უნებლიე მოსავალი
ანუ „ბრიყვთა ქონება“
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ყვარლის რაიონის სოფლებში საზამთროს მოსავალი მეორედ მოვიდა. ოღონდ არა იმიტომ, რომ თანამედროვე აგროტექნიკის მიღწევები გამოიყენეს, მხოლოდ იმ პროზაული მიზეზით, რომ საზამთროს პირველი მოსავლის აღების შემდეგ გლეხებისგან მიტოვებულ ბაღებს ციდან ნამი ეპკურა, რისი წყალობითაც მცენარე განახლებულა და საკუთარი ინიციატივითა და ძალებით ახალი ნაყოფიც გამოუღია. რაც შეეხება მოსავლის მასშტაბებს: მაგალითად, სოფელ მთისძირში წელს საზამთრო 142 ჰექტარზე გაუშენებიათ, თითო ჰექტრიდან კი საშუალოდ 50 ტონა მოსავალი მიუღიათ. როგორც აღმოჩნდა, არც მეორე მოსავალი ჩამორჩება პირველს (განსაკუთრებით, უპატრონობის ფონზე): ჰექტარზე – საშუალოდ 20 ტონა. უფრო მეტიც, მეორე პირველზე უკეთესია, იქიდან გამომდინარე, რომ ის ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა (მიტოვებული ბაღები არავის შეუწამლავს).
გლეხები, ბუნებრივია, უნებლიე მოსავალს კრეფენ და ამჯერად თითო კილოგრამის გაყიდვას 20 თეთრად აპირებენ. თუმცა, ისეთებიც არიან, რომლებიც საზამთროს ვერ ყიდიან და ამიტომ მას საქონლის საკვებად იყენებენ.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ორი მოსავლის მოსაყვანად მსოფლიოს მოწინავე (მე ვიტყოდი, ნორმალურ) ქვეყნებში: აქეთ – მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს, იქით – სახელმწიფო მანქანა, შუაში კი – ფერმერები ეხმარებიან და, ზედაც იმას დავამატებთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ფასი ჩვეულებრივზე საგრძნობლად მეტია, არც ისაა გამორიცხული, მიწა ისე გაგვიბრაზდეს, სხვა პატრონი საკუთარი ნებით მოითხოვოს!