სად მოსწონს ენერგიის ხარჯვა დუტა სხირტლაძეს და რა ასწავლა თოხმა შორენა ბეგაშვილს
მიუხედავად იმისა, რომ შორენა ბეგაშვილსა და დუტა სხირტლაძეს შორის მანძილი სულ რაღაც ორი მეტრია, ერთმანეთის მიმართ უამრავი კითხვა დაჰგროვებიათ. თემები, რომელზეც „იღბლიან ბორბალში” არ საუბრობენ, ჩვენს რუბრიკაში გაირჩა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია შორენა ბეგაშვილი
– როგორ ხარ, დუტა? ხომ კარგად ხარ, მომენატრე რამდენი ხანია, არ მინახავხარ...
– რამდენი დრო გავიდა არა?! სულ ახლახან მოვრჩი გადაღებას, „იღბლიან ბორბალს” ვიღებდით.
– მართლა?! შენც?! მე ავტომობილი გავათამაშე.
– მეგონა მე გავათამაშე. რა უცნაურია. (იცინიან) არა, არ იყავი ცუდი დღეს, კარგი გადაცემა გამოვიდა.
– უი, მართლა, რა უნდა მეკითხა. უკვე რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ დუტა თუ სადმე მოხვდება, სუფრაზე იქნება ეს თუ რაიმე შეკრება, ამბობს, მე და შორენა ერთად ვართო. ამაზე რა კომენტარს გააკეთებ?
– სულ ასე ვამბობ, მართლა. აი, ახლაც ორი წუთი არ ვიყავით ერთად და როგორ განვიცადეთ... მაინც მინდა, ვუთხრა ჩვენს მკითხველს, მაყურებელს, რომ კი, ჩვენ ერთად ვართ!
– ანუ, ვაღიარებთ ჩვენ ურთიერთობებს?
– რომელ ურთიერთობებს გააჩნია, შორენა.
– არ ვიცი, გააჩნია, რას გულისხმობენ ჩვენი კეთილისმსურველები ამ წინადადებაში – ერთად არიან.
– რა გინდა, ძალიან მომწონს ეს ამბავი. მთავარია, ბავშვები გაიზარდონ, კარგები, ჭკვიანები. რაც გვყავს ჯერ ეგენი გვეყოფა, ჯამში ოთხნი არიან.
– კარგი, თავი დავანებოთ ხუმრობას... ალბათ, ასეთ რაღაცეებს სულ იჭორავებენ და ბოლო არ ექნება, შეჩვეული ვარ. როგორც ვიცი, გუშინწინ ფილმის გადაღებები დაამთავრე. რა ფილმზე მუშაობდი?
– რეზო გიგინეიშვილი იღებს ქართულ-რუსულ ფილმს. თვითონ ფილმის გადაღებები არა, მაგრამ ჩემი ნოველის გადაღება დასრულდა, სადაც ვთამაშობ ოლიკო ბაბლუანთან და არაჩვეულებრივ ვიქტორთან ერთად, პატარა საოცარ ბავშვთან. ფილმის მოქმედება საქართველოში ხდება. კარგი, დადებითი და რაც მთავარია, ხარისხიანი ფილმი გამოვა. რეზოთი აღფრთოვანებული ვარ, როგორი პროფესიონალია. ქართველებიდან, ბევრს არ მოეწონა, მაგრამ ვისაც არ მოეწონა, აქედან პირდაპირ მინდა განვუცხადო, მუშაობა ისწავლონ და მოეწონებათ. მან კარგად იცის კინო, საფეხურებრივად, ყველგან აქვს ნამუშევარი და გადასარევად იცნობს სტაფის სამუშაო პროცესს. აქედან გამომდინარე, ყველას თავისას სთხოვს და თან, ზუსტად იცის, რამდენი მოსთხოვოს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იმპროვიზირებდა, მაინც ზუსტად იცოდა, იმპროვიზირების დროს რა უნდოდა. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო მასთან ერთად მუშაობა. მიხარია, რომ ისეთ ფილმში ვიქნები, სადაც ინა ჩურიკოვა, ოლეგ ბასილაშვილი, კატია მიხალკოვა, მიაგკოვი, გუგა კოტეტიშვილი, მერაბ ნინიძე, ოლიკო ბაბლუანი, გიორგი ყიფშიძე და სხვები იქნებიან.
