„არდავიწყება თავისა, აროდეს გვიზამს ზიანსა“
ანუ, შეთავსებულები
რაკი პრეზიდენტები (განსაკუთრებით, ევროკავშირისანი) „ნა ულიცახ ნე ვალიაიუტსია“ (ვისარგებლებ შემთხვევით და ბ-ნი სარკოზის მოწოდებას გამოვეხმაურები, რუსეთს შეურიგდითო), ბუნებრივია, მეც თითისტარივით ამ თემას უნდა ვუტრიალო. საფრანგეთის პრეზიდენტის თბილისში სტუმრობამდე საქართველოში საფრანგეთის ელჩმა და ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რის მიხედვითაც, ბ-ნი ფურნიეს მშობელი ქვეყანა ჩვენს მშობლიურს 18 მილიონ ევროს გამოუყოფს მესტიაში საერთაშორისო სტანდარტების სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად. ამ თანხით, როგორც გვაუწყეს, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიების დარი საბაგირო გზები დამონტაჟდება, რაც, ჩვენს მთავრობასა და, ცხადია, მის სამწყსოს გვაფიქრებინებს, რომ „მესტიას სამთო-სათხილამურო სპორტის მნიშვნელოვან კერად გადააქცევს (ერთი სიტყვით, ყველანი თხილამურებზე!).“
მეტიც, მშენებლობა წელს დაიწყება, თუმცა, როგორც ფინანსთა მინისტრი (ოღონდ ჩვენი) აცხადებს, „წლის ბოლომდე კონკრეტული შედეგებიც გვექნება. სამუშაოები 2012 წელსაც გაგრძელდება“. ბუნებრივია, მინისტრს არც საკუთარი ღვაწლი დავიწყებია, პათოსით: „არ დავიწყება მოყვრისა (ოღონდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „მოყვრად“ საკუთარი თავი იგულისხმება) აროდეს გვიზამს ზიანსა“: „ეს ნაწილია იმ დიდი ძალისხმევისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის სვანეთის, ამ უნიკალური რეგიონის, მიმზიდველობის გაზრდისთვის ახორციელებს.“
მეორე მხრივ, სანამ ჩვენ ჩვენი 18 მილიონი გვიხარია, იგივე საფრანგეთი რუსეთს 10 მილიარდს გამოუყოფს იმავე მიზნით (ანუ, ჩრდილოეთ კავკასიაში სამთო-სათხილამურო კურორტების მოსაწყობად). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 10 მილიარდი 18 მილიონზე 555-ჯერ მეტია, ჩვენს 4-მილიონიან მოსახლეობას კი რფ-ელები 34-ჯერ აღემატებიან, თუ, მაინცდამაინც, ასეთი ჯგუფური საინვესტიციო სიყვარულია, ცოტა მეტი არ გვეკუთვნოდა?!