ვისი უხილავი ხელი ტოვებდა გია გუგუშვილის ოჯახში უცხოპლანეტელთა ყოფნის დამადასტურებელ ბარათებს
ალბათ, არ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც არ დამდგარა შეუცნობელი სამყაროს ზღვართან და მის თავს გადამხდარი უცნაური ამბისთვის სახელი ვერ დაურქმევია. მხატვარ გია გუგუშვილის ცხოვრებაში აღსრულებული ქრისტიანული თუ პარაფსიქოლოგიური სასწაულები თბილისში ლეგენდებად დადიოდა.
– პირადად მე, ბედთან შეწინააღმდეგებას არასდროს ვცდილობ. რომც ვცადო, არაფერი შეიცვლება. ხელოვან ხალხს მოჭარბებული გვაქვს წინასწარხედვის უნარი. ძალიან ძლიერი ინტუიცია გვაქვს. შემოქმედებითი პროცესი კი ზენაართან სულისმიერი კავშირია. როცა მხატვარი საკუთარ შემოქმედებაში ხარ მთლიანად ჩაძირული, ამ დროს ცოტათი მაინც ხარ წინ ჩვეულებრივ მოკვდავთან შედარებით. რაც შეეხება ნახატს, ის მხოლოდ მისი მხატვრული ღირებულებით კი არ ფასდება, არამედ იმ ენერგიითაც, რაც ამა თუ იმ ნახატშია ჩადებული. ტილოს ხატვისას მხატვარი დიდ სულიერ ენერგიას დებს მასში.
– ბატონო გია, გამიგია, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულ მხატვართა შედევრებს მხოლოდ ტრაგედიები და განსაცდელები მოუვლენია მისი მყიდველებისთვის. ერთი და იგივე ნახატი, რამდენ ოჯახშიც აღმოჩენილა, ერთმანეთის მსგავსი უბედურების ქარბორბალა დატრიალებულა ყველა სახლში. ამ მოვლენის ახსნა შესაძლებელია?
– დიახ, არსებობს დაწყევლილი ნახატების მისტიკა. აი მაგალითად, ედგარ მუნკის ნახატი „ყვირილი“ 70 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ვინც კი მას „გააბრაზებს“, ყველაზე შურს იძიებს ხოლმე. ყველაფერი კი ასე დაიწყო. მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნახატი შემთხვევით დააზიანა. ამ დღიდან მისი ჯანმრთელობა საფრთხეში აღმოჩნდა, ფსიქიკური აშლილობა დაეწყო და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
მუზეუმის მეორე თანამშრომელსაც არ დაადგა კარგი დღე, როცა მან იგივე ნახატი გაკაწრა (თუმცა ესეც შემთხვევით მოხდა). რამდენიმე დღეში ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველას, ვინც ამ ნახატთან სიახლოვეს იმყოფებოდა, ტრაგიკული ბედი ჰქონდა.
ცხადია, აქ საქმე ტილოს ენერგეტიკაშია. ედგარ მუნკმა ძალიან მძიმე ცხოვრება განვლო. გამუდმებით ტანჯავდა დეპრესიები, ფსიქიკური და ნერვული აშლილობა. მისი სულიერი ენერგია პირდაპირ აისახა ნახატებში.
მაგრამ, არის შემთხვევები, როცა ნახატიდან გადმოსულ უარყოფით ენერგიის ნაკადში, მხატვარი კი არ არის დამნაშავე, არამედ ის, ვის ნახატსაც ქმნის ანუ ეგრეთ წოდებული, ნატურა. დაწყევლილი ნახატების სიაშია სურათი „მტირალა ბიჭი“, რომელიც ესპანელი მხატვრის, ჯოვანი ბრაგოლინის შექმნილია. მხატვარმა გადაწყვიტა, თავისი მცირეწლოვანი შვილი დაეხატა ატირებული. ბავშვს დაკვეთით ტირილი არ შეეძლო და რომ ეტირებინათ, მამა ცხვირწინ ცეცხლს უტრიალებდა. ბიჭუნას ცეცხლის ძალიან ეშინოდა და განრისხებულმა წამოიყვირა: შენ თვითონ დაიწვი! ამ ამბავს საშინელი დასასრული ჰქონდა – სულ რაღაც ორ კვირაში, პატარა ბიჭი პნევმონიით „დაიწვა“. გარკვეული ხნის შემდეგ ნახატის დამხატველი, ანუ ბავშვის მამა ხანძარმა შთანთქა. მაგრამ, დამხატველი ცეცხლწამკიდებელი ნახატის პირველი მსხვერპლი იყო. შემდეგ მას სხვებიც მიჰყვნენ.