– ამ ზაფხულს ერთ ფილმზე უარი თქვი?
– უარის თქმა მომიწია. გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ რომ, ვერ მოვიცლიდი. გადაღებები დღემდე უნდა გაგრძელებულიყო და ყველაფერზე უარი უნდა მეთქვა. თელავის თეატრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. ერთი წელი ვიცადე, ბოლოს და ბოლოს ისეთი გახსნა გამეკეთებინა, რომელიც საზოგადოებას დაანახებდა, რომ თელავის თეატრი გაცოცხლდა, ახალი სიცოცხლე დაიწყო. გუშინ ნინო ანანიაშვილი იყო, დღეს „იღბლიან ბორბალს” ვწერ, მაგრამ იქ ბათუმელები მყავს სტუმრად. კი, შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ გომბორის ახალი გზით მანძილი ისე შემცირდა, რომ დილით რეპეტიციაზე მივდივარ და საღამოს თბილისში ვბრუნდები.
– შენი მეუღლე თოფით არ გხვდება ხოლმე?
– არა, რატომ უნდა დამხვდეს?! მან იცის როგორი ვარ, ასეთი გამიცნო, ეს ყველაფერი სიურპრიზი არ ყოფილა. თეატრი პროფესია არ არის, ცხოვრების წესია, რომელიც მასაც ძალიან უყვარს. ჩვენ თეატრში გავიცანით ერთმანეთი და ზუსტად იცის, რას ნიშნავს ის ჩემთვის და რა შეიძლება, გავაკეთო ამისთვის.
– არასდროს ჰქონია ეჭვიანობის მომენტი?
– როგორ არა, რამდენჯერაც გინდა. მაგრამ არაფერს ვუხსნი. მან კარგად იცის, რომ ეს არის სფერო, რომელსაც ჩემი დროის ძალიან დიდი ნაწილი მიაქვს. საქმე მაგარია, თან როცა გამოდის.
– ამდენ შრომას თუ აქვს რეალური შედეგი?
– ყველას მილიონერი ვგონივარ, მაგრამ ისე არ ქუხს, როგორც ელავს, თუ როგორც ელავს, ისე არ ქუხს. შენც ასე არ ხარ?! აწყვეტილი გაქვს უკვე. აღარ იცი მერამდენე სახლი იყიდო.
– იმ დღეს მეგობარი მყავდა სტუმრად და მეუბნება, მეგონა, სახლში ოქროს სახელურები გქონდაო. როგორ არა, უბრალოდ დამალული მაქვს-მეთქი. კარგია, რომ ასეთი შეგრძნება აქვს ხალხს, ესე იგი კარგად გამოვიყურები (იცინიან). არადა, ცოტა ხნის წინ გადაღებაზე უნდა გავფრენილიყავი, სახლში მივედი, შუქი ჩაჭრილი დამხვდა, გადახდა დამვიწყებია და მეგობრებთან ვაუთოებდი ტანსაცმელს. შუა უთოობაში, თორმეტ საათზე კი, ჩემი დაბადების დღე დადგა.
– გადასახადებთან დაკავშირებით იგივე ხდება ჩემთანაც. ელექტრიკოსს ველაპარაკე და ვთხოვე, თელავში ვარ, არ ჩამიჭრათ, გადავიხდი დღესვე-მეთქი.
– როგორ ჩაიარა გახსნამ და საერთოდ რა გეგმები გაქვს თეატრში?
