რატომ დარჩა თორნიკე შენგელია 15 წლის ასაკში მარტო, ენის, ოჯახისა და მეგობრების გარეშე
19 წლის თორნიკე შენგელიამ ქართველი გულშემატკივრის სიმპათიები უხვად დაიმსახურა. მან ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში, რომელშიც საქართველო პირველად იღებდა მონაწილეობას, წარმატებით ითამაშა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. თორნიკემ სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო და 15 წლიდან ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. ის კალათბურთელთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლებიც წლების განმავლობაში კალათბურთს თამაშობდნენ: თორნიკეს მამა, ყველასთვის ცნობილი კალათბურთელი კახა შენგელიაა, ხოლო დედა – ქეთევან შენგელია.
– თორნიკე, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა შენთვის ევროპის ჩემპიონატი – გულშემატკივარმა განსაკუთრებით გამოგარჩია თამაშის სტილით.
– ღმერთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვცდილობდი, მაქსიმალური გამეკეთებინა, თუმცა, ჩემი ასეთი კარგი თამაში თანაგუნდელების დამსახურებაც არის, რადგან მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი.
– 19 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზე თამაში, ალბათ, საკმაოდ დიდი ემოცია და წარმატებაა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს დებიუტი იყო.
– ძალიან დიდი ემოციაა. როცა 19 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატს თამაშობ, თან, საქართველოს ნაკრებისთვის ეს დებიუტი იყო და ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი რამ. შედეგიც ძალიან კარგი გვქონდა – 12 საუკეთესო გუნდში მოვხვდით.
– საქართველოს ნაკრებში 14 ნომრით თამაშობ. სხვა შემთხვევაშიც ასეა?
– ახალგაზრდულ ნაკრებში ყოველთვის 7 ნომრით ვთამაშობდი, უცხოეთში კი – 23-ით. დიდებში 7 ნომრით საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია თამაშობს. ამიტომ შვიდი ორზე გადავამრავლე და 14 ნომერი ავიღე.
– ამჟამად ბელგიაში თამაშობ. კონტრაქტის მიხედვით, რამდენი ხანი უნდა ითამაშო მაგ ქვეყანაში?
– ბელგიაში უკვე მეორე წელია, ვთამაშობ და სამწლიანი კონტრაქტი მაქვს. სადაც ახლა ვთამაშობ, შარლერუაში, ამ გუნდთან მაქვს კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა, შარშან სხვა გუნდში გამანაწილეს და ის სეზონი სხვაგან ვითამაშე.
– არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ, როგორც გავიგე, გასულ წელს NBA-ს ერთ-ერთ კლუბში გქონდა მიწვევა და ასაკის გამო თქვი უარი?
– NBA-დან შემოთავაზება რომ მქონოდა, ნამდვილად წავიდოდი და უარს არც ერთ შემთხვევაში არ ვიტყოდი.
– კონკრეტულად რომელ გუნდში გინდა, რომ განაგრძო კარიერა?
– მთავარია, NBA-ში ვიყო და გუნდს არ აქვს მნიშვნელობა.
– რამდენი წელია, რაც კალათბურთში ვარჯიშობ?
– ვარჯიში 9-10 წლიდან დავიწყე.
– თითქოს კალათბურთი მემკვიდრეობით გერგო. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, რომ ცნობილი და წლების წინ საკმაოდ წარმატებული კალათბურთელი კახა შენგელია მამაშენია. ამ ყველაფერმა თუ ითამაშა რაიმე როლი, დიდი კალათბურთი რომ გეთამაშა?
– კალათბურთი ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა. რა თქმა უნდა, მამაჩემის თამაშებზეც ხშირად დავდიოდი. როცა დედაც კალათბურთელი გყავს და მამაც, ძნელია, ბავშვობიდან არ გიყვარდეს ეს სპორტი.
– თორნიკე, რამდენი ხარ სიმაღლეში?
– 207 სანტიმეტრი.
– რამდენი წლის იყავი, როცა პირველად წახვედი უცხოეთში სათამაშოდ, ანუ, როდის დაიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება?
– სანამ ბელგიაში წამოვიდოდი, ვალენსიაში ვთამაშობდი. მაშინ 15 წლის ვიყავი.
– არ გაგიჭირდა 15 წლის ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრება?
– თავიდან, ესპანეთში, გამიჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება, რადგან, მარტო ვიყავი, ენა არ ვიცოდი, თან, ინგლისურადაც ბევრი არ ლაპარაკობდა. მერე ენა ვისწავლე, მეგობრებიც შევიძინე და აღარ გამჭირვებია იქ ცხოვრება.
– ახლა თუ გაქვს ენის ბარიერი?
– ესპანურად და ინგლისურად კარგად ვლაპარაკობ, მაგრამ ფრანგულს ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვქაჩავ.
– 15 წლის ასაკში უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო რომ აღმოჩნდი, როგორი იყო პირველი შეგრძნება?
– ძალიან უცნაური შეგრძნებაა, როცა 15 წლის ასაკში მარტო რჩები, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან შორს. ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის იმ პერიოდში. კოლეჯში ვსწავლობდი იქ, სადაც ახალი მეგობრები გავიცანი; ახალ გუნდში დავიწყე თამაში და ასე შემდეგ. პრინციპში, მალე შევეჩვიე ახალ ცხოვრებას, ყოველ შემთხვევაში, არ გამჭირვებია.
– ახლა თუ სწავლობ?
– ამ ეტაპზე არა, მაგრამ, ძალიან მინდა და ყველანაირად ვეცდები, დრო რომ მექნება ზაფხულში, ჩავაბარო.
– პოპულარული ხარ ბელგიელ გულშემატკივრებში?
– საკუთარ თავზე როგორ ვილაპარაკო, გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე ვარ. განსაკუთრებულად გამორჩეული ვარ-მეთქი, ვერ ვიტყოდი, ყველას პატივს გვცემენ.
– მიუხედავად იმისა, რომ კარგი და წარმატებული კალათბურთელი ხარ, მამისგან თუ იღებ შენიშვნებს ან რჩევებს და თუ ითვალისწინებ?
– რა თქმა უნდა, მისგან რჩევებს ვიღებ და, შესაბამისად, ვითვალისწინებ. რაც არ უნდა ვთქვა საკუთარ თავზე, აქ მაქვს ნათამაშები, იქ მაქვს ნათამაშები-მეთქი, მამაჩემს მაინც ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს და, თავისთავად, მის აზრს ვითვალისწინებ. თამაშის მერე, მე თვითონ ვეკითხები რჩევებს.
– დედმამიშვილი თუ გყავს?
– უმცროსი და მყავს, რომელიც 16 წლისაა.
– ისიც სპორტის მოყვარულია?
– კალათბურთს ისიც თამაშობდა, მაგრამ, გოგონების გუნდი არ გვყავს და თავი დაანება.
– როგორია შენი დღის რეჟიმი?
– ყოველდღიურად 9-ის ნახევარზე ვდგები, რადგან 10-ის ნახევრიდან 12 საათამდე ვარჯიში გვაქვს. მერე ვისვენებ და საღამოს ისევ ვვარჯიშობ.
– ანუ, გართობისთვის დრო, ფაქტობრივად, არ გრჩება.
– შეიძლება, ხანდახან გართობის დროც დამრჩეს, მაგრამ, იმდენად დაღლილი ვარ, არაფრის თავი აღარ მაქვს. ძირითადად, კვირა დღე გვაქვს თავისუფალი. ჯერჯერობით ეს ქალაქი უცხოა ჩემთვის და არ ვიცი, სად რა არის. ამიტომ, შეჩვევის პროცესში ვარ.
– ქართველები თუ არიან ბელგიაში?
– არა, ბელგიაში არავის ვიცნობ ქართველს, რომელთანაც შეიძლება, რომ ურთიერთობა მქონდეს. საერთოდ, ჯერ არავინ არ შემხვედრია.
– მიზანდასახული ადამიანი ხარ?
– მიზანდასახული ნამდვილად ვარ. მე პირადად, დაბრკოლებები, პირიქით, მაძლიერებს და სტიმულსა და მოტივაციას მაძლევს.
– უამრავი გოგონა გახდა შენი გულშემატკივარი და ბევრ მათგანს დიდი სიმპათიებიც აქვს შენ მიმართ. თავად როგორი გოგონები მოგწონს?
– ქერა იქნება თუ შავგვრემანი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მომწონს მაღალი, ლამაზი, ჭკვიანი, ინტელიგენტი გოგონები.
– შეყვარებული გყავს?
– შეყვარებული არ მყავს, მაგრამ არის გოგონა, რომელთანაც ჩემი ურთიერთობა ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია.
– ამ ეტაპზე შენი ოცნება რა არის?
– თუ კალათბურთს დავუკავშირებ ამ კითხვას, ამ ეტაპზე ჩემი ოცნება NBA-ში თამაშია. არ ვიცი, ეს რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი, მაგრამ, რაც მალე მოხდება, უკეთესია. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველანაირად ვეცდები.
– როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?
– რაღაც მომენტებში ნამდვილად ვარ. ჩემი აზრით, იღბალი, იცი, როგორი რაღაცაა?! – თუ იმსახურებ, გაგიმართლებს.
– საქართველოში როდის გეგმავ ჩამოსვლას?
– საქართველოში, ალბათ, როგორც ყოველთვის, საახალწლოდ ჩამოვალ. ამ პერიოდში 4-5 დღე აქვს დასვენება გუნდს და ყველა თავის ქვეყანაში მიდის.
– ინტერვიუს დასასრულს, რას ეტყვი შენს გულშემატკივარს, რომელსაც ძალიან უყვარხარ?
– ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივარს სიყვარულისთვის. ასეთი კარგი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს, რომელიც მხარში გვედგა ევროპის ჩემპიონატზე. მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩვენს წარმატებაში. ყველაზე მეტი გულშემატკივარი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ჰყავდა.