რომელ ფეოდალურ გვარებს ჰქონდათ სარდლობის პატივი შუა საუკუნეების ქართულ ჯარში
ქართველ ერს ფეოდალურ ხანაში უთვალავი ომის გადახდა მოუწია. ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე ქართული ჯარის საბრძოლო წყობის თავისებურებებზე გვესაუბრება.
– გასული საუკუნის 80-იან წლებში ვმუშაობდი სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში „რადიანი”. ეს გახლდათ გასამხედროებული ტიპის ორგანიზაცია („საფოსტო ყუთი”), რომელიც, მთლიანად თუ არა, ძირითადად მაინც, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთებზე მუშაობდა. ჩვენთან ძალზე ბვერი სამხედრო პირი თანამშრომლობდა – გენერლები, პოლკოვნიკები... ირაკლი ჯორჯაძე – გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი – ერთ-ერთი მათგანი იყო... ბატონმა ირაკლიმ ჩემთან საუბარში რამდენჯერმე ახსენა, რომ მუშაობდა წიგნზე – „საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია”. რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მეც მომიწევდა მსგავს საკითხზე ინტერვიუს მიცემა...
– ჩვენი დიალოგის პროლოგი მე ასე გავიგე, რომ ბატონი ირაკლი ჯორჯაძე გახლდათ ის პიროვნება, რომლემაც სამხედრო თემატიკისადმი ინტერესი გაგიღვივათ.
– რასაკვირველია! პირადად მე ხომ საბჭოთა საოკუპაციო ჯარში საერთოდ არ მიმსახურია, თუ რის ფასად, თქვენის ნებართვით, ამ საკითხს არ შევეხები.
დღევანდელი ჩემი საუბრისას, ძირითადად უდიდესი მეცნიერის, ვახუშტის შრომას („აღწერა სამეფოსა საქართველოსი”) დავეყრდნობი, რადგან ამ თემას სხვა მემატიანენი მხოლოდ გაკვრით ეხებიან.
ვახუშტის მიხედვით, მთელი ქართული ტერიტორია – ერთიანი საქართველოს დროსაც და სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ დანაწევრების შემდეგაც, ერთთავად ოთხ სადროშოდ იყო დაყოფილი: 1. მეწინავე, 2. მემარჯვენე, 3. მემარცხენე, 4. მეფის ალამი. ყოველ სადროშოს თავისი სარდალი ჰყავდა, რომლებსაც მეფე ნიშნავდა. ისინი მხოლოდ მეფესა და სპასალარს ემორჩილებოდნენ.
„ხოლო წესთა ამათთა იყო ყოველი ივერია, ანუ გიორგია ოთხ სადროშოდ განყოფილი, რამეთუ წინამბრძოლნი იყვნენ თორელნი, ციხისჯუარელნი და ახალციხელნი, და მიმყოლნი მათნი სრულიად მესხნი და კლარჯნი, და სომხითისა, რომელნი ეპყრათ; ხოლო მომარჯუნე მიმსულელ-მცემელნი სრულიად ლიხთ-იქითი აფხაზ-ჯიქითურთ; მემარცხენეთ მიმსულელ-მცემელნი სრულიად ჰერ-კახნი; ხოლო მეფისა ალმის მპყრობელნი ქართველნი და რომელნი როქით სპანი ეპყრნეს მეფესა, გარნა ოდესმე სამად მიმსვლელად, ანუ სხვარიგ მიიყვანდიან, ვითარ ამჯობინის მეფე ანუ სპასალარი.”
– როგორ შეიცვალა ვითარება მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთიანი საქართველოს დაშლის შედეგად?
– ბუნებრივია, შეიცვალა სადროშოთა საზღვრები, მათი რაოდენობა კი კვლავ იგივე დარჩა.
კერძოდ: ქართლის სამეფოს მეწინავე სადროშოდ სომხით-საბარათიანო (ქვემო ქართლი) გადაიქცა; მემარჯვენე სადროშოდ – ზემო ქართლი; მემარცხენედ – ქსნისა და არაგვის საერისთავოები და სამუხრანბატონო; ხოლო მეფის, ანუ მეოთხე სადროშოში შედიოდა ტერიტორია, რომელიც გადაჭიმული იყო თბილისიდან ტაშისკარამდე, ოღონდ, მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს წარმოადგენდა. ქართლის კათალიკოსის ლაშქარიც ამავე სადროშოში შედიოდა, თუმცა მას თავისი სარდალი ჰყავდა.
– სარდალი დიდი სახელი იყო, რომელიც ძალზე ხშირად მამიდან შვილზე გადადიოდა. რომელ ფეოდალურ გვარებს ჰქონდათ სარდლობის პატივი ქართლში?
– მეწინავე სადროშოს სარდლებად ბარათაშვილები ინიშნებოდნენ ხოლმე. როცა ამ გვარს ცალკე განშტოებად გამოეყო ორბელიან-ყაფლანიშვილთა გვარი, სახელო მათ სახლიკაცებში დატრიალდა.
