„დაბალი ღობე“
იმედგაცრუებულები და გულაცრუებულები
იმ მარტივი ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარემ იქამომდე შეგვამზადა, ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ბაქოდან გამოფრინდებოდა, რომ ბ-ნი სარკოზისგან რუსეთის კრიტიკის მოლოდინი არ უნდა გვქონოდა (პავლე კუბლაშვილმა კი ისიც დასძინა, „იმის ილუზია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის გამო რუსეთი სხვაგვარად მოქცევას დაიწყებს, არავის აქვს. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელზეც მსგავსმა ვიზიტებმა ან პოლიტიკურმა განცხადებებმა, შეიძლება, გავლენა იქონიოს“), ბუნებრივია, მოლოდინი არც გაგვცრუებია. თუმცა მხოლოდ ჩვენ, რადგან თურქეთს საფრანგეთის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, იმედებიც გაუცრუა და გულიც აუცრუა. სომხეთში ყოფნისას მან, არც აცია, არც აცხელა და, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ თურქეთის ადგილს ევროკავშირში ვერ ხედავს, ოღონდ, გული მთლად ბოლომდეც არ დასწყვიტა და „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთგვარი ხიდის“ როლი მიაკუთვნა. უფრო მეტიც, თურქეთის ხელისუფლებას სომხეთის გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა და ვადაც დაუწესა (საკუთარი პრეზიდენტობის წლები). თუმცა, თუ თურქეთის მინისტრ ეგემენ ბაშირის კომენტარით ვიმსჯელებთ (სარკოზის ურჩევნია, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაზე იზრუნოს და ისტორიული საკითხებით მანიპულირებაზე დრო არ დაკარგოსო), თურქეთს საფრანგეთის პრეზიდენტის ეს გზავნილი გულთან მთლად ახლოსაც არ მიუტანია.
მიიტანა თუ განიშორა, თუ გავიხსენებთ, რომ თურქეთისადმი საფრანგეთის პრეზიდენტი საკმაოდ უცერემონიო იყო, სავარაუდოა, რომ რეგიონში დაბალ ღობედ ევროკავშირს თურქეთი აურჩევია.