იუნგი და ფროიდი ერთმანეთს თავიანთი ქალებით აშანტაჟებდნენ
რეჟისორ დევიდ კრონენბერგის ფილმს, „საშიში მეთოდი“, რომელიც „ოსკარზეა“ წარდგენილი, სააშკარაოზე გამოაქვს მეოცე საუკუნის ორი დიდი ფსიქიატრის, კარლ გუსტავ იუნგისა და ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებისა და მუშაობის არასასიამოვნო წვრილმანები. გენიოსებს შორის ჩადგა ქალი: პირველის ყოფილი პაციენტი და მეორის – თანამშრომელი.
ითვლებოდა, რომ იუნგმა და ფროიდმა, რომლებიც ექვსი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ და გაცხოველებული მიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან, შეწყვიტეს ურთიერთობა, რადგან იუნგი იმედგაცრუებული დარჩა ფროიდის განთქმული თეორიით: „სექსუალური ინსტინქტი და მისი დათრგუნვა, რომელიც საფუძვლედ უდევს ადამიანის ისტერიკულ მდგომარეობასა და ნევროზებს“. თუმცა, 1977 წელს, ჟენევის ერთ-ერთ კერძო სახლში, იპოვეს ყუთი დოკუმენტებით, რომლებმაც ნათელი მოჰფინა განხეთქილების ნამდვილ მიზეზს. ამ ქაღალდებს შორის იყო საბინა შპილრეინის დღიურები, რომელიც იუნგმა არა მარტო განკურნა, არამედ მასთან სექსუალური კავშირიც დაამყარა. იპოვეს ორივე ფსიქიატრისადმი ქალის მიერ მიწერილი წერილების შავად ნაწერი და მედიცინის ამ ორი კორიფეს მიმოწერა.
რუსეთის მოქალაქე საბინა შპილრეინი იუნგთან 1904 წელს მიიყვანეს. მაშინ საბინა 18 წლის იყო. შპილრეინის სამედიცინო ანკეტაში ეწერა, რომ იგი „იცინის და ტირის უცნაურად“. ამას გარდა, მას ჰქონდა ძლიერი ნერვული „წიკი“: იგი თავს აქნევდა, ენას ყოფდა და ფეხებს იქნევდა. თუმცა, ახალგაზრდა ექიმმა მის გარეგნობაში შენიშნა „აღმოსავლური და ტკბილი“, ხოლო მისი სახის გამომეტყველებაში – „მგრძნობიარე და მეოცნებე“...