მემარჯვენე სადროშოს, როგორც წესი, ამილახვრები განაგებდნენ; მემარცხენეს – მუხრანბატონები; მეოთხე სადროშოს სარდლის სახელოს წყალობისას ქართლის მეფენი უფრო მეტად ციციშვილებს ანიჭებდნენ ხოლმე უპირატესობას. ქართლის კათალიკოსის ლაშქრის სარდლები – გედევანიშვილებიც, სწორედ მათ ექვემდებარებოდნენ.
– ჩვენმა სათაყვანო პროზაიკოსმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავისი ცნობილი რომანის, „არსენა მარაბდელის” პირველივე თავი ასე დაასათაურა – „მოწინავე დროშა”. ამ და მომდევნო თავებშიც, იგი არაერთხელ ჩერდება ჩვენთვის საყურადღებო თემაზე. თუმცა, ნაწარმოების ბოლოს დართულ თავისსავე შენიშვნებში აღნიშნავს, რომ „საქართველო ხუთ სადროშოდ (სამხედრო ოლქად) იყო დაყოფილი და ქვემო ქართლს „მოწინავე სადროშო“ ერქვა”. რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?
– მიხეილ ჯავახიშვილს მართლა ყაჩაღი არსენა ოძელაშვილის თავგადასავალი რომ მოეთხრო, ამგვარ კურიოზულ შეცდომას აღარ დაუშვებდა... შესაძლოა, ქართლის კათალიკოსის ლაშქარი მას ცალკე სადროშოდ წარმოედგინა და, აქედან გამომდინარე, ერთით მეტობა ამიტომ გამოსდიოდა... მიხეილს ამ რომანში სხვაც ბევრი შეცდომა გაეპარა... ალექსანდრე ჭავჭავაძის ცოლი, სალომე ორბელიანი, მას დავით სარდლის ქალიშვილი ჰგონია, სინამდვილეში კი სალომეს მამა დავითის ვაჟი – იოანე გახლდათ...
– კახეთის სამეფოს სადროშოები რომელ ტერიტორიებს მოიცავდა და რომელი ფეოდალები სარდლობდნენ ხოლმე?
– კახელი ბაგრატიონები სხვაგვარად მოიქცნენ: სადროშოების სარდლებად, ქართლელებისა და იმერლებისგან განსხვავებით, ეპისკოპოსები დააყენეს. მოგეხსენებათ, ეპისკოპოსობა მემკვიდრეობით არ გადადის. ამდენად, აქაური ცენტრალური ხელისუფლება ამ ნოვაციით უფრო გაძლიერდა, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში მაინც გვხვდება საერო პირთა დანიშვნა სარდლებად.
კახეთში მეწინავე სადროშოდ ქიზიყი იყო წარმოდგენილი. ქიზიყელებს ვახუშტი ასე ახასიათებს: „არამედ არიან კაცნი მბრძოლნი, მხნენი, ახოვანნი, შემმართებელნი, მაგარნი, მიმყოლნი ურთიერთთა”. მათ ბოდბელი ეპისკოპოსი სარდლობდა ხოლმე.
მემარჯვენე სადროშოს გაღმა მხარე მოიცავდა, რომელშიც კახეთის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი მოიაზრებოდა. აქ სარდლებად ნეკრესელი ეპისკოპოსები ინიშნებოდნენ.
მემარცხენე სადროშოში შედიოდა საგურამო-მარტყოფითურთ და გარე კახეთი. აქ რუსთაველი ეპისკოპოსები სარდლობდნენ.
მეოთხე სადროშო, ტრადიციულად, მეფისა გახლდათ. აქ, მკვლევართა აზრით, ალავერდელებს უნდა დასთმობოდათ ასპარეზი.
– იმერეთში როგორი იყო ვითარება?
– იმერეთში მეწინავე სადროშოში შედიოდნენ: საჩხეიძო-სალომინაო-საჩიჯავაძეო და ვაკე; მემარჯვენეში – არგვეთი; მემარცხენეში – რაჭა; მეფის სადროშოში კი – ლეჩხუმი – ოკრიბითურთ. აქ სადროშოთა სარდლები ხშირად იცვლებოდნენ და ზუსტი ცნობები არც არის შემონახული.
– ოდიშის, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროებშიც ოთხ-ოთხი სადროშო ფიქსირდება?
– იქაც მსგავსი ვითარებაა, ველოსიპედის გამოგონება არავის უცდია...
– ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ, მაინც, რა ევალებოდათ სადროშოთა სარდლებს?
