კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მიაგნო ნიკა რურუას ყოფილმა მეუღლემ შალაურში და რით აოცებს ის ქმართან ერთად კახელებს

წლების განმავლობაში თბილისური ბომონდის წევრი იყო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ურბანისტულ სიამეებს გაერიდა და საყვარელ ადამიანებთან ერთად, საცხოვრებლად პატარა, ლამაზ კახურ სოფელში გადაბარგდა. დღეს მისი დილა თბილისის პრესტიჟულ კაფეში ნამდვილად არ იწყება. დილის ექვს საათზე ალაზნის ულამაზესი ხედებით ტკბება და საკუთარი ფერმის ბინადრებზე ზრუნვას იწყებს. ცხოვრების წესი ისეთი აქვს, როგორც ნამდვილ სოფელს შეჰფერის და ამას უკვე ისე მიეჩვია, დედაქალაქში დიდხანს ვეღარ ჩერდება, ისევ იმ სამყაროში გარბის, რომელიც ამერიკასა და ევროპაში გატარებული წლების შემდეგ, სოფელ შალაურში შექმნა. აქ სოფო გორგაძეს და მის მეუღლეს, ლეოს ყველა იცნობს. თავადაც იმდენად გახსნილი და კომუნიკაბელურია, რომ კახელებს შორის უკვე უამრავი მეგობარი ჰყავს. სოფლურ მეზობლობასა და საკუთარი ფლორა-ფაუნის მოვლაში ბადალს არავის უდებს. იქ არც ნოსტალგია აწუხებს და არც ცხოვრების ჩქარი ტემპი – შალაურში მისი დრო იმ წამზომით გადის, რომელიც საკუთარ თავს თავად ჩაურთო.

სოფო გორგაძე: პროფესიით თეატრის მხატვარი ვარ, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, ჩემი პროფესიით მუშაობა არ მომიწია. მთელი ეს წლები პროფესიულ ძიებაში გავატარე. ვსწავლობდი „ჯიპაშიც” სახელმწიფო მართვის მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფო მოხელეობა ნამდვილად არაა ჩემი საქმე. თუმცა, „ჯიპაში” მიღებული განათლება არაერთხელ გამომადგა ცხოვრებაში. საკმაოდ დიდხანს არ ვიყავი საქართველოში, ჯერ იტალიაში ვცხოვრობდი, მერე – ამერიკაში. აქ 2001 წელს დავბრუნდი.
– თქვენი ისტორია საკმაოდ არაორდინარულია, თბილისურ წრეებში ცნობილი ადამიანი საცხოვრებლად წახვედით სოფელში და იქ სოფლის სამუშაოებს უძღვებით. რატომ გაექეცით დედაქალაქს?
– ეს გაქცევა არ ყოფილა, ალბათ, უფრო გარიდება იყო იმ ხმაურისგან, რომელიც დედაქალაქის ცხოვრებას ახლავს და ვიღაცას ღლის, ვიღაცას – არა. ზოგმა ჩემი გადასვლა სოფელში შეიძლება, ასეც აღიქვას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე მშვიდად, ყოველგვარი ეიფორიის გარეშე. გარკვეული ექსპერიმენტი ალბათ იყო, მაგრამ ჩემი მიზანი გახლდათ, მეპოვა სიმყუდროვე, სიმშვიდე, რაც დედაქალაქში საკმაოდ რთული მისაგნებია.
– რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად მაინცდამაინც კახეთი, გაკავშირებდათ რაიმე ამ კუთხესთან?
