პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ღვინო ვლადიმირ პუტინისთვის
ახლახან ცნობილი გახდა, თუ რომელ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი და აწ უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ პუტინი. გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პატარა ქალაქ როიბაჰტში ლინდის ღვინის კერძო საწარმო მდებარეობს, სადაც საუკეთესო გერმანული ღვინო იწურება. უცნობია, სტუმრებია თუ არა თავად პრემიერ-მინისტრი ღვინის საწარმოს, თუმცა, დადასტურებულია, რომ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ერთ-ერთ გამოფენაზე პუტინმა დააგემოვნა ლინდის წითელი ღვინო და თავის თანაშემწეს რამდენიმე ყუთის შეძენა დაავალა.
კიმ ჩენ ირის შვილიშვილის ვნებანი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის 16 წლის შვილიშვილმა, კიმ ჰან სულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” თავის „კედელზე” „დაპოსტა“, რომ დემოკრატიის მომხრეა, ხოლო მისი საყვარელი ფილმია საშობაო კომედია „რეალური სიყვარული”. გარდა ამისა მის გვერდზე განთავსებულია ფოტოები, რომელზეც კომუნისტური პარტიის ბელადის შვილიშვილი ყურზე საყურით და მეგობარ გოგონასთან ერთად არის გამოსახული. კიმ ჰან სული, მამასთან, კიმ იონგ ნამთან ერთად, ჩინეთში ცხოვრობს, თუმცა ბოლო დროს, სამხრეთკორეელი ჟურნალისტების მტკიცებით, გავრცელდა ცნობა, რომ იგი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კერძო კოლეჯში განაგრძობს სწავლას და ამ სასწავლებელში პირველი სტუდენტი გახდება ჩრდილოეთ კორეიდან. თავად ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტის მოხმარების უფლება მხოლოდ სამხედროებსა და პოლიტბიუროს წევრებს აქვთ, ხოლო მოსახლეობისთვის ინტერნეტი და, მით უმეტეს „ფეისბუქი”, ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება.
ლუკაშენკოს რეიტინგის რეკორდები
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლუკაშენკოს პრეზიდენტად მორიგ არჩევას ბელარუსების 20,5 პროცენტი უჭერს მხარს. იმავე კვლევების თანახმად, ივლისში ლუკაშენკოს რეიტინგი 29 პროცენტი იყო, დეკემბერში – 53, ხოლო ბოლო არჩევნებზე პრეზიდენტმა სულაც ხმების 79 პროცენტის დაგროვება მოახერხა. უკანასკნელად ლუკაშენკოს რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე 2003 წელს დაეცა, როდესაც მას მოსახლეობის 26 პროცენტმა გამოუცხადა მხარდაჭერა, თუმცა, ახლანდელმა რეიტინგმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. აღსანიშნავია, რომ კვლევების ცენტრი ბელარუსში ლუკაშენკოს ბრძანებით 2005 წელს გაუქმდა და ამჟამად მისი თანამშრომლები ლიტვიდან ახორციელებენ მოსახლეობის გამოკითხვას.
შაკირა ობამას გუნდშია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირადად მოიწონა პოპ-ვარსკვლავ შაკირას დანიშვნა სახელმწიფო კომისიაში სამუშაოდ, რომელიც ესპანურენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტებისთვის განათლების მიღების პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული. კომისია ობამას ინიციატივით 2010 წელს შეიქმნა და მასში ოთხი ადამიანია ჩართული და მათ შორისაა შაკირა. გარდა ამისა, შაკირა არის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბეარფუტ ფაუნდეიშენის” დამფუძნებელი, რომელიც განათლების მიღების პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული კოლუმბიაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰაიტიში. აღსანიშნავია, რომ შაკირა შოუ-ბიზნესის პირველი წარმომადგენელი არ არის ობამას გუნდში – 2010 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაოდ ჰოლივუდის ვარსკვლავი, კომედიური ჟანრის მსახიობი კალ პენი მიიწვიეს.
ჰაიტის ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტის ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ქვეყნის სენატმა აღნიშნულ თანამდებობაზე გაეროს თანამშრომელი ჰარი კონი დაამტკიცა, რომელიც მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. შეგახსენებთ, რომ კლინტონი გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებს ჰაიტიზე. კონის დანიშვნა პრემიერის პოსტზე ხანგრძლივი დებატების შემდეგ მოხერხდა. ჰაიტის კონსტიტუციის თანახმად პრემიერ-მინისტრად ის მოქალაქე უნდა აირჩეს, რომელიც ბოლო 5 წელი სამშობლოში ცხოვრობდა, თუმცა ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, ქვეყანაში არ შედიოდა ფინანსური დახმარება და, იმის გათვალისწინებით, რომ კონი წლებია, გაეროში მუშაობს, მას მხარდაჭერა გამოუცხადა სენატის უმრავლესობამ და ის პოსტზე აირჩიეს.