კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გვპირდება 2014 წლამდე მშვიდად ძილს რუსეთი და როდის მიგვიღებენ ნატოში

თუკი აქამდე რუსეთ-საქართველოს შორის ომის, თავდაპირველად, დაწყების, მოგვიანებით კი, განმეორების წინასწარმეტყველად რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი გვევლინებოდა, ამჯერად ეს როლი რუსეთის „დუმის“ დეპუტატმა, ვინმე ბაღდასაროვმა შეითავსა და საომარი მოქმედებების განახლება 2014 წლისთვის დააანონსა. ამის პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, თითქოსდა რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ისკანდერების“ განთავსებასაც გეგმავს. იმას, თუ რა საფუძველი თუ უსაფუძვლობა უდევს ამგვარ განცხადებებს, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი განგვიმარტავს.

– ამჯერად რატომ გაგვაფრთხილა ახლა უკვე დეპუტატმა ბაღდასაროვმა და თანაც ასე ნაადრევად?
– განცხადებები, რომ რუსეთი ხვალ ომს იწყებს, კრემლის იდეოლოგიაა და, რაც უფრო ხშირად ითქმება ეს მედიაში, დასავლეთის ყურიც შეეჩვევა, რომ საქართველოში შეიძლება, ომი დაიწყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები ინვესტორი ჩადებს აქ ფულს.
– 2014 წლამდე რატომ დაგვამშვიდეს?
– კრემლს აქვს ერთი ამოცანა: ის, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიაში გამაგრებულია, მაგრამ ძალიან ეშინია, ისე არ მოხდეს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა მსოფლიომ აღიაროს. რადგან, როგორც კი ამას აღიარებს მსოფლიო, საქართველო შესაძლოა, მეორე დღესვე გახდეს ნატოს წევრი. კონფლიქტი, ფაქტობრივად, ამოიწურება, თუ საქართველოც აღიარებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, სადავო ტერიტორია აღარ იქნება და დასავლეთს გზა ხსნილი აქვს, რომ საქართველო შეიყვანოს ნატოში. ეს, ბუნებრივია, კრემლს ხელს არ აძლევს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილთან საუბრობდეს ამაზე დასავლეთი.
– რას ეუბნებიან, ვაღიაროთო?
– არ გამოვრიცხავ, რადგან, როგორც ხედავთ, პროცესები, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, დაუსრულებლად იწელება და, თუ ეს საკითხი დადგება, ეს არც რუსეთისთვისაა ხელსაყრელი და, ბუნებრივია, არც ჩვენთვის.
– არ მგონია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას ეს ნაბიჯი.
– ზოგადად, ეს ინფორმაციები ტრიალებს და კრემლიც ფლობს მათ. ამიტომ, რაც მეტად გამოჩნდება ის საფრთხე, რომ რესეთმა შეიძლება, საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყოს, მით უფრო ნაკლებად იქნება დასავლეთი მოტივირებული, საქართველო ნატოში გააწევრიანოს ან რამე სხვა სახის უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს მასთან. ეს არის დასავლეთის დაფრთხობის ფანდი კრემლის მხრიდან.
– 2014 წლამდე რატომ გვაძლევენ მშვიდად ძილის უფლებას?
– 2012 და 2013 წლები საარჩევნო წლებია და კრემლი, ალბათ, ელოდება, თუ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და შეცვალა დღევანდელი ხელისუფლება, შემდეგ, ალბათ, შეეცდება, „კარგი ბიჭის“ როლი ითამაშოს. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი არაფერს შეცვლის, რადგან არსებობს სახელმწიფო ინტერესები. რუსეთი დღეს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ იმიტომ კი არ არის, რომ ქართული ღვინო არ უყვარს ან ალერგია აქვს ქართულ მინერალურ წყალზე, არამედ იმიტომ, რომ აქვს სახელმწიფო ინტერესები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენს ინტერესებზე გავლით მიიღწევა. ასე რომ, 2014 წელი ეს არის პერიოდი, როდესაც, კრემლის აზრით, შეიძლება, ჯერ კიდევ იყოს დღევანდელი ხელისუფლება და ამიტომ თვლიან, რომ ეს იქნება კონფლიქტის წარმოქმნის საფუძველი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა და მეტი არაფერი, იმიტომ რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საფუძვლიანი მიზეზით ომს ვერ დაიწყებს.
– რატომ? რა შეუშლის ხელს?