ხანძრის გამჩენელი ნახატების სტატუსი სხვა ქმნილებებმაც მიიღო. მათ შორის ყველაზე ცნობილია კლოდ მონეს „წყლის ლილიები“, მეტად საშიში ისტორიები უკავშირდება ველასკესის „სარკიან ვენერასაც“. ვინც ეს ნახატი შეიძინა ან გაღატაკდა, ან ტრაგიკულად დაიღუპა. ისე გავრცელდა ხმა ამ ნახატიდან წამოსული უბედურების შესახებ, რომ მუზეუმებიც კი შეშინდნენ და ტილო მუზეუმიდან მუზეუმში დიდხანს მოგზაურობდა. ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა მისგან გამოწვეული ნეგატიური მოვლენები, ერთ-ერთ ფსიქიკურად დაავადებულ დამთვალიერებელს ნახატი დანით რომ არ აეკუწა.
– ბატონო გია, სანამ უშუალოდ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ამოუცნობი მოვლენების შესახებ გვესაუბრებით, გვიამბეთ, თქვენზე, თქვენს ოჯახზე, თქვენს ბავშვობაზე...
– ჩემი ნიჭი გენეტიკურია. მამაჩემი მხატვარი იყო. მეც ბავშვობიდანვე ვხატავდი, მაგრამ პროფესიად მხატვრობის არჩევა არ მიფიქრია. „განაჩენი“ დედამ გამომიტანა მერვე კლასში, მშობელთა ერთ-ერთ კრებაზე მიღებული შთაბეჭდილებით. მამაჩემს უთხრა – ნიშნებს რომ გადავხედე, მივხვდი, ამისგან მხატვრის მეტი არაფერი გამოვაო. მეც არაფერი მქონდა მისი სურვილის საწინააღმდეგო და დედაჩემის გადაწყვეტილებიდან სულ მალე, 53-ე სკოლიდან სამხატვრო კოლეჯში გადავინაცვლე. შემდეგ აკადემიაში გავაგრძელე სწავლა ფერწერის ფაკულტეტზე. აქ გავიცანი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და ჩემი ორი შვილის დედა ქეთი მატაბელი, სხვათა შორის ქეთისაც უკავშირდება მომავლის შეცნობის ჩემი ერთ-ერთი ექსპერიმენტი.
– როგორ?
– ერთი გაუთხოვარი მეზობელი გვყავდა და ის იყო დაინტერესებული მისტიკური ამბებით. სწორედ მან გაგვაგიჟა ახალგაზრდები. გვითხრა, ამა და ამ დღეს ჯვარნაწერ ბეჭედში თუ ჩაიხედავ, შენს მომავალ მეუღლეს დაინახავო. ჩავატარეთ რიტუალი და მართლაც დავინახე ქეთი, რასაც წლების შემდეგ მივაქციე ყურადღება. ჩვენ მაშინ თეფშიც დავატრიალეთ. ვკითხე, სად ცხოვრობს ის გოგო, ვინც ჩემი ცოლი გახდება-მეთქი. ბარნოვის ქუჩა დამიწერა. ზუსტად არ მახსოვს – 126 თუ 130 ნომერი. მაშინ ქეთის არ ვიცნობდი და არც ბარნოვის ქუჩა მაინტერესებდა. ეს ფაქტი მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როცა ქეთი სახლში უნდა გამეცილებინა და ბარნოვის ქუჩაზე აღმოვჩნდი, სწორედ იმ ადგილას, რაც სპირიტიზმის სეანსზე მიწინასწარმეტყველეს.
