მარტივი არითმეტიკა
ანუ, შენ ნათურა აანთე, ფასს რას კითხულობო
ქართულ ენერგოსისტემას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქალაქურ-დარდიმანდული ელფერი დაჰკრავს, მოტივებზე შენ ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობო, თუმცა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ხილი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ელექტროენერგია) ფასიანია, მოდი და, ნუ იკითხავ. ასეა თუ ისე, რომც ვიკითხოთ, არც არავინ გვიპასუხებს (გარწმუნებთ საკუთარი გამოცდილებით). უფრო მეტიც, გასულ კვირას ჩვენი ენერგეტიკისა და ახლა უკვე ბუნებრივი რესურსების მინისტრმაც დაგვამუნათა: მართალია, სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯანში ელექტროენერგია უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, ოღონდ, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ქალაქგანათებულებში ამ დარგს სახელმწიფო ასუბსიდირებსო და ზედაც დაამატა, რომ ჩვენ (ანუ ჩვენი სახელმწიფო) არც დარგის სუბსიდირებას ვაპირებთ და, საერთოდაც, ჩვენი მიზანი არსებული ტარიფის შენარჩუნებაა (აი, ამ ადგილას ზემოხსენებულ დარდიმანდობას კიდევ ერთი ელფერი დაემატა – გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო). ამ დამუნათებიდან აშკარაა, რომ მთლად მქუხარე ტაშს თუ არა, სამადლობელს მაინც მოელიან აბონენტებისგან. თუმცა, თუ ელემენტარულ არითმეტიკას მოვიშველიებთ, გაუგებარია, რას გვამადლიან.
გაუგებარი, რადგან სემეკის 2008 წლის დადგენილებით, საქართველოს ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური არ უნდა აღემატებოდეს: „ენგურჰესისთვის“ – 1,187 თეთრს; „ვარდნილჰესების კასკადისთვის” – 1,17 თეთრს; „ვარციხჰესისთვის” – 1,25 თეთრს, „ხრამჰესისთვის” – 1,76 თეთრს, „ძევრულჰესისა“ და „აწჰესისთვის“ – 3,85 თეთრს, „შაორჰესისთვის“ – 3,82 თეთრს. მათ შორის კი ყველაზე ძვირი „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციაა“ – 7,16 თეთრი. სწორედ ამ ჰესების მიერ გამომუშავებული იაფი ელექტროენერგია შეადგენს ჩვენი ენერგომომარაგების 85 პროცენტს. შედარებით ძვირად ღირებული თბოელექტროენერგიის (15 პროცენტი) დამატებით კი, საბოლოოდ, საქართველოში წარმოებული კილოვატი ელექტროენერგიის საწყისი ღირებულება 4,3 თეთრია. თუმცა, კილოვატ ელექტროენერგიაში 16 თეთრს ვიხდით (ანუ თვითღირებულებაზე 3,7-ჯერ მეტს). აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ჩვენი მინისტრ ხეთაგურის შემომდავებელ-დარდიმანდული პათოსი იმის იმედადაა, რომ 20-ის ფარგლებში ანგარიში გვიჭირს!