კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეაყვარა ბრენდონ სტოუნმა მაჟორულ გერმანელებს ქართული მელოდიები და რატომ „ეშინიათ” მისი სცენაზე დგომის რუსეთში

ბრენდონ სტოუნი, ანუ იგივე ბესიკ შპეტიშვილი, უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან თავისი მუსიკალურობით, ნიჭითა და შრომისუნარიანობით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაითქვა სახელი. წელს კი, მისმა არჩეულმა ამერიკელმა კონკურსანტმა, იურმალაში „ახალ ტალღაზე” გრანპრი მოიპოვა და ამით მის პროდიუსერს კიდევ უფრო გაუხსნა შემოქმედებითი გზა დიდი წარმატებებისკენ.
ბრენდონი, ანუ ჩვენთვის უბრალოდ ბესო, სულ რაღაც ხუთი დღით იყო ჩამოსული საქართველოში და რასაკვირველია, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით.

ბრენდონ სტოუნი: მოსკოვში ვიყავი, ერთ-ერთი რუსული არხის მიწვევით. კერძოდ, ამ არხზე ტრიალებს კლიპები და რომელმაც მეტი მოწონება დაიმსახურა და რეიტინგულად გაამართლა, მათი საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყო არბატზე – თავისი წითელი ხალიჩით, მოწვეული სტუმრებით, პაპარაცი ფოტოგრაფებითა და გრანდიოზული ფოიერვერკებით. მეც მიმიწვიეს, რომ ერთ-ერთი რუსული ჯგუფი დამეჯილდოვებინა. საღამო ბასკოვს მიჰყავდა. სხვათა შორის, ამ არხზე ჩემი კლიპიც ტრიალებდა ადრე და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. უცებ, სპონტანურად, გადავწყვიტე, მოსკოვიდან გეზი აქეთ ამეღო და ჩამოვედი სულ რაღაც ხუთი დღით ჩემს საყვარელ თბილისში. ისე მომენატრნენ ჩემი მეგობრები, ვერ აგიწერთ. მოვესიყვარულები და წავალ ისევ გერმანიაში. მართალია, ეს დრო არ მყოფნის მათთან ჩასაჯდომად და ჩასაჭუკჭუკებლად, მაგრამ რა ვქნა, საქმეები არ იცდის.
– როგორც გავიგე, რუსული შოუ-ბიზნესის დაპყრობას გეგმავ.
– (იცინის). ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. დაპყრობას არა, მაგრამ ჩემს სათქმელს ხმამაღლა, რუსულ შოუ-ბიზნესში ნამდვილად ვიტყვი. მიწვევებიც მაქვს, განსაკუთრებით „ახალი ტალღის” მერე. სხვათა შორის, უკვე ამ კონკურსის ჟიურიში ვარ და გამიხარდება, წლევანდელისგან განსხვავებით, ქართველ კონკურსანტებსაც თუ ვიხილავ გაისად იქ, თანაც, გრანპრით ხელში. დაინახეს, რომ წარმატებული ვარ, პირველ ადგილს იღებენ ჩემი არჩეული კონკურსანტები. თან, გერმანიაში საკუთარი ბარი მაქვს, სადაც კონცერტებს ვმართავ და ბევრი სტუმარი მესწრება. ბევრ რუს მომღერალს დავუწერე სიმღერა, რომელიც ჰიტ-პარადებში ათეულში შედის. ასე რომ, არ გამიჭირდება რუსულ ბაზარზე მორგება და ჩემი თავის წარმოჩენა, როგორც მომღერლისა და მუსიკოსის და არა, როგორც პროდიუსერის.
– როგორ გგონია, რუსულ შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება, როგორც წარმატებულ მომღერალს არ გაგიჭირდება?