– არა, მე გურული ვარ, ემოციური, ხმაურიანი გურული. ხანდახან ისე ვიყვირებ, ჩემი ხმა შეიძლება, სოფლის ბოლოში გაიგონონ. ასეთ ადამიანს, წესით, გურია უნდა ამომერჩია საცხოვრებლად, მაგრამ ეტყობა, ოდესღაც ჩემში ვიღაც კახელი იყო. ჩემი დიდი ბებია ჩერქეზი ყოფილა, მთებს რომ ვხედავ, სისხლი ყივილს იწყებს. დღეს, მაგალითად, ის მთები დაითოვა, ჩემი სახლიდან რომ ჩანს და საოცარი განცდა დამეუფლა. იქ დილასაც სხვანაირი პეწი აქვს და საღამოსაც. თუმცა, ამას ადრე უფრო მძაფრად განვიცდიდი, ახლა ეტყობა, უკვე კარგად შევისისხლხორცე (იცინის). ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ამერიკიდან საქართველოში დავბრუნდი. იმ პერიოდში დავიწყე მოგზაურობა სხვადასხვა კუთხეში, ძირითადად, მაინც კახეთში. ძალიან მიყვარს ბუნება, ხან მარტო, ხან მეგობრებთან ერთად მივდიოდი ყველგან, ვნახულობდი ყველაფერს, რასაც წავაწყდებოდი. იმდენი ვიარე, სანამ შალაურში არ „გავჩერდი” (იცინის). თავიდან მე დავდიოდი იქით, მერე ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, ისიც ავიყოლიე და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში – სოფელში სახლი ხომ არ გვეყიდაო, დავუდეთ გული ერთ ადგილს. კახეთი მეტ-ნაკლებად მოვლილი მქონდა, მაგრამ ზოგან რა აკლდა ჩემს ფანტაზიას, ზოგან – რა. შალაურში ვიპოვეთ სახლი, სადაც ყველაფერი იყო, უპირველესად, ალაზნის ველის არაჩვეულებრივი ხედი. სახლი ჩვენი გემოვნებით გადავაკეთეთ. ჩემი მეუღლე არქიტექტორია და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. ახლა შალაურში ჩვენი სამყარო გვაქვს, მშვიდი, თუმცა ცივილიზიაციის ყველა ელემენტით – ინტერნეტით დაწყებული კავშირგაბმულობის სხვადასხვა საშუალებებით დამთავრებული. ამის გარეშეც, ნამდვილად ვერ გავძლებდი. ასკეტივით წავალ და ხის კენწეროზე ვიცხოვრებ-მეთქი, რომ ვთქვა, მოვიტყუები. ჩვენი გადაწყვეტილებით თავიდან ბევრი დარჩა გაოცებული, ზოგს ეგონა, ეს დროებითი გატაცება იყო და მალე გაგვივლიდა. სკეპტიკოსებს გაუცრუვდათ იმედები – ახლაც გვეკითხებიან ხოლმე: არ გიჭირთ? რომ გვიჭირდეს შალაურში ხომ არ ვიცხოვრებდით?!
– როგორ ცხოვრობთ შალაურში?
– ჩვენ იქ ვცხოვრობთ, როგორც ჩვეულებრივი ფერმერები – გვყავს ძროხები, ღორები, ქათმები, ძაღლები, კატები. ეზოში გვაქვს ვენახიც, სადაც მოყვანილი ყურძნით შესანიშნავი ღვინო გამოდის. ზოგისთვის ეს შეიძლება, ეგზოტიკა იყოს, ზოგისთვის – პოეზია, ჩვენთვის კი ჩვეულებრივი სოფლური ცხოვრებაა, ყველგან, ყველა სოფელში ასე ცხოვრობენ. ჩვენი სახლი სოფლის დასახლებულ ნაწილშია, გარშემო მეზობლები გვყავს. ეზოში არ მაქვს ჭა და მსგავსი ექსტრემალური რამეები, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს „ბასეინი“. ჩვენი ფერმა ჯერ საკმაოდ პატარაა – გვყავს 2 ძროხა და ერთი ბოჩოლა, სამი ღორი, 40 ქათამი, ასევე საკმაოდ უცნაური ცხოველები, მათ შორის დიდი ძაღლები, უბეწვო კატა. ერთხანს ცხენიც გვყავდა, მაგრამ მეგობარს მივეცით, ის უვლის. ცხენთან ურთიერთობას იმდენი შრომა სჭირდება, ამას ვერ შევუთავსებდით ფერმის საქმეებს.
– სანამ ამ ყველაფერში დაოსტატდებოდით, როგორ ახერხებდით თავი გაგერთმიათ ამ ყველაფრისთვის. ძროხის მოწველა იოლი ხომ არ არის?
– სოფელში ბევრი ისეთი რამ ვნახე, რაც ცხოვრებაში არასდროს მენახა. მაგალითად, როგორ მშობიარობს ძროხა და მახსოვს, იმ დღეს ძალიან ვინერვიულე. პირველად ვნახე, როგორ იჩეკება კვერცხიდან წიწილა, რაც, ჩემი აზრით, ნამდვილი საოცრებაა. ძროხის წველის გამოცდილება ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ სურვილი, მეკეთებინა ეს ყველაფერი იმდენად დიდი იყო, დისკომფორტებზე არ მიფიქრია. ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლე. მე ვარ სპორტის ოსტატი ცხენოსნობაში, მთელი ცხოვრება მქონდა ურთიერთობა ცხოველებთან, თუმცა ცხენს ნამდვილად არ ვწველიდი. ისე, ცხენის რძე საკმაოდ სასარგებლოა. ასე, რომ, ცხოველთა სამყარო, თან დიდი ცხოველების, ჩემთვის უცხო არ ყოფილა. ამ ორ წელიწადში ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრ რამეს, ალბათ, კიდევ დავხვეწთ.
