რასთან შეგუება იყო გათხოვების შემდეგ თიკო ნატროშვილისთვის რთული და რის გაცნობიერებაში ეხმარებოდა მას მეუღლე
მას შემდეგ, რაც თიკო ნატროშვილს პატარა მათე ეყოლა, მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ინტერვიუს ჩაწერას მათეც ესწრებოდა, ენერგიული, საყვარელი ბავშვი, რომელმაც უკვე დამოუკიდებლად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც ისწავლა, საუბარში დედიკოს ეხმარებოდა და პასუხებს თავისი უცნაური, ბავშვური ლექსიკის საშუალებით გვცემდა.
თიკო ნატროშვილი: რაც მათე დაიბადა, ჩემი დასვენების სტილი შეიცვალა. ადრე თუ ძალიან მიყვარდა ზღვა, მზე, რუჯი, უკვე ორი წელია, ამ თემაზე არ ვფიქრობ. უფრო სწორად ვერ ვფიქრობ, რადგან არ გამოვა. მთლიანად მათეს სურვილებზე ვართ დამოკიდებული, ანუ იმაზე, რაც მისთვის არის სასარგებლო.
– ცხოვრების სტილიც შეგიცვალა მათემ?
– ცხოვრების სტილი საერთოდ შემეცვალა. სიმართლე გითხრა, ეს რთულია – როცა ერთ რამეს ხარ შეჩვეული, სასიკეთო გარდატეხაც რომ ხდება, სულ სხვა რაღაცეებთან გიწევს შეგუება და ეს კი არასდროს არის ადვილი. ის, რაც ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ამაზე კარგი ქალის ცხოვრებაში არც არაფერი მოხდება, – ვგულისხმობ შვილს და დედობრივ გრძნობას. მაგრამ, ამას ბევრ სიამოვნებასთან ერთად, გარკვეული სირთულეებიც ახლავს – პასუხისმგებლობის განცდა, ზრუნვა შვილზე, რაც ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ბევრი ენერგია მიაქვს. მით უმეტეს, რომ მათე მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული, ძიძა არ გვყავს. სანამ მე არ ვმუშაობ, ამის საჭიროება არ არის.
– ადრე მხოლოდ საკუთარ თავზე თუ ზრუნავდი, ახლა უკვე მეუღლესა და მათეზე გიწევს ზრუნვა. პირველ ეტაპზე არ იქნება ეს ადვილი.
– ამაზე მე და გაგა ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, რადგან ხომ მჭირდებოდა ამ ყველაფრის გაცნობიერება?! როცა ახალ გარემოში, ახალ სიტუაციაში ხვდები, ამას ყველაფერს აღქმა უნდა. ამიტომ, მე და გაგა ვიხარჯებით. ვლაპარაკობთ – აი, ეს ადრე რომ ასე იყო, ახლა ისეა... ასეა და ამიტომ ეს უნდა გავაკეთოთ... რა თქმა უნდა, ახლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვერ ვიცხოვრებ. ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ვაღიარებ – ხშირად ჩემი თავის გვერდზე „გადადება“ მიწევს და მერე ამაზე ვბრაზდები. თუმცა, რომ დავფიქრდები, ვხვდები, ამაში გასაბრაზებელი არაფერია. საბოლოო ჯამში, ეს ნორმალური, ძალიან კარგი მოვლენაა და ოჯახი ამას ითხოვს. როცა ოჯახს ქმნი, უნდა გააცნობიერო, რომ მსგავსი ტიპის სირთულეები იქნება. თუმცა, დრო რომ გავა, ამ ყველაფერს ისე შეისისხლხორცებ, რომ სირთულედ აღარ აღიქვამ. ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ, რაც გვსურს და რაც გვაინტერესებს. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ არ ღირს რაღაცეების დაგეგმვა, რადგან, რაც დავგეგმე, თუნდაც გონებაში, არაფერი გამომივიდა. ექსპრომტად უფრო ხდება ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, ვიდრე გეგმების მიხედვით. თან, როცა რაღაცას გეგმავ, უნდა მისდიო მის მსვლელობას და თუ რამე არ გამოდის, მერე ნერვები გეშლება. ამის გამო ცუდი აურა იქმნება და საბოლოო ჯამში, ეს მე მაზიანებს.
– შენ არც გათხოვება დაგიგეგმავს წინასწარ დიდი ხნით ადრე.