– არა მარტო რუსული, არამედ ყველა ქვეყნის შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრებაა რთული. რა გგონიათ, გერმანიაში ეს ადვილია? გერმანიაში გაცილებით რთულია შენი, როგორც შემოქმედის ადგილის პოვნა, ვიდრე რუსეთში. ეს მე იქ თუ შევძელი, რუსეთშიც შევძლებ. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს. როგორც გითხარით, რუსეთში როგორც პროდიუსერს ისე მიცნობენ, არ მოეწონებათ მომღერლის რანგში ჩემი სახით კონკურენტის დანახვა. სიმართლე გითხრათ, მართლა ძნელია მათთან კონკურენცია. რომ ვეუბნები, გამარჯობა, მე ბრენდონ სტოუნი ვარ, კომპოზიტორი და პროდიუსერიო, სასიამოვნოაო, მპასუხობენ. მაგრამ, რომ ვამატებ – მომღერალი, წარბს მაღლა წევენ (იცინის). მათ უნდათ, რომ მე მხოლოდ სიმღერები ვუწერო და არა სცენაზე გავუწიო მათ კონკურენცია. ეს ფაქტია. ბოლო სიმღერა ანი ლორაკს დავუწერე, სახელწოდებით „ნუ გაყოფ სიყვარულს” და პირველ ადგილზეა რუსეთში. ამანაც დიდი როლი ითამაშა რუსულ შოუ-ბიზნესში ნელ-ნელა ჩემი „შეძრომის” საქმეში. (იცინის).
– როგორც ვიცი, რუსული შოუ-ბიზნესის ბევრი ვარსკვლავი შენი მეგობარია. ისინი არ გეხმარებიან, ამ ქვეყანაში რომ ადგილი დაიმკვიდრო?
– იცით რა? ისინი ჩემი ნაცნობები უფრო არიან, ვიდრე მეგობრები. შოუ-ბიზნესმა და კონკურენციამ მეგობარი არ იცის – სხვადასხვა მცნებაა. მაგრამ, რასაკვირველია, არიან ისეთებიც, რომლებიც გვერდით მიდგანან და ვენდობი. მაგალითად, ვალერი მელაძე, გერმანიაში რომ ჩამოდის, ეგრევე მირეკავს – ბრენდონ, მოდი ჩემთანო. მე და ვალერის ბევრჯერ გვიმღერია ერთად „ჩიტო-გვრიტო”, მაგრამ შოუ-ბიზნესზე რომ ვიწყებთ საუბარს, ვალერი ნამდვილი მელაძე ხდება (იცინის). ასეა, მისთვისაც კონკურენტი ვარ. აი, ქსიუშა, რომელიც რუსული შოუ-ბიზნესის კაშკაშა ვარსკვლავია დღეს, ჩემი მეგობარია და საკმაოდ თბილი და კეთილი გოგოა. ხშირად მივდივარ სტუმრად მასთან. ის ერთადერთია, რომელმაც თავისი ნიჭით მიაღწია წარმატებას და არა ვიღაცისთვის ფულის გადახდით ან ინტიმური კავშირით. იმდენი გეია რუსეთში და ისე „ქაჩავენ” ერთმანეთს შოუ-ბიზნესში, ვერ წარმოიდგენთ. გერმანიაშიც ასეა. რა ვიცი, მოდაში შემოვიდა ცისფერობა, თუ რა ხდება?! მე ქართველი ვარ, განსხვავებული მენტალიტეტი მაქვს და რა ვქნა, ეს არ ჯდება ჩემში.
– როგორ გგონია, შენ რომ საქართველოში დარჩენილიყავი, მიაღწევდი ასეთ წარმატებას?
