კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო ლიდერების ოჯახური ქრონიკები

ისინი მსოფლიო ლიდერები არიან და, დიდწილად მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული მშვიდობა მსოფლიოში. ამავე დროს, ისინი მოსიყვარულე მეუღლეები და სამაგალითო მეოჯახეები არიან. ანგელა მერკელის, ნიკოლა სარკოზის, ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის ოჯახების შიდა სამზარეულოს ახლოდან გაგაცნობთ „თბილისელების” ამ ნომერში.
ანგელა მერკელი და იოაჰიმ ზაუერი
გაცნობა: ანგელამ და იოაჰიმმა ერთმანეთი 1984 წელს, მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობის პერიოდში გაიცნეს. იმ დროს იოაჰიმი დაქორწინებული იყო, თუმცა, მალევე განქორწინდა. იოაჰიმს სულაც არ აწუხებს გერმანიის „პირველი ჯენტლმენის” სტატუსი. იგი პერიოდულად ესწრება „დიდი რვიანის” სამიტებს და სხვადასხვა ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. 2006 წელს მორიგი სამიტის დასასრული ანგელას დაბადების დღეს დაემთხვა და იოაჰიმმა საყვარელ ქალს სასტუმროს ნომერში გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყო, რომლის დეტალები არ ხმაურდება.
ქორწილი: წყვილი 1998 წელს დაქორწინდა და 44 წლის ანგელასთვის ეს იყო მეორე ქორწინება. პირველ ქმარზე ანგელას არ უყვარს ლაპარაკი და იმ პერიოდის გახსენებაც მისთვის არცთუ სასიამოვნოა.
შვილები: გერმანიის კანცლერს შვილები არ ჰყავს. „გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა შვილი, თუმცა, არ გამოვიდა”, აღიარა მერკელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მერკელისგან განსხვავებით, პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს იოაჰიმ ზაუერს.
ჰობი: იოაჰიმი პროფესიით ქიმიკოსია, ანგელა – ფიზიკოსი. ერთი – გავლენიანი პოლიტიკოსია, მეორე – მეცნიერებაზე ჩაციკლული პროფესორი. ანგელას ძალიან უყვარს ფეხბურთი, იოაჰიმს – არა. სამაგიეროდ, ორივეს იტაცებს საკუთარ აგარაკზე ბოსტანში და ხილის ბაღში საქმიანობა და მოგზაურობა.
დასვენება: ბერლინთან ახლოს მდებარე აგარაკთან ერთად, მერკელი და ზაუერი ხშირად ისვენებენ ევროპის კურორტებზე. მერკელის ოცნებაა, პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ, მეუღლესთან ერთად მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე ავტომობილით იმოგზაუროს.
ფრაზა: ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქ-შოუში წამყვანმა თქვა, რომ პოლიტიკაში ანგელოზები არ არიან, რის შემდეგაც სტუდიაში აღშფოთებულმა მაყურებელმა დარეკა და მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა: „როგორ არა, მაშ, ანგელა მერკელი ვინ არის?!“
სამზარეულო: ანგელა ძალიან კარგი მზარეულია და ეს საქმე „გემრიელად“ გამოსდის. მისი საფირმო კერძებია: კარტოფილის სუპი, თევზის კერძი და ხორცის „ბალიში“.
ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი
გაცნობა: მათი გაცნობა დღემდე ლეგენდად რჩება. თავდაპირველად კარლა ირწმუნებოდა, რომ იგი პირველ პაემანზე ნიკოლამ ელექტრონული ფოსტით მიწერილი წერილით მიიპატიჟა. ნიკოლამ იცოდა, რომ ამბიციური და ჭკვიანი კარლა არაერთი ფრანგი ჩინოვნიკის საყვარლობაში იყო შემჩნეული, თუმცა, განქორწინებით გამოწვეული დეპრესიის დაძლევას იგი მაინც კარლას გაცნობით აპირებდა. გაცნობიდან რამდენიმე დღეში კარლა აცხადებდა, რომ ნიკოლა სიცოცხლით სავსე ადამიანია და მასთან ყოფნა სიამოვნებს.
ქორწილი: საქორწილო ცერემონიალი 2008 წლის თებერვალში, გაცნობიდან სამ თვეში შედგა. ეს იყო მესამე ქორწილი სარკოზისთვის და პირველი – ბრუნისთვის. ცერემონიალი გასაიდუმლოებული იყო და პაპარაცებმა ვერც ერთი ფოტოს გადაღება ვერ მოახერხეს.
შვილები: საერთო შვილი კარლას და ნიკოლას, ჯერჯერობით, არ ჰყავთ, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სულ მალე კარლა ბრუნი დედა გახდება. ნიკოლასთვის ეს იქნება მეოთხე შვილი, ხოლო კარლასთვის – მეორე (მას ერთ-ერთი ექსსაყვარლისგან ვაჟიშვილი ჰყავს).
ჰობი: სარკოზი გატაცებულია ფეხბურთით და ველოსიპედებით. მას ჰყავს პირადი მწვრთნელი, რომელიც ზრუნავს მის ფიზიკურ ფორმაზე. გარდა ამისა, სორბონის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ბრუნისთან ერთად, ნიკოლა ხშირად დადის სამხატვრო გამოფენებსა და კლასიკური მუსიკის კონცერტებზე.
დასვენება: საფრანგეთის ნომერ პირველ წყვილს დასვენება ბრუნის მამულში, კაპ-ნეგრეს კონცხზე, საფრანგეთის სამხრეთში, თავისი არაჩვეულებრივი კლიმატით განთქმულ ადგილას უყვარს.