– ოცში გადაწყდა თეატრის საზეიმო გახსნა, მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები, კოლეგები, იყო წითელი ხალიჩა, ფოტოების გადაღება... პატარა შამპანურითა და კარგი სპექტაკლით დავხვდით. ბოლოს ფოიერვერკებით დავასრულეთ და ბანკეტი ვლეწეთ, როგორც წესი და რიგია. ამას, ძალიან მალე, მეორე პრემიერა მოჰყვა, ოცდაშვიდში მესამე პრემიერა ვითამაშეთ და ახლა მეოთხე მზადდება. ჩემი მთავარი სტრატეგიაა მოწვეული რეჟისორები. ჩემი პრინციპია, უკვე აპრობირებული, სხვადასხვა ქალაქებსა თუ თეატრებში მაყურებლის მიერ უკვე მიღებული და წარმატებული სპექტაკლების თელავში მოზიდვა.
– მაყურებელი არ არის გადაჩვეული თეატრში სიარულს?
– ოცწლიანი პაუზა იყო და რა თქმა უნდა, გადაეჩვია. ამიტომაც, მაქვს ასეთი სტრატეგია – ბევრი მუშაობა, პრემიერა. სპექტაკლი, რომელიც იმუშავებს, დარჩება, არა და მოიხსნება. არ ველოდი, უკვე იმდენი ხალხი დადის.
– რა განცდა გქონდა გახსნის დროს?
– არ მეცალა განცდისთვის. მთელი ღამე კვიპაროსებით კომპოზიციას ვალაგებდით. თექვსმეტი ხე ოთხმა კაცმა ავზიდეთ თეატრის ვერანდაზე, დავწყდით. გავვარდი დილით გადაღებაზე – ალაზნის ნაპირებზე ერთი სცენა მქონდა დარჩენილი. გამოვვარდი უკვე დაჭყეტილი თვალებით, „ვიზინი” დამაცალეს თვალებში, ვითომ არ მეძინებოდა... ბანკეტის მერე ერთი ჭიქა დავლიე, კისერი მომწყდა და დავვარდი. გამოცვლაც ვერ მოვასწარი, სტუმრები საღებავიანი შარვლითა და ქურთუკით მივიღე. მერე საგრიმიოროში შევვარდი, ჩავეცვი კოსტიუმს ერთ წუთში და გამოვედი (იცინიან). გახსნა მივუძღვენი ჩემს პაპას და ბებიას, რომლებიც „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეში” თამაშობდნენ, იმ სპექტაკლში, რომლითაც თეატრი გავხსენით. მე პაპაჩემის პატარა როლი ვითამაშე. უკუღმა იწვნენ და მე გავასწორე.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია დუტა სხირტლაძე
– შორენა, ყოველთვის განვიცდი რაღაცეებს, რაც შენ გეხება. ქართველი ხალხი არ იყო მზად იმისთვის, რაც თან შენ კი არ დაგიწყია, სხვებმა დაიწყეს და ვინაიდან და რადგანაც, ყველაზე მაგარი ხარ, ჯოხი შენზე გადატყდა. მომწონს შენი რევოლუციონერობა და ამაყი ვარ, რომ შენ გვერდით მიწევს მუშაობა. შენ რა დამოკიდებულებას გრძნობ ადამიანებისგან. ვიცი, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდები, მაგრამ მაინც...
– შენ სულ სხვა კუთხით გამიცანი, სარდაფში სულ ახალბედა მსახიობი, შენ გვერდით ვთამაშობდი და დღესაც ერთად ვმუშაობთ. ალბათ, ყველაზე კარგად ხედავ, რომ დიდად არაფერი არ შეცვლილა. რაც შეეხება დამოკიდებულებას, იყო პერიოდი, როდესაც გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ – ნწუ, ნწუ, დედა, ეს რა გააკეთაო, ამბობდნენ ეშმაკისეულს, სატანისეულს და რაღაც საშინელებებს მეძახდნენ. საოცრებები იწერებოდა სოციალურ ქსელებში.
– ამ დროს ეს საზოგადოება კიმ ბესინჯერს, შერონ სტოუნს უყურებს და აღფრთოვანებულია. ერთი კვირა დარბოდნენ, აქ შერონ სტოუნმა ხელი მიადო და მეც შევეხე, აქ ტრაკი დიდხანს ედოო... შერონ სტოუნმა კინოსა და ცხოვრებაში სასწაულები აკეთა, ბოდიში და პირდაპირ დაგვადო თავზე ერთი ადგილი. შენ ლამაზი ფოტოები მაინც გადაიღე.
