითქოს კერძში ძაღლისა და კატის ბეწვი ეყარა) და ვცდილობდი, რაც შეიძლება გვიან მივსულიყავი სახლში. პრაქტიკულად, დასაძინებლად მივდიოდი. სიმართლე გითხრათ, ძაღლისა და კატების მოფერებასაც ვარიდებდი თავს, რაც ჩემს დედამთილს ძალიან სწყინდა და ერთი-ორჯერ ამის გამო გამებუტა კიდეც. თევზები და თუთიყუშები მომწონდა და ვუვლიდი კიდეც, მაგრამ დედამთილის გულის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ასე იყო თუ ისე, ეს ნაძალადევი „იდილია“ ორ თვეს გაგრძელდა. ორი თვის შემდეგ კი დავფეხმძიმდი და ისეთი ტოქსიკოზი მქონდა, ცხოველები კი არა, ყველაზე გემრიელი კერძის სუნზეც კი ღებინება მეწყებოდა. თან, ალერგიაც გამიმძაფრდა. მაგრამ, ჩემმა დედამთილმა ეს თავისებურად ახსნა და გამომიცხადა: რამდენიც არ უნდა იფარისევლო, ჩემი ცხოველები აქ იცხოვრებენ. ეს ჩემი სახლია და ვისაც აქ ყოფნა უნდა, ჩემს წესებს უნდა დაემორჩილოს; ვისაც არ მოსწონს, არ ვაკავებ, შეუძლიათ, იქ წაბრძანდნენ, საიდანაც მოვიდნენო. რა თქმა უნდა, „წასაბრძანებლებში“ მე მგულისხმობდა. ერთ დღეს კი, ძალიან ცუდად რომ გავხდი და სასწრაფო გამოიძახა ჩემმა ქმარმა, ექიმმა უთხრა, ალერგიაც რომ არ ჰქონდეს, ორსული ქალი მაინც უნდა მოარიდოთ ცხოველებს, თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი შვილი გეყოლოთო. ამაზე დედამთილმა იქვე უპასუხა ექიმს: ნამდვილად მართალი ბრძანდებით, ორსული უნდა მოვარიდოთ აქაურობას, ამიტომ, ჯობია, დედამისთან გადავიდესო. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ქმარიც მაშინვე დაეთანხმა: კარგი, დედა, შენ ნუ ინერვიულებ, წავიყვან მარიკას დედამისთანო. ისე მეწყინა, ვერ აგიწერთ. სიმართლე გითხრათ, მე ისედაც მერჩივნა, ორსულობის პერიოდი დედაჩემთან გამეტარებინა, მაგრამ, ჩემი ქმრის ასეთმა საქციელმა გული მომიკლა. ამიტომ, ავიჩემე, ხვალამდე მოცდა არ მინდა, დღესვე წამიყვანე-მეთქი. ორივე სიხარულით დამთანხმდა.
დედასთან რომ მიმიყვანა, იმის მერე ორი კვირა ისე გავიდა, ჩემი ქმარი ერთხელაც არ მოსულა სანახავად, მხოლოდ დამირეკა რამდენჯერმე და ვიღაცის ხელით ასი ლარი გამომიგზავნა. ორი კვირის შემდეგ ძლივს მოიცალა მოსასვლელად. არც კი მოუბოდიშებია, წესიერადაც კი არ მომიკითხა, ორი კილო ვაშლი მომიტანა და ზუსტად თხუთმეტ წუთში წავიდა. მთელი ჩემი ფეხმძიმობის განმავლობაში დედამთილმა ორჯერ მინახულა (5-5-წუთიანი ვიზიტები ჰქონდა), იჯდა ირონიული ღიმილით, ადგა და წავიდა. მერე კი ყველგან ლაპარაკობდა, ამხელა ქალი შევწუხდი, მივედი, მოვინახულე, იმან კი კარამდეც არ გამომაცილაო. სხვათა შორის, ამის გამო ჩემმა ქმარმაც მისაყვედურა – ორი ნაბიჯის გადადგმას რა უნდოდაო. მე წოლითი რეჟიმი მქონდა, ტუალეტშიც კი ვერ გავდიოდი დამოუკიდებლად და როგორ უნდა ავმდგარიყავი და გამეცილებინა, შვილის სიცოცხლე ჩამეგდო საფრთხეში?!
სამშობიაროდ რომ წამიყვანეს, დედამთილი არც იქ მოსულა. ჩემი ქმარიც ცოტა ხანს იყო და გამოყვანამდე მხოლოდ ერთხელ მომაკითხა. რა თქმა უნდა, დედაჩემთან წავაყვანინე თავი. ჩემი შვილი უკვე სამი თვისაა და ჯერ ისევ დედასთან ვარ. ქმარი კვირაში ორჯერ მოდის სანახავად, თხუთმეტი წუთი რჩება და მიდის. არც იმას მეკითხება, რამე ხომ არ გვჭირდება მე და ჩემს შვილს, არც ჩვენს სახლში წაყვანაზე ძრავს სიტყვას. დედამთილმა მხოლოდ ერთხელ დამირეკა და მხოლოდ ორი კითხვა დამისვა – ბავშვი ხომ ჯანმრთელია და ვის ჰგავსო. მე რომ მისი ამბავი ვიცი, მეორე კითხვა იმიტომ გაუჩნდა, რომ, ალბათ, ეჭვი ეპარება, ბავშვი ნამდვილად არის თუ არა მისი შვილიშვილი.
ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე და გადავწყვიტე, ქმართან აღარ დავბრუნდე. არც ის მინდა, რომ ის გადმოვიდეს ჩვენთან. უფრო სწორად, საერთოდ აღარ მინდა ასეთი ქმარი. დედაჩემი მომეხმარება და ერთ ბავშვს როგორმე სხვის დაუხმარებლადაც გავზრდით. ჩემს ქმარს ცხოველები თუ ურჩევნია საკუთარ შვილს, ჰყავდეს, ჩვენ კი თავი დაგვანებოს. ამხელა კაცს რომ ხმის უფლება არ ექნება დედასთან, ის ოჯახის მომვლელი და დამცველი იქნება?! ეგეთი უუნარო და დედალმაშო ქმარი არ მჭირდება.
მარიკა, 27 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 595 40-76-78.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3