ფრაზა: „მოშორდი აქაურობას, უიღბლო ადამიანო”! – მიაძახა ნიკოლა სარკოზიმ ქუჩაში უცნობს, რომელმაც უარი უთხრა პრეზიდენტს ხელის ჩამორთმევაზე.
სამზარეულო: არაფრანგული წარმოშობის სარკოზის ფრანგული სამზარეულო იზიდავს. მას უყვარს მაკარონი არტიშოკით, შავი ტრიუფელები და ფუა-გრა. უცნობია, იცის თუ არა არისტოკრატმა ბრუნიმ ამ კერძების მომზადება.
ბარაკ და მიშელ ობამები
გაცნობა: ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა მომავალი მეუღლე სამსახურში გაიცნო. ეს მოხდა 1980 წლის ბოლოს, ჩიკაგოში. „საბედისწერო“ შეხვედრისთვის ორივემ მადლობა უნდა გადაუხადოს იურიდიულ ფირმა „სიდლი ენდ ოსტინს,” სადაც ახალგაზრდა იურისტები პრაქტიკას გადიოდნენ.
ქორწილი: გაცნობიდან 12 წლის შემდეგ, 1992 წელს ბარაკმა და მიშელმა, ოფიციალურად გააფორმეს ურთიერთობა. მიშელის თქმით, ბარაკი ისეთივე რომანტიკოსად დარჩა, როგორიც გაცნობის დღეს იყო – იგი დღემდე ყოველდღე სჩუქნის ცოლს ყვავილებს.
შვილები: უფროსი ქალიშვილი – მალია ენი, 1998 წელს, ხოლო უმცროსი, საშა – 2001 წელს დაიბადნენ. ბარაკის საარჩევნო კამპანიის დროს მიშელმა საინტერესო ამბავი გაიხსენა: როდესაც მალიას დაბადების შემდეგ, ბარაკს ისინი სამშობიაროდან სახლში მიჰყავდა, მან სპეციალურად გააჩერა ავტომობილი და დაიფიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მამა გახდებოდა. მიშელის თქმით ბარაკი ასრულებს პირობას და დღემდე ეხმარება ქალიშვილებს სკოლის დავალებების მომზადებაში.
ჰობი: პრეზიდენტი მწერლობით არის გატაცებული, მას უკვე გამოცემული აქვს სამი წიგნი, რომელთაგან ერთი საბავშვოა და ამბობენ, რომ ავტორს წიგნზე მუშაობის დროს ქალიშვილები უწევდნენ რეკომენდაციას. მიშელი კი მოდის ტენდენციების მიმდევრად ითვლება და ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებით ჩაცმული აფრო-ამერიკელია.
დასვენება: ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბარაკმა აღიარა, რომ, შვილებისა და მეუღლისგან განსხვავებით, არ ხიბლავს მაღაზიებში სიარული, დასვენება კი მთელ ოჯახს ჰავაებზე, ბარაკის მშობლიურ შტატში უყვარს.
ფრაზა: „ეკონიმიკის აღდგენას არა თვეები, არამედ, წლები დასჭირდება” – ბარაკ ობამა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესახებ.
სამზარეულო: ცნობილია, რომ ბარაკ ობამას არ უყვარს ნაყინი, კერძებიდან კი უპირატესობას ჩვეულებრივ „ფასტ-ფუდს“ ანიჭებს, თუნდაც ის ჩიკაგოს ან ვაშინგტონის ყველაზე იაფიან სწრაფი კვების ობიექტში იყოს დამზადებული.
დიმიტრი და სვეტლანა მედვედევები
გაცნობა: დიმიტრიმ და სვეტლანამ ერთმანეთი პირველ კლასში, კუპჩინოს 305-ე საშუალო სკოლაში გაიცნეს. მათი „ლავ სთორი” ამ სკოლის ყველა მასწავლებელმა და მოსწავლემ ზეპირად იცის.
ქორწილი: რუსეთის პრეზიდენტმა დაქორწინება საყვარელ ადამიანზე ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა და 1993 წელს მათი ქორწილი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ მმაჩის ბიუროში დაფიქსირდა.
შვილები: წყვილს ერთი შვილი ჰყავს – 1995 წელს დაბადებული ივანი, რომელიც დიმიტრის უკვე ზრდასრულ ადამიანად მიაჩნია და ყველაფერში ენდობა. ცნობისთვის პირველი კომპიუტერი ივანს წლინახევრის ასაკში გაუჩნდა.
ჰობი: დიმიტრი სპორტით არის გატაცებული – ცურვითა და ფეხბურთით; ასევე, უყვარს მძიმე როკის მოსმენა და ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისება. სვეტლანა იოგას შეისწავლის, იცვამს ვალენტინ იუდაშკინთან და დაკავებულია ქველმოქმედებით.
დასვენება: მედვედევები აქტიური დასვენების მოყვარულები არიან. მათი ოჯახი ძირითადად ვოლგისპირეთში, ასტრახანში ან „კრასნაია პოლიანაზე“ ისვენებს.
ფრაზა: „მედვედი – ინტერნეტ-სივრცის ცნობილი პერსონაჟია და, შეუძლებელია, იგნორირება გაუკეთო იმ ადამიანს, რომელიც ამ „ნიკით” გთხოვს ალბანური ენის შესწავლას”, – დიმიტრი მედვედევის პოსტი „ტვიტერში”.
სამზარეულო: მედვედევს ჯანსაღი კვება უყვარს: იგი თევზეულით, ბოსტნეულითა და ნატურალური წვენებით იკვებება. თუკი აპირებთ სახლში მის მიპატიჟებას, გაითვალისწინეთ.

скачать dle 11.3