– ორიოდე სიტყვით მათი ვალდებულება-მოვალეობის ამოწურვა ძალიან ძნელია... თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მათ ფუნქციებში შედიოდა ის საქმიანობანი, რასაც დღეს ასრულებენ: სამხედრო კომისრები, თავდაცვის მინისტრები, სამხედრო პროკურორები, უშიშროების სამსახურის უფროსები, სასაზღვრო ჯარების მეთაურები, მოსამართლეები, სტატისტიკის დეპარტამენტის მესვეურნი, საგადასახადო სამსახურის უფროსები... სარდალს თავისი ტერიტორიის ფარგლებში მოსახლე თავადთა და აზნაურთა გაყრის ამბებიც კი ეკითხებოდა...
– მედროშეებზე რაღას გვეტყვით? „მარაბდელში” ისინი – არსენას მამა ღვთისავარი და პაპა მახარა – საყოველთაო პატივისცემით სარგებლობენ.
– შემორჩენილია მეთვრამეტე საუკუნის პირველი მეოთხედით დათარიღებული, კახთა მეფის – დავით იმამ-ყული-ხანისა და მისი ძმის, თეიმურაზ ბატონიშვილის ბეჭდებით დამოწმებული დოკუმენტი – „განწესება სარუსთველო დროშისა”: „ამისნი დროშის მტვირთველნი ნორიას ჭიჭინაძენი ყოფილიყვნენ და ჩვენცა მათვე მივანდევით, ეგრეთ რომე, ოდეს დროშა წაასვენონ, ერთს ძლიერსა და უმჯობესსა კეთილ – ცხენოსანსა კაცსა ხელთა მიათვალევდენ და სხვანი ჭიჭინაძენი გარე შემოეხვეოდნენ ომსა შინა, გინა მშვიდობასა და, ოდეს ადგილსა დაისავანონ, ქეშიკი და მცველობა ამათ მიანდონ დროშისა. ოდესცა ნებითა ღვთისათა მტერთა სძლონ და ნატყვენნი ქვეყანანი ყოველივე ღმრთაების დროშის ჯარის შოვებულისაგან, ფანჯიექი საჩვენოდ და სარუსთველოდ აღწერდენ ჩვენნი მოხელენი და რუსთვლის მედროშენი”.
– „ფანჯიექი“ ძველ ქართულში ერთ მეხუთედს რომ ნიშნავს ჩვენს მკითხველს უნდა მოეხსენებოდეს. იქნებ ქეშიკის განმარტება შევახსენოთ?
– დიდ სულხან-საბას თავის ცნობილ ლექსიკონში ამ სიტყვის შეტანა, რატომღაც, გამორჩენია. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულში (არნოლდ ჩიქობავას რედაქტორობით) ვკითხულობთ: „ქეშიკი – წარჩინებული პირის მცველი”. ქეშიკი, პიროვნების გარდა, შეიძლება იყოს დროშის, სალაროს, ბეჭდის და სხვა უსულო საგნების მცველიც...
– თქვენ, როგორც ფსიქოლოგმა, იქნებ, რაიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი შეამჩნიეთ სადროშოთა შესახებ მოსაუბრე ვახუშტის მონათხრობში?
– ვახუშტი ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა (ქიზიყელების, რაჭველების, სვანების, მეგრელების, გურულების...) მოკლე ფსიქოლოგიურ დახასიათებას იძლევა. მათ, ვინც ვახუშტის განიხილავენ როგორც მხოლოდ გეოგრაფსა და ისტორიკოსს, შეიძლება, ეს დახასიათებანი ზედმეტი და უადგილო ეჩვენოთ; მით უმეტეს, არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს ვახუშტი აბსოლუტურად ყოველთვის ობიექტური და პირუთვნელია... მაგრამ, როდესაც სადროშოთა თვითონ სახელწოდებაც კი გიჩვენებთ მათ შინაარსს... მაგალითად, წარმოგიდგენიათ საყოველთაოდ დინჯი რაჭველები მეწინავე სადროშოში?! გინდაც, კათალიკოსის ჯარი მეწინავედ?! – ბევრი ყმა-გლეხი, რომელიც თავადაზნაურებმა ეკლესიას შესწირეს, ხომ ან ტყვედ ჰყავდათ მოყვანილი, ან, ტყვედ მომყვანებისგან იყვნენ შესყიდულნი, და არა ადგილობრივნი მეწინავე ლაშქარში?!... არადა, მართებული იქნებოდა ახოვან, მხნე, შემმართებელ ქიზიყელთა მეოთხე სადროშოში დაყენება – ამ სადროშოს მეომარნი ხომ ხშირად მხოლოდ მაშინ ერთვებოდნენ ბრძოლაში, როცა ომის სასწორი უკვე გადაწყვეტილი იყო ხოლმე.
ერთი სიტყვით, ჩვენს წინაპრებს ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა ფიზიკური და სულიერი მახასიათებლები გაუთვალისწინებიათ და სადროშოთა განლაგება ამის მიხედვით მოუხდენიათ. ბრმად და ჰაიჰარად არ მოქმედებდნენ – ყოველი ნაბიჯი გაზომილი ჰქონდათ.