– ეს მეც და გაგამაც მოკლე ხანში გადავწყვიტეთ. ახლახან ჩვენი მეგობარი გათხოვდა და მან უფრო სწრაფად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვხუმრობდით, რეკორდი მოგვიხსენიო. მე რომ გადაწყვეტილება მივიღე, ასეთი ახსნა მოვუძებნე: ორი ადამიანი ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას რომ იწყებს, მაშინ აღმოაჩენენ, ეცნობიან ერთმანეთს, ამიტომ შეყვარებულობის ხანა მხოლოდ იმიტომ შეიძლება გააგრძელო, რომ ეს ძალიან სასიამოვნოა. ოჯახის შექმნა ლატარიასავითაა, ბევრი სიურპრიზი ახლავს. ამიტომ, რამდენ ხანში მივიღე გადაწყვეტილება, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და ადამიანი მანიაკი და ქურდი რომ არ არის, ამას ადვილად იგებ. მერე უკვე ხდება ხასიათების შეწყობა. როცა რაღაც ელემენტარულზე და უფრო მეტზეც იღებ პასუხებს, რწმუნდები, რომ ამ ადამიანის გვერდით კომფორტულად იქნები. მერე უკვე იღებ გადაწყვეტილებას და მეც ასე მოვიქეცი.
– შეყვარებულობის პერიოდი და როცა უკვე ერთად ცხოვრობთ, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან?
– რა თქმა უნდა, განსხვავდება. ის ცხოვრების სულ სხვა ნაწილია და ეს სულ სხვა. შეყვარებულობა სულ სხვა მომენტია, ცოლქმრობა – სულ სხვა. მაგრამ, მე მეორე პერიოდს, ანუ ცოლქმრობას ვამჯობინებ, რადგან ამ დროს ერთი მთლიანი ხდებით. ამის გამო კი დიდ სიამოვნებას განიცდი. შეყვარებული მაინც თავის სახლში მიდის, შენ შენს სახლში იძინებ. ვერც გადაწყვეტილებებს იღებთ ერთად. მის რაღაც პრობლემას იზიარებ, მაგრამ ბოლომდე ვერ ითავისებ. როცა ერთი ოჯახია, წვრილმანი პრობლემაც, კი, თუნდაც სახლში ონკანი რომ გაფუჭდება, ისიც უკვე ორივეს პრობლემაა. შესაბამისად, ჩემს შემთხვევაში, ეს პერიოდი უფრო საინტერესოა, ვიდრე შეყვარებულობის. რაც დრო გადის, უფრო სტაბილური ხდები გრძნობებში. თუმცა გამოგიტყდები, რომ ხანდახან არის შეყვარებულობის პერიოდის ნოსტალგიური მომენტები. ახლაც ყოფილა ერთმანეთს სკაიპით რომ ველაპარაკებით, გაგასთვის მითქვამს, გახსოვს, ადრე ასე რომ ვლაპარაკობდით, რას გწერდი?! მოდი, ისევ ისე ვილაპარაკოთ-მეთქი და თან ერთმანეთს „სმაილებს“ ვუგზავნით და ეს ერთგვარი ნოსტალგიური მომენტია და სასიამოვნოც.
– ალბათ, გეხმარება მათეს აღზრდაში.
– რა თქმა უნდა, მეხმარება. თუმცა, ისე არ ვართ, რომ რაღაც საქმეები გვქონდეს გადანაწილებული. მათეს აღზრდა, მოვლა, ძირითადად, მე მევალება, მაგრამ როცა ვთხოვ, ყველაფრის გაკეთება შეუძლია – დაბანა, გამოცვლა და დაუძინებია კიდეც, ერთი საათითაც დაუტოვებია. ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველი მამაა და მათე ძალიან უყვარს.
– ასეთივე ყურადღებიანი და მზრუნველი მეუღლეა?
– ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველი ადამიანია. მათეც ასეთია და სულ აღვნიშნავ, რომ ამით მამას დაემსგავსა. არ არსებობს ადამიანი, ვისთანაც ის არ მივა, ყველას ეფერება, ეხუტება.
– როდესაც ბავშვი იბადება, დედის მხრიდან მამა იჩაგრება – მას ყურადღება აკლდება.
– ეს ყველაფერი ბუნებრივადაა, ხელოვნური ურთიერთობა ძალიან მიჭირს, მით უმეტეს, მეუღლესთან. ეს, ალბათ, მომაკვდინებელი იქნებოდა. პირიქით ახლა უფრო შეკრულები ვართ. მათეს დაბადების მერე უფრო ერთიანი გავხდით. რაღაც ეტაპის მერე მე და გაგა უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. ჯერ ჯვარი დავიწერეთ, ერთად დავიწყეთ ცხოვრება და ამან დაგვაახლოვა, შემდეგ მათე გაჩნდა და ამან კიდევ უფრო შეგვაკავშირა. როდესაც შეყვარებული ხარ, შეიძლება, რაღაცაზე გაბრაზდე და დაშორდე კიდეც, მაგრამ, ცოლ-ქმარი უკვე, ბევრ რამეს ითვალისწინებს, ერთი ხელის მოსმით ამ ურთიერთობას ვერ გააფუჭებ, ვერ დაამთავრებ. მათე ერთ-ერთი ხელშემწყობია იმისა, რომ მე და გაგა კიდევ უფრო დავახლოვდეთ.