– სოფელში თქვენი დღის რეჟიმი როგორია?
– დღის რეჟიმი ნამდვილად ექსტრემალურია ჩვენთვის, თუმცა ამასაც მივეჩვიეთ. ვიღვიძებთ დილის ექვს საათზე. რადგან ასე ადრე ვდგებით, თერთმეტ საათზე უკვე გვძინავს. ამ დღის რეჟიმს არ ექვემდებარებიან ხოლმე ჩვენი სტუმრები, მათ როცა უნდათ, მაშინ გაიღვიძებენ. ჩვენი საქმიანობა მათ დასვენებაში ხელს არ უშლით.
– ფერმერობა თქვენთვის შემოსავლის წყაროც არის?
– ჯერჯერობით არა, მაგრამ ვგეგმავთ, რომ ასე იყოს. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკეთებთ ყველს, მათ შორის ბევრ არაქართულ ყველს და ყველა სხვა რძის პროდუქტს. ეს ძალიან სასიამოვნო და კარგი საქმეა. ის რეცეპტები, რომლითაც არაქართულ ყველს ვამზადებთ, არა მარტო შალაურში, მგონი, საქართველოშიც კი არ არის ცნობილი. ყველა ყველის საბაზო მასალა იმერული ყველია, შემდეგ მას ემატება ბაქტერიები და დამზადებისა და დაძველების სხვადასხვა მეთოდით ძალიან გემრიელი ყველი კეთდება. ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება ვინმეს რთული მოეჩვენოს, თორემ სინამდვილეში, როცა პრაქტიკაში იღებ გამოცდილებას, არცთუ ისე ძნელია. სოფლის საქმეში ადამიანს რჩევაც გჭირდება – იქ მეზობელი გეტყვის რამეს, ხან შენით მიხვდები, საკუთარი მარცხის ფასად და ასე მიდის ეს ყველაფერი. შალაურში მარტო ადგილობრივი პროდუქტი კი არ მომყავს, ექსპერიმენტებსაც ვატარებ. ვცადე ცუკინების მოყვანა, სხვადასხვა ტიპის მრგვალი პომიდვრებიც დავრგე. იტალიური ჯიშის ჩითილია, ჩემმა დამ გამომიგზავნა ამერიკიდან. დაგეგმილი მაქვს ჩემი მეურნეობის გაფართოება. ვნახოთ, როგორ გამომივა.
– თქვენი გოგონებიც შალაურში ცხოვრობენ?
– უფროსი გოგონა – ანკა, უკვე მესამე წელია, რაც ბოსტონში, კოლეჯში სწავლობს. უმცროსები შალაურში ცხოვრობენ, ტყუპები თელავის პირველ სკოლაში დადიან. მათ უკვე ჰყავთ იქ თავისი წრე, მეგობრობენ კლასელებთან, მეზობლებთან. გოგონები საქმეშიც მეხმარებიან. ეხალისებათ სოფლის საქმე. დათესვა, მორწყვა, ბოჩოლას გამოკვება. ზამთარში თექაზე მუშაობენ ცოტ-ცოტას, მოსწონთ ეს ყველაფერი.
– თქვენი ყოფილი მეუღლე, ნიკა რურუა როგორ შეხვდა ქალიშვილების სოფელში გადაბარგებას?
– ძალიან ნორმალურად. მისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, მთავარია, ბავშვები კარგ, ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ, რაც ლიზას და მარიამს შალაურში ნამდვილად აქვთ. შესაბამისად, ნიკას, როგორც მამის დამოკიდებულება, იყო ჩვეულებრივი.
– ისიც ხომ არ ყოფილა თქვენი სტუმარი შალაურში?
– რასაკვირველია, იყო, ბავშვები მოინახულა. ის ძალიან კარგი მამაა. ჩვენი ურთიერთობაც გადასარევად გრძელდება მეგობრულ ჭრილში. შორიდან ვგულშემატკივრობ მას. ჩვენ 12 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ერთმანეთთან გვაკავშირებს ბევრი წელი, შვილები. გვაქვს საერთო პასუხისმგებლობაც მათ წინაშე და ვმეგობრობთ კიდეც.
