კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუძლია საქართველოს, ათ წელიწადში გადაუსწროს პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს და რატომ არ იყენებს ქართული სახელმწიფო ქვეყნის მინერალურ რესურსებს

ფიქლის გაზი ბუნებრივი აირის ალტერნატივაა და სწორედ ის მიიჩნევა ევროპისთვის რუსეთის ენერგომატარებლებისგან თავის დაღწევის ეფექტიან საშუალებად. გავრცელებული ინფორმაციით, ის გაცილებით იაფია და მისი ათვისების პერსპექტივა შეამცირებს მსოფლიო ეკონომიკის დამოკიდებულებას ბუნებრივ აირზე, რომლის მარაგებიც ყოველწლიურად ილევა. ფიქლის გაზის მოსაპოვებელი პირველი ჭაბურღილი 1821 წელს დაიდგა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ფლორიდაში, უილიამ ჰარტის მიერ, რომელიც „ბუნებრივი აირის მამად“ მიიჩნევა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქლის გაზის აქტიური მოპოვება 2000-იან წლებში დაიწყო და 2009 წელს ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორი ლიდერი გახდა გაზის მოპოვებაში (743,3 მილიარდი კუბმეტრი), რომლის 40 პროცენტი არატრადიციულ წყაროებზე (ქვანახშირისგან მიღებული მეთანი და ფიქლის გაზი) მოდის. სწორედ ამ მიზეზით 2010 წელს „გაზპრომის“ პრივილეგირებული მდგომარეობა ევროპის ბაზარზე შეირყა: მსოფლიოს უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა 21 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს ფიქლის გაზის მოსაპოვებელ სამუშაოებზე.
ექსპერტული გათვლებით, მსოფლიოში ფიქლის გაზის მარაგი 200 ტრილიონი კუბური მეტრია. სხვადასხვა გათვლებით, 2018 წლისთვის ფიქლის გაზის ყოველწლიური მოპოვება 180 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
სულ ახლახან ჩვენს მეზობელ სომხეთში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერითა და დახმარებით ფიქლის გაზის მოპოვების სამუშაოები იწყება: თუ გავიხსენებთ, რომ ენერგეტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია მსოფლიო პოლიტიკაში, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ სომხური ფიქლის გაზის მოპოვების სურვილი არ ამოძრავებს. რა პერსპექტივა აქვს ბუნებრივი აირის ფიქლის გაზით ჩანაცვლებას და რით შეიძლება, იხეიროს საქართველომ მეზობელ სომხეთში მისი აღმოჩენის შემთხვევაში (ჯერჯერობით სომხეთის ერთადერთი გასასვლელი ცივილიზებული სამყაროსკენ საქართველოზე გადის). სანდრო თვალჭრელიძე აგვიხსნის ამ პერსპექტივის ავკარგიანობას.
– ფიქლის გაზის, როგორც ბუნებრივი აირის ალტერნატივის, თემა აქტუალური გახდა. ევროპა აფრიკიდან აპირებს თითქოს მის შეტანას. სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ერთობლივად გადაწყვიტეს სომხეთში ფიქლის გაზის მოპოვება. რეალურია ეს საქმე?
– სომხეთში მართლაც არის ფიქლის გაზი. საერთოდ, ისეთი ტიპის საბადოები, რომელსაც ჰქვია საწვავი ფიქლები, მეცხრამეტე საუკუნიდანაა ცნობილი, ანუ ახალი აბსოლუტურად არაფერია. რუსეთში მათ „კუკერსიტებს“ უწოდებდნენ. ის ბალტიისპირეთშია, კუკერსის მახლობლად და სახელწოდებაც აქედან მოდის. ფიქლის გაზის მოპოვებას დიდი ტერიტორია სჭირდება. ასეთი ბაქნები არის აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში, პოლონეთში, ამერიკაში, კანადის მხარესა და აფრიკაში. სომხეთსა და საქართველოში არსებული ფიქლებიდან გაზის მიღება არ შეიძლება, ამიტომ ეს პროექტი ან პოლიტიკური თვალსაზრისითაა გაკეთებული, ან კიდევ იმიტომ, რომ ხალხმა არ იცის რეალური სურათი.
– მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაოებს რომ იწყებს და აფინანსებს?