– ჩემგან, ქართველი ქალისგან, აღმოჩნდა ეს ყველაფერი სალანძღავი და საქილიკო, თორემ შერონ სტოუნს ხელები დაუკოცნეს. თბილისში რომ იყო ლამის დეპრესიაში ჩავვარდი, როცა ვუყურებდი, როგორც წმინდანს, ისე რომ უვარდებოდნენ ფეხებში ის ადამიანები, რომლებიც ჩემი გადაცემის წინააღმდეგ აქციებს აწყობდნენ.
– შენ რა რეაგირებას ახდენ ამაზე? ამ დამოკიდებულებამ შენზე იმოქმედა, შეგცვალა, საკუთარ თავში ჩაგკეტა, თუ საერთოდ არ გაინტერესებს? გატყობ, რომ ჩაკეტილი ხარ, თითქოს ამ ყველაფერმა დაგაკომპლექსა.
– რა თქმა უნდა, იმოქმედა. კი არ დავკომპლექსდი, უბრალოდ, რაღაცის კეთების აზრი დავკარგე. საქართველოში არაფრის გაკეთება აღარ მინდა. ინიციატივას აღარ ვიჩენ. ეს, რაც შეეხება საქმეს. სამსახურის გარეთ ცხოვრებაზეც აისახა ეს ყველაფერი. აღარ მიჩნდება სურვილი, ხალხმრავალ ადგილებში წავიდე, სადმე გავერთო, დავისვენო. ეს ერთადერთი მიზეზის გამო ხდება, რადგან საერთოდ არ მაინტერესებს იქ შეკრებილი ცინიკოსები, ადამიანები, მათში სულ ცოტა ადამიანურობასაც რომ ვერ იპოვი, გიღიმიან და ერთი ნაბიჯიც არ გაქვს გადადგმული, ცინიკური ღიმილით რაღაცას წაიჭორავებენ. შენ ფიარისთვის რაღაც გააკეთე, მე სხვა გზა ავირჩიე, როდემდე შეიძლება იყოს ეს გასარჩევი?! გავიხადე არა იმისთვის, რომ ჩემი მკერდი მეჩვენებინა, კარიერას და საქმეს სჭირდებოდა ასე. ვისაც ეს არ ესმის, არც არის საჭირო რომ ავუხსნა.
– ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგი. ბევრმა გადაიღო ფოტოები „ფლეიბოისთვის”, მაგრამ ვერაფერში გამოიყენეს.
– ფილმშიც ძალიან ბევრმა ქართველმა ქალმა გაიხადა, იგივე და უარეს პოზებში ჰქონიათ გადაღებები.
– არადა, ეგ ის პოზებია, რომ მაქსიმალურად რეალური გამოჩნდეს კადრი (იცინიან). როგორი სასაცილო იყო, უკნიდან ჩვენი მხატვარი ლოგინს რომ აჭანჭყარებდა, ეს კიდევ კომპიუტერში რაღაცეებს აკეთებდა. სახელი მაინც მითხარი, გახსოვს რომ ჰკითხე?
– (იცინიან) ეგ ყველაზე მაგარი იყო. სახელიც არ ვიცოდი, ეს ბიჭი რომ მოიყვანეს. საერთოდ, ასეთ ფილმებზე კარგად ვერთობით. ბევრი დაძაბულობაა და მერე სულ ცოტა გვჭირდება, რომ სიცილ-ხარხარი ატყდეს. რაღაც მოხდება და ეგრევე ვახერხებთ განტვირთვას.
– კარგია, კაცო, გადაიღონ ბევრი ფილმი და სულ ტიტველი ვირბენ.
– ბევრ გოგოს არ აქვს გახდასთან დაკავშირებით პრობლემა. ბიჭებს უფრო აქვთ, სხვათა შორის.