– სოფლისთვის, ალბათ, ეგზოტიკური ხალხი იქნებით და პოპულარულებიც, როგორ გამონახეთ კახელებთან საერთო ენა?
– სოფელში გვცნობენ. ჩვენ ირგვლივ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, მათთან საერთო ენის გამონახვა არ გაგვჭირვებია. ვმეზობლობთ ისე, როგორც ტრადიციულ ქართულ მეზობლობაში ხდება – ხანდახან მეზობლები მამარაგებენ მწვანილით, მაშინ, როცა ჩემი მწვანილი ფუჭდება. წელს იმდენი მწვანილი მოვიყვანე, გამიფუჭდა კიდეც. მომავალში ამას აუცილებლად გავითვალისწინებ და ცოტას დავთესავ. როგორც ვიცი, ჩვენი მეზობლები გაოცებულები არიან ჩვენი შრომისმოყვარეობით. ალბათ, ქალაქელები „ბელარუჩკები” ვეგონეთ. თუმცა, ჩვენ აღარც ვართ ქალაქელები, უკვე სოფლელები ვართ. სოფელში ყველაზე პასიური პერიოდი დგება ზამთარში, როცა ჩვენც ისევე ვისვენებთ, როგორც ბუნება. შეშა უკვე მოვიმარაგეთ ზამთრისთვის. ეს დროა, როცა ბევრი დროა ფიქრისთვის, კითხვისთვის. დღეებიც, ძირითადად, ბუხართან გადის. მე ჩემი საქმე მაქვს. ჩემი მეუღლე ხის ნაკეთობების დამუშავებას ცდილობს.
– დრო იქ, ალბათ, ძალიან ნელა გადის?
– ვერ ვიტყოდი ასე. სოფლის ბუნებრივი ციკლი ადამიანსაც თავის რეჟიმზე გაყენებს. მას ვერც ააჩქარებ და ვერც ჩამორჩები. იქ ცხოვრების რიტმი ზომიერია, დიდ ქალაქში ამ წესის დარეგულირება რთულია, სოფელში კი ეს ბუნებრივად ხდება. ადამიანიც უფრო თავშეკავებული ხდები, სად ცუდი ადამიანი რომ გაგაბრაზებს და სად პატარა, საყვარელი ცხოველი (იცინის)?
– სად გრძელდება თქვენი ცხოვრების კულტურული ნაწილი?
– ჩვენთან, სახლში. ძალიან ხშირად გვყავს სტუმრები, ზაფხულობით იმდენი, რომ გრაფიკის დაცვაც კი გვიწევს (იცინის). ჩვენთან ყველა პოულობს თავისთვის საინტერესო რამეს. ვცდილობთ, დავესწროთ იმ კულტურულ ღონისძიებებს, რაც თელავში იმართება. ორ კვირაში ერთხელ თბილისშიც ჩამოვდივართ. თუმცა, ძალიან იშვიათად, რომ ღამე აქ დავრჩეთ. შალაურში იმდენი საქმეა, აქ დასარჩენად სად გვცალია (იცინის)?
– აქაურობის ნოსტალგია არ გაქვთ?
– არა, როცა ეს გარემო მჭირდება, აქ ვარ. ვხვდები მეგობრებს, ახლობლებს, კაფეშიც ვჯდები ყავის დასალევად. თბილისში სახლი გაქირავებული მაქვს, რაც არის ჩვენი შემოსავლის გარკვეული წყარო. იცხოვრო სოფელში სულაც არაა განსაკუთრებული მიღწევა. იქიდან წამოსვლას არც ვაპირებ, „გეგმა ბ” უბრალოდ არ მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ იქ რაიმე მომწყინდა. საკუთარი ხელით მოყვანილ პომიდორს და მწვანილს, იცით, რომ ნამდვილად სხვა გემო აქვს? დღემდე მახსოვს ის განცდა, რომელიც მქონდა, როცა პირველი პომიდორი დავინახე ჩემს ბაღში; როცა ვნახე პირველად, როგორ გამოიჩეკა კვერცხიდან წიწილა. ეს ისეთი განსხვავებული სიხარულია, რომელსაც ბევრი რამ არ შეედრება...

 

скачать dle 11.3