– ჯერ ერთი, ის არის დიდი სახელმწიფო, ბირთვული იარაღის მქონე, ამიტომ ასე მარტივად თავს არ წაიხდენს და თბილისზე არ წამოვა. თუ თქვენ დააკვირდებით, 2008 წლის აგვისტომდე რუსეთმა ყველაფერი გააკეთა: არ დაზოგა რესურსი, არ დაიშურა პროვოკაციები, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლებას რუსული სცენარით ემოქმედა და გაუჩნდა სალაპარაკო არგუმენტი, რომ გაეროს მანდატის მქონე ჯარს ესროლეს და ამიტომ შემოვედიო. თუ ტალიავინის დასკვნას გადავხედავთ, რუსეთს რაღაც არგუმენტები მაინც აქვს. მორიგი აგრესიის შემთხვევაში კი რუსეთი უბრალოდ ვერ მოძებნის არგუმენტს, თუნდაც, საქართველოს ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს ცხინვალის ან სოხუმისადმი.
– მაგრამ, ვთქვათ, ვერ შეძლებს, რომ გადაკეტოს გორის ცენტრალური მაგისტრალი?
– უნდა განვასხვავოთ ომი და ფართომასშტაბიანი პროვოკაცია. ომი, ანუ თბილისზე წამოსვლა არცთუ ისე მარტივია, თუნდაც, ისეთი გიგანტური რუსეთისთვის, რომელსაც დიდი სამხედრო პოტენციალი გააჩნია, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ხარისხიანია ეს პოტენციალი. ომს მნიშვნელოვანი რესურსი სჭირდება, 200 000-300 000-იანი არმია, ტყვია-წამლით, მომარაგებით, მით უფრო, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა რთულია, შესაძლოა, თავგანწირვის ელემენტებიც იყოს. თუ სამოქალაქო სოლიდარობა გაჩნდება, ძალიან გაუჭირდება რუსეთს ომის წარმოება. მით უმეტეს, რომ არის შანსი, დასავლეთი ჩაერიოს, სულ მცირე, მოწინააღმდეგის პოზიციების განადგურების თვალსაზრისით. ესეც შეიძლება, დღეს ვიღაცას ზღაპარი ეგონოს, მაგრამ არ იქნება ზღაპარი, თუ დიდი რუსეთი საქართველოს დედაქალაქს შემოუტევს.
– ოღონდ მხოლოდ თბილისზე წამოსვლის შემთხვევაში?
– თუ თბილისს არ აიღებს, აზრს კარგავს ყველაფერი. ასე რომ, პირდაპირ ვთქვათ: ომი არ იქნება. თუ გადავხედავთ ომების ისტორიებს და თანამედროვე კონფლიქტების ანალიზს მივყვებით, როგორც წესი, ასეთი ტიპის კონფლიქტები 12-13 წლის მონაცვლეობით განახლდება ხოლმე და, როგორც წესი, ამ კონფლიქტს განაახლებს დაზარალებული მხარე. რაც შეეხება პროვოკაციებს: სამწუხაროდ, კრემლს პროვოკაციების განხორციელების ფართო არჩევანი აქვს. იმავე ექვსპუნქტიან შეთანხმებაში ბუნდოვანია, თუ რა შემთხვევაში შეუძლია რუსეთს, გააფართოოს თავისი უსაფრთხოების ზონები. მარტივად რომ თქვათ, რუსეთს შეუძლია, თქვას, მომივიდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა ცხინვალის აღება, აქ და აქ არის სამხედრო გადაადგილება და ამიტომ მე ვაფართოებ ჩემს ზონებსო. გადმოვა, დაიკავებს მაგისტრალს, დაიკავებს გზებს და ასე შემდეგ. შესაძლოა, რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავიც ააფრინოს ჰაერში. ასეთ პროვოკაციას ჩვენი მხარე როგორ უპასუხებს?
– ჩუმად უნდა ვისხდეთ?
– ჩუმად თუ ვისხდებით, ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს. ამიტომ გარკვეული რეაქცია საჭიროა. როგორ და რანაირად, ეს სხვა თემაა და ამისთვის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. მინიმუმ უსაფრთხოების ისეთი სისტემის შექმნა შეიძლება, რომელიც არ აფიქრებინებს მოწინააღმდეგეს, რომ თავს დაგესხას, იმდენად მაღალი იქნება მისი ზარალის რისკები.
– ამას წინათ თქვა ვინმე ძიცოითმა, რომ, თურმე, ონის, საჩხერის, ქარელის, გორის რაიონები ყოფილა „იუჟნაია ოსეტია“ და მტარვალ ქართველებს იქიდან ოსები გაუყრიათ და მიწები მიუსაკუთრებიათ.
