რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სახლის ინტერიერის გაფორმებისას და რა პრობლემას ქმნის საცხოვრებელთან ახლოს წყლის არსებობა
სახლის ასაშენებლად, ნებისმიერმა ადამიანმა ადგილი სწორად უნდა შეარჩიოს, რათა შემდგომ პრობლემებს აარიდოს თავი. ამიტომ, როდესაც მსგავსი ფაქტის წინაშე აღმოჩნდებით, აუცილებლად გაითვალისწინეთ ასტროლოგიური რჩევები. ჩვენი წინაპრები ამ რჩევებს აუცილებლად ითვალისწინებდნენ. სახლის ასაშენებელი ადგილის შესარჩევად, მნიშვნელობა არ აქვს, სოფელში აპირებთ თუ ქალაქად, უნდა გაითვალისწინოთ მდინარეებისა და წყალსაცავების მდებარეობა. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სახლის მახლობლად წყლის არსებობა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხასიათსა და ფინანსებზე აგებს პასუხს. უმჯობესია, თუ სახლს ბორცვზე ააშენებთ, მომრგვალებული ფორმის ყურეში. ნაპირის ასეთი ფორმა ფულს იზიდავს და ადვილად მოგიტანთ მატერიალურ კეთილდღეობას. არ არის სასურველი სახლის აშენება ნაპირისკენ შემოზნექილ და გამობურცულ ადგილზე, რადგან იქ ფული არ მიედინება. ასევე, არ არის სასურველი სახლის აშენება და დასახლება მღვრიე წყლის ნაკადის ახლოს. ასეთ წყალს დადებითი ენერგია კი არ მოაქვს, არამედ, მიაქვს.
ინტერიერის გაფორმებისას კი, ძირითადი ყურადღება ფერსა და სინათლეს უნდა დაუთმოთ. ბინის კედლების, ავეჯისა და მორთულობის შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ არა მარტო სილამაზე, არამედ ისიც, რა განწყობაზე დაგაყენებთ მომავალში ასეთ ბინაში ცხოვრება.
გეტყვით, რომ ფერთა გამა ადამიანის ფსიქო-ემოციურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს და ეს ასტროლოგიაში საკმაოდ ცნობილი ფაქტია. ზოგი ფერი სიმშვიდისა და სილაღის შეგრძნებას ბადებს, ზოგი კი პირიქით, დამთრგუნველად მოქმედებს. მაგალითად: ბინაში იისფრად შეღებილი კედლები, სისხლის წნევას მკვეთრად არეგულირებს;
წითელი ფერის განათება ფსიქიკის სტიმულაციას და შინაგანი ორგანოების აქტივაციას იწვევს. დღესაც კი, უცხოეთში ზოგი ასტროლოგი-მკურნალი, რომელიც ფერთა გამით მკურნალობს ავადმყოფებს, გულის, თირკმელების, სისხლძარღვებისა და ნაწლავთა დაავადების მქონე პაციენტებს, ურჩევს წითელი ფერის განათებაში დიდხანს დაჰყონ.
ნარინჯისფერი ადამიანის ორგანიზმს აჯანსაღებს. ის დადებითად მოქმედებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკაზე. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ნერვულ სისტემაზე ეს ფერი უარყოფითად მოქმედებს, ანუ მას აღაგზნებს. ამიტომ, ნერვიულმა და აფექტურმა ადამიანებმა ნარინჯისფრად ბინის კედლები არ უნდა გადაღებონ.
ცისფერი ზრდის შრომისუნარიანობას და მკვეთრად აუმჯობესებს ადამიანის განწყობას.
მწვანე ფერიც ანალოგიურად მოქმედებს. კონკრეტულად, გარდა იმისა, რომ ნერვებს ამშვიდებს, აწყნარებს და ორგანიზმს მოდუნებაში ეხმაება, აგრეთვე, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმს და შინაგანი ორგანოების მუშაობას არეგულირებს.
ყვითლად შეღებილი ოთახის კედლები ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე მოქმედებს დადებითად. ის ინტელექტუალურ და ფიზიკურ აქტივობას ზრდის. კარგია კუჭისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების სამკურნალოდ. ძველად ასეთი ფერის ოთახში დიდხანს ტოვებდნენ ავადმყოფებს, რადგან ყვითელი ფერი მათზე დადებითად მოქმედებდა და განკურნებაც ადვილად ხდებოდა;
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ და ზოგ ადამიანს გარკვეული ფერთა გამა მოსწონს, ზოგს კი რადიკალურად განსხვავებული. ანუ, ნებისმიერ ჩვენგანს ფერთა გამის მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, ბავშვებს უყვართ წითელი ფერი, ზრდასრული ადამიანების უმეტესობა კი უპირატესობას ცისფერს ან ვარდისფერს ანიჭებს. ასაკში შესული ადამიანისთვის კი ყველაზე მისაღები ნაცრისფერია. ასევე, არსებობს ფერები, რომლებიც ერთმანეთს კარგად ერწყმის და „ეხმარება” ბინაში გარკვეული ეფექტის მიღწევაში.
გაფრთხილებთ, დიდი ხნით ყოფნა ინტერიერში, სადაც კაშკაშა ფერებია, არ ღირს, რადგან ადამიანი ასეთ გარემოში – დიდია ის თუ პატარა, ძალიან სწრაფად იძაბება და იღლება.
ასევე, გაითვალისწინეთ ასტროლოგიური რჩევა და, ნუ შეღებავთ სამუშაო ოთახის კედლებს იისფრად. ეს ფერი შრომისუნარიანობას საგრძნობლად შეამცირებს, უმჯობესია, ეს ფერი მოსასვენებელ ოთახში გამოიყენოთ.