– გეთანხმები. მოსკოვში სტალინის გადაღებაზე რომ ვთქვი, სრულიად არადამაჯერებელი ვიქნები, რუსულ „ბანიაში” ტრუსიკით რომ ვიჯდე-მეთქი, გაუკვირდათ და გაუხარდათ. რატომ შევიდოდნენ სტალინი და თავის ცოლი „ბანიაში” ჩაცმულები. მოდი, მაშინ ისე დაჯექი, მთლად ყველაფერი არ გამოჩნდეს, ეკრანზე ცუდად გამოჩნდებაო. თქვენი გადასაწყვეტია-მეთქი. არტისტები ვართ ბოლოს და ბოლოს, ამხელა დე ნირო დარბის ჩახდილი ფილმებში. კარგი, დავანებოთ ამას თავი, ვისაც გაგება არ უნდა, მაინც ვერ გაიგებს, ჩემო შორენა. მთავარია, ჩვენი საქმე ვაკეთოთ და რაც უფრო უკომპლექსოდ მოვიქცევით კამერასთან, მით მეტი როლი გვექნება. რაც შეეხება „იღბლიან ბორბალს”, მაგარ გაუგებრობაში ხარ მოხვედრილი. ეს შენი პარტნიორი დემეტრე სხირტლაძე, დგას და ქაქანებს, არ გაცდის სიტყვის ჩაკვეხებას. სახალხოდ უნდა მოგიბოდიშო. არ ვარ ამას შეჩვეული, ყოველთვის მარტო ვმუშაობდი და მაქვს მომენტები, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალი მიდგას გვერდით, თუ რაღაც არ ჩაილაპარაკე, მავიწყდება, რომ მარტო არ ვარ.
– ნუ გეშინია, არ ვწუხდები ამით. მშვიდად, კარგად ვარ და ვერთობი შენი ქაქანით. შეგიძლია, ეგრევე გააგრძელო. სხვათა შორის, მინდა, მოგილოცო, ჩვენ გადაცემას ძალიან დიდი რეიტინგი აქვს.
– მაინც მგონია, რომ ამ გადაცემამ შენი იმიჯი რადიკალურად შეცვალა და საბედისწერო ქალიდან ერთ ლამაზ გოგოდ გადაიქეცი. რეალურად რომ ვუყურებ, საბედისწერო ქალი კი არა, მანიაკი დედა ხარ, რომელიც მუშაობის დროსაც სულ ტელეფონზე ელაპარაკება შვილს, გადაღებიდან მასთან სამეცადინოდ გარბის.
– იმდენ რაღაცაზე დადის, მთელი დღე გადარბენებზე ვართ. მეტის დრო ნამდვილად არ მრჩება. „გლამურნი” ხალხი რას ამბობს ჩემზე, არ მაინტერესებს.
– ერთი რაღაც მინდა გკითხო, ახლა ეული ხარ? არც მეგობარი ბიჭი გყავს, არც არავინ?
– არავინ. ძნელი დასაჯერებელია?
– ძნელი დასაჯერებელი კი არა, აბსურდია. შენნაირი გარეგნობის ადამიანი მარტო დადიოდეს, ეს ზეაბსურდია, მართლა წარმოუდგენელი.
– წარუმატებლად დამთავრდა ერთი, ორი და სიურპრიზებს მირჩევნია მშვიდად სახლში ყოფნა.
– ანუ, დამთავრდა ის, რაზეც ეჭვები მქონდა.
– არ ვიცი, რა ეჭვები გქონდა, მაგრამ ეგეც დამთავრდა (იცინიან). ძალიან იშვიათად, სადმე თუ მივდივარ, იქაც არავის გაცნობის სურვილი არ მაქვს. ოდნავ ვიღაც მეკარება და ეგრევე თავდაცვაზე გადავდივარ.
– თოხზე ხარ ნამუშევარი. მართლა ასეთი ლამაზი რომ ხარ, ვიღაცეებს სუსტი ხომ არ ჰგონიხარ?!
– ვგონივარ და ცდებიან (იცინიან). ძალა მაქვს და ადვილად შემიძლია, მოვერიო უზრდელ ადამიანებს. მაგრამ, მორევაზე რომ არ მივიდეს საქმე, მირჩევნია, სახლში, მშვიდად ვიყო ჩემთვის.