– თუ კრემლში დაიგეგმება კონკრეტული აქცია, ნამდვილად არავის გაუჭირდება არც სოხუმში და არც ცხინვალში რაღაც ზღაპრის მოგონება. მთავარია, რაღაც საბაბი გამოჩნდეს და ამ პროვოკაციების წამომწყები ბევრია, რომლებსაც უბრალოდ პასუხი არ მოეთხოვება. მაგალითად, კოკოითის დღევანდელ ხელისუფლებას პასუხი არ მოეთხოვება, რადგან არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. ის არის ჩვეულებრივი დამნაშავე, რომელზეც, სამწუხაროდ, არც ძებნაა გამოცხადებული. ოღონდ არ გეგონოთ, რომ კოკოითის დაპატიმრების მომხრე ვიყო, ესეც კარგად ასაწონ-დასაწონია. ამ ვითარებაში პროვოკაციის საბაბს უნდა ვერიდოთ, თუმცა არც ისე უნდა დავბეჩავდეთ, რომ ყველა პროვოკაციის შიშით შუქი ჩავაქროთ და სარდაფებში დავიმალოთ. ასე რომ, ამ ყველაფერს, უპირველესად, სჭირდება სწორი ორგანიზება, მაგრამ მთავარია, დასავლეთმა დაინახოს, რომ აქ შენდება სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს ჰყავს სამოქალაქო საზოგადოება და აქვს პრეტენზია, რომ შეუერთდეს დემოკრატიულ ოჯახს. თუ ამის ღირსი არ ხარ და ქვეყანა ანტიდემოკრატიული გზით მიგყავს, ძალიან ცოტა ქვეყანა გამოჩნდება ისეთი, რომელიც მხარს დაგიჭერს.
– „ისკანდერების“ განთავსებით მუქარა რას უკავშირდება? რუსეთის საზღვარი აფხაზეთთან და ცხინვალთან ყურის ძირშია. რა მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის, „ისკანდერი“ თავის ტერიტორიაზე ექნება თუ, თუნდაც, ასი კილომეტრით აქეთ?
– „ისკანდერები“ და „ტოჩკა უ“, რომლებიც ომის დროს შემოიყვანეს, არც გაუყვანიათ. მეტსაც გეტყვით, არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში რუსეთმა ლაპარაკი დაიწყოს ცხინვალსა და აფხაზეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე. ოღონდ ეს უკვე ჩვენ წინააღმდეგ არ არის მომართული. საქმე ის არის, რომ სულ რაღაც რამდენიმე ხნის წინათ ნატო-თურქეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც თურქეთში განთავსდება ანტისარაკეტო სისტემის რადარი. მოგეხსენებათ, ანტისარაკეტო სისტემა შედგება ორი კომპონენტისგან: რადარისა და სარაკეტო სისტემისგან. რადარი განთავსდება თურქეთში, რაკეტები – რუმინეთში.
– მკითხველისთვის განვმარტოთ: თურქეთში განთავსებული რადარი აღმოაჩენს საფრთხეს, რუმინეთიდან კი წავა რაკეტა ამ საფრთხის გასაუვნებელყოფად.
– თუმცა თურქეთს თავისი ანტისარაკეტო სისტემა აქვს, ლაპარაკია ნატოს მიერ ორგანიზებულ ანტისარაკეტო სისტემის რადარზე. ნატოს ამ პროექტზე რუსეთს რეაქცია უნდა ჰქონოდა, იმიტომ რომ მას უკვე ჩვევად ექცა ნატოს მოქმედებაზე რეაქციები. ამით რუსეთი ნატოს აჩვევს, რომ ის მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ და ყველაფერზე ახდენს რეაქციას. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ სარაკეტო სისტემების განთავსებაზე დაიწყოს ფიქრი, რაც უბრალოდ, ბლეფი იქნება.
– ბლეფი რატომ იქნება?
– იმიტომ რომ რუსეთს აქვს რადარი აზერბაიჯანში, გაბალის ბაზაზე. ეს საკმაოდ დიდი კომპლექსია, რამდენიმესართულიანი შენობის სიდიდის და ის აკონტროლებს პერიმეტრს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ინდოეთამდე, ანუ რადიუსი აქვს რვა ათასი კილომეტრი. ასე რომ, სხვა რადარი რად უნდა?!
– რაკეტები სად აქვს?
– ადრე იქ იყო სარაკეტო ქვედანაყოფიც, მაგრამ ახლა აღარ არის, თუმცა ეს რადარი საჭიროების შემთხვევაში აღმოაჩენს საფრთხეს და რუსეთი უკვე თავისი ტერიტორიიდან გაუშვებს რაკეტას. მეორე მიზეზი: საერთოდ, კონფლიქტურ ზონებთან რადარის ან რაკეტების განთავსება მიზანშეწონილი არ არის. ხომ ხედავთ, ნატომ თურქეთში დადგა რადარი, რაკეტა კი რუმინეთში წაიღო. რაკეტის თურქეთში არგანთავსება პოლიტიკური მომენტიც იყო, რადგან თურქები უარს აცხადებენ ისეთი სისტემის განთავსებაზე, რომელიც მუსლიმანური სამყაროს გაღიზიანებას გამოიწვევს. ასე რომ, „ისკანდერების“ განთავსება იქნება მორიგი ბლეფი, თუმცა ამ ბლეფმა შეიძლება, იმუშაოს.