– სამუშაოებს დაიწყებენ და ხუთ თვეში იტყვიან, რომ იქ გაზი არ არის. სომხეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, სადაც ირანის ბაქანია, შესაძლოა, იყოს ფიქლის გაზი, მაგრამ ტერიტორია იმდენად მცირეა, მაინცდამაინც, დიდი მარაგი არ უნდა იყოს. იქ მდებარეობს სომხეთის მოლიბდენის ერთ-ერთი უდიდესი საბადო. სხვაგან სომხეთის ტერიტორიაზე ფიქლის გაზი არ უნდა იყოს. მე კარგად მაქვს შესწავლილი სომხეთი და ძალიან კარგად ვიცი მისი მინერალური რესურსები.
– რა რესურსები აქვს სომხეთს?
– ძალიან დიდი და მათ ვჭირდებით კიდეც სტრატეგიულ დერეფნად ამ რესურსების გასატანად. სომხეთი არის მსოფლიოში ცნობილი მოლიბდენის კონცენტრატის გამყიდველი. ამერიკული საბადოების შემდეგ სომხეთის საბადო მსოფლიო მნიშვნელობისაა. მათ, დაახლოებით, 600 000 ტონის მარაგი აქვთ. მოლიბდენი კი ძალიან მნიშვნელოვანი ნედლეულია: ფოლადის გასამაგრებლადაა საჭირო. მძიმე სამხედრო ტექნიკის ჯავშანი სწორედ რკინისა და მოლიბდენის შენადნობია. ამას გარდა, სომხეთში არის ოქროსა და სპილენძის დიდი საბადოები. კიდევ ერთი ახალი საბადო გაიხსნა საქართველოს საზღვართან ახლოს, საქართველოს ყოფილ და ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც მათ ორჯონიკიძემ აჩუქა. მათ აქვთ ლითონები, ტუფი… ეს ნედლეული ჩვენგან გააქვთ, რადგან სხვანაირად ვერ გაიტანენ, თვითმფრინავით ხომ არ წაიღებენ ათობით ათას ტონას? ტვირთი ფოთამდე მიდის რკინიგზით და შემდეგ ზღვით გადის სხვადასხვა მიმართულებით.
– ამერიკელებმა, წესით, უნდა იცოდნენ, რომ სომხეთში არ არის ფიქლის გაზი, რატომ მოიწონეს ეს პროექტი?
– ალბათ, სომხურმა დიასპორამ იმუშავა. საქართველოშიც ითქვა ერთი წლის წინათ, რომ გვაქვს ჩვენი ფიქლები და, არიქა, გაზი მოვიპოვოთო, მაგრამ ეს ძალიან არაპროფესიული განცხადებაა. კავკასიონის სამხრეთი ფერდის ფიქლებისგან გაზის მოპოვება შეუძლებელია.
– პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებას?
– ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ფიქლებისგან მოიპოვება. ფიქლის საბადოს პრიორიტეტი ის არის, რომ გაზის დიდი საბადოსგან განსხვავებით, შესაძლებელია მისი სადღეღამისო რეჟიმზე ამუშავება და ამერიკელებიც ზუსტად ასე იყენებენ: როდესაც ძვირია ელექტროენერგია, მაშინ მოიპოვებენ ფიქლის გაზს, ღამით კი, აგროვებენ საცავში.
– სომხეთთან მიმართებაში აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა, რომ ჩვენ მათ გაზს ვაწოდებთ, მაგრამ არასდროს გაკეთებულა აქცენტი იმაზე, რომ ისინი თავიანთი ნედლეულის იმპორტს, ისევე, როგორც აზერბაიჯანი თავისი ენერგომატარებლების, საქართველოს გავლით ახორციელებს?
– არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას კარგად ვერ ვიყენებთ. ჩვენ უნდა გავხდეთ კავკასიის მართვის ცენტრი. თუ ძალიან კარგად გავაანალიზებთ ეკონომიკურ სიტუაციას, მივხვდებით, რომ ის არაწინააღმდეგობრივია. სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. სომხური მოლიბდენი და ოქრო არ უშლის ხელს აზერბაიჯანის ნავთობს, მაგრამ, თუ ერთ ბირჟაზე მოხვდებიან, მაგალითად, კავკასიის სანედლეულო ბირჟაზე, რომელიც თბილისში დაფუძნდება, მაშინ გაცილებით მეტი დამატებითი ღირებულების მიღება შეეძლებათ თითოეული თავიანთი პროდუქტიდან.