– ეთანხმებით აზრს, რომ მხატვრობა მედიტაციის ერთ-ერთი ფორმაა?
– ძალიან მომწონს ეს ფრაზა, რომლის ფორმულირებაც მხატვარ ლევან ლაღიძეს ეკუთვნის. ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავს ჩემს გრძნობებს. ჩემთვის შემოქმედებითი პროცესი ნამდვილად მედიტაციაა. ზუსტად არ ვიცი, დასახატ თემას რა მაძლევს... უმეტეს შემთხვევაში, ტილოზე ლაქების დადებით ვიწყებ მუშაობას და მერე თავისთავად მოდის „სათქმელი“.
მაქვს ერთი ასეთი ნახატი – მხატვარი დგას ტილოსთან და ხატავს. ზემოდან მოდის სხივი და მხატვარში გაივლის. მე ამ ნახატის შინაარსი ხატვის პროცესში არ გამიცნობიერებია. არადა ეს საოცარი მიგნება და სიმართლეა. შემოქმედი მხოლოდ გამტარია ცასა და დედამიწას შორის. რაღაც პერიოდში შემოქმედებითი პაუზა მქონდა. ვქმნიდი დაკვეთილ ნახატებს. ფინანსური კეთილდღეობა კი მოჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ, როგორც შემოქმედი წინ ვერ მივდიოდი. მერე ვთქვი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი და იმის ხატვა დავიწყე მხოლოდ, რაც სულიდან მოდიოდა. უწმიდესი გამომეცხადა სიზმრად, ამ გზით იარეო – მითხრა და გამეღვიძა. იმ დღიდან გზისთვის არ გადამიხვევია. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რასაც გული და გონება მკარნახობს. უწმიდესის გამოცხადებამ და რჩევამ უამრავი სიკეთე მომიტანა.
– ახლა კი იმ პარაფსიქოლოგიურ ამბებზე გვესაუბრეთ, რაზეც უფოლოგები ბჭობდნენ და ვარაუდობდნენ თქვენს ოჯახში.
– დაახლოებით 20 წლის წინ, ჩემს სახლში დიდი ამბავი იყო ატეხილი პოლტერგეისტის გამო. თუმცა, ზუსტად არავინ იცის, ეს მართლა პოლტერგეისტი იყო, პარალელური სამყაროს წარმომადგენელი თუ სტუმარი უცხო ცივილიზაციიდან, მაგრამ „ვიღაც“ ნამდვილად იყო. თბილისში ცხელოდა და წყნეთში ვიყავით ასულები. უცებ ტელეფონზე გვირეკავენ, დაუყოვნებლივ დაბრუნდით თბილისშიო. მაშინ ქეთის მშობლები და და, კეკელიძეზე ცხოვრობდნენ. ჩემი სიმამრი, ცხონებული გალი მატაბელი მეუბნება, წადი და გაარკვიე, რა ხდებაო. ვხედავ, უამრავი ხალხია შეკრებილი, ტელევიზიაც იქ არის და რაღაცეებს იღებენ. ვიღაც უხილავი არსება კენჭებს და ლითონის ნატეხებს ისვრის ჩვენს სახლში. თბილია „გასროლილი“ საგნები და უწონადო. ისეთი თბილია, რომ ვიღაცას ხელში უნდა სჭეროდა, რამდენიმე წუთის წინ. მერე წრე გააკეთეს, შუაში ფქვილი დაყარეს და უხილავს ეუბნებიან – ფეხი დაადგიო და უცებ, იქ მართლაც ჩნდება პატარა ფეხის ანაბეჭდები. მაშინ უფოლოგი თალეს შონია იკვლევდა ჩვენს ოჯახში ატეხილ აურზაურს. იმავე საღამოს დავბრუნდით წყნეთში, იქაც იგივე განმეორდა. ძალიან შევწუხდით. ქეთის ბებიამ თავის საძინებელთან მწვანედ მოციმციმე არსებები შენიშნა. ქეთის მამა ექიმი იყო და დამამშვიდებლების დალევა ურჩია. ჰალუცინაციებად მიიჩნევდა მის ნაამბობს, აქაც მივიყვანეთ თალეს შონია და ის ადგილი რომ შეამოწმა, თქვა: სწორედ აქ იყვნენ უცხოპლანეტელებიო.