– ვისზე?
– შეერთებულ შტატებზე, ნატოზე, დასავლეთზე, იმიტომ რომ დღესდღეობით რუსების ბაზები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ არც იმდენად ჩვენ წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ჩვენ უკვე კარგად გვესმის, ომის შემთხვევაში სერიოზულ ძალასთან გვექნება საქმე, რამდენადაც დასავლეთის მიმართ. კრემლს არ ეშინია სააკაშვილის თავდასხმის. ის, რაც ხდება, არის გეოპოლიტიკური ინტერესების გადაჯგუფების პროცესი, სადაც რუსეთი დასავლეთს ეუბნება: გამარჯობა, მე უკვე ამიერკავკასიაში ვარ.
– თუმცა, საკმარისია, საქართველომ უარი თქვას ოკუპირებულ რეგიონებზე, რომ ნატოც ამიერკავკასიაშია?
– პრაგმატულად რომ ვიაზროვნო, შეიძლება, რაღაც კონფიგურაციებზე ვიფიქრო, მაგრამ ვერ ვიაზროვნებ პრაგმატულად და არც კი დავუშვებ ამას ჩემს გონებაში, იმიტომ რომ მე მაქვს მორალური პასუხისმგებლობა ჩემი წინაპრების წინაშე. ამ საკითხზე ფიქრისას ადამიანური გრძნობის სხვა დონეზე გავდივართ. გახსოვთ, მამუკა არეშიძემ დაიწყო ამაზე საუბარი და მე მას შევუერთდი: ვილაპარაკოთ ამ თემაზე. სხვათა შორის, რუსეთი ხშირად მიმართავს ასეთ ხერხს: შემოაგდებს განსჯისთვის თემებს, ჩვენ ვთუხთუხებთ, იქ კი კეთდება ანალიზი. ამ ტექნოლოგიას ჩვენ, რატომღაც, არ ვიყენებთ. მამუკა არეშიძის ინიციატივაში კი ეს მომენტი იყო: ამას აფხაზებმა დუმილით უპასუხეს, იმიტომ რომ შეეშინდათ და ვერ დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, თუმცა თვითონაც სიღრმისეულად დაფიქრდნენ ამ თემაზე.
– ომის განახლებით ხშირად გვაშინებს რუსეთი: გარდა ზემოთქმულისა, კიდევ რა ადასტურებს ომის განახლების აბსურდულობას?
– რასაც ვამბობ, ვამბობ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, თუმცა სამხედრო საფრთხეები ისეთი საფრთხეებია, რომლებიც ძალიან სწრაფად შეიძლება, შეიცვალოს დროსა და სივრცეში. მაგრამ, თუ რამე არაორდინარული მოხდება, ამას აუცილებლად მოჰყვება გადაადგილება სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეზე, რაც მოგვცემს ანალიზის საშუალებას, თუ რანაირად შეიძლება, განვითარდეს მოვლენები. გარდა ამისა, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სიტუაციას აკონტროლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მე მათ ხელმძღვანელობას შევხვდი ბრიუსელში და ვესაუბრე კონკრეტულ დეტალებზე: კონტროლდება არა მხოლოდ საზღვრისპირა სიტუაცია, არამედ არის სატელიტური დაკვირვება.
– ძალიან დამამშვიდეთ, რადგან მეგონა, რომ მხოლოდ ჭოგრიტებში იმზირებოდნენ?
– ასე რომ, დამკვირვებლები შენიშნავენ სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას. ომი ისე ვერ დაიწყება, რომ გამოვარდეს რუსი ჯარისკაცი ყაზარმიდან და გამოექანოს გორის ან თბილისისკენ. ამიტომ, თუ რამე კონკრეტული გადაადგილება იქნება, დასავლეთს ექნება რეაქცია, რადგან დასავლეთმა იცის, თუ მიუშვებენ კრიზისს, მათაც მოუწევთ ამ ომში ჩართვა და ესეც დამატებითი გარანტიაა, რომ მშვიდად ვიყოთ, იმის იმედით, რომ, თუ ჩვენი ხელისუფლება ვერ განსჯის სიტუაციას და დროულად ვერ მიხვდება, რა ხდება, დასავლეთი მაინც შეძლებს სიტუაციაზე დროულ რეაგირებას.

скачать dle 11.3