– სქემა ავხსნათ, აქვე, საქართველოში გავყიდოთ სომხური და აზერბაიჯანული ნედლეული, რომელიც ისედაც ჩვენზე გავლით გადის ექსპორტზე?
– ოღონდ საქართველოს კანონმდებლობა ამას ეწინააღმდეგება. ჩვენთან სანედლეულო ბირჟის დაფუძნება რამდენიმე წლის წინათ სრული კრახით დასრულდა, იმიტომ რომ საქართველოში ეგრეთ წოდებული ფიუთჩერზული ვაჭრობა აკრძალულია. სანედლეულო ბირჟის დაფუძნება კი ფიუთჩერზული კანონმდებლობის გარეშე, შეუძლებელია. მსოფლიოში კონტრაქტების 80 პროცენტი ფიუთჩერზულია, რადგან, როდესაც რაღაც პროდუქტს ვყიდულობ, მჭირდება მდგრადობა და ამიტომაც დამსწრებ კონტრაქტებს ვდებ და ფიუთჩერზული ვაჭრობა არის ვაჭრობის ბაზისი. სხვათა შორის, პირველად ფიუთჩერზული კონტრაქტი მეჩვიდმეტე საუკუნეში დაიდო ამსტერდამში ყავაზე.
– კანონის მიღება რამდენიმე თვეში შეიძლება, მაგრამ სპეციალისტების მომზადებას რამდენიმე წელი დასჭირდება?!
– მაგრამ ჩვენ გვყავს ამის ძალიან კარგი სპეციალისტები. მსოფლიო ეკონომიკური ანალიტიკოსების ხუთეულში რომ შედიან, ისეთი. ამასთან, ძალიან ბევრი ქართველი ეკონომისტი, ვინც აქ ვერ იპოვა სამსახური, არის ამერიკაში, კანადასა თუ სინგაპურში.
– რა მოგება შეიძლება, ვნახოთ კავკასიის სანედლეულო ბირჟის თბილისში დაფუძნებით?
– რატომ არის ნიუ-იორკი მსოფლიო ეკონომიკური ცენტრი?
– ალბათ, იმიტომ რომ იქ ბევრი ბირჟაა.
– ბირჟა ბევრია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნიუ-იორკში არის სასაქონლო ბირჟა – მსოფლიოში ყველაზე დიდი და ამიტომაც იდება მსოფლიოში ყველა კონტრაქტი ამერიკულ დოლარში და არა რომელიმე სხვა ვალუტაში, ევრო იქნება ეს, თუ – იენა. ეკონომიკური ცხოვრების ცენტრი არის საქონლით და ნედლეულით ვაჭრობა. სანედლეულო ბირჟები არის ეკონომიკის ლოკომოტივი და იმის ნაცვლად რომ ახალი ამერიკა აღმოვაჩინოთ და ველოსიპედი გამოვიგონოთ, ჯობია, გავგზავნოთ სპეციალისტები ნიუ-იორკის ბირჟაზე ან ისინი ჩამოვიყვანოთ; ნელ-ნელა გავხდეთ ჯერ მათი შორეული ფილიალი, შემდეგ კი გავძლიერდეთ.
– ჩვენი მეზობლების ნედლეული დავიხმაროთ?
– რატომ მხოლოდ მათი? ჩვენი ნედლეულიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ნედლეული რომ შემოსავლის წყარო გახდეს, ბევრი საკანონმდებლო ცვლილებაა მისაღები. ხუთი წელია ვამბობ, რომ მადნეულის კომბინატი არ უნდა ფლობდეს ლიცენზიას გარდა იმ საბადოებისა, რომლებსაც ამუშავებს და გასულ კვირას, როგორც იქნა, ის საბადოები, რომლებსაც არ ამუშავებდა, ჩამოართვეს და გაიყიდა. კიდევ კარგი, ბუნებრივი რესურსები ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და, მადლობა ღმერთს, მინისტრი მიხვდა, როგორ უნდა ემოქმედა. შევხვედრივარ მას და საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია. ის ლიცენზიები, რომლებიც „მადნეულს“ ჰქონდა და არ იყენებდა, 93,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ორ წელიწადში იმ საბადოებზე მოპოვება დაიწყება.
– გარდა ოქროსი და იმის, რაც მოჰყვება?
