რა ოცნებები აუსრულა ნიუ-იორკში ბიონსემ სალომე გოგიშვილს და რაზე ისაუბრეს მათ
18 წლის სალომე გოგიშვილი ერთი წლის წინ, როდესაც ნიუ-იორკში წავიდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, თავის საყვარელ მომღერალს, ბიონსეს თუ შეხვდებოდა, გამოელაპარაკებოდა და მასთან ერთად ფოტოსაც გადაიღებდა. მაგრამ, ნიუ-იორკი ხომ ოცნებების ქალაქია... სალომე წელიწადზე მეტია, რაც ამ საოცარ ქალაქში ცხოვრობს, სწავლობს და მომავალშიც ძალიან ბევრი გეგმა აქვს.
სალომე გოგიშვილი: თბილისში ვარ დაბადებული, გაზრდილი, სკოლაშიც აქ დავდიოდი, მაგრამ შემდეგ მე და დედა ამერიკაში წამოვედით. ახლა ვსწავლობ ჩვეულებრივ „ჰაი სქულში“, წელს ვამთავრებ. საქართველოში „ნაბადში“ ვცეკვავდი ნინო ტურაბელიძესთან, თავიდან სტუდიით დავიწყე და შემდეგ სპექტაკლებშიც ვმონაწილეობდი. ძალიან მიყვარს ცეკვა. როდესაც ამერიკაში წავედი, გამიჭირდა ცეკვაზე უარის თქმა, რადგან ის მთელი ჩემი ცხოვრებაა. 5 წლის ასაკში დავიწყე და სანამ აქ წამოვიდოდი, სულ ვცეკვავდი. ახლაც, თბილისში რომ ვიყავი, მივედი „ნაბადში“ და ვიცეკვე რამდენიმე სპექტაკლში. ძალიან მინდა, ამერიკაშიც ვიცეკვო. ვნახოთ, თუ შევძლებ, არ ვიცი.
– როგორ შეეგუე ახალ გარემოს?
– ახალ გარემოსთან შეგუება გამიჭირდა და დღემდე ვერ ვეგუები. ნიუ-იორკში ცხოვრების ძალიან სწრაფი ტემპია და მეც თავიდანვე ამ ტემპში ჩავერთე. აქ ძალიან განსხვავებული მენტალიტეტია. 17-18 წლის ასაკში, ამასთან შეგუება ცოტა ძნელია.
– როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ბიონსეს შეხვდი და „ფეისბუქზე“ მასთან გადაღებული ფოტოც გიდევს.
– ნიუ-იორკში მყავს ქართველი მეგობარი – გვანცა რამიშვილი, რომელიც ასევე სკოლაში სწავლობს. ჩვენ ერთად წავედით ბიონსესთან შესახვედრად. ბიონსე ბავშვობიდან ძალიან მომწონს. მასთან შეხვედრა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს არასდროს მოხდებოდა. ვაფასებ ამ ადამიანის შრომას, რადგან მეც ვდგავარ სცენაზე და ვიცი, რის ფასად გიჯდება, გახვიდე სცენაზე, ჩაატარო კონცერტი და ამხელა წარმატებას მიაღწიო. მის სიმღერებს ისე ხშირად ვუსმენდი, რომ სხვებიც შევაწუხე.
– სად შეხვდი?
– ჩემმა მეგობარმა გვანცამ დამირეკა და მითხრა, ბიონსე საკუთარი სუნამოს პრეზენტაციას აწყობს და ხვალ მივდივართო. ასეთი მაღაზიაა – „მეისის“, იქ შევიდა და შემთხვევით გაიგო. 500 კაცზე მეტი ვერ შევიდოდა პრეზენტაციაზე, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ შეღწევა. თავიდან არ მჯეროდა, რომ გათენდებოდა მომდევნო დღე და მე მას ვნახავდი. სკოლაც კი გავაცდინეთ. მეორე დღეს მივედით პრეზენტაციაზე, შევხვდით ბიონსეს და ფოტოც გადავიღეთ. ძალიან ლამაზია, ეკრანზე ასეთი არ არის. თბილი ადამიანია. ამაში მანამდეც დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა დაველაპარაკე, საბოლოოდ დავრწმუნდი. თან, ფეხმძიმედ არის და მისთვის რთული იყო მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა, ამდენი ხალხის მიღება, მაგრამ ყველას ძალიან თბილად ხვდებოდა.
– ყველასთან იღებდა ფოტოს?
– წესით, ყველასთან უნდა გადაეღო. როცა ჩვენი დრო მოვიდა, მივხვდი, ძალიან ცუდად იყო, რადგან ადგა და გავიდა. მაგრამ, მერე ისევ დაბრუნდა და მაშინ გადავიღეთ ფოტო. მოვასწარი რაღაცის თქმა და თვითონაც გამომელაპარაკა. რაღაც მითხრა, მაგრამ შანსი არ არის, ვერ ვიტყვი. ბევრი რამის კითხვა მინდოდა, მაგრამ ძალიან დავიბენი. მერე ვინც ფოტო ნახა, ყველამ მკითხა: სახე როგორ დააყენეო. ფოტოს, რომ შევხედე, აშკარად მე არ ვიყავი, რადგან ფოტოებზე ასეთი არ გამოვდივარ. როგორ მოვახერხე ნორმალური სახე მიმეღო, არ ვიცი. ძალიან ვინერვიულე.
– კომპლიმენტი ხომ არ გითხრა?
– დაახლოებით, ასეთი რამ მითხრა.
– საჩუქარიც მოგცა?
– კი. მოგვცეს ბიონსეს სუნამო და ჩანთა. ფოტოც მაშინვე დაგვიბეჭდეს და გადმოგვცეს. ისეთი ბედნიერი ვიყავი, კიდევ კარგი, გვანცამ გაიგო. იმ სიამოვნებისთვის, რაც მე მომანიჭა, სულ მადლობას ვუხდი. ძალიან ბედნიერი ვარ, ნიუ-იორკი მართლაც ოცნებების ქალაქია. კიდევ შეიძლება ვინმეს შევხვდე, მაგრამ ასეთი ემოციები მაინც არ მექნება...