– მათეს ახლა ყველაზე საინტერესო ეტაპი აქვს: კბილები ამოსდის, სიარულს სწავლობს, ლაპარაკს ცდილობს.
– ყველაზე კარგი და სასაცილო ეტაპი აქვს – საკუთარი ენა შექმნა, ბევრი რამე იცის, განსაკუთრებით სიტუაციის არევა (მთელი ხმით, თავის ენაზე გვეჩხუბებოდა მათე – ავტორი). მგონი, ეგოისტია – როდესაც დედას ძილი, ჭამა უნდა, მაშინ იღვიძებს, როცა დედა ლაპარაკობს, ესეც მაშინ იწყებს ლაპარაკს.
– დიასახლისობაც გიწევს, ალბათ.
– ადრეც მიწევდა, მაგრამ ასე აქტიურად არა. სახლში როცა რაღაც არის გასაკეთებელი, მე ვაკეთებ. გაგა, ჭამის მხრივ, არ არის პრეტენზიული. ყოველ საღამოს ვეკითხები – ხვალ რას მიირთმევ-მეთქი. ვცდილობ, მეორე დღეს რაც უნდა ჩაიცვას, რაც უყვარს და ნებისმიერ დროს შეიძლება დასჭირდეს, წესრიგში ჰქონდეს. რაც არ უნდა დავახვედრო, ყველაფერი მოსწონს, განსაკუთრებით ჩემს გაკეთებულ ლობიოზე გიჟდება. სულ იცის ხაზგასმა, როგორია, თან მეც სულ ვეკითხები – მოგეწონა?! შეიძლება მითხრას, ამას ეს რაღაც ინგრედიენტი არ უხდებაო და მერე შევცვალო.
– ყოველთვის ამჩნევს შენს გარეგნობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს?! თუ უყვარს იმის აღნიშვნა, რომ დღეს ძალიან კარგად გამოიყურები, ეს კაბა განსაკუთრებულად გიხდება?
– დიდი ხანია, გრძელ თმას ვატარებ, მოკლედ მინდა შეჭრა, მაგრამ ექსპერიმენტებს ვერიდები. ამ მხრივ სიურპრიზიც არ მომიწყვია, პირიქით, ასეთ რაღაცეებს ვუთანხმებ. ძირითადად, მათე რომ იღვიძებს, ორივე ერთად ვახელთ თვალს. მაგრამ, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მიცდია, გაგა თვალს რომ გაახელს, განსაკუთრებულად გამოვიყურებოდე. იმ წუთას შეიძლება, არაფერი თქვას, მაგრამ მერე აუცილებლად აღნიშნავს, – ესიამოვნა, რომ მისთვის გავაკეთე ეს.
– შენ ისეთი ადამიანების კატეგორიას არ მიეკუთვნები, სულ შეყვარებულები რომ არიან და შეყვარებულებს ხშირად იცვლიან. როგორ მოახერხა გაგამ, რომ დღეს შენ მის გვერდით ხარ და მასზე ასეთი სიყვარულით საუბრობ?
– ძალიან საინტერესო კითხვა დამისვი, ეს კითხვა მეც გამიჩნდა. კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ბოლოს მივდივარ იქამდე, რომ ეს ბედი იყო ალბათ, რა თქმა უნდა. პლუს, გაგას ბევრი დადებითი თვისება. მაგრამ ის, რომ გადაწყვეტილება მივიღე, ეს ბედი იყო, თუმცა გარემოებამაც შემიწყო ხელი. ახლა მე უნდა გავთხოვდე. გადაწყვეტილებას – ჰოპ! ასე ხომ არ იღებ, იქ ხელის შემშლელ პირობებზეც ფიქრობ. მაგრამ, როდესაც ბედია, ყველაფერი ადვილად გამოდის, ხელი არც გეშლება. მეგობარი თაყვანისმცემლებზე მიყვებოდა და ვუთხარი, როდესაც კონკრეტული პიროვნება გამოჩნდება, რომელიც შენი ბედია, ტვინს ასე აღარ გაიჭყლეტ, ყველაფერი თავისთავად მოხდება, ისე აღმოჩნდები ცოლის ამპლუაში, ამას ვერც მიხვდები-მეთქი.