– ნინი ბადურაშვილს ვესაუბრე ამას წინათ და მისგან შევიტყვე ქართული შოუ-ბიზნესის ამბები, თორემ ისე, აბა, საიდან გავიგებ? საქართველო პატარაა და ცოტა გასაქანია ამ მხრივ. აი, რუსეთსა და გერმანიაში დიდი ბაზარია და შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია, შანსებიც და მაყურებელ-შემფასებელიც. ვერ გეტყვით რა მოხდებოდა, მე რომ საქართველოში დავრჩენილიყავი, მაგრამ ამხელა წარმატებას რომ ვერ მივაღწევდი და მსოფლიოში ვერ გამიცნობდნენ, ეს ფაქტია. ერთხელ ჩავრთე აქ ტელევიზორი და „ჯეოსტარის” შესარჩევ ტურს ვუყურე. დავრწმუნდი, რომ მართლა ნიჭიერი ხალხი ვართ. აი, თავად კი არასდროს მივიღებ ქასთინგებში მონაწილეობას. ეს ეტაპი უკვე გავიარე და წარმატებებიც ვიგემე. წელს, იურმალაში ვარსკვლავები რომ გახსნეს, „ახალი ტალღის” საკონცერტო დარბაზის წინ, მხოლოდ მე ვიყავი იქ ქართველი და ქართული გვარები რომ ამოვიკითხე, მათ შორის ჩემიც, ძალიან ამაყი ვიყავი. მართალია, თბილისში არ ვცხოვრობ, მაგრამ ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ. გერმანიაში 1991 წელს წავედით მთელი ოჯახი. მე არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ახლა არ ვნანობ. არ დამავიწყდება, თბილისში რომ ბინა გავყიდეთ, იმ ფულით მამამ სინთეზატორი მიყიდა და იმით დავიწყე არანჟირებების კეთება. საკმაოდ ძვირი კი დაჯდა ეს ინსტრუმენტი, მაგრამ, ის რომ არა, რა მეშველებოდა (იცინის).
– გერნმანელი ხალხი ცოტა ცივია და უკონტაქტო. ამას როგორ ეგუები?
– ამდენი წელია, გერმანიაში ვცხოვრობ და სულ ორი გერმანელი მეგობარი მყავს, დანარჩენი – რუსი და ქართველი. კი შევეჩვიე გერმანელების გვერდით ცხოვრებას, მაგრამ მათი მენტალიტეტი ვერ გავითავისე. აი, თბილისში რომ დაფრინდა თვითმფრინავი და ქართული ჰაერი ჩავისუნთქე, მივხვდი, ეს ის არის, რაც მჭირდება და ეს ჩემია. გერმანელებს არ უყვართ მელოდიური და ნელი სიმღერები, მე კი როგორც ქართველს, ასეთი ჰანგები მომწონს და არა ჩქარები და მაჟორულები. კონცერტებზე რომ გამოვდივარ და ვმღერი, პირველად აკვირდებიან მელოდიას, მერე ითავისებენ და ნელ-ნელა უყვარდებათ ქართული ჰანგები. ცამეტ ენაზე ვმღერი და როცა ქართულად ვიწყებ სიმღერას, გული სხვანაირად იწყებს ფეთქვას. ახლა ვგეგმავ, გერმანიაში ქართულენოვანი სიმღერების კონცერტი გავმართო. ეს უკვე შესაძლებელია, რადგან მე ჩემი მსმენელი მყავს. გიორგობა დღეს, ნოემბერში, დაპატიჟებული ვარ ბათუმში და შემოთავაზებაა, რომ იქ კონცერტი გავმართო ჯგუფ „ჯეო პლანეტ”-თან ერთად. ეთნო-ქართულ სტილში მღერიან. ვნახოთ, ამაზე სერიოზულად ვფიქრობ. ახლა კი უკან, გერმანიაში უნდა გავიქცე, იმდენი შეკვეთილი სიმღერა მაქვს დასაწერი, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.
– ვინ შეგიკვეთა ეს სიმღერები?
– შეკვეთა მაქვს რუსული სატელევიზიო არხის „რეალითი შოუდან“ და მისთვის ვწერ მუსიკას. ახლა, თბილისში მეგობრებთან ურთიერთობითა და სიყვარულით დავტკბები და გერმანიაში ამ სიყვარულითა და სითბოთი დატვირთული, უფრო გულიანად შევუდგები საქმეს. ბევრ ქვეყანაში მიწევს ხშირად ჩასვლა, საქართველოში კი ოთხი წელია, არ ვყოფილვარ. რომ მოვდიოდი, არავისთვის არ მითქვამს, სიურპრიზი მოვუწყვე ახლობლებს. „გავიჟღინთე” მათი სიყვარულით და ახლა წასვლა მიჭირს.

скачать dle 11.3