– მხოლოდ მწვანე ციმციმით დაფიქსირდა მათი გამოჩენა?
– არა. წერილებს გვიტოვებდნენ და გვთხოვდნენ, ჩვენ შესახებ პოლიციას ნურაფერს ეტყვითო. ნაწერი ქართულად იყო, ოღონდ ძალიან გაუმართავი. ჩვენ ამ მასალებს ვინახავდით და ყველაფერს ბატონ თალესს ვაძლევდით. ერთხელ ღამის პირველ საათზე ახალგაზრდა პოლიციელი გვესტუმრა და გვკითხა, სახლში საეჭვო ხომ არაფერი შეგიმჩნევიათო. არაფერი გვიგრძნია-მეთქი, დავამშვიდე. ზუსტად ნახევარ საათში გარედან გვესმის სროლის ხმა და ყვირილი. გარეთ გასვლას რა გაგვაბედინებდა, მხოლოდ ფანჯრიდან ვუყურებდით. გარეთ მწვანე „ჟიგულს“ შუქი ჰქონდა ანთებული და ის ბიჭი იდგა, ცოტა ხნის წინ ჩვენთან რომ მოვიდა და გვითხრა: წყნეთის პოლიციიდან ვარ და სახლში საეჭვო ხომ არაფერი დაგინახავთო... სროლის ხმა რომ მიწყდა, გარეთ გასვლა გავბედეთ და ვხედავთ, მანქანის საქარე მინაზე დიდი ქვა დევს. შევეხე ქვას და ვგრძნობ, რომ თბილია. წყნეთელმა პოლიციელმა გვითხრა, ქვა მოფრინავდა, მსროლელი კი არსად ჩანდაო. ქვა მინას მიეწება, დაბლა კი არ დავარდა. ამ ქვის გამო ატყდა ჰაერში სროლა. ვიღაცამ ისიც თქვა, ღობეზე გადავდიოდი და ვიღაც უხილავის, ასევე უხილავმა ხელმა უკან გადმომაგდოო. წყნეთის პოლიცია შიშმა და პანიკამ მოიცვა, რადგან დაკეტილი სეიფები თავისით იღებოდა და იხურებოდა. მე ვარ ამ ამბის თვითმხილველი და კარგად მახსოვს ყველაფერი. მაშინ ვიდეოკამერა არ მქონდა, ეს ყველაფერი რომ გადამეღო. მერე კი ვიყიდე, თუმცა მათთან მისი გამოყენება აღარ მიცდია, რადგან ჩვენ თავი დაგვანებეს და ჩემი ცოლის დის – მაკას მეგობრის ოჯახში გადაინაცვლეს. თუმცა, მაკასთან ურთიერთობას პერიოდულად აგრძელებდნენ. მაკას ისინი სახელებითაც გაეცნენ. ერთზე ამბობდა, იქოლა ჰქვია და ჩემი გაკეთებული ნამცხვარი უყვარსო. ის მათ მაცივრის თავზე ნამცხვარს უდებდა. ნამცხვარი ქრებოდა და წერილი ჩნდებოდა. ძირითადად, მაკას ეკონტაქტებოდნენ. ქეთის მამა ძალიან ცუდად იყო და ისინი შეპირებიან მაკას, ნუ გეშინია, ჩვენ მოვარჩენთ მამაშენსო. ისე ცუდად იყო, მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა, მაგრამ გადარჩა, გამოჯანმრთელდა და მას შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა.