კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-39(561)

ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული, რჩეული ადამიანი ვარ და, როგორც ყველა რჩეულს, მოვლენებსა და პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა შემიძლია. ისე ნურავინ გაიგებს, თითქოს პარანოია ან მანიაკური მისწრაფებები მალაპარაკებდეს. არა! მე არც ფსიქოპათი ვარ და არც სერიული მკვლელი, რომელიც ჰიპერტროპიული იდეებითაა შეპყრობილი ან ადამიანის ხორცის ჭამა სიამოვნებს – ამ მხრივ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მართალია, მკვლელი ვარ და მკვლელობა ცუდია, მაგრამ, განგებისგან განსაკუთრებული მისია მაკისრია და დარწმუნებული ვარ, რომ მაინც სიცოცხლეს, სიკეთეს ვემსახურები და, რომ არა ჩემი ჩარევა, მოვლენები და პროცესები ბევრად უფრო ცუდად განვითარდებოდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩემს ჩარევასაც არ გამოუსწორებია ვითარება და იმაზე უარესი მომხდარა, ვიდრე ვარაუდობდნენ. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ შინაგანად ღრმად ვარ დარწმუნებული, სიკეთეს ვემსახურები და ეს არც თავის მოტყუებაა და არც ვინმესთვის თვალებში ნაცრის შეყრა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი პროფესიის არჩევას არც არავის ვუსურვებ და არც მე ვისურვებდი ამ გზაზე დადგომას, ახლა რომ ვიწყებდე ცხოვრებას. მით უმეტეს, რომ ამ გზაზე ნებაყოფლობით არ დავმდგარვარ, ოსტატურად შემიტყუეს და ისეთ მდგომარეობაში ჩამაყენეს, რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა.
– ჩემი თავი ღმერთი მგონია! – მითხრა ერთხელ ერთმა ჩემმა კოლეგამ, როდესაც ერთი საქმე შევასრულეთ, უკან ვბრუნდებოდით და თითქმის სამშვიდობოზე ვიყავით გასულები.
– ღმერთი რატომ? – ვკითხე კოლეგას.
– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ამ კაცის ლიკვიდაციით ჩვენ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ, ანუ მათი ბედი შევცვალეთ, მათ ბედს განვაგებდით, ასეთი რამ კი მხოლოდ ღმერთს შეუძლია. აი, რატომ მგონია, რომ წამით მაინც ვიყავი ღმერთი! რა, მართალს არ ვამბობ?
– სად ღმერთი და სად ჩვენ? – მივუგე კოლეგას, – ღმერთი უკვდავია, ჩვენ კი უბრალო მოკვდავები ვართ.
– მოკვდავები? – რატომღაც შეკრთა ჩემი კოლეგა, პაუზა გააკეთა და შემდეგ მითხრა: – რა იცი, იქნებ, ჩვენც გვეღირსოს უკვდავება...
კოლეგამ სიტყვა ვეღარ დაასრულა, რადგან მე მას მაყუჩიანი პისტოლეტიდან ორი ტყვია ვესროლე თავში და ადგილზევე მოვკალი, შემდეგ ჭაობში ჩავაგდე, რომ კვალი გამექრო და ჩავილაპარაკე: „სამწუხაროდ, უკვდავება ვერ მოიპოვე, რომ არაფერი ვთქვათ შენს გაღმერთებაზე...“
კოლია, რომელიც მე მოვკალი, ორმაგი აგენტი იყო და ხელმძღვანელობისგან მისი ლიკვიდაცია მქონდა დავალებული, როგორც კი საქმეს შევასრულებდით და ის ყოველგვარი მღელვარებისა და სინდისის ქენჯნის გარეშე მოვიშორე.
სინდისის ქენჯნა და სინანული ჩვენს საქმეში უპირველესი მტერია და ისეთივე მავნებელია, როგორც ნერვული აშლილობა გადამწყვეტ მომენტში. ამიტომ, არასოდეს ჩემი არცერთი საქციელი არ მინანია. ვთვლიდი, რომ ყოველთვის სწორად ვმოქმედებდი და ახლაც ასე ვფიქრობ. ალბათ, ამიტომაც გამომდის ყველა საქმე, ჩავარდნა არ მაქვს და, მართალია, ასაკი მემატება, მაგრამ, ახლა ისეთი ძლიერი ვარ, როგორიც არასდროს ვყოფილვარ.
ჩემი პროფესია ფიზიკურ მომზადებასთან ერთად ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს, სიბრძნეს, გონიერებასა და გამოცდილებას მოითხოვს. თუკი პირველი თვისება ახალგაზრდების პრიორიტეტია, დანარჩენი სამი დროსთან ერთად მოდის, ასაკთან ერთად ყალიბდება და პიკს 50-55 წლის ასაკში აღწევს. მე კი ვცდილობ, ეს პიკი რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო და ამისთვის არც ფულს ვზოგავ და არც ძალებს: ვვარჯიშობ, ჯანსაღ ცხოვრებას ვეწევი, გონებას ვწვრთნი და, რაც მთავარია, წამითაც არ მავიწყდება, ვინ ვარ, რადგან, უამრავი მტერი მყავს და ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერ მათგანს ღირსეულად დავხვდე.
– დაიმახსოვრე, ახალგაზრდავ! – მიმეორებდა ხოლმე ინსტრუქტორი, რომელიც კონსპირაციას მასწავლიდა, – შენ გასაიდუმლოებული ადამიანი ხარ, საფარქვეშ მუშაობ, შენი საქმიანობის შესახებ სახალხოდ არავინ ლაპარაკობს და ამ მხრივ, მტრებისგან დაცული ხარ. თუმცა, არსებობს შანსი, რომ შენმა მტერმა ან მტერთა ჯგუფმა მაინც გაგშიფროს, შენზე შურისძიება მოინდომოს და, აი, სწორედ მათგან უნდა შეგეძლოს საკუთარი სიცოცხლის დაცვა და მათი ქმედებებისგან თავის დაღწევა. ამისთვის კი საჭიროა მუდმივი სიფხიზლე, ადამიანებზე დაკვირვება და ათას კაცში მტრის ამოცნობა. კიდევ ერთს გეტყვი: თუკი შენი ლიკვიდაცია „კანტორამ“ მოინდომა, მაშინ ვერანაირი სიფხიზლე, ინტუიცია და პროფესიონალიზმი ვერ გიხსნის და განწირული ხარ. ამიტომ, ისე უნდა მოიქცე, რომ კანტორამ ეს არ მოინდომოს...
„კანტორას“ ჩემი ინსტრუქტორი „კაგებეს“ უწოდებდა. ყველაზე ტრაგიკომიკური კი ის იყო, რომ იგი სწორედ „კანტორის“ ბრძანებით იქნა ლიკვიდირებული და, როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ეს მისია მე დამეკისრა.
კონსპირაციის ინსტრუქტორიც ორმაგი აგენტი აღმოჩნდა. სანამ მას დააპატიმრებდნენ, გაქცევა მოახერხა. მე ის ათი წელი არ მყავდა ნანახი და, მისი ლიკვიდაცია რომ დამავალეს, გენერალმა მითხრა:
– ყველა თანამშრომლის ღალატი საზიანოა და საწყენი, მაგრამ მისი – ორმაგად, რადგან ის ძალიან კარგი პედაგოგი და გამოცდილი ადამიანი იყო. მთავარი კი ისაა, რომ უამრავი ინფორმაცია ჰქონდა ჩვენს თანამშრომლებზე და, რადგან კარგად ხატავს, თითოეული მათგანის პორტრეტი შეუძლია გადასცეს მტერს.
– მათ შორის, ალბათ, ჩემიც, – ვუთხარი გენერალს.
– ალბათ კი არა, უეჭველად, – თქვა კოპებშეკრულმა გენერალმა და დაამატა: – შენ საუკეთესო თანამშრომელი ხარ, დიდი გამოცდილება გაქვს და მის სალიკვიდაციოდაც სწორედ ამიტომ გგზავნით.
გაქცეული ინსტრუქტორი დასავლეთ გერმანიაში იყო გადახვეწილი, მიუნხენში ცხოვრობდა, ოფიციალურად „რადიო ევროპაში“ მუშაობდა საბჭოთა კავშირის ექსპერტად და ანტისაბჭოური გადაცემები მიჰყავდა. ამას გარდა, ის გერმანულ და ამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, გერმანიის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული და ცეცხლსასროლ იარაღს ატარებდა. გარდა იმისა, რომ „კაგებეს“ ყოფილი პოლკოვნიკი კარგად დაცულ კერძო სახლში ცხოვრობდა, ის დაჯავშნული ავტომობილით გადაადგილდებოდა, ორი მცველი ლანდივით დაჰყვებოდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ჩნდებოდა. ერთი სიტყვით, გაქცეული ინსტრუქტორი თითქმის მოუხელთებელი იყო და ჩემს მოვალეობაში შედიოდა იმ სუსტი წერტილის პოვნა, რაც მისი ლიკვიდაციის საშუალებას მომცემდა.
ამ ოპერაციის განხორციელებაში მეხმარებოდა კომუნისტური გერმანიის უშიშროების – „შტაზის“ ახალგაზრდა, მომხიბვლელი თანამშრომელი – მარტა. ის გოგონა „რადიო ევროპაში“ მუშაობდა ხმის ოპერატორის თანაშემწედ და მისი ამ საქმეში ჩართვა ჩემი თხოვნით მოხდა. მარტას რადიოსადგურის შენობაში უნდა შევეყვანე, მე კი გაქცეული ინსტრუქტორი „რადიო ევროპის“ შენობაში უნდა მომეკლა. შტაზელი გოგონა კონსპირაციულ ბინაში დავიბარე და მომავალი ოპერაციის დეტალები ავუხსენი, ბოლოს კი ვუთხარი:
– ნახვამდის. ხვალ დილით გელოდები 8 საათზე და, აბა, შენ იცი, კარგად დაისვენე და საფუძვლიანად მოემზადე ოპერაციისთვის.
მომხიბვლელმა, ტანწერწეტა მარტამ გამიღიმა და მითხრა:
– ოპერაციისთვის უკვე მზად ვარ, ჰერ რუსო, – მარტამ ჩემი სახელი არ იცოდა და, რადგან „კაგებეს“ თანამშრომელი ვიყავი, რუსს იმიტომ მიწოდებდა, – ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია და დარდი ნუ გაქვთ. არც დასვენება მჭირდება. პირიქით, ახლა განმუხტვა მინდა და, ნება მომეცით, თქვენთან დავრჩე.
მარტას შემხედვარე, კინაღამ ცდუნებას ავყევი, რადგან ეს ქერათმიანი გოგონა ისეთ ვნებას ასხივებდა, მასთან გატარებული ღამე, ალბათ, უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებდა. თუმცა, დროზე მოვთოკე თავი, არც იმჯერად ვუღალატე ჩემს პრინციპებს და მომხიბვლელ, ტანწერწეტა შტაზელს მივუგე:
– ჯერ საქმე, ჩემო გოგონა, შემდეგ კი სიამოვნება. აბა, ნახვამდის, ხვალ დილით გელოდები და არ დაიგვიანო.
სექსუალური მარტა მყისვე მორჩილ შტაზელად იქცა, ჯარისკაცის გამომეტყველება მიიღო, გამომეჯგიმა და მითხრა:
– არის, ამხანაგო! ხვალ დილით დათქმულ დროს გეახლებით.
მარტა წავიდა. მისი საქციელი რომ გავიაზრე, მივხვდი, რომ მის გამოჯგიმვაში ირონიის ნატამალიც არ იყო, მან, უბრალოდ, თავისი დამოკიდებულება გამოხატა რანგით უფროსი პირის მიმართ. ჩემთან ინტიმური კავშირის დამყარების სურვილი კი წამიერი ქალური სისუსტე იყო, რასაც მან სძლია, ან, შეიძლება, სულაც უფროსობისგან ჰქონდა ეს დავალებული. ერთი სიტყვით, მარტა რომ გავისტუმრე, იარაღები და უნიფორმა გავამზადე, შემდეგ კი დავწექი და დავიძინე.
მეორე დილით მარტამ ზუსტად 8 საათზე მომაკითხა უზარმაზარი „მერსედესით“. ტექნიკური თანამშრომლის უნიფორმაში გამოვეწყვე, ქამარში კი ორი ცალი მაყუჩიანი, ავტომატური პისტოლეტები გავირჭე და ავტომობილის საბარგულში მოვთავსდი.
მარტამ დაუბრკოლებლად გაიარა „რადიო ევროპის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მაუწყებლობის ეზოში შევიდა, მანქანა მოფარებულ ადგილზე გააჩერა, საბარგული გამოაღო და მითხრა:
– ამოდით, ყველაფერი რიგზეა. აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ!
მე სწრაფად ამოვძვერი „მერსედესის“ საბარგულიდან და, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მაუწყებლობის სათადარიგო შესასვლელისკენ გავემართე, რომლითაც „რადიო ევროპის“ ტექნიკური პერსონალი სარგებლობდა. შენობის გეგმა, რომელიც მარტამ მომიტანა, დეტალურად მქონდა შესწავლილი და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. გაქცეულ ინსტრუქტორს დილის 10 საათზე გადაცემის ჩაწერა ჰქონდა ერთ-ერთ სტუდიაში და მისი ლიკვიდაცია სწორედ იქ უნდა განმეხორციელებინა. მე, სტუდიის გეგმაც კარგად მქონდა შესწავლილი და უკვე წინასწარ ვიცოდი, თუ როგორ უნდა მემოქმედა. რადიოსტუდია 60 კვადრატული მეტრი ფართის იყო და მისი მასიური კარი ჰერმეტულად იხურებოდა. კედლებზე სპეციალური დაფები იყო აკრული, რომ არც ოთახიდან გასულიყო ხმა გარეთ და არც იქიდან შემოსულიყო ხმაური. იქაურობა სპეციალური აპარატურითა და მოწყობილობით იყო სავსე. მე ერთ-ერთ კარადაში დავიმალე, სადაც კაბელები იყო განთავსებული და გავყუჩდი. ზუსტად 9 საათსა და 45 წუთზე „ობიექტი“ სტუდიაში შემოვიდა, კარი ჰერმეტულად ჩაკეტა და გადაცემის ჩასაწერად მოემზადა. ის ტექსტს იმეორებდა, რომელიც უნდა წაეკითხა. მე სულ რაღაც ხუთი-ექვსი წუთი მქონდა საქმის შესასრულებლად, რადგან ცხრა-ათ წუთში გაქცევაც უნდა მომესწრო და სწორედ იმ 15 წუთში უნდა ჩავტეულიყავი, რომელიც ინსტრუქტორს სარეპეტიციოდ ჰქონდა გამოყოფილი.
კარადა უხმოდ გავაღე, პისტოლეტმომარჯვებული გამოვედი იქიდან, „ობიექტს“ უკნიდან წამოვადექი თავზე, მერე კეფაზე პისტოლეტის ლულა მივადე და ვუთხარი:
– აი, ისევ შევხვდით ერთმანეთს!
ობიექტი მკვეთრად შემობრუნდა და, რომ დამინახა, სინანულით მითხრა:
– ვგრძნობდი, რომ, ადრე თუ გვიან, ასე მოხდებოდა და აკი მოხდა კიდეც. გახსოვთ, ახალგაზრდავ, რომ გასწავლიდით, „კანტორის“ განაჩენს ვერ გაექცევით-მეთქი? ვერც მე გავექეცი. არადა, იმედი მქონდა, რომ ამას მოვახერხებდი.
– ვერა, ვერ მოახერხებთ, – ცივად ვუთხარი და პისტოლეტი მივუშვირე თავში, მან კი ხელით მანიშნა გაჩერდიო და მითხრა:
– ერთი რჩევა უნდა მოგცეთ, ახალგაზრდავ და, გთხოვთ, გაითვალისწინოთ.
– გისმენთ.
– არასოდეს განიზრახოთ „კანტორის“ ღალატი და არასოდეს გაუშვათ თქვენი შვილები „კანტორაში“ სამუშაოდ. გასაგებია?
– გასაგებია.
– აი, სულ ეს იყო. ახლა კი ნახვამდის, ჯოჯოხეთში შევხვდებით ერთმანეთს, – მითხრა ობიექტმა გაიცინა და ხელები გაშალა.
– მშვიდობით! – ვთქვი მე, სასხლეტს თითი გამოვკარი, ინსტრუქტორს ორი ტყვია დავახალე გულში და იქვე მოვკალი. შემდეგ საათს შევხედე – ათს ცხრა წუთი აკლდა და გასაქცევად ცხრა წუთი მრჩებოდა. მშვიდად გავაღე ჰერმეტული კარი, რადიომაუწყებლობის ცარიელ დერეფანში გამოვედი და ქვევით დავეშვი. ეზო მშვიდად გადავკვეთე, საკონტროლო-გამშვები პუნქტის შენობაში შევედი და ერთადერთ კონტროლიორს ფალსიფიცირებული საშვი ვუჩვენე, თან ხელით ვანიშნე, რომ ბარიერი გაეხსნა და გავეშვი.
კონტროლიორმა საშვს თვალი შეავლო და მითხრა:
– ახალი თანამშრომელი ხართ, ჰერ?
– დიახ, დღეს პირველად გამოვედი სამსახურში და, აი, უკვე მივდივარ. ცოლს მოვენატრე და გარეთ მელოდება, – ღიმილით მივუგე კონტროლიორს.
– ახლავე გაგიშვებთ, მხოლოდ რამდენიმე წამი მაცადეთ, ექსტრემალურ ტელეფონს ვუპასუხებ და მოგხედავთ, – მომიგო დარაჯმა და შავი ტელეფონის ყურმილს დასწვდა, რომელსაც სანომრე დისკი არ ჰქონდა და მასზე წითელი ნათურა კიაფობდა.
მე კარგად ვიცოდი, რა დანიშნულება ჰქონდა ექსტრემალურ ტელეფონს და ეს შემთხვევაც გათვალისწინებული მქონდა ჩემს გეგმაში. ამიტომ, არ ავღელვებულვარ, მორიგე დარაჯ-კონტროლიორს გავუღიმე, მეორე მაყუჩიან პისტოლეტს ხელი ჩავჭიდე და ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ამოვაცურე ქამრიდან.
– დიახ, გისმენთ! – უპასუხა დარაჯმა ტელეფონს, ხოლო მას, როგორც ეტყობა, უთხრეს, გარეთ არავინ გაეშვაო და კონტროლიორმა მე შემომხედა, ხელით მანიშნა, შემოდიო, ყურმილში კი ჩასძახა: – არავინ გასულა, ახლა ერთი ახალგაზრდა აპირებს გასვლას.
მე კონტროლიორის ჯიხურში შევედი, მეორე მაყუჩიანი პისტოლეტიდან დარაჯს დასაძინებელი ტყვია ვესროლე კისერში და იქვე მივაძინე, შემდეგ გარეთ გავედი, ბარიერს გადავახტი და ნაბიჯს ავუჩქარე. ათს სამი წუთი აკლდა და წესით, არავინ არ უნდა შესულიყო სტუდიაში, მაგრამ, როგორც ეტყობა, მოკლული ინსტრუქტორი შემთხვევით აღმოაჩინეს და განგაშიც ამიტომ ატყდა. მე ქუჩაში მდგარ „ფოლკსვაგენში“ ჩავჯექი, რომელიც წინასწარ დამახვედრეს, მისი გასაღები კი ჯიბეში მედო. ერთი შეხედვით უბრალო ავტომობილს ფორსირებული ძრავა ედგა და ადვილად შემეძლო, სპორტულ მანქანას გავქცეოდი. თუმცა, ასეთი რამ აღარ დამჭირვებია: ჯერ წინასწარ მომზადებულ შენობამდე მივედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე, იარაღები და უნიფორმა კანალიზაციაში ჩავყარე, შემდეგ „მერსედესში“ გადავჯექი და, სანამ პოლიცია მიუნხენის ყველა შესასვლელ-გასასვლელს გადაკეტავდა, ქალაქიდან უპრობლემოდ გავედი და დასავლეთ ბერლინისკენ გავემართე, რომ იქიდან ქალაქის კომუნისტურ ნაწილში გადავსულიყავი. იმავე ღამით მოსკოვში ჩავფრინდი, აეროპორტიდან ლუბიანკაზე მივედი და, გენერალ შჩუკინს ოპერაციის წარმატებით დასრულება ვუპატაკე, მან კი ღიმილით მითხრა:
– დაგაგვიანდა, კოკი, შენ მაგივრად „რადიო ევროპამ“ უკვე ჩამაბარა პატაკი. ზუსტად დილის 11 საათზე, ანუ, იმ მოღალატის ლიკვიდაციიდან ერთი საათის შემდეგ გადმოსცეს ეს ამბავი და ისიც ვიცოდი, რომ შენც სამშვიდობოს იყავი გასული. იმ დოყლაპიებმა თქვეს – მკვლელს ვეძებთო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, თუ იქვე ვერ შეგიპყრეს, ვერც ვერასდროს დაგიჭერდნენ. ყოჩაღ, კოკი, მე შენით ვამაყობ! ახლა კი თავისუფალი ხარ და თუ შენს მოსკოვურ ბინაში დასვენება არ გინდა, შეგიძლია, თბილისში გადაფრინდე და შენს საყვარელ ცოლ-შვილს დაუბრუნდე.
– თბილისში გავემგზავრები, ამხანაგო გენერალო, – ვუთხარი შჩუკინს.
– ასეც ვიცოდი. აი, შენ ბილეთი. თვითმფრინავი ორმოც წუთში მიფრინავს, მაგრამ ჩემი მძღოლი ისარივით გაგაქროლებს და არც რეგისტრაციის გავლა დაგჭირდება, – მითხრა გენერალმა, ხელი ჩამომართვა და კარამდე მიმაცილა.
ლუბიანკიდან ღამის 3 საათზე გამოვედი გენერალ შჩუკინის „ვოლგით“. ოთხის ნახევარზე უკვე მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავში ვიჯექი. ათ წუთში ლაინერი ჰაერში აიჭრა და დილის ცხრის ნახევარი შესრულდა, ჩემს ბინაში რომ შევდგი ფეხი.
– კოკი, საყვარელო, რა მოულოდნელად დაბრუნდი! – მერი კისერზე ჩამომეკიდა და მომეხვია, – ასე ადრე ნამდვილად არ გელოდი!
– როგორც კი ფრანგები გავისტუმრე, ეგრევე თბილისში გამოვემართე, – მოვატყუე მერის, – მომბეზრდა მათი აქეთ-იქით თრევა და რუსეთის ღირსშესანიშნაობების ჩვენება. ამ ოთხ დღეში ძალიან დავიღლე და ქართული საჭმელი მომენატრა.
მერიმ გემრიელად მასაუზმა. ჭამას რომ მოვრჩი, სუფრის ალაგებას შეუდგა და მოულოდნელად მითხრა:
– კოკი, საყვარელო, ხომ არ მღალატობ?
ჩემი ცოლის ეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი და ვკითხე:
– რაო, რა თქვი?
– ხომ არ მღალატობ, კოკი? – გაიმეორა მერიმ, – სულ რუსებთან და უცხოელებთან გაქვს საქმე. მათ შორის ქალებიც იქნებიან, იმათი ქალების ამბავი კი კარგად ვიცი და, გამორიცხული არაა, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო.
მერის ჩემთვის ნებისმიერი რამის დაბრალება შეეძლო მექალთანეობის გარდა, და განაწყენებულმა მივუგე:
– ნუთუ შენთვის ამისი მცირედი მიზეზი მომიცია ოდესმე?
– არა, მაგრამ ნაირ-ნაირ ქალებს ხედავ ყოველდღე და, მეშინია, არავინ წამართვას შენი თავი, – გაიმეორა მერიმ.
– ნუ გეშინია, საყვარელო, შენ გარდა, სხვა ქალებს ზედაც არ ვუყურებ და საერთოდ, შენ ხომ კარგად იცი, რომ ოჯახის კაცი ვარ და ასე მუხლმოუხრელად იმიტომ ვშრომობ, რომ არაფერი გაგიჭირდეთ, უზრუნველყოფილები და ყოველმხრივ დაცულები იყოთ, – მივუგე მერის, თმაზე მოვეფერე და დავაიმედე: – რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, რომ შენს თავს არავის ვამჯობინებ და სარეცელს სხვა ქალთან არასოდეს გავიზიარებ, თუ, რა თქმა უნდა, ამის გადაუდებელი საჭიროება არ იქნა.
– თუ არ მოვკვდი, არა? – ნაღვლიანად მითხრა მერიმ.
– არა, რას ამბობ, ღმერთმა დამიფაროს. შენზე ადრე მე მოვკვდები. მეორედ ეს არ თქვა! – გავუბრაზდი მერის.
– აბა, შენი სიტყვები რას ნიშნავდა?
– გეხუმრე, საყვარელო, ნუთუ ვერ მიხვდი, რომ გეხუმრე? – ვუთხარი მერის, თუმცა, სულაც არ მიხუმრია, რადგან ასეთი რამ გამორიცხული არ იყო და საკუთარი თავის წინაშე რომ მართალი ვყოფილიყავი, მერი წინასწარ გავაფრთხილე.
თითქოს ღმერთმა მიწყინაო, ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა მართლაც გახდა საჭირო და, თანაც, ძალიან მალე: „რადიო ევროპაში“ ჩატარებული ლიკვიდაციიდან სამი თვეც არ იყო გასული, რომ პირდაპირ ლუბიანკაზე, გენერალ შჩუკინთან გამომიძახეს. კაბინეტში მუხინიც იმყოფებოდა.
– ჩემო კოკი, – მითხრა შჩუკინმა, – ამჯერად, შესაძლოა, საკმაოდ გრძელვადიან მივლინებაში მოგიწიოს გამგზავრება და ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ, რომ შენი მეუღლე არ დაეჭვდეს.
– მაინც, რამდენხნიან მივლინებაში, ამხანაგო გენერალო? – ვკითხე შჩუკინს.
– ეს შენზეა დამოკიდებული, კოკი, – საუბარში მუხინი ჩაერთო, – ამჯერად შენთვის უჩვეულო დავალება უნდა მოგცეთ და, რამდენ ხანში გაართმევ თავს, მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.
– გისმენთ, ანდრეი ლუკიჩ, რა დავალებას მაძლევთ? – ვკითხე მუხინს.
მუხინმა შჩუკინისგან აიღო ნებართვა და მითხრა:
– ამჯერად, ჩემო კოკი, შენი გარეგნული და სექსუალური თვისებები უნდა გამოვიყენოთ და არავითარი ლიკვიდაცია, მოტაცება, ტერორისტული აქტი და ასე შემდეგ, დროებით სექს-მანქანად უნდა გადაიქცე და ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის ცოლი უნდა აცდუნო. შემდეგ მისი მეუღლის სეიფს გასაღები მოარგო და საიდუმლო დოკუმენტაციის ასლები წამოიღო.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ანდრეი ლუკიჩ, – მივმართე შჩუკინსა და მუხინს, – მე ასეთ საქმეში არანაირი გამოცდილება არ მაქვს და, ხომ შეიძლება, ვერ შევასრულო? იქნებ, სხვას დაავალოთ, მე კი ჩემი პროფილის დავალება მომეცით.
– ერთი ამას უყურე! – სიცილით უთხრა შჩუკინმა თავის მოადგილეს, – შეიძლება, თავი ვერ გავართვაო. შენი გარეგნობისა და მომზადების კაცმა ასეთ საქმეს როგორ ვერ უნდა გაართვა თავი, როგორ არ გრცხვენია? კოკი, პირველად ვხედავ ქართველ კაცს, რომელიც ქალთან ურთიერთობაზე ამბობს უარს.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, – სრული სერიოზულობით უთხრა მუხინმა შჩუკინს, – კოკი ერთგული ქმარია და იმიტომ უნდა ამ საქმიდან თავის დაძვრენა. იქნებ, სხვა კანდიდატურა შევარჩიოთ?
– არავითარი სხვა! – პრინციპულად იუარა შჩუკინმა, – ერთგულება უწყებისა და ოჯახის მიმართ აუცილებელია და ცოლის ღალატსაც არავინ აძალებს. უბრალოდ, ამ ამბავს ისე უნდა შეხედო, როგორც სპეცდავალებას, და არა როგორც, ცოლის ღალატს. შენ ხომ ნამდვილი პროფესიონალი ხარ და არა დამწყები, რიგითი მუშაკი?!
– მართალს ბრძანებთ, ამხანაგო გენერალო. მზად ვარ, ნებისმიერი ბრძანება შევასრულო! წამიერი სისუსტისთვის კი ბოდიშს გიხდით. მზად ვარ, დაწვრილებით მოვისმინო დავალება, – გამოვეჯგიმე შჩუკინს.
– რის წამიერი სისუსტე, კოკი, რას ამბობ, ღვთის გულისათვის, – თბილად მომიგო შჩუკინმა და მუხინს მიუბრუნდა: – მიდი, ანდრეი ლუკიჩ, უფრო დეტალურად გააცანი კოკის ყველაფერი!
– საქმეს ის ართულებს, ჩემო კოკი, რომ, – განაგრძო მუხინმა, – ის ქალი პურიტანულად არის აღზრდილი და მისი ცდუნება ურთულესი საქმე იქნება. სწორედ ესაა ყველაზე რთული და, თუკი ამას შეძლებ, ჩათვალე, რომ დანარჩენსაც მოახერხებ.
როგორც მუხინმა ამიხსნა, იმ პურიტანულად აღზრდილი ქალის ქმარი ცნობილი სამხედრო კონსტრუქტორი იყო, ნახაზებს სახლში, საიდუმლო სეიფში ინახავდა. ჩემი ამოცანა იყო მათი ასლების მოპოვება და მოსკოვში ჩატანა, ეს ყველაფერი კი საკმაო დროს მოითხოვდა. საორიენტაციო ვადად სამი თვე ავირჩიეთ და მერის ვუთხარი, ვითომ მოსკოვში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე მგზავნიდნენ სამი თვით.
– როგორ, სამი თვე ვერ გნახავ და ერთხელაც არ ჩამოხვალ მოსკოვიდან? – შეიცხადა მერიმ, როდესაც ვუთხარი, რომ უნდა გავმგზავრებულიყავი.
– ჯერ ერთი, მხოლოდ მოსკოვში არ ვიქნები და სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში მომიწევს მოგზაურობა, რომ იქაურობა კარგად ავითვისო და კვალიფიკაცია ავიმაღლო. თბილისში თუ ვერ მოვახერხე ერთი-ორი დღით ჩამოსვლა, ხშირად დაგირეკავთ ხოლმე, – ვუთხარი მერის.
– იცოდე, არ მიღალატო, – ღიმილით მითხრა მერიმ და დაამატა: – გეხუმრები, კოკი, ვიცი, რომ არ მიღალატებ.
„ამჯერად მართლა საღალატოდ მივემგზავრები“, – გავიფიქრე გუნებაში, მერის კი მივუგე:
– არ გიღალატებ, საყვარელო. მე შენ მიყვარხარ და შენ გარდა სხვა ქალი არ მაინტერესებს.
ის ამერიკელი სამხედრო კონსტრუქტორი დღეს ცოცხალი აღარაა, მისი ცოლი კი დღესდღეობით ძალიან ცნობილი ადამიანია, ამიტომ, მის ნამდვილ სახელს არ გავამჟღავნებ და ტერეზათი მოვიხსენიებ, მის მეუღლეს კი რუდოლფს ვუწოდებ...
რუდოლფი და ტერეზა ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ, მეხუთე ავენიუზე, ფეშენებელური სახლის მეთორმეტე სართულის აპარტამენტებში. რუდოლფი ნიუ-იორკშივე მუშაობდა ერთ-ერთ საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიაში, თუმცა, ხშირად უხდებოდა სამხედრო პოლიგონებზე გამგზავრება და თვეში ათი დღე მაინც სახლს იყო მოწყვეტილი. ტერეზაც ნიუ-იორკში მუშაობდა ერთ-ერთი ორგანიზაციის პრეზიდენტად, რომელსაც ეწოდებოდა „ოჯახური სიწმინდის დაცვის რელიგიური ცენტრი“. ტერეზასა და რუდოლფს შვილები არ ჰყავდათ და ისინი სხვადასხვა ექიმთან მკურნალობდნენ, უფრო სწორად კი რუდოლფი იყო უშვილო. როგორც მის დოსიეში ეწერა, რომელიც მე წავიკითხე, რუდოლფს პროსტატის უმძიმესი ფორმა სჭირდა და ინტენსიურად მკურნალობდა. დოსიეში ცოლ-ქმრის რამდენიმე ფოტოსურათიც იყო ჩაკრული, საიდანაც ჩანდა, რომ ისინი საკმაოდ ლამაზი ადამიანები იყვნენ.
ნიუ-იორკში რომ ჩავედი, ცოლ-ქმარზე საკმაო ინფორმაცია გამაჩნდა და შემუშავებული გეგმის განხორციელებას შევუდექი.
32 წლის ტერეზა ბევრად უფრო მომხიბვლელი და ტანწერწეტა აღმოჩნდა, ვიდრე ეს მის დოსიეში ჩაკრული სურათებიდან ჩანდა. ქალს პირდაპირ ოფისში ვეწვიე, რომელიც მისსავე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარეობდა და წარვუდექი:
– მე რობერტ ბარნსი გახლავართ და იმიტომ გეახელით, რომ თქვენი ორგანიზაციის გამოცდილება გავიზიარო, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ამას ისურვებთ, – მერე პაუზა გავაკეთე, გავუღიმე და დავამატე: – „ოჯახური სიწმინდის დაცვის რელიგიური ცენტრი“... – ჰმ, უკეთესს ვერც კი მოიფიქრებს კაცი.
– კონკრეტულად რა გნებავთ, მისტერ რობერტ ბარნს? – ოფიციალური ტონით მკითხა ტერეზამ.
– მისის ტერეზა, – ღიმილის გარეშე ვუთხარი ქალს, – მე მწერალი გახლავართ, ოჯახური სიწმინდის საკითხებით ვარ დაინტერესებული და ჩემი მომავალი წიგნისთვის მასალებს ვაგროვებ. თუ ძალიან არ ხართ დაკავებული და ჩემთან თანამშრომლობაზე თანახმა ბრძანდებით, იქნებ, მცირეოდენი დრო დამითმოთ და ჩემს კითხვებზე გამცეთ პასუხი?
– დაქორწინებული ხართ, მისტერ ბარნს? – ისევ პირქუში გამომეტყველებით მკითხა ტერეზამ.
– ჯერჯერობით არა!
– ეს თქვენი მინუსია.
– გეთანხმებით, მაგრამ, ამ ხარვეზის გამოსწორებას მას შემდეგ ვაპირებ, როდესაც თქვენგან მივიღებ კონსულტაციას ოჯახური სიწმინდის დაცვის შესახებ, – მივუგე ტერეზას და ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ტერეზა ოჯახური სიწმინდის დაცვის „გაკვეთილებს“ უზარმაზარ საწოლზე მიტარებდა, რომელიც მისი ფეშენებელური აპარტამენტის ერთ-ერთ საძინებელში იდგა.
– რობერტ, ჩემო რაინდო, ჩემო დაუღალავო გმირო! – ნეტარებისგან დამდნარმა, ტერეზამ აღარ იცოდა, როგორი ეპითეტით შევემკე და, როგორც კი საწოლში მომიხელთებდა, იქიდან ჩემი გაშვება არ უნდოდა...
ტერეზა ძალიან ვნებიანი და თავაშვებული ქალი აღმოჩნდა და ისეთ რაღაცეებს სჩადიოდა ლოგინში, რაც, არამცთუ პურიტანული აღზრდისთვის იყო უცხო და მიუღებელი, არამედ, ყველაზე გახრწნილ პორნოგრაფიულ ფილმებშიც კი იშვიათად თუ ნახავდა ადამიანი. როგორც მოგვიანებით გავაანალიზე, ტერეზას ასეთი ტრანსფორმაცია მისსავე აღზრდაში იყო ჩადებული. ანუ, ეს მშვენიერი, ტანწერწეტა და ვნებიანი ქალი ისე დიდხანს იმყოფებოდა პურიტანული დოგმების ქვეშ, რომ უკიდურესად დაკომპლექსდა და იმდენი სექსუალური ენერგია დაუგროვდა, რომ ბოლოს უდიდესი ძალით ამოხეთქა და წყალი რომ კაშხალს დაანგრევს, სწორედ ისე დაანგრია მისი წარმოდგენები სექსსა და სქესობრივ ურთიერთობებზე...
ტერეზასთან ურთიერთობის ერთი კვირის შემდეგ, ანუ, ნიუ-იორკში ჩასვლიდან მეცამეტე დღეს, ბობოქრად გატარებული ღამის შემდეგ ტერეზამ მითხრა:
– რობერტ, ჩემო საყვარელო, ახლაღა მივხვდი, რა ტკბილი და საამური ყოფილა ეს ცხოვრება. რა სულელი ვიყავი, როდესაც რაღაც უაზრო დოგმებს ვემონებოდი. ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი და, მართალია, გვიან ვეზიარე ამ ყოველივეს, მაგრამ, მაინც ხომ ვეზიარე?
– ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – მივუგე ტერეზას.
– მართალი ხარ, – მტკიცედ თქვა ტერეზამ და დაამატა, – ჯანდაბას რუდოლფი! თავისი იარაღების გარდა მას სხვა არაფერი აინტერესებს და, ერთი-ორს მაკოცებს თუ არა, ან იძინებს, ან თავის ნახაზებს ჩაჰკირკიტებს. აბა, რა გვაქვს საერთო? შვილიც კი არ მყავს მისგან. ჭირსაც წაუღია თავისი ნახაზებიანად! ხვალ ჩამოეთრევა მივლინებიდან და ყველაფერს პირში მივახლი. მე შენ გარდა სხვა არავინ მინდა და ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებთ. მაგისი სიმდიდრე რაში მჭირდება, როდესაც მე მასზე მდიდარი და უკეთესი ოჯახიშვილი ვარ?! ტეხასში მამულები მაქვს, იქ გავემგზავრებით, ბედნიერად ვიცხოვრებთ და ბევრი შვილი გვეყოლება. ხომ მართალს ვამბობ, საყვარელო, თანახმა ხარ?
– რა თქმა უნდა, – მივუგე ტერეზას, წამოვდექი, სამზარეულოში გავედი და იქიდან შამპანურით სავსე ორი ბოკალი გამოვიტანე. ერთ-ერთში დასაძინებელი წამალი იყო გარეული, რომელიც ტერეზას მივაწოდე, ბოკალი ბოკალზე მივუჭახუნე და ვუთხარი, – ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს! – თქვა ტერეზამ, ჭიქა გამოსცალა და იქვე ჩაეძინა.
მე საიდუმლო სეიფთან მივედი, გავხსენი, სანთებელაში ჩამონტაჟებული ფოტოაპარატიდან ორასივე ფურცელი გადავიღე, შემდეგ სეიფი დავკეტე, შხაპი მივიღე, ჩავიცვი და იქიდან გავუჩინარდი... მოსკოვში 18 საათში ჩავფრინდი, პირდაპირ შჩუკინს ვეახლე, მიკროფოტოფირი პირადად მას ჩავაბარე და ვთხოვე, მისი კაბინეტიდან თბილისში, ჩემს ბინაში დამერეკა.
– რაზეა საუბარი, დარეკე, – მითხრა შჩუკინმა, შემდეგ თავადვე აკრიფა ჩემი ბინის ნომერი და ტელეფონის ყურმილი მომაწოდა.
– დიახ, გისმენთ, – მომესმა მერის ხმა, რომელიც თხუთმეტი დღე არ გამეგონა.
– მე ვარ. როგორ ხარ, მერი? – მოვიკითხე მეუღლე.
– ასე უნდა, კოკი? ეგაა ყოველდღე დავრეკავო? – მისაყვედურა მერიმ.
– რა ვქნა, საყვარელო, გადავყევი ქალებს და დასარეკად ვეღარ მოვიცალე, – მივუგე მერის.
– კარგი ერთი, ნუ სულელობ! როგორ ხარ, როგორ მიდის შენი კვალიფიკაციის ამაღლება, სად ხარ ახლა? – მომაყარა კითხვები მერიმ.
– მოსკოვში ვარ, საყვარელო, ხვალ ჩამოვდივარ და ახალი, თეთრი საძინებელი მომაქვს, თუ, რა თქმა უნდა, შენ წინააღმდეგი არ ხარ, – ვუთხარი ცოლს.
– ვერაფერს ვხვდები, – დაიბნა მერი, – რა თეთრი საძინებელი მოგაქვს?
– მაღაზიაში ორი ერთნაირი „სპალნაა“ – თეთრი და ყავისფერი. მე თეთრი მომწონს, მაგრამ, თუ შენ არ გინდა, მაშინ, ყავისფერს ჩამოვიტან.
– კი მაგრამ, შენ ხომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრე სამი თვით? – მითხრა მერიმ.
– ორ კვირაში ჩავეტიე და ხვალ მოვფრინავ „სპალნასთან“ ერთად, შენ კი იმიტომ დაგირეკე, რომ ფერი შეგითანხმო. მითხარი, თეთრი გინდა თუ ყავისფერი?
– თეთრი, თეთრი, – სიხარულით მომიგო მერიმ, მითხარი, რომელ საათზე ჩამოდიხარ და დაგხვდები.
– დახვედრა არაა საჭირო, ხვალ ხომ კვირაა და არ მუშაობ, ამიტომ, სახლში იყავი და პირდაპირ ავეჯით მოგადგები. აბა, შენ იცი, არ მოიწყინო. ხვალამდე! – ტელეფონის ყურმილი დავკიდე და შჩუკინს ვუთხარი:
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, როგორ ფიქრობთ, მოსკოვში თეთრი ფერის საძინებელ ავეჯს ვიშოვი თუ არა დღესვე?
– ჩათვალე, რომ ნაშოვნიც გაქვს, კონტეინერში ჩატვირთულიც და სახლში მიტანილიც, – მითხრა გენერალმა.
– სახლში მე თვითონ მივიტან.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3