– ნახშირი. თუმცა ძალიან ნელა მიდის მაღაროების მშენებლობა. დავით ბეჟუაშვილს ეკუთვნის ის საბადოები, სადაც ადრე სამ მილიონ ტონა ნახშირს მოიპოვებდნენ. ნახშირისა და ლითონის გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი არალითონური საბადო. ერთი სიტყვით, ყველაფერია, რაც საჭიროა და უკვე მერამდენედ ვამბობ, თურქეთიდან კი არ უნდა შემოვიტანოთ მეტლახი იქნება თუ სხვა სამშენებლო მასალა, არამედ ადგილზე უნდა დავამზადოთ ჩვენივე ნედლეულით. ძალიან კარგად მახსოვს, თურქეთში პირველად 1991 თუ 1992 წელს ვიყავი და აქედან უთოები მიჰქონდათ გასაყიდად. ახლა კი იქიდან შემოგვაქვს ყველაფერი. ოც წელიწადში თურქეთმა გიგანტური ნახტომი გააკეთა. ჩვენ ეს დრო არ გამოვიყენეთ, თუმცა შეგვეძლო, რადგან გვერდით თურქეთის უზარმაზარი ბაზარი გვქონდა და იმის ნაცვლად, რომ მრეწველობა განგვევითარებინა, ქარხნები გავყიდეთ ჯართად და ახლა საქართველო გახდა თურქეთისთვის ბაზარი. ესე იგი, დრამატულად შეიცვალა სიტუაცია და ამაში ჩვენი ქვეყნის მესვეურები და ის ურა-პატრიოტები არიან დამნაშავე, რომლებიც მეხუთე სადღეგრძელოდ სვამენ საქართველოს სადღეგრძელოს, თავის საქმიანობით კი ყველაფერი დააკლეს, რაც შეეძლოთ და ჯიბეები გაისქელეს.
თუკი ავმოძრავდებით, შეგვიძლია, ჩვენი მინერალური რესურსების რაციონალური გამოყენებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 3 000 დოლარიდან 20 000-დოლარამდე გავზარდოთ და ათ წელიწადში გავუსწროთ პოლონეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
– უფრო მდიდრები ვართ რესურსებით თუ მდებარეობა წაგვეხმარება?
– გეოპოლიტიკა და რაციონალური მოქმედება. არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელმაც თავისი ეკონომიკის განვითარება ადგილობრივი რესურსების გარეშე მოახერხა. წარმოგიდგენიათ საფრანგეთი ფრანგული ღვინის გარეშე? ესპანეთი – ესპანური სიმინდის, ღვინოებისა თუ ძეხვის გარეშე? ფინეთი – ფინური ხისგან დამზადებული ავეჯის გარეშე და რუსეთი – გაზის გარეშე?
– ჩვენ რასთან ვასოცირდებით? რის გარეშეა წარმოუდგენელი საქართველო?
– ჭიათურის მანგანუმის საბადო მეორეა თავისი სიდიდით მსოფლიოში, მხოლოდ უკრაინულს ჩამოუვარდება, ჩვენ კი გაბონიდან ვყიდულობთ მანგანუმს. გაბონმა ძალიან ჭკვიანური ნაბიჯები გადადგა და ის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა აფრიკაში მხოლოდ ამ ერთადერთი საბადოს წყალობით.
– მივებაროთ გაბონს?
– გაბონს ინგლისელები მართავენ, ჩვენ კი მხოლოდ რუსები შემოგვყავს ინვესტორებად.
P. S. იცით თუ არა, რომ საქართველოში არსებობს აქატის 22; მთის ბროლის – 29, გიშრის – 11, ონიქსის – 5 და ობსიდიანის – 1 საბადო, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ მათგანზეა დათვლილი მარაგები. საქართველოს მთის ბროლის მარაგები მსოფლიო მნიშვნელობისაა, ხოლო სისუფთავითა და კრისტალების სრულყოფილებით, ის ბევრად აღემატება „სვაროვსკის“ მიერ გამოყენებულ საიუველირო ნედლეულს.
საქართველოში მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების 231 საბადოა, რომელიც გამოირჩევა დეკორატიული თვისებების მრავალფეროვნებით. საქართველოს მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების მარაგები 1,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს და შესანიშნავი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ხასიათდება. ქართული გრანიტითა და მარმარილოთი მოპირკეთებულია არა მარტო მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის, ვარშავის მეტროპოლიტენი და მრავალი შენობა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოდან მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების ექსპორტი შეწყდა.

скачать dle 11.3